განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1639-19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–----------ა;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ-------- მ---------ი (დაბადებული - 1----–-–---------------–ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: რუსეთი, ნ--------------------–---------------------ში და მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-----------------------------ში);
ადვოკატები - ნ-------------ე და ა-–------------------ე
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
თარჯიმანი - ხ---------------ე;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ტ-------- მ---------ი მის თანამზრახველთან ერთად დარეგისტრირებული იყო საკომუნიკაციო მობილურ აპლიკაციაში, რომლის მეშვეობით ახორციელებდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა-დებდა თბილისის სხვადასხვა უბნებში, რომლის მისამართის და ლოკალიზაციის ფოტოებს, კვლავ მობილური აპლიკაციის საშუალებით უგზავნიდა თანამზრახველს.
აღნიშნული მიზნით, ტ-------- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნივთიერება საერთო წონით 11,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალჰა-პვპ (α-PVP)-ს, რომელიც შემდგომი გასაღების მიზნით, დაანაწილა და დადო - თბილისში, ვ-–----–----–-----------------–ში N-----------------------------ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისი მისამართების და ლოკალიზაციის ამსახველი ფოტოები კი, კვლავ საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაუგზავნა თანამზრახველს.
ტ-------- მ---------ის დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან მის მიერ გადანაწილებული და სხვადასხვა ადგილას განლაგებული ნარკოტიკული საშუალებები, 2----–-–------------ს ამოღებული იქნა სამართალდამცავთა მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.3. ტ-------- მ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
2.4. მოწმე ა---------–-–----–----ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ც--------–--------------–----------–-–-------------------ის დეტექტივ-გამომძიებელი. მოცემული საქმეზე სამმართველოში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. კერძოდ, ბრალდებულის თანამშრომლობითა და მითითებით, ს----------–--ს რაიონში მდებარე სხვადასხვა ლოკაციიდან, ექსპერტების მონაწილეობით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დაფასოებული და წებოვანი ლენტში გახვეული ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მობილურ ტელეფონში ფოტოსურათების სახით. მივიდნენ დაახლოებით 6 ადგილას, მათ შორის სადარბაზოებში. ბრალდებულმა თავად განმარტა, რომ ნარკოტიკი მან თავად განალაგა კონკრეტულ ადგილებში და თავადვე გადაუღო ფოტოსურათები, რათა ფულის ჩარიცხვის შემდეგ მომხდარიყო მისი რეალიზაცია.
2.5. ბრალდებულმა ტ-------- მ---------მა განმარტა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ტურისტული მიზნებით, დასასვენებლად, თუმცა შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ანგარიშზე უნდა გადაერიცხა კონკრეტული თანხა, ვინაიდან არ იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა, პირველივე შემხვედრი დაიხმარა. 1000 ლარის გადარიცხვის შემდეგ, გაუგზავნეს კოორდინატი და სადარბაზოს ფოტოსურათი, სადაც მივიდა და აიღო ერთი ცალი პაკეტი, მასში მოთავსებული რამდენიმე (არ ახსოვს რამდენი ცალი იყო) მცირე პატარა პაკეტით. ამ ფორმით ნარკოტიკული საშუალება შეიძინა მხოლოდ ერთხელ. რამდენიმე პაკეტი მოიხმარა, დანარჩენი კი ქუჩებში სხვადასხვა ადგილას შეინახა თითო-თითო პაკეტებად, რადგან არ უნდოდა თან ქონოდა მთელი ოდენობა. ამასთან, ერთ ადგილას მოთავსების შემთხვევაში ხედავდა რისკს, რომ შესაძლოა ვინმეს ეპოვა და აეღო. სხვადასხვა ადგილას შენახვის შემთხვევაში კი საჭიროებისას აიღებდა თითო დოზას და მიიღებდა სიამოვნებას. ნარკოტიკული საშუალების განთავსების შემდეგ, ადგილზე გადაღებული ფოტოები გადაუგზავნა სხვას, კერძოდ კი იმ პირს, ვისგანაც შეიძინა, რადგან არ სურდა მობილურ ტელეფონში ჰქონოდა ნარკოტიკებზე გადაღებული ფოტოები და აპირებდა წაშლას. ადგილი კი სადაც ინახავდა, შეიძლება დავიწყებოდა, ფოტოების მიმღები პირი მას შეინახავდა და საჭიროებისას გაუგზავნიდა. 1000 ლარის ნარკოტიკული საშუალება იყიდა, რადგან მშვიდად ყოფილიყო, რომ ჰქონდა გარკვეული რაოდენობა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ნარკოტიკული საშუალების გასაღება არ სურდა და ინახავდა საკუთარი მოხმარებისათვის. რატომ მიუთითა გამოძიების ეტაპზე, რომ სურდა გასაღება არ იცის, არ ესმოდა გამომძიებლის ქართული საუბარი, ამასთან გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ წაუკითხავს.
2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ტ-------- მ---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება მხარეებმა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მტკიცებულებად მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.7. ტ-------- მ---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, მტკიცებულების გამოთხოვის ოქმს, პირადი ჩხრეკის ოქმს.
2.8. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
2.9. ამდენად, სასამართლო შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე ა---------–-–----–----ის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2----–-–------------ს, ბრალდებულის მითითებითა და მის მობილურ ტელეფონის ფოტო გალერეაში ნანახი სურათების საშუალებით (რომლებზეც შემოხაზულია კონკრეტული ადგილი და მითითებულია კოორდინატები), სამართალდამცავთა მიერ თბილისში, ვ-–----–----–-----------------–ში N-----------------------------ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა დაფასოებული პაკეტები, მასში მოთავსებული ნივთიერებებით. საყურადღებოა, რომ არც თავად ბრალდებული ტ-------- მ---------ი უარყოფს იმ გარემოებას, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შეიძინა 1000 ლარის ნარკოტიკული საშუალება, ნაწილი მოიხმარა, ხოლო ნაწილი განათავსა თბილისში, ვ-–----–----–-----------------–ში N-----------------------------ე კორპუსების მიმდებარედ მის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.
2.11. დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი 2----–-–------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ორი ოქმი. ერთ შემთხვევაში აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ტ-------- მ---------ი და თარჯიმანი, ხოლო მე-2 შემთხვევაში ასევე ადვოკატი. ექსპერიმენტისას გამოყენებული იყო ბრალდებულის მობილური ტელეფონის დათვალიერებისას ნანახი კოორდინატები, რომელთა ,,გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩაწერის შედეგად საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირები მივიდნენ - თბილისში, ვ-–----–----–------- კვ. მიმდებარე ტეროტორიებზე, სადაც ბრალდებულის მიერ მითითებული კონკრეტული ადგილებიდან ამოღებული იქნა დაფასოებული ნივთიერებები, ბრალდებულის განმარტებით ნარკოტიკული საშუალებები. შესაბამისად ოქმები ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.
2.12. გარდა ამისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2----–-–------------ის N---------------- და 2----–-–------------ის N---------------- დასკვნები და შესაბამისად სასამართლოსაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტიზებზე წარმოდგენილი ტ-------- მ---------ის მითითებით ამოღებული, მოყვითალო-მოთეთრო ფერის კრისტალური ნივთიერები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 11,16 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ (α-PVP).
2.13. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ტ-------- მ---------მა შეიძინა და ინახავდა მოყვითალო-მოთეთრო ფერის კრისტალურ ნივთიერებას, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 11,16 გრამი, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP), რომელიც 2----–-–------------ს, ამოღებული იქნა სამართალდამცავთა მიერ.
2.14. 2----–-–------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, სხვადასხვა პირად ნივთებთან ერთად ტ-------- მ---------ისგან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, 2----–-–------------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად კი ტ-------- მ---------ის და თარჯიმნის მონაწილეობით დათვალიერდა ბრალდებულის კუთვნილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ფოტო გალერეაში ნანახი იქნა სურათები, მითითებული კოორდინატითა და მასზე შემოხაზული კონკრეტული ადგილით. გარდა ამისა, მობილურ ტელეფონში არსებული სატელეფონო აპლიკაცია ,,W-------” დათვალიერებისას ნანახი იქნა მიმოწერა, სადაც საუბარი მიმდინარეობს ,,i-------------ის“ და ,,b-------ის“ სახელებით დარეგისტრირებულ პირებს შორის, ბრალდებულის განმარტებით ,,b------“ არის თავად და ,,i-------------ის“ სახელით დარეგისტრირებულ ვინმე რ----ს ესაუბრება ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული ადგილიდან აღების და დადების შესახებ, ამასთან სწორედ ,,i-------------ი“ აძლევს კონკრეტულ მითითებებსა და დარიგებას. მიმოწერის თანახმად სწორედ ბრალდებულს აქვს გადაგზავნილი აღნიშნული პირისათვის მის მობილურ ტელეფონში შენახული 50 სურათი, ლოკაციებთან ერთად, თავის მხრივ ,,i-------------ს“ კი მისთვის გამოგზავნილი აქვს სურათი კოორდინატებით - 4-----------------, რომელთან დაკავშირებითაც ეუბნება - ,,გიგზავნი შემდეგ პარტიას“.
2.15. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2----–-–------------ს ბრალდებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა დ--–-----------------------–------------ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და ეს მაშინ, როცა მიმოწერაში მისთვის გაგზავნილი სურათი კოორდინატით - 4----------------- და მინაწერით - ,,გიგზავნი შემდეგ პარტიას“, 2----–-–-----------–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად მდებარეობს სწორედ დ--–---ის რაიონში, სადაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერება ნანახი ვერ იქნა. აღნიშნული კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ტ-------- მ---------ს თანამზრახველმა მიაწოდა დ--–---ის რაიონში მდებარე ახალი კოორდინატი -,,შემდეგ პარტიისათვის“.
2.16. დაცვის მხარის პოზიციით: ტ-------- მ---------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდება დამყარებულია მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და ვარაუდზე, რომ უნდა გაესაღებინა, რადგან საქმეში არ იქნა წარმოდგენილი მოწმეები, რომლებზეც ასაღებდა ან უნდა გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი რაიმე მტკიცებულება, რაც როგორც წესი დამახასიათებელია მსგავსი ტიპის საქმეებისათვის.
2.17. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის სპეციფიკიდან და ხასიათიდან გამომდინარე - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, მითუფრო გასაღება, როგორც წესი ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აღნიშნულს აპირებს. მოცემულ შემთხვევაში კი ტ-------- მ---------ის მიერ განხორციელებული ქმედება, სწორედ ემსახურებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღების გარკვეულწილად შენიღბვას და არა პირადი მოხმარებისათვის წინასწარ მარაგის შექმნას და სხვადასხვა ადგილას შენახვას, ვითომდა დაკარგვის შიშით, როგორც ამის წარმოჩენა უნდა დაცვის მხარეს.
თუ არა, თანამზრახველთან შეთანხმება განგრძობადად ნარკოტიკული საშუალების მიღებასა და სხვადასხვა ადგილას გასაღების მიზნით განაწილებაზე, სასამართლოსათვის გაუგებარია, რატომ მიიღო მორიგი კოორდინატი და რატომ წავიდა დ--–---ის რაიონში, მაშინ როცა მისივე განმარტებით პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა მარაგი - ნარკოტიკულ საშუალება ალჰა-პვპ (α-PVP)-ს შემცველი 11,16 გრამი ნივთიერება.
2.18. გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მითითებას, რომ მას სურდა ტელეფონში ფოტოების წაშლა და იმ მიზნით, რომ შემდგომში მიეგნო, სამალავების ფოტოები, შესაბამისი კოორდინატებით გადაუგზავნა იმ პირს ვისგანაც შეიძინა. ცხადაია ბრალდებულის მოქმედებები მიუთითებს მთლიან სქემაზე, რომ ის კონკრეტული პირის მითითებით კონკრეტული ადგილიდან იღებდა გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც ადასტურებს ასევე მათ შორის არსებული მიმოწერა - - ,,გიგზავნი შემდეგ პარტიას“, სურათითა და შესაბამისი კოორდინატით. აღნიშნულის ,,პარტიის“ აღების შემდეგ კი ანაწილებდა და დებდა სხვადასხვა ადგილას, პოტენციური კლიენტისათვის, რომელსაც გარკვეული ფულის სანაცვლოდ თანამზრახველი გაუგზავნიდა ტ-------- მ---------ის მიერ მიწოდებულ კონკრეტული ლოკაციის ფოტოს და კოორიდინატს.
აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ტ-------- მ---------ი მოქმედებდა იმ სქემით, რომლითაც თითქოსდა მან თავად შეიძინა პირადი მოხმარებისათვის 1000 ლარის ნარკოტიკული საშუალება.
2.19. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც მან მხოლოდ ერთხელ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ინტერნეტის საშუალებით და გადაანაწილა სხვადასხვა კოორდინატებზე, მათი უსაფრთხოების მიზნით. თუმცა მის მიერ ნარკოტიკული საშუალების არაერთჯერად შეძენას, ადასტურებს სწორედ მოსაუბრის მინაწერი - ,,გიგზავნი შემდეგ პარტიას“; პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლიც ჩატარდა დ--–---ის რაიონში და თანამზრახველის მიერ მიწოდებული კოორდინატი, რომელიც როგორც აღინიშნა ასევე მდებარეობს დ--–---ში და ეს მაშინ, როცა ბრალდებულს კონკრეტულ ადგილებში - თბილისში, ვ-–----–----–-----------------–ში N-----------------------------ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომში სამართალდამცავების მიერ იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ,,წინა პარტიის“ ფარგლებში უკვე დამალული ჰქონდა - საერთო წონით 11,16 გრამი, ნარკოტიკულ საშუალება ალჰა-პვპ (α-PVP)-ს შემცველი ნივთიერება. აღნიშნული მოცემულობა კი ცალსახად ადასტურებს, რომ ტ-------- მ---------ს კონკრეტული პირისგან მინიმუმ ერთხელ უკვე შეძენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება.
2.20. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ტ-------- მ---------მა შეიძინა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP), საერთო წონით - 11,16 გრამი, რომელიც შემდგომი გასაღების მიზნით შეინახა სხვადასხვა ადგილას, თუმცა გასაღება ვერ განხორციელდა სამართალდამცავთა ჩართულობის გამო.
2.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
2.22. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებისას იმსჯელებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას - აღნიშნული დანაშაული დასრულებულია, როდესაც გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, რაც შეიძლება გამოიხატოს სასყიდლიან გადაცემაში, გაჩუქებაში, სხვა ნივთში გაცვლაში და სხვა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე.
4.5. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ქმედებათა (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონობა კი გამოიხატება იმაში, რომ მათი ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №331 მითითებულია - ალფა პვპ.
4.6. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაული ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილით განმარტებულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რაშიც იგულისხმება, რომ პირთა შორის წინასწარი შეთანხმება უნდა მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
4.7. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ბრალდებულსა და ნარკოტიკული საშუალების მიმწოდებელს შორის დიალოგიდან დასტურდება, ეს უკანასკნელი აწვდიდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელსაც ბრალდებული ანაწილებდა სხვადასხვა ადგილას და უკან უბრუნებდა შესაბამის კოორდინატებს. გარდა ამისა, 2----–-–------------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისას, ბრალდებულმა განმარტა, რომ მასა და ვინმე რ----ს შორის საუბარი მიმდინარეობდა ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული ადგილიდან აღებისა და შემდგომ კონკრეტულ ადგილას დადების შესახებ და მოსაუბრე მას აძლევს კონკრეტულ მითითებებსა და დარიგებას.
4.8. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ტ-------- მ---------მა თანამზრახველისგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნივთიერება საერთო წონით 11,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალჰა-პვპ (α-PVP)-ს, რომელიც შემდგომი გასაღების მიზნით, გაანაწილა და დადო თბილისში, ვ-–----–----–-----------------–ში N-----------------------------ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მისამართების და ლოკალიზაციის ფოტოები, კვლავ საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაუგზავნა თანამზრახველს. ამდენად, სახეზეა დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენის ფაქტი.
4.9. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ტ-------- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და სხვადასხვა ადგილებში შეინახა ნარკოტიკული საშუალება ალჰა-პვპ (α-PVP)-ს შემცველი, ჯამში 11,16 გრამი ნივთიერება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშნით. რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად არის დადასტურებული, რომ ტ-------- მ---------ის მიერ სხვადასხვა ადგილებზე მოთავსებული და გასაღებისათვის გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ალჰა-პვპ (α-PVP)-ს შემცველი, საერთო წონით 11,16 გრამი ნივთიერება, 2----–-–------------ს მისივე მითითებით ამოღებული იქნა სამართალდამცავთა მიერ, რის გამოც დანაშაული გასაღების ნაწილში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ტ-------- მ---------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ ტ-------- მ---------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ტ-------- მ---------ს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
6.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე ამოღებული და უკანონო ბრუნვაში მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალებების სახეობებს - ალფა პვპ, რომლებიც შესულია სამოქალაქო ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, ასევე იმ ფაქტს, რომ თავად აღიარებს, რომ არის ნარკოტიკების მომხმარებელი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ტ-------- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალურ ზვართან რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი არის პირი, რომელმაც, მათ შორის ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ-------- მ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, 2 ცალი მობილური ტელეფონი უნდა გადაეცეს კანონიერ მფლობელს, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, 4 ცალ დისკზე, 4 პაკეტად, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ დისკზე, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო სასამართლო სხდომის ოქმი 1 ცალ დისკზე და საფულე ზურგჩანთა და მასში მოთავსებული პასპორტის ასლები და პირადი ნივთები, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ-------- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ტ-------- მ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
5. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. ტ-------- მ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------იდან.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
· ორი ცალი მობილური ტელეფონი, გადაეცეს კანონიერ მფლობელს.
· საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, 4 ცალ დისკზე, 4 პაკეტად, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· სასამართლო სხდომის ოქმი 1 ცალ დისკზე და საფულე ზურგჩანთა და მასში მოთავსებული პასპორტის ასლები და პირადი ნივთები, დაუბრუნდეს მფლობელს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე