გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2019
საქმის ნომერი
200210017001817940
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210017001817940

საქმე №2/134-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2019 წ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - ნ------------–---–ი, მ-----------–---–ი

წარმომადგენელი - უ–--------–--–---–ი, ე---------------–-–---–ი

მოპასუხე - გ---–----------ძე

ადვოკატი - ა-–-------------–---–ი

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ---–----------ძისათვის 5000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დაკისრება მოსარჩელე ნ------------–---–ის, მ-----------–---–ის სასარგებლოდ და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად მდებარე მისართზე, ქ---------------–----–---–------------- რეალიზაცია.

 

მოსარჩელის განმარტებით, მ--- და ნ------------–---–ის დედა ც---–----------–-–---–ი გარდაიცვალა 2----–-–---------------ს. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2017 წლის 14 თებერვალს პირველი რიგის მემკვიდრეებმა მ--- და ნ------------–---–ებმა მიიღეს სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც სამკვიდრო ქონება არის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები) ნებისმიერი საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ ანგარიშებზე და სხვა უფლებები. 2011 წლის 18 თებერვალს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა გ---–----------ძესა და ც---–-----------–-–---–ს შორის შემდეგი პირობებით: სესხის თანხა შეადგენს 5000 აშშ დოლარს. სესხის თანხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 6 თვემდე 2011 წლის 20 აგვისტომდე. იმ შემთხვევაში თუ სესხი 2011 წლის 20 აგვისტომდე არ დაიფარებოდა, იპოთეკის ვადა ხელშეკრულების თანახმად გაგრძელდებოდა სესხის ბოლო დაფარვამდე. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა დღემდე არ გადაუხდია მოპასუხეს არანაირი თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე გ---–----------ძემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას იმის თაობაზე, რომ ც---–-----------–-–---–მა გ---–----------ძეს გადასცა თანხა. ც---–-----------–-–---–ი და გ---–----------ძე ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ და ჰქონდათ ახლობლური ურთიერთობა. გ---–----------ძემ აწ გარდაცვლილ ც---–----------–-–---–ისგან სესხად აიღო 1000 აშშ დოლარი 10% საპროცენტო განაკვეთით. აღნიშნული სესხი არ გახლდათ უზრუნველყოფილი და ის დაიდო მხარეთა კეთილსინდისიერების საფუძველზე. აღნიშნული თანხა დაუფარა მის საპროცენტო განაკვეთთან ერთად 2011 წლის 10 იანვარს. ამის შემდეგ ც---–-----------–-–---–მა 2011 წლის თებერვალში თხოვნით მიმართა გ---–----------ძეს, რომ იპოთეკით დაეტვირთა მის სასარგებლოდ ქონება, ვითომდა მათ შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რადგან სჭირდებოდა დოკუმენტი იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ, მეგობრული ნდობის საფუძველზე დასთანხმდა. გარდა ამისა მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გ---–----------ძეს ც---–-----------–-–---–ისათვის უნდა გადაეცა თანხა 2011 წლის 20 აგვისტომდე. ამ კონკრეტულ ხელშეკრულებაზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2014 წლის 20 აგვისტოს. აღნიშნულის საფუძველზე მოთხოვნა არის უსაფუძვლო, ხანდაზმული, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მ--- და ნ------------–---–ის დედა ც---–----------–-–---–ი გარდაიცვალა 2----–-–---------------ს. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2017 წლის 14 თებერვალს პირველი რიგის მემკვიდრეებმა მ--- და ნ------------–---–ებმა მიიღეს სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც სამკვიდრო ქონება არის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები) ნებისმიერი საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ ანგარიშებზე და სხვა უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 14 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 16-19);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.2. 2011 წლის 18 თებერვალს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა გ---–----------ძესა და ც---–-----------–-–---–ს შორის შემდეგი პირობებით: სესხის თანხა შეადგენს 5000 აშშ დოლარს. სესხის თანხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 6 თვემდე 2011 წლის 20 აგვისტომდე. იმ შემთხვევაში თუ სესხი 2011 წლის 20 აგვისტომდე არ დაიფარებოდა, იპოთეკის ვადა ხელშეკრულების თანახმად გაგრძელდებოდა სესხის ბოლო დაფარვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15).

 

3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია.

 

მოპასუხე მხარემ შესაგებელშიც დააფიქსირა და სასამართლო სხდომაზეც განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის სრულად ხანდაზმული. მოპასუხის განმარტებით, მას ც---–----------–-–---–ისგან ნასესხები ჰქონდა 1000 აშშ დოლარი 10% სარგებლით, რაც დაბრუნებული აქვს. აღნიშნული დაადასტურა მოწმე თ---------------–---–მა.

 

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წლიან ხანდაზმულობის ვადაზე. მოპასუხის წარმოამდგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ურთიერთობა არის სახელშეკრულებო ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა დაიწყო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობად ითვლება დრო როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში 2011 წლის თებერვალში დაწყებული სამართალურთიერთობა ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 20 აგვისტოს და იწყება სამწლიანი ვადის ათვლა, რომელიც გაგრძელდება 2014 წლის 20 აგვისტომდე. მოსარჩლის წარმომდგენლის მითითებაზე უძრავ ნივთთან დაკავშირებულ 6 წლიან ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ ეს არის აქსესორული უფლება, რომელიც დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლით და ძირითადი უფლების გარეშე ეს უფლება არ არსებობს. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სამწლიანი ვადის ფარგლებში და არა ექვსწლიანი ვადის ფარგლებში.

 

მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია 2017 წლის 23 თებერვალს. მანამდე მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს. მოწმე თ------------–---–ის განმარტებით, 2017 წლის ნოემბრის თვეში სთხოვა ე---------------–-–---–მა გ---–----------ძესთან გაყოლა ვალის დაბრუნების მოსათხოვად. ე---------------–-–---–მა განმარტა, რომ გ---–----------ძეს მიაკითხა 2016 წლის ნოემბრის თვეში ვალის დაბრუნების მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გათვალისწინებითაც, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 361-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 153-ე, 286-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. განსახილველ ურთიერთობაში სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საბანკო კრედიტის თაობაზე სპეციალურ ნორმებთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია 2011 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. ამასთან, თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მასინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ის ვადა უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც ძირითად, ე.ი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ვრცელდება.

 

ამავე კოდექსის სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

ამავე კოდესის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

იპოთეკა სანივთოსამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციაა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას, იპოთეკა შესრულების ადგილს იკავებს და კრედიტორს უზრუნველყოფის მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და იგი ძირითადი მოთხოვნის გარეშე არ არსებობს, ე.ი ძირითადი მოთხოვნის ბედს იზიარებს. აქცესორული უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე.

 

სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოვალეს 5000 აშშ დოლარი ასესხა. ასევე სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 20 აგვისტომდე. მოსარჩელემ 2017 წლის 23 თებერვალს მომართა სასამართლოს თანხის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით, მაშინ როდესაც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასული იყო.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის წარდგენილი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იგი მიმართული უნდა იყოს მოთხოვნის ადრესატისადმი. ამაში კი მოიაზრება, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დროს, გამსესხებლის (კრედიტორი) მიერ მსესხებლის (მოვალე) მიმართ თანხის გადახდის მოთხოვნის წარდგენა, რაც, ამ შემთხვევაში, 2017 წლის 23 თებერვლამდე არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რომ იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი მოთხოვნა, ნასესხები თანხის დაბრუნება ხანდაზმულია, შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე დამატებითი მოთხოვნაც, ხანდაზმულად მიიჩნევა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ნ------------–---–ის და მ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი