განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/272-19
(№078280219003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ღონღაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული გ---------------–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი ნომერი N-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–---------------–------------------------,კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
გ---------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის დაუნიშნავად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენით გ---------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მეორე ნაწილზე სასჯელის დაუნიშნავად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით გ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 01 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრას ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 14 მარტის მომართვის თანახმად, გ---------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია.
გ---------------–---–ი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილზე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 09:35 საათზე, ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მართავდა „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით - M--------.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, გ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ნ-----------ას პატაკს და თანდართული ადმინისტრაციული მასალებს, მოწმეების: ბ----------------ის და ნ-----------ას გამოკითხვის ოქმებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენს, შსს მომსახურების სააგენტოს წერილილს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 23 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობა დაწესებულია იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის თანახმად: "სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით." ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა გულისხმობს, რომ პირი, რომელსაც განაჩენის აღსრულების ვალდებულება აკისრია, არანაირ ზომებს არ იღებს ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ---------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით 5 წლის ვადის ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების შეზღუდვისა, იგი 2019 წლის 20 იანვარს გამოვლენილ იქნა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, შესაბამისად მან ისარგებლა რა იმ უფლებით, რომლის სარგებლობაც ჩამორთმეული ჰქონდა, შედეგად არ შეასრულა ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---------------–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.
ამდენად, ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით (იგი წარსულში ასევე ნასამართლევია 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის დანიშნული მსუბუქი ზომის სასჯელი ვერ გახდა შემაკავებელი ხელახალი დანაშაულის ჩასადენად), სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მის მხარეს არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი მისი საზოგადოებისაგან სრული იზოლაცია, დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ბრალდებული უკეთ გააცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე