განაჩენი

სისხლის სამართლის 22.08.2019
საქმის ნომერი
140100119003124725
თარიღი
22.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119003124725

N1/359-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

20.08.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - რუსუდან ლაბაძე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი: ხვიჩა ქოთოლაშვილი

 

ბრალდებული - მ------ დ------ის ძე ს--------ე, დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5---------0, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი დ-----------------.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმათ, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ------ ს--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმათ, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 28 ივნისს, შუადღის საათებში, გორის რაიონის სოფელ დ--- გ----------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის სამზარაეულო ოთახში, მ------ ს--------ე, სამზარეულოს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ე-–--- ს--------ეს და შვილს - თ------ ს--------ეს. კერძოდ, ეძახდა მათ, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. მ------ ს--------ის ქმედების შედეგად ე-–--- ს--------ეს და თ------ ს--------ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის მ------ ს--------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ------ ს--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თ------ ს--------ის შეტყობინება, მოწმეების - თ------ ს--------ის, ე-–--- ს--------ის, ე-–--------- ქ-----–--, ლ---- ს----------ის და ლ-–- კ------ის გამოკითხვის ოქმები, მ------ ს--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამზარეულოს დანა, მ------ ს--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები, შემაკავებელი ორდერების და ოქმების ასლები, ამოღებული ნივთმტკიცებები.

 

მ------ ს--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მ------ ს--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მ------ ს--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს მუქარა, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.

 

სასამართლოს აზრით, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------ ს--------ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. მოწმეთა უდავო ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ------ ს--------ის ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------ ს--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ------ ს--------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართლებრივი შეფასება მისცეს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ს------ ჟ------–---–ის სამსახურებრივი ბარათით სსიპ „112“-დან თ------ი ს--------ის შეტყობინების აუდიოჩანაწერის გამოთხოვის საკითხს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, თუმცა, აღნიშნული ფუნდამენტური უფლება აბსოლუტური არ არის. მისი შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას განამტკიცებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა - ს------ ჟ------–---–მა 2019 წლის 29 ივნისის სამსახურებრივი ბარათით (წერილობითი მიმართვით) საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოითხოვა თ------ი ს--------ის მიერ „112“-ზე 2019 წლის 28 ივნისს გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი. 2019 წლის 2 ივლისს, აღნიშნული სამმართველოს უფროსმა, ასევე წერილობითი მიმართვით, გამომძიებელს გადაუგზავნა შეტყობინების აუდიოჩანაწერი, ე.წ. „მიბმულ ფაილად“, რომელიც გამომძიებელმა დაათვალიერა, გადაიტანა დვდ დისკზე, დალუქა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს, ასევე შეადგინა აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა გამომძიებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სსიპ „112“-ის კომპიუტერულ სისტემაში დაცული კომპიუტერული მონაცემის - შეტყობინების აუდიოჩანაწერის მოპოვების და საპროცესო დამაგრების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რაც, საერთო ჯამში, საფუძველს აცლის აღნიშნული ქმედების კანონიერებას მთლიანობაში და ქმნის ამ ფორმით მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის წინაპირობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენეტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

 

რაც შეეხება კომპიუტერულ სისტემასა და მონაცემს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილით, კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე-14310-ე მუხლების დებულებები. შესაბამისად, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ სსიპ „112“-ში გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი წარმოადგენს კომპიტერულ სისტემაში დაცულ კომპიუტერულ მონაცემს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310 -ე მუხლების დებულებების გარდა, სხვა საშუალებით აუდიო ჩანაწერის გამოთხოვა/მოპოვება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნორმატიული შინაარსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ანალოგიურ მიდგომაზე მიუთითებს. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-10-15 პუნქტების თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“. მე-4 ნაწილი კი ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432–14310 მუხლებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ადგენენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პრინციპებსა და პროცედურას. სსსკ-ის 136-ე მუხლი მოთავსებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 თავში, რომელიც საგამოძიებო მოქმედებათა ზოგადი რეგულირებიდან გამოყოფს სპეციალურ ობიექტს - კომპიუტერულ მონაცემებს და ითვალისწინებს მოწესრიგების განსხვავებულ წესებს. აღნიშნულს უკავშირდება სსსკ-ის 136-ე მუხლით განსაზღვრული წესიც, რომელიც „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად ითვალისწინებს მხოლოდ პროკურორს. რეგულაცია მართალია პირდაპირ არ უთითებს დაცვის მხარისათვის ხსენებული შუამდგომლობის დაყენების შეზღუდვის შესახებ, თუმცა კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების სპეციალური სუბიექტის ამომწურავად განსაზღვრით ცალსახად უსვამს ხაზს კანონმდებლის ნებას აღნიშნული უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭების და დაცვის მხარის რეგულირებიდან გამორიცხვის შესახებ. გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიც, რომელიც ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ინსტრუმენტზე ავრცელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის განსაზღვრულ წესებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება კომპიუტერული წესით შენახულ ნებისმიერ მონაცემზე რომელიც ხასიათდება რელ----ტურობით და ეხება სსსკ მე-3 მუხლის 23-ე ნაწილში მითითებულ საკითხებს. შესაბამისად, კანონმდებლობა სპეციალურ მოწესრიგებას ადგენს რა „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებულ მტკიცებულებათა სასამართლო წესით გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს უზღუდავს ხსენებული შუამდგომლობის დაყენების უფლებას ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებული საქმის განხილვისას კომპიუტერული წესით შენახული ნებისმიერი მონაცემის (მათ შორის საჯარო ინფორმაციის) მიმართ“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება მოხდეს, ამდენად, უდავოა, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ არსებული საპროცესო ნორმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმისათვის, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება ჩაითვალოს „კანონის შესაბამისად“, შეზღუდვას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და შეიცავდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისაგან დაცვის მექანიზმს.

 

საქმეში „გილანი და ქუინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №4158/05“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს რომ „ფრაზა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს სადავო ზომას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და ასევე შეთავსებადი იყოს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რაც პირდაპირაა მოცემული კონვენციის პრეამბულაში და მე-8 მუხლის საგნისა და მიზნისგან განუყოფელია. ამდენად, კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი და წინასწარ განჭვრეტადი, ანუ, ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რომ პირს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციით, საკუთარი ქცევის რეგულირება. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის მექანიზმი კონვენციით გარანტირებულ უფლებებში საჯარო ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ. საკითხებში, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, კანონის უზენაესობის, კონვენციით დაცული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, საწინააღმდეგო იქნებოდა, რომ აღმასრულებლისთვის მიცემული სამართლებრივი დისკრეცია გამოხატული ყოფილიყო შეუზღუდავი უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, კანონში საკმარისი სიცხადით უნდა იყოს მითითებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მინიჭებული ნებისმიერი ამგვარი დისკრეციის ფარგლები და მისი განხორციელების ფორმა. სიზუსტის ხარისხი, რაც საჭიროა ეროვნული კანონმდებლობისთვის (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს ყველა შემთხვევას), მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განსახილველი დოკუმენტის შინაარსზე, სფეროზე, რომელსაც ის მოიცავს და მისი ადრესატების რაოდენობასა და სტატუსზე“.

 

საქმეზე P.G. and J.H. v. the United Kingdom სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონთან შესაბამისობა“ ორ იმპერატივს მოიცავს. პირველ რიგში, სადავო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში; შემდეგ განიხილება კანონის ხარისხი, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ცხადად ფორმულირებული, რათა პირმა წინასწარ შეძლოს თავისი ქმედების შესაძლო შედეგის განჭვრეტა; ასევე, დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის ზოგადი პრინციპი“.

 

საქმეზე Malone v. the United Kingdom, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „ფრაზა „კანონთან შესაბამისი“ არ გულისხმობს მხოლოდ შიდა სამართალს, იგი გულისხმობს ასევე ზოგად პრინციპებსაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისგან დაცვის სამართლებრივი საშუალებები. თვითნებობის რისკი უფრო მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება თავის უფლებამოსილებებს ფარულად ახორციელებს. ამგვარად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტექსტში კანონის განჭვრეტადობის მნიშვნელობა განსხვავებულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში ინდივიდების ქმედებების დარეგულირებისას. კანონი საკმარისად ზუსტად უნდა აყალიბებდეს ტერმინებს, რომლებითაც იგი მოქალაქეებს კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილები არიან მიმართონ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში საიდუმლო და პოტენციურად სახიფათო შეზღუდვას“.

 

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს, საქმეზე Shimovolos v. Russia სასამართლომ დაადგინა, რომ „კანონი, რომელიც უშვებს საგამოძიებო მოქმედებებს, უნდა მოიცავდეს „დაშვებული ზომების ხასიათს, შინაარსსა და ხანგრძლივობას, მათი მიღების საფუძვლებს, მათ განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების ჩამონათვალს და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებას“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.

 

ამდენად, სახელმწიფოს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურია და მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო თვითნებურად არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებებში, გარდა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამასთან, აღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც, რაც მდგომარეობს ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებაში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისამართლებრივი დევნა ხორციელდება მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის გამო, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ფაქტზე.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია გამოძიების მიერ შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ბრალდების მხარეს კანონი აძლევდა საშუალებას, აუდიოჩანაწერში ასახული ინფორმაცია მოეპოვებინა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე და 126-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ანუ დაეთვალიერებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიოჩანაწერი და დათვალიერების ოქმის შედგენით შეექმნა ერთი კონკრეტული მტკიცებულება - დაედგინა შემთხვევის ვითარება, გაერკვია დანაშაულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი ან ჩანაწერში ასახული ინფორმაცია იყო თუ არა კავშირში სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან. რაც შეეხება აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვას სსიპ „112“-დან, მის გადმოგზავნას, აუდიოჩანაწერის გადატანას დვდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღებას, აღნიშნული მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც არავითარ გამონაკლისს არ ითვალისწინებს. კომპიუტერული მონაცემის ამ გზით მოპოვება შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, რადგან აღნიშნული ასევე არ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებიდან, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსამართლის განჩინების გარეშე, მესაკუთრის (მფლობელის) წინაწარი წერილობითი თანხმობით, დათვალიერების წარმოება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე-126-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაწესს, თუმცა, აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვა, სსიპ „112“-დან მის გადმოგზავნა, აუდიოჩანაწერის გადატანა დვდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღება ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ - ს------ ჟ------–---–ის 2019 წლის 29 ივნისის მიმართვა საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის სახელზე, 2019 წლის 2 ივლისის საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის მომართვა თანდართული აუდიოჩანაწერის ამსახველი ფაილით და აუდიოჩანაწერის ამსახველი დვდ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე, აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს ცნობილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------ ს--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (არის შ–-------) და წარსულში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობა.

 

მ------ ს--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგპომარეობაში.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------ ს--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ოჯახურ დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად არღვევს ოჯახის კეთილდღეობის ფუნდამენტურ უფლებას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავისი ქცევით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მ------ ს--------ე სისტემატურად ცხადდებოდა სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: მ------ ს--------ე არის 45 წლის, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და შვილი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. მ------ ს--------ე არის საქართველოს ა------------- ფეხბურთის ასოციაციის წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებში მონაწილეობისათვის მინიჭებული აქვს ომისა და სა-------------–---------------------------, არის შ–-------. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დახასიათება, რომლის თანახმად, მ------ ს--------ე ხასიათდება დადებით პიროვნებად.

 

სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად მ------ ს--------ის საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულებისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, მ------ ს--------ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი მინიმალური ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასამართლოს აზრით, მ------ ს--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 28 ივნისიდან 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით), უნდა შეუმცირდეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მ------ ს--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანა და საინფორმაციო ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი „დვდ“ დისკით, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. მ------ ს--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------ ს--------ეს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 28 ივნისიდან 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით, მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

2. მსჯავრდებულ მ------ ს--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ი----- ს--------ეს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

3. მსჯავრდებულ მ------ ს--------ის მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაკისრებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებულები - ე-–--- და თ------ ს--------ეები იმყოფებიან, გაუქმდეს.

 

4. მ------ ს--------ის მიმართ დამატებით დაწესებული ვალდებულება ყოველ ორშაბათ დღეს გამომძიებელთან გამოცხადებისა და ანგარიშგების შესახებ გაუქმდეს.

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· მ------ ს--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს;

 

· საინფორმაციო ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი „დვდ“ დისკით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე