გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210119003066246
2-536-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 აგვისტო, 2019 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკი“
წარმომადგენელი გიორგი ახალკაცი
მოპასუხე ლ---------–-ძე
ადვოკატი გიორგი ჩიტაძე
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ---------–---- მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდეს 8 559 ლარი და 56 თეთრი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის 4 ხელშეკრულება:
ა) 2018 წლის 12 ნოემბერს, დადებული ხელშეკრულებით, ლ---------–-ძემ მიიღო სესხი 2 700 ლარი 12 თვით, წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი იყო 31.20%, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მთელ პერიოდში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის აპრილის შემდეგ მოპასუხეს, ვალის დასაფარავად, თანხა აღარ გადაუხდია და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, ამ სესხზე მოპასუხის დავალიანება არის 2 757.45 ლარი, საიდანაც 2 068.50 ლარი ძირი თანხაა, 397.84 ლარი - %, 45.37 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 245.74 ლარი - პირგასამტეხლო;
ბ) 2018 წლის 22 ნოემბერს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, ლ---------–-ძემ მიიღო სესხი 890 ლარი 18 თვით, პროცენტის გარეშე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის მარტის შემდეგ მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გადასახდელი აქვს 880.42 ლარი, საიდანაც 692.24 ლარი ძირითადი თანხაა, 28 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 20 ლარი - საკომისიო, 140.18 ლარი - პირგასამტეხლო;
გ) 2018 წლის 20 დეკემბერს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 1 000 ლარი 18 თვით, წლიური 38.50%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის აპრილის შემდეგ, ლ---------–---- ვალის დასაფარავად თანხა არ გადაუხდია და სარჩელის აღძვრის დროისათვის გადასახდელი აქვს 1 275.15 ლარი, საიდანაც 880.60 ლარი ძირი თანხაა, 243.78 - %, 20 ლარი - წლის საკომისიო, 130.77 ლარი - პირგასამტეხლო;
დ) 2019 წლის 14 იანვარს დადებული ხელშეკრულებით, ლ---------–-ძემ მოსარჩელისაგან ისესხა 2 500 ლარი 24 თვით, წლიური 33.20%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის აპრილის შემდეგ, ლ---------–---- ვალის დასაფარავად თანხა არ გადაუხდია და სარჩელის აღძვრის დროისათვის გადასახდელი აქვს 3 646.54 ლარი, საიდანაც 2 389.92 ლარი ძირი თანხაა, 836.47 ლარი - %, 71.06 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 20 ლარი - საკომისიო, 329.09 ლარი - პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხოლოდ ძირი თანხის, სულ, 6031.26 ლარის მოთხოვნის ნაწილში, მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 12 ნოემბერს, დადებული ხელშეკრულებით, ლ---------–-ძემ მიიღო სესხი 2 700 ლარი 12 თვით, წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი იყო 31.20%, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მთელ პერიოდში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის აპრილის შემდეგ მოპასუხეს, ვალის დასაფარავად, თანხა აღარ გადაუხდია; 3.1.2. 2018 წლის 22 ნოემბერს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, ლ---------–-ძემ მიიღო სესხი 890 ლარი 18 თვით, პროცენტის გარეშე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის მარტის შემდეგ მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია;
3.1.3. 2018 წლის 20 დეკემბერს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 1 000 ლარი 18 თვით, წლიური 38.50%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის აპრილის შემდეგ, ლ---------–---- ვალის დასაფარავად თანხა არ გადაუხდია;
3.1.4. 2019 წლის 14 იანვარს დადებული ხელშეკრულებით, ლ---------–-ძემ მოსარჩელისაგან ისესხა 2 500 ლარი 24 თვით, წლიური 33.20%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის - დარჩენილი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღისათვის, ასევე - ერთჯერადი 20 ლარი;
2019 წლის აპრილის შემდეგ, ლ---------–---- ვალის დასაფარავად თანხა არ გადაუხდია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ.25-31; 36-43; 47-51; 54-59);
- ცნობა დავალიანების შესახებ და ამონაწერები ფაქტობრივად განხორციელებული გადახდების შესახებ (ს.ფ.63-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სესხის დასაფარავად შეტანილი თანხა კრედიტორმა სარჩელში არ აღნიშნა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, ,,სესხებზე გადახდილი აქვს სხვადასხვა თანხები, რომელიც არ არის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნაში". სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი მიუთითა ,,პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს მინიმალურ ოდენობამდე, პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევა უნდა მოიხსნას, რადგან კრედიტორმა არ გააფრთხილა მოპასუხე და ისე შეიტანა სარჩელი სასამართლოში, რომ მოპასუხემ არ იცოდა დავის შესახებ" (2019 წლის 9 აგვისტოს სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი:16:31:20-16:32:07, 16:32:45-16:33:00);
,,სასამართლო პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის N2ბ/1260-19 განჩინება იმავე ტიპის საქმეზე);
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამობა და სესხზე დარიცხული პროცენტის კაბალური ხასიათი. მან ვერ მიუთითა თუ რატომ არის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, მით უფრო როდესაც საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობას სადავოდ არ ხდის.
ვერ მიუთითა ასევე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი რატომ არ შეესაბამებება ბაზარზე არსებულ სტანდარტებს და თუ რა თვალსაზრისით წარმოადგენს მომხმარებელთა უფლების უხეშ დარღვევას. ,,იმისათვის, რათა კონკრეტული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს აუცილებელია მხარეებმა სასამართლოს დასაბუთებული და არა ზოგადი პოზიციები წარუდგინონ" (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს იგივე განჩინება).
სასამართლოს, მოთხოვნილი თანხების, ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობის, ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, არ მიაჩნია, რომ თითოეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოები შეუსაბამოდ მაღალია;
ამდენად, მხოლოდ ზოგადი აღნიშვნა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, პროცენტი - შეუსაბამო, სარჩელში არ არის გათვალისწინებული მოპასუხის მიერ გადახდილი ,,სხვადასხვა თანხები" და მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითება იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის მოპასუხის გაუფრთხილებლად აღძვრის გამო პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა მოპასუხემ არ უნდა გადაიხადოს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის. მით უმეტეს, პირგასამტეხლოც, პროცენტიც, სიცოცხლის დაზღვევაც, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული და მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სადავოდ არ გამხდარა;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მომზადების სტადიაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხოლოდ ძირი თანხის 6031.26 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 180 ლარი ისევე როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ნაწილი 35 ლარი (სულ - 215 ლარი) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. 91 ლარი და 79 თეთრი უნდა გადახდეს მოპასუხეს (სარჩელზე 76.79 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე - 15 ლარი).
მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების დარეგისტრირებისათვის გადახდილი 21 ლარი, სულ - 32 ლარი;
8.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით, საქმეზე მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ლ---------–---- აეკრძალა გაასხვისოს და იპოთეკით დატვირთოს მისი წილი ქ.--–----–-, ი-----------------–ი მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან საკადასტრო კოდი 69-----------------
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ლ---------–---- სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8559 ლარისა და 56 თეთრის გადახდა;
2. სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკს“ დაუბრუნდეს 215 (ორას თხუთმეტი) ლარი - გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;
ლ---------–---- სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ გადახდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 91 ლარი და 79 თეთრი და სასამართლოსგარეშე ხარჯი - 32 ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი