გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/6727-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ქ------- ე----------
მოპასუხე - ზ------ კ--------ე
წარმომადგენელი - ნ----- გ-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე ზ------ კ--------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5363.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3858.22 ლარი, პროცენტი - 1094.87 ლარი და პირგასამტეხლო - 410.22 ლარი.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2015 წლის 20 ივლისს სს „თ----------სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 4000 ლარი. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა იყო 10053 კალენდარული დღე - დაფარვის ბოლო ვადა იყო 2043 წლის 27 იანვარი. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური (საკომისიო); წლიური საპროცენტო განaკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 % კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0% ორმოცდათხუთმეტდღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 18 რიცხვი. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღმდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი ყოველწლიურად. თანხის განაღდების საკომისიო 2.9 % მინიმალური 5.5 ლარი კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისთვის 0%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასატეხლო ვადაგადაცილებისთვის ერთჯერადად 20 ლარი და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 0.5 %.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2019 წლის იანვარში. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ზ------ კ--------ის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 5363.31 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 3858.22 ლარი, პროცენტი - 1094.87 ლარი და პირგასამტეხლო - 410.22 ლარი.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მოხსნა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1 მოპასუხე ზ------ კ--------ემ, სარჩელი ნაწილობრივ ცნო დარჩენილი გადაუხდელი ძირი თანხის ნაწილში და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მან აიღო კრედიტი 4000 ლარის ოდენობით 10053 დღის ვადით, თუმცა მოპასუხის მიერ მოხდა მხოლოდ 3858.22 ლარის ათვისება. ზ------ კ--------ის მიერ გადახდილი იქნა 3211.33 ლარი, საიდანაც მისთვის ცნობილი იყო რომ უნდა დაფარულიყო როგორც პროცენტი, ისე ძირი თანხა. მოპასუხეს მის მიერ გადახდილ თანხას ბანკი უთვლის მხოლოდ პროცენტში და პირგასამტეხლოში, რომლის ოდენობაც საკმაოდ გაუაზრებელი და შეუსაბამოდ მაღალია. მოპასუხეს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არის უმუშევარი, ჰყავს პენსიონერი მშობლები, მუშაობს მხოლოდ მეუღლე. არ გააჩნია შემოსავლის წყარო. არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის გასხვისებითაც მოახდენდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2015 წლის 20 ივლისს სს „თ----------სა“ და ზ------ კ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 4000 ლარი. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა იყო 10053 კალენდარული დღე - დაფარვის ბოლო ვადა იყო 2043 წლის 27 იანვარი. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური (საკომისიო);
წლიური საპროცენტო განკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 % კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში,. 0 % ორმოცდათხუთმეტდღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.
დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 18 რიცხვი. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი ყოველწლიურად. თანხის განაღდების საკომისიო 2.9 % მინიმალური 5.5 ლარი კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისთვის 0 %.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასატეხლო ვადაგადაცილებისთვის ერთჯერადად 20 ლარი და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 0.5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება მნიშვნელოვანი პირობებით (ს.ფ. 16-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.2. საქმეში წარმოდგენილია სს ,,თ----------ის’’ ამონაწერი ანგარიშიდან, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მოპასუხეზე გაცემული საკრედიტო ბარათი დაიბლოკა 2017 წლის 28 იანვარს.
ამავე ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაფარულია:
2015 წლის 03 ოქტომბერს -197.45 ლარი,2015 წლის 29 ოქტომბერს-220 ლარი,2016 წლის 09 აპრილს-100 ლარი,2016 წლის 10 მაისს - 100 ლარი,2016 წლის 30 მაისს-4837.77 ლარი,2016 წლის 10 ივნისს-100 ლარი,2016 წლის 09 ივლისს 100 ლარი,2016 წლის 09 აგვისტოს-100 ლარი,2016 წლის 06 სექტემბერს-100 ლარი,2016 წლის 08 ოქტომბერს-104 ლარი,2016 წლის 08 ნოემბერს-100 ლარი,2016 წლის 09 დეკემბერს-100 ლარი,2017 წლის 09 იანვარს-100 ლარი.
ამავე ამონაწერის მიხედვით, მოპასუხეს ჯარიმის სახით გადახდილი აქვს:
2015 წლის 29 ოქტომბერს - 6.50 ლარი და 25.92 ლარი,2016 წლის 11 აპრილს - 32.95 ლარი,2016 წლის 10 მაისს - 85.16 ლარი,2016 წლის 30 მაისს - 410.22 ლარი,ამონაწერის მიხედვით 2017 წლის 28 იანვრის მდგომარეობით საბოლოო ნაშთი არის 0 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ----------ის’’ ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 20-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.4. საბანკო ბრუნვის ისტორიის მიხედვით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2016 წლის 30 მაისს ათვისებული იქნა 3858.22 ლარი, აქედან 2016 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით ზ------ კ--------ის მიერ გადახდილი იქნა 3211.33 ლარი.
ზემოაღნიშნული ამონაწერით დადგინდება, რომ მოსარჩელის მიერ თავიდან შედგა გადახდის გრაფიკი, აღნიშნული ჩაითვალა ახალ ხელშეკრულებად და მოხდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა 2016 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 30 იანვრამდე პერიოდისათვის, აღნიშნული გაგრძელდა ბარათის დაბლოკვის შემდგომ - 2017 წლის 28 იანვრის შემდგომ პერიოდზეც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 23-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 427-ე, 429-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებაა მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და იმაზე, გამოიღებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება საკრედიტო ხელშეკრულებას.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების იმ პირობების შესაბამისად შესრულებას რაც მხარეთა მიერ იქნა შეთანხმებული. ვალდებულების ყოველგვარი შეუსრულებლობა, გამოიხატება ეს ვალდებულების არადროულად თუ არასრულად შესრულებაში, გულისხმობს ვალდებულების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს.
ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით,1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია.
3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 3211,33 ლარი გადახდილია მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერებით. ასევე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელის შემოტანის დროისთვის მოპასუხის კონკრეტული დავალიანება მოსარჩელესთან მიმართებაში თუ რა მტკიცებულებებით დასტურდება და ასევე როგორ მოხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიერ ნაწილ-ნაწილ გადახდილი თანხების ჩათვლა სესხის ძირი თანხის, სარგებლისა თუ ჯარიმის ნაწილში. მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების თანახმად, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 3211.33 ლარის ოდენობით მიმართული იქნა პროცენტის და პირგასამტეხლოს დასაფარად, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მათი ოდენობა, ამასთან, ბუნდოვანია რატომ განახორციელა ბანკმა მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში დავალიანების „დაფარვა“ და სესხის ოდენობის შემცირება არ შეხებია სესხის ძირ თანხას არც სრულად და არც ნაწილობრივ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 700 ლარის ნაწილში აღიარა, თუმცა მთავარ სხდომაზე განაცხადა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას და მას მოსარჩელის მიმართ არ აქვს სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული თანხა გადასახდელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულება 3211,33 ლარის ნაწილში, ამასთან, სესხის ძირი თანხის ოდენობად 3858,22 ლარის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოდგენილა, შესაბამისად, ამ უკანასკნელს უნდა გამოკლდეს მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი თანხა და დარჩენილი სხვაობა 646,89 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ამდენად, მოპასუხის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს 3211,33 ლარის ნაწილში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160,90 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეს კი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19,41 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი ზ------ კ--------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ზ------ კ--------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 646,89 ლარის ოდენობით გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ 2019 წლის 28 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160,90 ლარის ოდენობით - ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ზ------ კ--------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 19,41 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე