გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.08.2019
საქმის ნომერი
180310118002762955
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №180310118002762955 (3/434-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - ნა---------–-–---–ი

წარმომადგენელი - ია--------–---–-

 

მოპასუხეები: 1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, 2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური.

წარმომადგენელი - მა--------–---–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 0----------ის N4-----გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2-----------ს N0---------გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3.მოპასუხე ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის დავალდებულება გასცეს მოსარჩელე ნა---------–-–---–ის სახელზე პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელელქტრონული მატარებლის გარეშე (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 31.07.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 1--------------ს ნა---------–-–---–მა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-07.11.2018 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.07.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 0----------ის №4-----გ გადაწყვეტილებით ნა---------–-–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

--07.11.2018 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.07.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.3.ნა---------–-–---–მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაასაჩივრა ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 0----------ის გადაწყვეტილება.

 

სააგენტოს 2018 წლის 2-----------ს №0---------გ გადაწყვეტილებით ნა---------–-–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-07.11.2018 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);

-29.11.2018 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.07.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში მისი მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ფატები და მოსაზრებები, ასევე წარმოადგინოს დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მისი მოთხოვნის კანონიერებას. ეს მსჯელობა სრულად შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლითაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რის შესახებაც ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მე-6 მუხლში არაფორმალური პრინციპებიდან უმნიშვნელოვანესია ,,საშუალებათა თანასწორობის’’ (შეჯიბრებითობის) პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საქმის განხილვისას და არც ერთი მხარე არ უნდა სარგებლობდეს რაიმე არსებითი უპირატესობით თავის ოპონენტთან შედარებით (იხ. CASE OF NEUMEISTER V. AUSTRIA).

 

31.07.2019 წლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ცნობილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის სასამართლოს წესით დავალდებულება, რამეთუ მისი ასეთი მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით არსებობს შესაძლებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში გაიცეს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხზე ყურადსაღებია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი კავშირის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემასთან, რასაც არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტები. სახელდობრ, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რაც მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე; პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა; ნ) მისამართი; ო) რეგისტრაციის თარიღი.

 

ზემოთ მითითებული მუხლებიდან მოსარჩელის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

 

აღნიშნულ ნორმათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო საბუთი, რომლითაც წარმოჩინდება პირი საჯარო თუ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, დოკუმენტს სტანდარტულად გააჩნია პერსონალური მონაცემების შემცველი აუცილებელი რეკვიზიტები და იგი შეიძლება გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით ან მის გარეშე, რასაც ცხადყოფს მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადება აკონკრეტებს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის (არაელექტრონული) გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ობიექტური გარემოება არ გულისხმობს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.

 

ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს პირადობის მოწმობის მითითებულ ორ სახეს, მათ შორის, თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:

 

ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;

 

ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის.

 

გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);

 

დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი).

 

ამრიგად, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ობიექტური მიზეზები შემთხვევების სახით რეგლამენტირებულია 25-ე მუხლში, რომელთაგან მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვერცერთ შემთხვევაზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მოპასუხე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის უკანონობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოს მითითებული მსჯელობიდან ნათელია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის დამაზუსტებელ მე-14 მუხლის მე-10 პუნქტს არ ეწინააღმდეგება №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება. არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ უკავშირდება მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გაიცემა მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, ხოლო მათ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ კონკრეტულ, საგამონაკლისო შემთხვევაში, ობიექტური გარემოების არსებობისას, რასაც მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არა აქვს.

 

6.2.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

კონკრეტულ ვითარებაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა სარჩელი, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მისი უმოქმედობა შესაბამისობაშია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ განვითარებული მოტივაციის მსგავსი მსჯელობა წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის №2/4256-17 გადაწყვეტილებით და სასამართლოს სხვა არაერთი გადაწყვეტილებებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო საკითხის მიმართ საერთო სასამართლოების მხრიდან დანერგილია ერთგვაროვანი პრაქტიკა.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებული დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ნა---------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა