გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
330210018002776861
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/36922-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - დ--------------–--ე

წარმომადგენელი - თ---------- ბ-----

 

მოპასუხე - სს „პ-------------ა“

წარმომადგენელი - ე---------- ს------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე სს „პ-------------ას“ მოსარჩელის დ--------------–--ის (პ/ნ N5----------) სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 8 768 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, დ--------------–--ის სამუშაო ადგილს წარმოადგენს სახანძრო სამაშველო სამსახური. მოსარჩელე დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია სს ,,პ-------------ასა’’ და ს-----------------–------------------------ოს სსიპ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვევის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 01 აპრილის 00:00 საათიდან 2018 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათის ჩათვლით პერიოდი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი სსიპ ს-----------------–------------------------ოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გულისხმობს შემდეგი სახის მომსახურებას: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით, ამბულატორიულ მომსახურება, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, და ა. შ. ხელშეკრულების თანახმად, სამედიცინო მომსახურება მზღვეველის მიერ სრულად ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან პირდაპირი ანგარიშსწორებით.

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 04 მაისს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოსარჩელემ მიიღო თავისა და სხეულის დაზიანება, იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც მოხდა მისი მოთავსება ქუთაისის ც------ს სახელობის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ადგილის არქონის გამო გადაიყვანეს ქუთაისის ე----ის რეფერალურ ცენტრში. რეფერალური ცენტრიდან კი მოხდა მისი გადაყვანა შპს ,,ვ-------ში’’. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელეს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

 

2018 წლის 25 მაისს მოსარჩელის მეუღლემ რ--------–----ემ მიმართა სადაზღვევო კომპანია სს ,,პ-------------ას’’ და მოითხოვა დ--------------–--ის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება. განცხადების პასუხად კი ეცნობა, რომ ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო კომპანია ,,პ-------------ასა’’ და ს-----------------–------------------------ოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას და ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ალკოჰოლური თრობის შედეგად მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯები. აღნიშნულის საფუძველი კი გახდა შპს აკ. ზ. ც------ს სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის მიმღები განყოფილების ექიმისა და ექიმ-რეანიმატოლოგის ჩანაწერები, სადაც მითითებული იქნა, რომ პაციენტს პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი.

 

მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით სადაზღვევო კომპანიას არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანისთვის მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოწვეულია დაზღვეული თანამშრომლის ზიანი, მზღვეველი სრულად ანაზღაურებს ზიანს დაზღვეული თანამშრომლის წინაშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რადგან მოპასუხის უარი არის სრულიად დაუსაბუთებელი, მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს და დაიცვას მისთვის კანონით მინიჭებული მოვალეობები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, მხარემ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა სწორედ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ითვალისწინებდა საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც არ ხდებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემა, სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან მოსარჩელის დაზიანებები გამოიწვია არა სიმაღლიდან ვარდნამ, არამედ, როგორც სამედიცინო დოკუმეტაციაშია აღნიშნული, სადაც მეუღლემ განმარტა, რომ პაციენტი წაიქცა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და მიიღო თავისა და გულმკერდის ტრამვა ცნობიერების დაკარგვით. სწორედ აღნიშნული მიზეზით მოხდა ანაზღაურებაზე უარის თქმა. ალკოჰოლის სუნზე ექიმის გადმოცემით არ ხდება საუბარი. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებით, ორი დამოუკიდებელი კლინიკის მიერ ფიქსირდება ალკოჰოლის მიღება: შპს აკ. ზ. ც------ს სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის მიერ მოსარჩელის უფლებადამცველისთვის მიწერილ წერილში კლინიკა პირდაპირ წერს, რომ არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ მიმღების ექიმისა და ექიმ-რეანიმატოლოგის ჩანაწერის თანახმად პაციენტს ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი. და მეორე, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის პაციენტის გასინჯვის ფურცელში ფიქსირდება, რომ პაციენტს ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი. ალკოჰოლის სუნსა და აცეტონის სუნს შორის სხვაობა ადვილად შესამჩნევია და მით უმეტეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კლინიკის ექიმების მიერ ფიქსირდება ეს ყოველივე. სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაეყრდნოს კლინიკის მიერ გაცემულ ინფორმაციას. იქნება ეს გადახდილი ქვითრები თუ სამედიცინო ჩანაწერი, რომლის გაცემაც ხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ. შესაბამისად, აღიშნული შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანია თავისუფალი იყო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ეთქვა უარი მოსარჩელეს თანხის ანაზღაურებაზე (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ს-----------------–--------------------------ის სსიპ ს-----------------–------------------------ოს და სს ,,პ-------------ას’’ შორის 2018 წელს დაიდო ხელშეკრულება NS----------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ელექტრონული ტენდერი), სადაც დაწვრილებით გაიწერა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. მათ შორის მიეთითა იმ გამონაკლისებზეც, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ანაზღაურდებოდა (14.14. პუნქტი). კერძოდ: ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიური თრობის მიზნით მიღებული ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯები, ასევე ნარკომანია, ტოქსიკომანიას და ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით სამედიცინო ხარჯები.

 

აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება NS----------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 16-32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. საქმეში წარმოდგენილია სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 5 მაისს შპს ,,აკ. ზ ც------ს სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში’’ 00:20 საათზე შევიდა პაციენტი დ--------------–--ე. სტაციონარიდან გაეწერა 2018 წლის 05 მაისს, 01:25 საათზე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოს დახურული ტრამვა, ტრამვული შოკი, რეანიმაციულ განყოფილებაში უადგილობის გამო პაციენტი გადაყვანილია კატასტროფის სამსახურის მიერ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში.

 

ბარათში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს მისმა მეუღლემ განმარტა, რომ პაციენტი სახლში წაიქცა, თავი დაარტყა რკინის მაგიდას. პაციენტი არის აღზნებული, აქვს ხელების და ქვედა კიდურების უნებლიე მოძრაობები, მარცხენა ყურთან აღენიშნება სისხლდენა, თავზე მცირე ზომის ზედაპირული სისხლდენა. პირიდან აქვს ალკოჰოლის სუნი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 38)

- სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 43-54)

- წერილი #01/677 (ს.ფ. 59)

 

4.3. შპს ,,აკ. ზ. ც------ს სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის’’ დირექტორის ა----–--- ო-----------ის 2018 წლის 26 ივნისის # 01/677 წერილით ირკვევა, რომ მიმღები განყოფილების ექიმის და ექიმ რეანიმატოლოგის ჩანაწერების თანახმად პაციენტს დ--------------–--ეს პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი. კვლევა პაციენტის ალკოჰოლურ თრობაზე შპს ,,აკ. ზ. ც------ს სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში’’არ ტარდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი #01/677 (ს.ფ. 59)

 

4.4. საქმეში წარმოდგენილია სს ,,სამედიცინო კორპორაცია ე----ის’’ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა #IV-100ა - ცნობა, რომლის თანახმად პაციენტი დ--------------–--ე სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 05 მაისს, 01:40 საათზე და გაეწერა 2018 წლის 05 მაისს, 12:25 საათზე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, მწვავე სუბდურული ჰემატომა მარცხნივ შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოში, თავის ტვინის დაჟეჟილობა, პნევმოცეფალია, თავის ქალის ფუძის მოტეხილობა, გულ-მკერდის დახურული ტრამვა, მრავლობითი კანის ჭრილობები და ექსკორაციები, ტრამვული შოკი, ძილიანობა, სტუპორი, კომა.

 

მეუღლის გადმოცემით ავადმყოფი წაიქცა სახლში და თავი დაარტყა მაგიდას.

 

ვინაიდან ავადმყოფის ოჯახის წევრები კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაზე აცხადებენ უარს, ავადმყოფი გადაყვანილია კატასტროფის სამსახურის მიერ რეანომობილით ქ. თბილისის ლ--–---ის კლინიკაში.

 

პაციენტის გასინჯვის ფურცელში მითითებულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემული ანამნეზის მიხედვით, პაციენტის მეუღლის გადმოცემით, 2018 წლის 04 მაისს დაახლოებით 24:00 საათზე პაციენტი წაქცეულა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და მიუღია თავის და გულმკერდის ტრამვა ცნობიერების დაკარგვით.

 

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე, დეზორიენტირებულია, პირიდან ამოსდის ალკოჰოლის სუნი...

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100ა ცნობა (ს.ფ. 63-65)

- პაციენტის გასინჯვის ფურცელი (ს.ფ. 114, 116)

 

4.5. 2018 წლის 25 მაისს მოსარჩელის მეუღლემ რ--------–----ემ მიმართა სადაზღვევო კომპანია სს ,,პ-------------ას’’ და მოითხოვა დ--------------–--ის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება.

 

2018 წლის 04 ივნისს მას განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო კომპანია სს ,,პ-------------ას’’ და ს-----------------–------------------------ოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევას და ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიური თრობის მიზნით მიღებული ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯები, ასევე ნარკომანია, ტოქსიკომანიას და ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით სამედიცინო ხარჯები.

 

აღნიშნულის საფუძველი გახდა სადაზღვევო კომპანიაში სს ,,ს------–----------------–-------------------------------–--------------ლის’’ მიერ განხორციელებული შეტყობინება, საიდანაც ირკვევა, რომ დავითმა ნასვამ მდგომარეობაში მიიღო თავისა და გულმკერდის ტრამვა, რაც ასევე დასტურდება სამედიცინო ჩანაწერებით. მიღებული დაზიანებების გამო საჭირო გახდა სტაციონარში ჰოსპიტალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,პ-------------ის’’ წერილი (ს.ფ. 84)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 799-ე, 829-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

საქმეზე წარსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც დეტალურად იქნა განსაზღვრული მხარეთა უფლება-მოვალეობანი, მათ შორის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რა დროსაც მოხდებოდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება მზღვეველის მიერ, ასევე გათვალისწინებული იქნა ის შემთხვევები, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც სადაზღვევო თანხა არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

მხარეთა ხელშეკრულების 14.4. პუნქტით გათვალისწინებული იყო ის შემთხვევები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არ მოხდებოდა სადაზღვევო თანხის გაცემა, კერძოდ: - ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიური თრობის მიზნით მიღებული ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯები, ასევე ნარკომანია, ტოქსიკომანიას და ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით სამედიცინო ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ--------------–--ის დაზიანებები გამოწვეულია არა სიმაღლიდან ვარდნით, არამედ, ალკოჰოლური თრობის ზემოქმედებით, უფრო კონკრეტულად, მოსარჩელე წაიქცა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და თავი დაარტყა რკინის მაგიდას, რა დროსაც მან მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, მწვავე სუბდურული ჰემატომა მარცხნივ შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოში, თავის ტვინის დაჟეჟილობა, პნევმოცეფალია, თავის ქალის ფუძის მოტეხილობა, გულ-მკერდის დახურული ტრამვა, მრავლობითი კანის ჭრილობები და ექსკორაციები, ტრამვული შოკი, ძილიანობა, სტუპორი, კომა.

 

მოსარჩელის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება შპს აკ. ზ.ც------ს სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის მიმღების ექიმის და ექიმ რეანიმატოლოგის ჩანაწერით, სადაც მითითებულია, რომ პაციენტს ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი. მოსარჩელის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა დასტურდება ასევე ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის პაციენტის გასინჯვის ფურცელლით, სადაც დაფიქსირებულია, რომ პაციენტს ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი.

 

ხელშეკრულების 14.4 პუნქტის თანახმად კი ალკოჰოლური თრობის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან სადაზღვევო კომპანია თავისუფალი იყო. აღნიშნული გახდა კიდეც მოსარჩელისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსარჩელე სიმაღლიდან გადმოვარდებოდა და მიიღებდა დაზიანებებს, მაგრამ დადასტურდებოდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი (მუხედავად ალკოჰოლური თრობის დონისა), სადაზღვევო კომპანიას შეეძლო უარი განეცხადებინა ანაზღაურებაზე სწორედ ალკოჰოლური თრობის ფაქტიდან გამომდინარე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 263,04 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ--------------–--ის (პ/ნ 5----------) სარჩელი მოპასუხე სს ,,პ-------------ას" (ს/კ N2--------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, რომლითაც მხარე ითხოვდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასრგებლოდ 8 768 ლარის დაკისრებას - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე დ--------------–--ის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს, სახელმწიფო ხაზინაში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 263.04 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე