განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2321-19
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 1 ივლისი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც-------–---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------------------------–-–---–ი (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------–-, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები თ---–--–-------–---–--–---------------ში).
ადვოკატი - ს-------------–----ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და „ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ნ-----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ნ-----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით ნასამართლევმა ნ-----------–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 7 აპრილს, შუადღის საათებში, თ---–--–---–-----------------------ის მიმდებარედ გადაადგილებისას უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 0,00173 გრამ მეთადონს (ფუძე).
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1სასამართლოს დასკვნა ნ-----------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენს, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის, მოწმეების - გ------------ს, გ-------–-----------ს გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ-----------–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
3.2.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ არაერთგზის შეძენა და შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.3.სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების დანართი №2-ის მე-40 ჰორიზონტალურ გრაფაში არის „მეთადონი“, რომლისთვისაც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ითვლება ოდენობა 0,02 გრამიდან.
3.4. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დანაშაულის ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოება, როგორიც არის ნ-----------–-–---–ის მიერ არაერთგზის დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ნ-----------–-–---–ი ნასამართლევია 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. ნ-----------–-–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 23 ოქტომბერს და დანაშაულის ჩადენის დროს მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.
3.5. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ნ-----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც ერთი წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. ნ-----------–-–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 4 სექტემბერს და დანაშაულის ჩადენის დროს მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.
3.6.მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, მოწმეების - გ------------ს, გ-------–-----------ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ნ-----------–-–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,00173 გრამი მეთადონი (ფუძე).
3.7.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ-----------–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
3.8.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.9.საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი შემადგენლობა, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1.ნ-----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2.გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.
5.3.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ-----------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 2 თვის ვადით.
5.4.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
5.5.იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენის შემდეგ დადგინდა, რომ ნ-----------–-–---–ს ბრალი სხვა დანაშაულის ჩადენაშიც მიუძღვის, რომელიც მან პირველი განაჩენის დადგომამდე ჩაიდინა (2019 წლის 7 აპრილი), მის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა დადგინდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 7 აპრილიდან 2019 წლის 1 ივლისის ჩათვლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ნ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.
3. .,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 7 აპრილიდან 2019 წლის 1 ივლისის ჩათვლით.
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
უფერო გამჭირვალე პოლიმერული მასალის კონტეინერი, მასში არსებული სითხე, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს, ორი ცალი უფერო გამჭირვალე პოლიმერული მასალის კონტეინერი მასში არსებული სითხეებით (ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ნ-----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები (ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე