გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.08.2019
საქმის ნომერი
140210019003001036
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210019003001036

საქმე № 2/676-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(ამონაწერი სხდომის ოქმიდან)

27 აგვისტო, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - სს „მ-------------------–ი“

წარმომადგენელი - ა-----–--–---------ე

მოპასუხეები - ნ-----------ე, გ-------------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

სასამართლოს მიერ დადგინდა შემდეგი გარემოებები:

დადგენილია, რომ მოსარჩელესა და ნ-----------ეს შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 2000 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით.

დადგენილია, რომ სესხი იყო სარგებლიანი და მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ფიქსირებული 156.43 ლარი, რომლითაც იფარებოდა როგორც სესხის ძირი, ისე სარგებელი და ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა შეადგენს წლიურ 69,6%-ს.

დადგენილია, რომ ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41%-ის ოდენობით.

აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და გ-------------–---–ს შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ, მათ შორის გ-------------–---–მა, აღიარა მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აღარ გააკეთებს, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების კანონიერება სადავო არ გამხდარა.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი წლიური 69.6%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის ნაწილში საფუძვლიანია.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, ისე თავად მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დანართით, კერძოდ, თანხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვადები დარღვეულია, ე.ი. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ სრულდებოდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, პირველ რიგში სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხრიდან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე (მსესხებელი) პერიოდულად ფარავდა დავალიანებას. ამასთან, კრედიტორს კი, როგორც მან მიუთითა, პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს 297 დღეზე, ე.ი. იმ დღიდან როდესაც მოპასუხემ პირველად დაარღვია გადახდის გრაფიკი (ყოველი თვოის 11 რიცხვი) - 2017 წლის დეკემბრის თვიდან - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41%-ის ოდენობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირებაა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 35 ლარს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ ნ-----------ის მის მიერ გადახდილი თანხებიდან კრედიტორს დაფარული აქვს დარიცხული პირგასამტეხლოდან 37.63 ლარი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს გადახდილი აქვს.

საპროცესი ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ძირითადი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - უნდა დაუბრუნდეს 25.50 ლარი, ხოლო დანარჩენი 24.50 ლარიდან 6 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს „მისო სვის კაპიტალის“ სარჩელი მოპასუხეების, ნ-----------ის და გ-------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს ნ-----------ის და გ-------------–---–ის მოსარჩელე სს „მისო სვის კაპიტალის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1208.24 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 978.99 ლარი, სარგებელი - 229.25 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მოსარჩელე სს „მისო სვის კაპიტალის“ (ს/ნ: 205274273) დაუბრუდეს 07.05.2019 წელს მის მიერ, შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება №77) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 50 ლარიდან - 25.50 ლარი დანარჩენი 24.50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხეებს ნ-----------ის და გ-------------–---–ის მოსარჩელე სს „მისო სვის კაპიტალის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 6 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ არის დასაშვები.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

 

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი