გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2019
საქმის ნომერი
140210118002641671
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210118002641671

საქმე №2/1817-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2019 წელი ქ. გ-----

გ-----ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე ი---ე გ-----ე

წარმომადგენელი დ---თ მ----–--ე

მოპასუხე ვ-–ა გ-----ე

წარმომადგენელი ე-–---ა პ---–--–---–ი

დავის საგანი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ი---ე გ-----ესა და ვ-–ა გ-----ეს შორის 2002 წლის 08 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონებაზე, მდებარე, ქ. გ-----, ს----–---ს ქ. N2- პირველი სართული ს.კ. 66.45.21.1--.01.5-- და იგი აღირიცხოს ი---ე გ-----ის სახელზე სახელზე.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლის 27 ივნისს ი---ე გ-----ემ აუქცონის ფორმით შეიძინა უძრავი ქონება ქ. გ----- გორვაჭრობის N43 მაღაზია. 1998-1999 წლებში - კომერციული მიზნებისათვის მოსარჩელესა და მოპასუხის მიერ ერთობლივი სახსრებით შეძენილ იქნა უძრავი ქონებები მდებარე - ქ. გ-----, ს----–---ს ქუჩა N2- ბინა 22 და ბინა 25, რომელთა რეგისტრაცია ძმებს შორის არსებული ნდობის საფუძველზე განხორციელდა ვ-–ა გ-----ის სახელზე. მიუხედავად საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისა, ძმებს - ვ-–ა და ი---ე გ-----ეებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმებით - უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ-----, ს----–---ს ქუჩა N2-, ბინა 22 მოიაზრებოდა - ვ-–ა გ-----ის, ხოლო უძრავი ქონება მდებარე ქ. გ-----, ს----–---ს ქუჩა N2-, ბინა 25 - ი---ე გ-----ის საკუთრებად.

2002 წლის 08 ნოემბერს ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე ი---ე გ-----ემ აუქციონზე პირადი სახსრებით შეძენილი უძრავი ქონების ½ წილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ვ-–ა გ-----ეს. თავის მხრივ, ვ-–ა გ-----ეს უნდა მოეხდინა ქ. გორში, ს----–---ს ქუჩა N2-, ბინა 25-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. ი---ე და ვ-–ა გ-----ეებს შორის არსებული ნათესაური კავშირის და ბიზნესპარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე არ დამდგარა ვ-–ა გ-----ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების, კერძოდ ს----–---ს ქუჩა N2--ში მდებარე უძრავი ქონების (ბინა 25) ი---ე გ-----ისათვის საკუთრებაში გადაცემის აუცილებლობა, ვინაიდან ვ-–ა გ-----ეს არ შეზღუდვია ფართის გამოყენების შესაძლებლობა.

ნაცვლად იმისა, რომ ვ-–ა გ-----ეს შეთანხმებისამებრ მოეხდინა ი---ე გ-----ისათვის ქ, გორში, ს----–---ს ქ. N2-/25 მდებარე უძრავი ქონების გადაცემა, იგი ი---ე გ-----ის მიმართ იჩენდა დიდ უმადურობას.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვ-–ა გ-----ემ ი---ე გ-----ის მიმართ გ-----ს რაიონულ სასამართლოში წარადგინა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ვ-–ა გ-----ემ ი---ე გ-----ის გამოსახლება ფაქტობრივად მოითხოვა სწორედ იმ ქონებიდან, რომელზეც ვ-–ა გ-----ეს საკუთრების უფლება უნდა გადაეცა ი---ე გ-----ისათვის, რაც ნათლად მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენაზე.

მოპასუხე მხარის მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის საფუძველზე მოსარჩელეს შეუწყდა გათბობის, ცხელი წყლისა და გაზის მიწოდება 42 დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც ი---ე გ-----ის საკუთრებაში არსებულ N27 ბინას არ გააჩნია დამოუკიდებელი გაზმომარაგების სისტემა.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი---ე გ-----ეს შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება ს----–---ს ქუჩის მიმდებარედ არსებულ ღია კაფე-ბარზე, რომელსაც ი---ე გ-----ე იყენებს სამეწარმეო მიზნებისათვის. ამასთანავე, იჯარით მიღებული ქონება მდებარეობს მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული N66.45.21.1--.01.5-- საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონების მიმდებარედ. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოსარჩელე მხარემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მან უარი განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემაზე და მერიაში კვლავ წარადგინა საჩივარი ი---ე გ-----ის მიერ განთავსებული გარე რეკლამის მოხსნასთან დაკავშირებით. ვ-–ა გ-----ის განცხადება ემსახურებოდა ი---ე გ-----ისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მიზანს, რათა მას აღარ შეძლებოდა სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მოპასუხის დიი უმადურობაზე .

მოპასუხის მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს საჯარო რესტრში წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც ვ-–ა გ-----ემ მოითხოვა N66.45.21.1--.01.5-- საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რაც განპირობებული იყო უძრავი ქონების ყველა თანამესაკუთრის თანხმობის არ არსებობის გამო. ი---ე გ-----ეს ჩაბარდა წერილი, რომელშიც მოპასუხე მიუთითებდა, რომ თუ ი---ე გ-----ე წერილის ჩაბარებიდან 3 დღეში არ გამოცხადდებოდა საჯარო რეესტრში, მისი ქმედება მიიჩნეოდა საზიარო ქონების გაყოფასთან დაკავშირებით უარად და წარადგენდა სარჩელს საზიარო უფლების გაუქმებასა და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. წერილს ასევე თან ერთვოდა ნახაზი, რომლითაც მოპასუხე მოითხოვდა 146.2 კვ.მ რეგისტრაციას იმ პირობებში, როდესაც სადაო უძრავი ქონება ჯამში - 100 კვ. მეტრია, ვ-–ა გ-----ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონების ½ ნაწილი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ქმედებაც მოპასუხის მხრიდან განხილულ უნდა იქნეს უმადურობად, ვინაიდან თავდაპირველად სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ი---ე გ-----ის სახელზე, შემდგომ კი მოსარჩელემ კეთილი ნებით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მოპასუხეს ამ უძრავი ქონების ½ ნაწილი.

ვ-–ა გ-----ე ახორციელებს არამართლზომიერ ქმედებებს მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსების, თავისუფლებისა და საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ, რითაც არსებითად ხელყოფს ი---ე გ-----ის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს. აღნიშნულ გარემოებებთან ერთად ვ-–ა გ-----ის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენის ფონზე ი---ე გ-----ეს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მოპასუხე ყოველმხრივ ცდილობს ი---ე გ-----ეს შეუქმნას დისკომფორტი, ხელი შეუშალოს კუთვნილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში, რა მიზნითაც ახორციელებს განზრახ მოქმედებებს მჩუქებლის მიმართ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მიზნით და მის მიმართ იჩენს დიდ უმადურობას.

დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენა მხარეთა შორის 2002 წლის 08 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია, შესაბამისად მოსარჩელე იძულებულია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს დარღვეული უფლების სასამართლოს გზით აღდგენა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1994 წლიდან მოსარჩელესთან ერთად მუშაობდა მაღაზია N43-ში. 1995 წლის 06 მაისს მოპასუხეს ეცნობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, გორის რაიონის განყოფილების მიერ, ბრძანება N199, რომლის თანახმად, უნდა ჩამოყალიბებულიყო პრივატიზაციის კომისია, რომელიც ობიექტს გაყიდდა პირდაპირი მიყიდვის წესით. 1996 წლის 27 ივნისს აუქციონის წესით, საერთო დაგროვილი თანხით მხარეებმა ერთად შეიძინეს კომერციული ფართი, გ----- ს----–---ს N2--ში მდებარე მაღაზია N43 შენობა. 1996 წლის მოქმედი სამოქალაქო კოდექსით ერთ ობიექტს ერთობლივად ორი პირი ვერ შეიძენდა. წელების განმავლობაში მან შეიძინა რამდენიმე უძრავი ქონება, ასევე უძრავ ქონებებს იძენდა მოსარჩელე ი---ე გ-----ეც.

2002 წლის 08 ნოემბერს მოპასუხის მიერ ნაყიდი ობიექტიდან ი---ე გ-----ემ ჩუქებით გადასცა მას ქონების ½ წილი. აღნიშნული ბინა ერთობლივი თანხებით იყო ნაყიდი. ჩუქების ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი დოკუმენტია, გამომდინარე იქიდან, რომ იმჟამად მოქმედი კანონით ერთ ობიქეტს ერთობლივად ორი პირი ვერ შეიძენდა და სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია ქონების ½ წილის მისთვის ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემა. 1996 წლიდან მათ მიერ მთლიანად გარემონტდა აღნიშნული უძრავი ქონება მოპასუხის ხარჯებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2. მოსარჩელე ი---ე გ-----ე და მოპასუხე ვ-–ა გ-----ე არიან ძმები;

 

3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ. გ-----, ს----–---ს N2-, ს.კ. 66.45.21.1--.01.5--. სართული 1, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ვ-–ა გ-----ისა და ი---ე გ-----ის სახელზე, თითოეულზე ½ წილი. უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია 2012 წლის 08 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვ-–ა გ-----ის მხრიდან მოსარჩელე ი---ე გ-----ის მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.

 

სასამართლოს მოსაზრებით სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, კერძოდ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს დასაჩუქრებული პირის მხრიდან ისეთი უმადურობის გამოჩენის ფაქტი, რომელთა დადასტურების პირობებში შესაძლებელია სადავო გარიგების გაუქმება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო მოწმეთა ჩვენება, რომლებიც წარმოადგენენ თანაბარი ძალის მტკიცებულებებს და მათი წინააღმდეგობრივი ხასიათის შემთხვევაში თუკი სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის სასამართლოს მიერ მათი გაზიარება მართებული არ იქნება. ამასთან ჩვენებები იყო იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი და შესაბამისად ვერ მოხდება მათი გაზიარება რომელიმე მხარის სასარგებლოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 529-ე, 526-ე, 530-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება;

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ხოლო 529-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

აშკარაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. წარმოადგენს თუ არა მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, ეს გარემოება უნდა დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება.

 

შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ დასაჩუქრებულის შეურაცხყოფა შეფასებითი კატეგორიაა, და იგი უნდა განისაზღვროს საქმის განხილვისას დადგენილი ყველა გარემოების გაანალიზების შედეგად. მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ ობიექტურად, შეიძლება თუ არა დასახელებული მოქმედება, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული. მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

 

მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ამასთან მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა კავშირშია დასაჩუქრებულის მხრიდან ზნეობრივი ქცევის ვალდებულებასთან, თუმცა ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ გარიგების ბათილობის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები - მოპასუხის მიერ მისი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მიმართვა არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის, როგორც მჩუქებლის მიმართ, გამოჩენილ დიდ უმადურობად, რამეთუ აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო მოპასუხის კანონით მინიჭებული უფლებების და ინტერესის შესაძლო დარღვევის აღმოსაფხვრელად და მიზნად არ ისახავდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას.

 

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის". სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი);

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ-–ა გ-----ის, როგორც დასაჩუქრებულის მხრიდან, ი---ე გ-----ის, როგორც მჩუქებლის, მიმართ ადგილი არ ჰქონია ისეთ დიდ უმადურობას ან შეურაცხყოფას, რაც სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ამ ქონების კვლავ მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის საფუძველი გახდებოდა.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ი---ე გ-----ის სასარჩელო მოთხოვნას გაუქმდეს ი---ე გ-----ესა და ვ-–ა გ-----ეს შორის 2002 წლის 08 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონებაზე, მდებარე, ქ. გ-----, ს----–---ს ქ. N2- პირველი სართული ს.კ. 66.45.21.1--.01.5-- და იგი აღირიცხოს ი---ე გ-----ის სახელზე სახელზე ეთქვას უარი;

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ვ-–ა გ-----ეს (პ/ნ 59--------4) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების წილის, მდებარე: ქ. გ-----, ს----–---ს ქ. 2-, სართული 1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.45.21.1--.01.5--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე