გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160210019003059905
#2/484-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.08.2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - გი---–--------–---ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - ირ--------–-–---–ი
მოპასუხე - ფა---–-----------ი
წარმომადგენელი- აი-------------ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ფა---–-----------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 20---–-–----------------–ს დაბადებული ზა----------------ს რჩენა - აღზრდისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეები ამჟამად განქორწინებულები არიან, დაახლოებით ერთი წელიწადია. მათ თანაცხოვრების პერიოდში - 20---–-–----------------–ს შეეძინათ შვილი ზა----------------. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოპასუხე არანაირ ყურადღებას არ აქცევს ბავშვს და არ ფიქრობს მის რჩენა-აღზრდაზე. მოსარჩელე არის უმუშევარი, იმყოფება მშობლების კმაყოფაზე. მოპასუხე კი მუშაობს და აქვს ყოველდღიური შემოსავალი, ის სეზონურად ყიდის სხვადასხვა დასახელების პროდუქტებს და მისი შემოსავალი ყოველთვიურად აღწევს 2 000 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სასამართლში წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არის უმუშევარი და იმყოფება მშობლების კმაყოფაზე. მათი ოჯახი მხოლოდ იმის გამო დაინგრა, რომ შემოსავალი არ გააჩნდა. ცხოვრობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სო----–-----------ში მშობლებთან, ძმასთან, რძალთან და სამ ძმისშვითან ერთად. არანაირი ქონება და შემოსავალი მას არ გააჩნია, მოსარჩელე კი მუშაობს სტილისტად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში და საკმაოდ კარგი შემოსავალი გააჩნია. მოპასუხე ცნობს სარჩელს 80 ლარის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები განქორწინებულები არიან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი - 20---–-–----------------–ს, ზა----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 19);
- მხარეთა ახსნა- განმარტება (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე გი---–--------–---ა შვილთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სო----–-----------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა- განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.1.3. მოპასუხე ფა---–-----------ი მონაწილეობას არ იღებს შვილის - ზა----------------ს რჩენა -აღზრდის პროცესში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დასტურდება, რომ ფა---–-----------ი მუშაობს და მისი შემოსავალი თვეში შეადგენს 2000 ლარს. ასევე არ დასტურდება, რომ გი---–--------–---ა მუშაობს სტილისტად და მისი შემოსავალი შეადგენს 60-70 ლარს დღეში. ფა---–-----------ი არის შრომისუნარიანი, მას აქვს უნარი მიიღოს მატერიალური შემოსავალი და გაუწიოს მატერიალური დახმარება შვილს ზაქირ მანსიროვს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მხარის ახსნა-განმარტება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებაა, მაგრამ როდესაც მას უპირისპირდება მეორე მხარის ახსნა-განმარტება, მხოლოდ ეს ამა თუ იმ გარემოების დასადასტურებლად საკმარის და სათანადო მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მოწინააღმდეგე მხარის შემოსავლის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფა---–-----------ი არის შრომისუნარიანი, მას შესწევეს უნარი დასაქმდეს და მიიღოს შვილის რჩენა-აღზრდისათის აუცილებელი მატერიალური შემოსავალი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ გი---–--------–---ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებითა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ფ. მანსიროვს გი---–--------–---ას სასარგებლოდ შვილის – ზა----------------ს რჩენა-აღზრდისათვის უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
კანონმდებელი ბავშვის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფა---–-----------ი მონაწილეობას არ იღებს შვილის რჩენა-აღზრდაში, იგი არ არის დაოჯახებული, მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან სხვა პირები. ფა---–-----------ი არის შრომისუნარიანი პირი. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი მისთვის 80 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის უპირობო დაკმაყოფილების საფუძველია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მოპასუხის საქმნიანობისა და შემოსავლის ოდენობის შესახებ, ასევე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბავშვისათვის ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ ზა----------------ს მშობლები არიან შრომისუნარიანნი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც როგორც ერთი ასევე მეორე მხარის დასაქმებას და მატერიალური შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა. ორივე მშობლის შრომისუნარიანობა მიუთითებს მასზედ, რომ ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ბავშვის საჭიროებებისა და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა----------------ს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 100 (ასი) ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს ალიმენტის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილება.
მოსარჩელე შუამდგომლობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელე იმყოფება მშობლების კმაყოფაზე და უჭირს მცირეწლოვანი შვილის რჩენა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტით დადგენილი დანაწესის გამოყენების საფუძველი, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 80 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 7,2 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 2681-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გი---–--------–---ას სარჩელი ფა---–-----------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;
2. ფა---–-----------ს გი---–--------–---ას სასარგებლოდ 20---–-–----------------–ს დაბადებული ზა----------------ს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, 2019 წლის 21 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. ფა---–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 7. 20 (შვიდი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე