გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210117002182924
საქმე №2/3502-17/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.07.2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე, ლალი ტურავა
მოსარჩელე – ლ-–- ქ---------–--ე
წარმომადგენელი – ე-- გ-------–-–---–ი, ნ-------- ქ---------–--ე
მოპასუხე - წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები – მ-------- მ------–---–ი, თ----- ჩ-------ე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ-–- ქ---------–--ესთან 2017 წლის 29 ივნისის #6 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ქ.წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 29 ივნისს ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, სარგებლობის უფლებით წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. წ---–-------ში, რ---------–ის ქუჩაზე, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, დარბაზ ,,ი------ს’’ მიმდებარედ, გადაეცა 266 კვ.მ ფართობი დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით.
2017 წლის 14 აგვისტოს განცხადებით მიმართა წ---–-------ს გამგეობას მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი კონსტუქციული შენობის შეთანხმების მიზნით. მხოლოდ 2017 წლის 05 ოქტომბერს აცნობეს, რომ წარედგინა შესათანხმებლად შესაბამისი დოკუმენტაცია 7 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით განსაზღვრული ღონისძიება.
მიუხედავად მიმართვისა, აცნობეს, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის #3------ ბრძანებით ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი მათ შორის დადებული 2017 წლის 29 ივნისის #6 ხელშეკრულება. მის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შეტანილ განცხადებაზე პასუხი ეცნობა 2 თვის დაგვიანებით, 2017 წლის 13 ოქტომბერს, კერძოდ, გამგებლის მიერ ლევან სამხარაულის სახელობისექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მიმართვის თაობაზე, რომლის დასკვნითაც, იმის დადგენა, ნაგებობა წარმოადგენს თუ არა დროებით შენობა-ნაგებობას, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად’’ ქ. წ---–-------ს მუნიციპალიტეტს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ჰყავს არა გამგებელი, არამედ არჩეული მერი, შესაბამისად მოპასუხეს წარმოადგენს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მერი (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს/ფ 61-78).
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ მოთხოვნას და დამატებით განმარტეს, რომ მხარეებს შორის დადებულ 15წლიან იჯარის ხელშეკრულებაში არსად არ იყო მითითებული იმის შესახებ, რომ შენობა უნდა ყოფილიყო პირველი კლასის. შესაბამისად ლ-–- ქ---------–--ემ დროულად წარადგინა შესაბამისი ნახაზი და რენდერი შესათანხმებლად იმ კონსტრუქციაზე, რომლის აშენებასაც აპირებდა, თუმცა მოპასუხიდან 2 თვე პასუხი არ მიუღია, არც რაიმე შეტყობინება წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის თაობაზე. ასე რომ ყოფილიყო დაუყოვნებლივ შეასრულებდა მათ მითითებებს. არსებული კონსტრუქციის დამაგრება კი სხვაგვარად ვერ მოხდებოდა მიწასთან. შენობა არ წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას, რადგან მშენებლობის საწყისს ეტაპზე მიდიოდნენ როგორც გამგებელი, ასევე გამგეობის თანამშრომლები და მათი მხრიდან შენიშვნა ან პრეტენზია გაცხადებული არ ყოფილა.
თუმცა, თუ მოპასუხე მხარე თვლიდა, რომ ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობების დარღვევას, უნდა მომხდარიყო ამის დროული შეტყობინება ან/და დამდგარიყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი. მით უმეტეს, რომ ობიექტის შემოწმება ხდებოდა უფლებამოსილ პირთა მიერ და არავის არ უთქვამს, რომ არსებობდა რაიმე დარღვევა.
მიაჩნიათ, რომ ლ-–- ქ---------–--ეს ხელშეკრულება არ დაურღვევია და მისი შეწყვეტა მოპასუხე მხარის მოხდა არასამართლებრივი საფუძვლით, კანონდარღვევით, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაბათილდეს და მხარეებს შორის აღდგენილ იქნეს პირვანდელი სახელშეკრულებო მდგომარეობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ წარადგინა საჭირო დოკუმენტები დროულად. ლ-–- ქ---------–--ის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს წარდგენილ იქნა მხოლოდ განცხადება, რომელსაც არ ახლდა მარტივი ტიპის კონსტრუქციის რენდერი. ამიტომ ეს დოკუმენტები გამგეობაში არ ინახება.
ლ-–- ქ---------–--ეს 2017 წლის 10 ოქტომბერს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 02 ოქტომბრის #31/4858 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის თაობაზე საჩივარს განიხილავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ვინაიდან წ---–-------ს გამგეობაში არ არის გამგებლის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამიტომ მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ლ-–- ქ---------–--ე განცხადებით ითხოვდა მარტივი ტიპის კონსტრუქციის რენდერის შეთანხმებას, რომელი რენდერიც განცხადებას არ ახლდა, ასევე არ ახლდა პროექტი, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდებოდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის დადგენილების 54-ე მუხლი. გარდა ამისა, პირველი კლასის ნაგებობისთვის მიღებული შეთანხმება არაა ვარგისი მეორე კლასის ნაგებობის მშენებლობისათვის. ვინაიდან ასეთი ნაგებობის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული გამგეობასთან, დაირღვა აუქციონისა და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და განხორციელდა უნებართვო მშენებლობა.
მოსარჩელეს 2017 წლის 5 ოქტომბერს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება 3 დღის ვადაში გამოესწორებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული დარღვევა, თუმცა ვერ მოხერხდა ადრესატისთვის წერილის ჩაბარება, რის გამოც იგი გამოქვეყნდა საჯაროდ, კერძოდ, გამოიკრა გამგეობის შენობაში თვალსაჩინო ადგილას, სტენდზე, ასევე გამოქვეყნდა ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ ,,ა---– წ---–-------ში’’ 2017 წლის 12 ოქტომბერს. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდა 2017 წლის 29 ივნისის #6 ხელშეკრულება.
მიუხედავად სიტყვიერი მითითებისა, რომ შენობა, მისი კონსტრუქციით, უკვე აღარ წარმოადგენდა დროებით შენობა-ნაგებობას და უნდა შეჩერებულიყო მისი მშენებლობა, მოსარჩელის მიერ არ მომხდარა დაწყებული მშენებლობის შეჩერება. ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, რომ ობიექტი წარმოადგენდა მე-2 კლასის ნაგებობას. ამიტომ ლ-–- ქ---------–--ეს გაეგზავნა მითითება #64, ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით და გაკრულ იქნა ობიექტზეც.
მოპასუხე თვლის, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ შესაგებელს და დამატებით განმარტეს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის და სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მან მშენებლობა განახორციელა მერიასთან შეუთანხმებლად, დროებითი მსუბუქი სახის კონსტრუქციის მაგივრად დაიწყო მიწასთან მყარად დამაგრებული მე-2 კლასის ნაგებობის მშენებლობა. ამასთან გამგეობაში მხოლოდ განცხადებაა დაფიქსირებული და პროექტი და რენდერი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. რის გამოც მშენებლობა არის უკანონო, რამაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა გამოიწვია. მათვე განმარტეს, რომ ლ-–- ქ---------–--ის 14 აგვისტოს წერილზე დროული რეაგირება არ მომხდარა გამგეობის მხრიდან. არსებული ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ტერიტორიას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 29 ივნისს ლ-–- ქ---------–--ეს და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის დაიდო წ---–-------ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება #6, რომლითაც წ---–-------ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 266 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. წ---–-------, რ---------–ის ქ. ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, დარბაზ ,,ი------ს’’ მიმდებარედ, ს/კ 2----------- - 15 წლის ვადით სარგებლობის უფლებით გადაეცა ლ-–- ქ---------–--ეს. ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქირის ოდენობა.
ორი თვის ქირა მოსარჩელეს გადახდილი აქვს მოპასუხისათვის.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-2017 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება #6 (ს/ფ 33-37),-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. აღნიშნული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ,,მეიჯარე ვალდებულია მოამზადოს ქონების სარგებლობაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაცია, ასევე ხელი შეუწყოს ,,მოიჯარის’’ მიერ იჯარით აღებული ქონებით სარგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაათვალიეროს იჯარით აღებული ქონება, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტით- ,,მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი მოიჯარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს’’. ამასთან მეიჯარემ წერილობით უნდა აცნობოს მოიჯარეს 1 კვირით ადრე ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, თუ მის მიერ აღმოფხვრილი არ იქნება ხელშეკრულების გაუქმების მიზეზები.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენოს კომერციული დანიშნულებისათვის, განათავსოს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან წინასწარ შეთანხმებული დროებითი შენობა-ნაგებობა (მსუბუქი კონსტრუქციის შენობა) და საქმიანობა დაიწყოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით - აუქციონში გამარჯვებულ მოიჯარეს ეკრძალება, იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება.
ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 31-37.),-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 46-47)
3.2.2. 2017 წლის 14 აგვისტოს ლ-–- ქ---------–--ემ განცხადებით მიმართა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს კ.მ------–---–ს, იჯარით აღებულ 266 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განსათავსებლად მარტივი ტიპის კონსტრუქციის რენდერის შესათანხმებლად.
ამ წერილზე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი პასუხი მოსარჩელისთვის არ გაუგზავნია და არც რაიმე სახის ხარვეზის შევსება შეუთავაზებია.
ამიტომ მოსარჩელემ დაიწყო მშენებლობა, რომლის შესახებ ცნობილი იყო მოპასუხისათვის.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადება (ს/ფ 38-40),- მხარის განმარტება (სასამ. სხდომის ოქმი)
3.2.3. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი წერილით -2017 წლის 02 ოქტომბრის # 31/4858 წერილით და 2017 წლის 05 ოქტომბრის #31/4912 წერილით მიმართა ლ-–- ქ---------–--ეს, რომელთა თანახმადაც, ლ-–- ქ---------–--ეს უნდა შეეჩერებინა მშენებლობა იჯარით გადაცემულ 266 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 7 დღის ვადაში წარედგინა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისი დოკუმენტაცია შესათანხმებლად. აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მის მიმართ გატარებული იქნებოდა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ვინაიდან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად არ მიმდინარეობდა მშენებლობა, მიეცა წინადადება 3 დღის ვადაში გამოესწორებინა დაშვებული დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ცალმხრივად მოხდებოდა ხელშეკრულების მოშლა.
წერილები ლ-–- ქ---------–--ეს ან მის წარმომადგენელს უშუალოდ არ ჩაბარებია, ეცნობა საჯარო შეტყობინების საშუალებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს/ფ 41, ს/ფ 124-127)
3.2.4. 2017 წლის 10 ოქტომბერს ლ-–- ქ---------–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს 2017 წლის 02 ოქტომბრის # 31/4858 წერილის ბათილად ცნობისა და საქმეში დაინტერესებულ პირად ჩართვის თაობაზე, თუმცა ეთქვა უარი, რადგან მის მიერ წარდგენილ განცხადებას არ ერთვოდა შესაბამისი დოკუმენტაცია და მის მიერ დაწყებული მშენებლობა მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, არ წარმოადგენდა მარტივი ტიპის კონსტრუქციას, რომელზეც შეთანხმება გაცემული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ადმ.საჩივარი ( ს/ფ 42-43),-გამგეობის პასუხი (ს/ფ 44-45)
3.2.5. დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლეს და ქალაქს გამგებლის ნაცვლად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების საფუძველზე ჰყავს არჩეული მერი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაზუსტებული სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის-გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მ/შ-ის 2017 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად გაფრთხილებისა, ლ-–- ქ---------–--ის მიერ, არ იქნა გამოსწორებული არსებული ხარვეზი, რის გამოც მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს #6 ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლება - იჯარით გადაცემული ქონების განკარგვის დროს მოიჯარის მიერ გადახდილი თანხისა და გაწეული ხარჯის ანაზღაურების გარეშე.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აუდიტის დასკვნა, ს/ფ 129-130
3.2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24/10/2017 წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს იმის განსაზღვრა, არის თუ არა შენობა-ნაგებობა დროებითი. ხოლო მე-2 კლასის შენობა-ნაგებობას მიეკუთვნება - სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300კვ.მ ფართობის... რის გამოც წარმოდგენილი მშენებარე ნაგებობა მიეკუთვნება მე-2 კლასის შენობა-ნაგებობებს.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ექსპერტიზის დასკვნა (ს/ფ 139-144)
3.2.8. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 18/10/2017წ. #3------ ბრძანების საფუძველზე, მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო, შეწყდა წ---–-------ს მუნიციპალიტეტსა და ლ-–- ქ---------–--ეს შორის დადებული ,,წ---–-------ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’, 2017 წლის 29 ივნისის #6 ხელშეკრულება, რაზეც ეცნობა ლ-–- ქ---------–--ეს.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბრძანება (ს/ფ 131-132)
3.2.9. მოწმის სახით დაკითხულმა მ------ თ---–---ემ განმარტა, რომ მას ლ-–- ქ---------–--ემ სთხოვა ნახაზის შედგენა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იჯარით გადაცემულ ნაკვეთზე მსუბუქი კონსტრუქციისათვის, შეთანხმდნენ რენდერზე, რადგან მსუბუქ კონსტრუქციას არ სჭირდებოდა პროექტი. შედგენილი რენდერი კი უნდა მიეტანა მერიაში შესათანხმებლად. ლ-–-მ დაიწყო კიდეც მშენებლობა, რომლის სანახავად თავადაც მიდიოდა. მშენებლობა დაახლოებით 1 თვეზე მეტი მიმდინარეობდა და შემდეგ შეაჩერეს.
3.2.10. მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ქ---------–--ემ განმარტა, რომ ლ-–-ს მამის თხოვნით მან განცხადება შეიტანა გამგეობაში შესათანხმებლად, რომელსაც ახლდა ნახაზები და სურათები. როგორც მისთვის ცნობილია, არავის არ უთქვამს, რომ ეს ნახაზები და სურათები კანონს არ შეესაბამებოდა. განცხადების შეტანის შემდეგ დაიწყეს მშენებლობა, მუშაობდნენ 1,5-2 თვე. პრეტენზიები გამგეობის მხრიდან წამოვიდა მოგვიანებით, სადღაც ნოემბერში. იცის, რომ მშენებლობის სანახავად მიდიოდა გამგებელიც და გამგეობის სხვა თანამშრომლებიც და არავის არ გამოუთქვამს რაიმე სახის შენიშვნა. პრობლემის შექმნისთანავე ლ-–- ქ---------–--ემ შეაჩერა მშენებლობა. თავიდანვე რომ ყოფილიყო მსგავსი პრობლემა, არც დაიწყებდნენ მშენებლობას. მხოლოდ კონსტრუქციის სიმაგრისთვის მოხდა მისი ჩაბეტონება. როგორც მისთვის ცნობილია, მერიამ ლ-–-ს შესთავაზა ადგილის მონაცვლებაც სხვა მიწის ნაკვეთით, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
3.2.11. მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ჩ--------ემ განმარტა, რომ არის წ---–-------ს მერიის თანამშრომელი. მისთვის ცნობილია, რომ გამგეობაში ელფორმით შემოსული იყო ლ-–- ქ---------–--ის მხოლოდ განცხადება, რომელზეც პასუხი დაუგვიანეს და 02 /10 2017წ. გაუგზავნეს წერილი წარმოებული სამუშაოს ხარვეზის შესახებ. 1-ლი კლასის ნაგებობისათვის მთავრობის #57 დადგენილებით 60 კვ.მ-ია განსაზღვრული, მე-2 კლასისათვის 61კვ.მ-დან, რომელსაც სჭირდება უფრო მეტი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ლ-–- ქ---------–--ის 100კვ.მ-ზე მეტია, თუმცა თავის დროზე ამისთვის მათ ყურადღება არ მიუქცევიათ.
სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში ჯერ ხდება შესაბამისი პირის დაჯარიმება, ხოლო შემდეგ დოკუმენტების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და შემდეგ მაინც ხდება ნებართვის გაცემა. რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბათილად იქნეს ცნობილი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის #31 ბრძანება მუნიციპალიტეტის გამგებელს და ლ-–- ქ---------–--ეს შორის დადებული 2017 წლის 29 ივნისის # 6 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 399-ე, 581-ე მუხლის პირველი ნაწილი, 405-ე მუხლი, 54-ე მუხლი,- საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს დათქმული საიჯარო ქირა. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
6.2. მხარეებს შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლ-–- ქ---------–--ეს გადაეცა 266 კვ.მ მიწის ნაკვეთი დროებითი შენობა-ნაგებობის განსათავსებლად წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ელექტრონული აუქციონის საფუძველზე 15 წლის ვადით და მოსარჩელის მიერ გამგეობისათვის გადახდილ იქნა ორი თვის საიჯარო ქირა.
6.3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტით - დროებით შენობა და ნაგებობას წარმოადგენს ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა); ხოლო 74- პუნქტით- უნებართვო მშენებლობა – მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პ. 2-ის მიხედვით - საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. მე-3 პუნქტით - საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს აღნიშნული 266კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში არა ერთი წლის, არამედ 15 წლის ვადით კომერციული დანიშნულებისათვის. ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მოთხოვნათა თანახმად, მეიჯარე იყო ვალდებული, მოემზადებინა შესაბამისი დოკუმენტაცია ქონების სარგებლობაში გადაცემისათვის, დაეთვალიერებინა ეს ქონება და მიმდინარე პროცესი.
ხელშეკრულებაში არაა მითითებული, თუ რომელი კლასის ნაგებობის მშენებლობა უნდა ეწარმოებინა მოსარჩელეს. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია კი რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული მოპასუხის მხრიდან.
ამავე დადგენილების მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქ/პუნქტის თანახმად, 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობები, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებენ. ხოლო 43(9) მუხლის მიხედვით - მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, ხოლო მე-11 პუნქტით- მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
აღნიშნული დადგენილების 31-ე და 54-ე მუხლები ადგენენ მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას და მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს მე-2, მე-3 და მე-4 კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების წესით და მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.
6.4. ამდენად, მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება კანონით განსაზღვრულ ვადაში (15 დღე, მოცემულ შემთხვევაში), თუკი ამ ვადაში არ მოხდება მისი გაცემა, ნებართვა ითვლება გაცემულად. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო უნებართვო მშენებლობა. ხოლო სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობისათვის პირს დაეკისრება ჯარიმა (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლი).
მოსარჩელეს ზეპირად განემარტა, რომ მას პროექტის შეთანხმება არ ესაჭიროებოდა, ამიტომ შესაბამის სამსახურს შეადგენინა ნახაზი (რენდერი) და განცხადებასთან ერთად წარუდგინა მოპასუხე მხარეს 2017 წლის 14 აგვისტოს. მან შეასრულა კანონმდებლობის მოთხოვნა, მოპასუხისგან კი არ მიუღია პასუხი არც 15 და არც 30 დღეში (რაც მოპასუხემაც დაადასტურა). ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა მოსარჩელეს განესაზღვრა მხოლოდ 2017 წლის 02 ოქტომბრის და 05 ოქტომბრის წერილებით, რომლებიც უშუალოდ მას არ ჩაბარებია, ე.ი. მოპასუხემ გარკვეული ვადის (თითქმის 1,5 თვე) გასვლის შემდეგ მოსთხოვა მოსარჩელეს ხარვეზის აღმოფხვრა, თუმცა არ მიუცია შესაძლებლობა, ამ ხარვეზის შესავსებად, არ მოუხდენია შესაბამისი შეთანხმება, და არც უცდია ხელშეკრულება მიესადაგებინა არსებული გარემოებისადმი.
6.5. მოწმეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ გამგეობის წარმომადგენლების მიერ ხდებოდა იჯარის საგნის დათვალიერება და შესაბამისად მოწონებაც, რადგან მშენებლობის მიმდინარეობის საწყის ეტაპზე მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა ან ხარვეზი მოსარჩელის მიმართ გამოთქმული არ ყოფილა. ამასთან მოპასუხეს არ გამოუყენებია სხვა შესაძლო ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფდა ორივე მხარის ინტერესის დაცვა-გათვალისწინებას.
6.6. ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს (სკ-ის 54-ე მუხლი).
ხელშეკრულების მოშლის დროისათვის ერთადერთი დოკუმენტი, რაც მიუთითებდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე, იყო თავად გამგეობის აუდიტის სამსახურის დასკვნა. ლ-–- ქ---------–--ეს კი მიუხედავად მის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს წარდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალებისა, დროულად არ ეცნობა მისი ხარვეზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, ასევე არ მიეცა შესაძლებლობა მიეღწია შეთანხმებისათვის გამგეობასთან. მოქმედებდა რა კანონიერი ნდობის საფუძველზე მოპასუხის მიმართ, ამიტომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების დამრღვევ მხარედ.
6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თავად ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული ნაგებობის კლასი და გამოყოფილი იყო თუნდაც მე-2 კლასის ნაგებობის განსათავსებლად საკმარისი მიწის ნაკვეთიც, ლ-–- ქ---------–--ეს მისი სახელშეკრულებო ვალდებულების მიმართ არ გამოუჩენია არაკეთილსინდისიერი და არაგულისხმიერი დამოკიდებულება, რადგან მან წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინა განცხადება და შესაბამისი რენდერი(ნახაზი) შესათანხმებლად 2017 წლის 14 აგვისტოს. რის შემდეგაც დაიწყო მშენებლობა, უფლებამოსილმა პირმა რამდენჯერმე დაათვალიერა და მოიწონა ის და რაიმე პრეტენზია 2017 წლის ოქტომბრამდე არ განუცხადებია.
ამდენად, ლ-–- ქ---------–--ემ მოთხოვნის წაყენებამდე განახორციელა ნებართვის მიღებისათვის საჭირო მოქმედებები, შესაბამისად, მოპასუხისათვის ცნობილი იყო მშენებლობის მიმდინარეობის ფაქტი, მან ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად ისე, რომ არ გამოუყენებია წინარე ღონისძიებები (მაგ.: ჯარიმის დაკისრება, ან ახალი პროექტის მოთხოვნა) და ზიანის საფრთხის წინაშე დააყენა მოსარჩელე.
6.8. სკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა გამოცხადდეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის სადაო ბრძანება ლ-–- ქ---------–--ესთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რადგან ის არაა მიღებული კანონით დადგენილი წესის დაცვით.
7. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია მხარეებს შორის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე, რაც სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს სათანადო იურიდიულ ინტერესს და ვერ დაკმაყოფილდება.
7.1. ხელშეკრულება წარმოადგენს რა მხარეთა ნების გამოვლენას, სახელშეკრულებო ვალდებულებებისას მხარეები თვითონ ირჩევენ, თუ როგორი შინაარსის უნდა იყოს მათი უფლებები და ვალდებულებები. მოპასუხემ გამოავლინა ნება როგორც გარკვეული პირობებით ხელშეკრულების დადების, ისე მისი მოშლის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში იგი ვერ დავალდებულდება აღადგინოს ურთიერთობა იმ პირთან, რომელიც მას არ სურს.
ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის სახით გამართლებული არ შეიძლება იყოს არც ერთი და არც მეორე მხარისთვის. ხელშეკრულების მოშლას ეფექტი აქვს მხოლოდ მომავალში შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ. დაუშვებელია ყველა წარსულში განხორციელებული შესრულების იგნორირება, ამიტომაც წმინდა პრაქტიკული მიზნიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოშლას, როგორც წესი, უკუძალა არ აქვს. თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელსაც სსკ-ის 399-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს. ხელშეკრულების შეწყვეტას შეიძლება მიეცეს უკუძალა, თუკი შესრულებული აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისთვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა ამ შესრულებაზეც შეიძლება გავრცელდეს.
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 04 ივნისის საქმე Nას-12-12-2012 განჩინებაში, უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ვადის დაწესების გარეშე ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევებს განსაზღვრავს სსკ-ის 405 მუხლის მეორე ნაწილი. ხელშეკრულებიდან გასვლისას საინტერესოა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევა, როდესაც მხარე უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გავიდეს დაუყოვნებლივ.
გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის აუცილებელია შეტყობინება მიუვიდეს მეორე მხარეს, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს, რომ აუცილებელია ხელშეკრულების რომელიმე მხარის მხრიდან ადგილი ჰქონდეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და ხელშეკრულების დარღვევას. აღნიშნულით უბრალოდ მხარეები გამოხატავენ, რომ მათ აღარ სურთ შემდგომი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება.
7.3. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მხარე წყვეტს სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული შეწყვეტით მეორე მხარეს ზიანი არ უნდა მიადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის წინასწარ განხორციელებული შესრულება უკან არ უნდა დაბრუნდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულება წინასწარ განხორციელებული არ არის, ასეთ შემთხვევაში მხარეს არამართლზომიერად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით დაკარგული შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზიანი, რომელიც, თავისი არსით, არამართლზომიერად შეწყვეტილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის მისაღები შესრულებაა.
7.4. სახელშეკრულებო თავისუფლების გამოვლინებაა არა მხოლოდ ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა, კონტრაგენტის არჩევა და ა.შ. არამედ, ცალმხრივად, ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების შეწყვეტა. მითუმეტეს სახელშეკრულებო თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როდესაც კონტრაგენტი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას იყენებს იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებს, ანუ როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ აქვს მეორე მხარის მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძვლით. ასეთ ვითარებაში კეთილსინდისიერ კონტრაგენტს ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარის მიმართ წარმოეშობა ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
8. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ძალაში უნდა დარჩეს ამ სარჩელზე 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ-–- ქ---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. წ---–-------ს გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის #311540 ბრძანება 2017 წლის 29 ივნისის #6 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
1.2. ლ-–- ქ---------–--ეს უარი ეთქვას სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენაზე;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ქ. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ კონსტრუქციულ შენობაზე (მდე.: წ---–-------, რ---------–ის ქ. ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დარბაზ ,,ი------ს’’ მიმდებარედ), ნებისმიერი ქმედების განხორციელება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე - დარჩეს უცვლელად;
3. ქ.წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახბაჟი 50 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ. ქუთაისი, ვ.კუპრაძის ქ. #11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე