გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
080210019002901958
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210019002901958

#2/587-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.07.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ხ------------------ე;

წარმომადგენელი- ი-------–------ე;

მოპასუხე - თ-----------------ე;

წარმომადგენელი - ნ----------ე;

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხ------------------ესა და თ-----------------ეს შორის აა 0------ის სააქტო ჩანაწერით 1997 წლის 03 ივლისის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

1.2. თ-----------------ეს შვილის - ნ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - მის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1997 წლის 03 ივლისიდან, თანაცხოვრების პერიოდში 1998 წლის 19 ნოემბერს შეეძინათ შვილი გ------------------ე და 2004 წლის 10 ნოემბერს - ნ--------------ე. ბავშვების დაბადების შემდეგ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, გახშირდა კონფლიქტები, რამაც იძულებული გახადა მოსარჩელე განქორწინებულიყო და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. შვილი გ-------- სრულწლოვანია. მოპასუხე თ-----------------ე შვილის ნ--------------ის აღზრდაში არ იღებს მონაწილეობას. ნ--------------ე სწავლობს ქუთაისის #9 საჯარო სკოლაში. ცეკვავდა სკოლის ანსამბლში და მისდევდა სპორტს. მოსარჩელეს არ აქვს საშუალება აენაზღაურებია შვილის ცეკვისა და სხვადასხვა საგანში მომზადების ხარჯები. ნ--------------ე არის წარმატებული მოსწავლე, მონაწილეობდა სხვადასხვა ტურებსა და ოლიმპიადებში, რაც ფასიანია და ბოლო პერიოდში თანხის უქონლობის გამო აღნიშნულს ვეღარ ახერხებს. მამა არ მონაწილოებს აღნიშნული ხარჯების გაღებაში, რაც აუცილებელია ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის. ბავშვი დაავადებულია ქრონიკული ბრონხიტით და ხშირად ცივდება, სისტემატიურად საჭიროებს ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს ზემოთხსენებული ხარჯების გაღებაში, ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ მოსარჩელე იძულებული გახდა ქირით გადასულიყო სხვა საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვან შვილთან ერთად, ბინის ქირის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 400 ლარს. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ქ. თბილისში და გააჩნია სოლიდური შემოსავალი. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. თ-----------------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ ცნო და განმარტა, იმყოფება მეორე ქორწინებაში, ჰყავს 9 თვის შვილი ს-------------------ე. განმარტავს, რომ შვილებზე შეძლებისდაგვარად ზრუნავს, და არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მათ მიმართ არ იჩენს არანაირ ყურადღებას. ამჟამად უმუშევარია, აქვს ფინანსური ვალდებულებები შესასრულებელი, თანახმაა შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 70 ლარი. ხოლო განქორწინების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხ------------------ე და თ-----------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1997 წლის 03 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა # აა - 0-----.

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში ხ------------------ეს და თ-----------------ეს შეეძინათ ორი შვილი 1998 წლის 19 ნოემბერს დაბადებული გ------------------ე და 2004 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ნ--------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა #ა-------.

-დაბადების მოწმობა #0----------

 

3.1.3. ხ------------------ე და თ-----------------ე ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. ხ------------------ე, შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით, ქ. ქუთაისში, თ---------------------ში. მუშაობს კვების ობიექტში, მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 150 ლარს. დამატებით ბავშვების აღზრდაში ეხმარება დედა და და.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. ნ--------------ე არის ქუთაისის #9-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. არის წარმატებული მოსწავლე, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტურებსა და ოლიმპიადებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.6 მოპასუხე თ-----------------ე ამჟამად არ მუშაობს, მუდმივი სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. არის მეუღლის მშობლების კმაყოფაზე. ცხოვრობს ბაღდათში მშობლებთან ერთად, ძირითადად იმყოფება ქ. თბილისში, მეუღლესთან და შვილთან ერთად. მოპასუხეს გააჩნია შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

-ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შედარების აქტი

 

3.1.7. ხ------------------ისა და თ-----------------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელის განმარტებით, შემდგომში ერთ ოჯახად ცხოვრება და ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება შეუძლებელია. საქმის განხილვის მიმდინარეობისას ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენის ვარაუდი და შესაძლებლობა არ გამოკვეთილა, მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას განქორწინების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს 70 ლარი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, მასზედ, რომ თ-----------------ეს გააჩნია შესაძლებლობა შვილის სასარგებლოდ იხადოს ალიმენტი ყოველთვიურად - 300 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად დასაკისრებელ ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს - 170 ლარს შვილის სასარგებლოდ, რაც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდა გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 170 ლარის ოდენობით 2019 წლის 19 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ქორწინების შეწყვეტის ნაწილშიც, რადგან მეუღლეთა თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

6. სამართლებრივი შეფასება - ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში;

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

6.2. დადგენილია, რომ მხარეები 1997 წლის 03 ივლისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, რასაც მოპასუხე ეთანხმება;

 

6.4. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წრამოადგენს.

 

სამართლებრივი შეფასება ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

6.6. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

 

გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 70 ლარი.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი ნ--------------ე ცხოვრობს დედასთან, ხ------------------ესთან ერთად. მოსარჩელე ხათუნა გუმერიძე მუშაობს კვების ობიექტში, მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 150 ლარს. დამატებით ბავშვების აღზრდაში ეხმარება დედა და და. მოპასუხე თ-----------------ე არის მძღოლი, მუდმივი სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვებს სჭირდებათ ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილები, შექმნას მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.

 

6.7. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. იძულებითი მექანიზმის დაწესების მიზანია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.

 

6.9. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს სამართლებრივი დახმარების გარეშე.

 

არასრულწლოვანი შვილის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი, რომ მას რეალური შედეგი მოჰყვეს).

 

მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვროს ბავშვი. ამიტომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან. იმ მინიმალური საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია, პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობის, კვების და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებანი.

 

მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 300 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. იმავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, რის გამოც მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

 

7.3. საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

7.4. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი) ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. ამიტომ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით- 2000 ლარამდე ოდენობით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცენდენტული სამართლის თანახმად, მხარისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია, ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად, მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ხ------------------ემ მის წარმომადგენელს ი-------–------ეს გადაუხადა საადვოკატო მომსახურების საფასური 300 ლარი. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილი იყოს სამოქალაქო უფლების დარღვევა. ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ხ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შეწყდეს ხ------------------ეს (დაბ. 1980 წლის 05 თებერვალს, პ/ნ 0----------) და თ-----------------ეს (დაბ. 1979 წლის 13 აგვისტოს, პ/ნ 0----------) შორის, ბაღდათი, ვ---–---- ს/საკრებულოს მიერ 1997 წლის 03 ივლისის №6 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

3. თ-----------------ეს პ/ნ 0----------, არასრულწლოვანი შვილის - ნ--------------ის (დაბ: 10.11.2004) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 170 (ასსამოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 19 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

4. თ-----------------ეს - ხ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

5. თ-----------------ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. ხ------------------ეს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 15 მარტს ი-------–------ის მიერ სს „ვ----------------------ა„-ში სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი (საგადახდო დავალება №5), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

7. ხ------------------ეს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 22 თებერვალს ი-------–------ის მიერ სს „თ----------–-„ სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი (საგადასახადო დავალება №0), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

8. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე