გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.08.2019
საქმის ნომერი
080210017001839678
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210017001839678

საქმე №2/569-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე, ლალი ტურავა

მოსარჩელე- მ----- ქ----–--ე

წარმომადგენელი- ე-----ი ტ--–----ე

მოპასუხე -სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’

წარმომადგენელი- ზ------ წ----–--ე

მოპასუხე - ნოტარიუსი ე----- გ------–---–ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: თანხის შემცირება და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნოტარიუსის ე----- გ------–---–ის მიერ მ----- ქ----–--ის მიმართ 2017 წლის 27 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა იმდაგვარად, რომ მოხდეს 2015 წლის 22 იანვარს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება #1513-ით და მისი შემადგენელი 2015 წლის 22 იანვრის #1513 და 2015 წლის 09 ივლისის #1513/ბ საკრედიტო ხელშეკრულებებით სს ,,მისო G---------’’-ის დაკისრებული თანხის, დავალიანების შემცირება 3781.87 აშშ დოლარით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ საბანკო ამონაწერებიდან და გადახდების ისტორიიდან გამომდინარე, მოპასუხეს აუცილებლად უნდა შეემცირებინა დავალიანების საერთო თანხა 3781.87 დოლარით და სააღსრულებო ფურცლის ამოწერა უნდა მოეხდინა 5358.29 აშშ დოლარზე. ვინაიდან ეს არ მოხდა, ამიტომ უნდა შევიდეს ცვლილება ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ვინაიდან სესხი ისედაც კაბალური იყო. ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას შეძლებს განწილვადებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე არ სცნობს სარჩელს. მიუთითებს, რომ მსესხებელი ნამდვილად იხდიდა თანხებს 2017 წლის დეკემბრამდე. სესხი იყო კლებადი გრაფიკით შედგენილი და ვინაიდან შემდეგში აღარ ხორციელდებოდა გადახდა, ამიტომ პროცენტის დარიცხვა არ ხდებოდა საკრედიტო გრაფიკით, არამედ ნარჩენი ძირი თანხიდან.

მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ კი, კომპანიას სესხზე არ დაურიცხავს პირგასამტეხლო. ამიტომ სააღსრულებო ფურცელი მოთხოვნილია მხოლოდ ძირ თანხაზე, პროცენტზე, ნოტარიუსის ხარჯების გათვალისწინებით.

 

არ ეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას ძირი თანხის პროცენტის შემცირებაზე, რადგან 2017 წლის 27 იანვარს აღებული სააღსრულებო ფურცლის შემდეგ მოვალეს თანხა აღარ დარიცხვია. 6392.07 აშშ დოლარი ორივე სესხის ძირი თანხაა, ხოლო 2748.09 აშშ დოლარი- პროცენტი ორივე სესხზე, ერთად. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულების პირობები მისი დადებისას, სადავოდ არ გაუხდია, ამასთან ხელშეკრულებებით განსაზღვრული წლიური 36% აბსოლუტურად მისაღები და სამართლებრივია.

 

2. 1. მოპასუხეს, ნოტარიუს ე----- გ------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან მიმართებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 22 იანვარს მოსარჩელის მეუღლეს, ა---------– კ------ესა და სს ,,მისო G---------’’-ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #1513A და განისაზღვრა ერთიანი ლიმიტი 9000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების ვადა - 2021 წლის 22 იანვრამდე.

 

2015 წლის 22 იანვარს იმავე მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა 1513 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 2.1.1. მუხლითაც კრედიტის თანხამ შეადგინა 8424.77 აშშ დოლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 24 თვით, წლიური 36%-ის გადახდით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 513.68 აშშ დოლარს, რომელსაც იხდიდა მსესხებელი 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით და მისმა გადახდილმა თანხამ შეადგინა 5312.55 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა იყო, 3112,02 აშშ დოლარი და 2411.12 აშშ დოლარი პროცენტის თანხა.

 

3.1.2. იმავე მხარეებს შორის 2015 წლის 09 ივლისს გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება 1513/B, სესხის თანხად განისაზღვრა 1752.58 აშშ დოლარი, ვადა-24 თვე, წლიური 36%-ის დარიცხვით. გადახდები მსესხებლის მიერ ხორციელდებოდა 2016 წლის იანვრამდე.

 

3.1.3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა---------– კ------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზ----------ი, დ--------ის ქ----, ს/კ 3-----------.

 

3.1.4. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. მხარეები იყვნენ ასევე შეთანხმებულები, რომ დავის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 33);

_იპოთეკის ხელშეკრულება ( ს/ფ 35-39);

_გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 28-30);

 

3.1.5. 2016 წლის 04 იანვარს გარდაიცვალა ა---------– კ------ე და მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო 1-ლი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ, მოსარჩელე მ----- ქ----–--ემ. (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა, ს/ფ 41-45, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 48-49).

 

3.1.6. 2017 წლის 27 იანვარს ნოტარიუსის ე----- გ------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი 9140.16 აშშ დოლარზე (ძირი თანხა 6392.07 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი -2748.09 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 120 ლარი).

3.1.7. 2017 წლის 20 თებერვლის განკარგულების საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა რ----- ს---––--ემ წინადადებით მიმართ მოვალეს, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

(იხ. სააღსრულებო ფურცელი, კერძო აღმასრულებლის წინადადება, ს/ფ 23-27)

 

3.1.5. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-----------–ი’’ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (ს/ფ 69-70).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის გენდირექტორის 2017 წლის 21 იანვრის ბრძანება # გგ/21012017-ე/1-ის თანახმად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი ა---------– კ------ე გარდაიცვალა, # 1513ა სესხიდან ჩამოწერილ იქნა დარიცხული ჯარიმა 212.50 აშშ დოლარის ოდენობით; ხოლო # 1513 ბ სესხიდან ჩამოწერილ იქნა დარიცხული ჯარიმა 69.09 აშშ დოლარის ოდენობით.

(იხ. ბრძანებები, ს/ფ 66-67)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ქ----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302–ე მუხლი, 316–ე, 417–ე, მე-400, 623-625-ე მუხლები,-„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლი,- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ა---------– კ------ეს და სს ,,მისო ჯ-----------–ს’’ შორის დადებული 2015 წლის 22 იანვრის #1513 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ იქნა სესხი 8424,77 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი - 39.6%; 2015 წლის 09 ივლისის ხელშეკრულებით -1752.58 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი 36%.

 

ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 22 იანვარს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის, ა---------– კ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზ----------ი, დ--------ის ქ. #--.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა მისი შინაარსი წაუკითხა მხარეებს, რომელთაც თავადაც წაიკითხეს ხელშეკრულება და დანართები. მათ ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს თავიანთი ნება, რაზეც ნოტარიუსის თანდასწრებით ხელიც მოაწერეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

მხარეები არ დაობენ იმ გარემოებაზე, რომ ფულადი ვალდებულება მოვალის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

6.4. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

6.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა.

 

6.6. კრედიტორის – მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის – მოსარჩელის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 9140.16 აშშ დოლარით (ძირი თანხა 6392.07 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი -2748.09 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 120 ლარი.

 

დადგენილია, რომ პირგასამტეხლო კრედიტორმა მოვალეს აპატია.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის 9140.16 აშშ დოლარის შემცირებას 3781.87 აშშ დოლარით, თუმცა მისი მოსაზრება არ არის დასაბუთებული არც შესაბამისი მტკიცებულებებით და არც სამართლებრივად.

 

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული სესხისა ხელშეკრულებებით სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი არ განსაზღვრულა (წლიური 39,6% და 36%) და ის საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სასამართლო პრაქტიკას არ ეწინააღმდეგება. განსაზღვრული წლიური საპროცენტო სარგებელი მოვალის უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების დასკვნის საფუძველს არ ქმნის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მ----- ქ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი არ ექვემდებარება მოპასუხის მიერ ანაზღაურებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად შეჩერდა- კერძო აღმასრულებელ რ----- ს---––--ის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმე #A---------ზე აღსრულება და მ----- ქ----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ზ----------ი, უ-----ის ქ. #--, შენობა-ნაგებობა #----, საერთო ფართი 362.92 კვ.მ, მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ, ს/კ 3----------- - რეალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2671-ე, 270-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ----- ქ----–--ის სარჩელი სს „მისო G---------’’-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მ----- ქ----–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახბიუჯეტში;

 

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად შეჩერდა- კერძო აღმასრულებელ რ----- ს---––--ის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმე #A---------ზე აღსრულება და მ----- ქ----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ზ----------ი, უ-----ის ქ. #--, შენობა-ნაგებობა #----, საერთო ფართი 362.92 კვ.მ, მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ, ს/კ 3----------- - რეალიზაცია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ. ქუთაისი, ვ.კუპრაძის ქ. #11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე