გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210017002117409
N 2/1008-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ი---- ბ------,წარმომადგენელი: ლ---- ა------,მოპასუხე: სს „ჯ-----------–-“,წარმომადგენლები: დ---------------, ზ-------–----–---,დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, თანხის შემცირება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2017 წლის 5 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელე ი---- ბ------- (პ.ნ.-----------) მიმართ მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ განსაზღვრული გადასახდელი თანხის მოცულობის შემცირება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მოსარჩელე ი---- ბ------მ სს „ჯ-----------–-სგან“ აიღო სესხი 6225,51 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 15 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს ი-----–- ტ--------------- და შესაბამისად დაიტვირთა მოსარჩელის უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფოთი, ჭ-----------–-- ქუჩა N1--–-. მოსარჩელე ყოველთვიურად იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას. ბოლო რამოდენიმე თვე არ გადაუხდია. 2017 წლის 20 სექტემბერს ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის რ----- ს---––---- წერილი, რომლითაც შეიტყო, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორია სს „ჯ-----------–-“ (ს/კ 4--------) მოვალე ი---- ბ------ (პ/ნ4----------) ამავე წერილის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა 7515,03 აშშ დოლარი (იხ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ). მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დოკუმენტაცია, თუ რატომ დაიწყო აღსრულების წარმოება და რატომ არის თანხა ამდენი. როგორც კერძო აღმასრულებლის გადაწყვეტილებით ირკვევა, სს „ჯ-----------–--“ მიმართა ნოტარიუს ი-----–- ტ------------ და გაიცა N171023613 სააღსრულებო ფურცელი 7515,03 აშშ დოლარის გადახდაზე, საიდანაც ძირი თანხაა 6036,97 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 627,84 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო აღსრულების დაწყებისათვის - 362,22 აშშ დოლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებას და თანხის შემცირებას 1478,06 აშშ დოლარით, კერძოდ: დარიცხული სარგებლის 488 აშშ დოლარის გაუქმებას, პირგასამტეხლოს 627,84 აშშ დოლარის შემცირებას 1 აშშ დოლარამდე და პირგასამტეხლოს აღსრულების დაწყებისათვის 362,22 აშშ დოლარის გაუქმებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 627,84 აშშ დოლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, პირგასამტეხლოს აღსრულების დაწყებისათვის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, ხოლო სარგებელი მოსარჩელეს არ უნდა დაერიცხა, ვინაიდან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ სესხი შედგენილი იყო კლებადი გრაფიკით, შესაბამისად მას შემდეგ, რაც აღარ სრულდებოდა ვალდებულება, პროცენტის დარიცხვა ხდებოდა სესხის ნარჩენი თანხის მიხედვით. ამიტომ ბუნებრივია კლიენტს დაერიცხობოდა როგორც პროცენტი, ისე პირგასამტეხლო. შესაბამისად, დაიწყო აღსრულება იმ თანხაზე, რაც იმ დროისთვის ერიცხებოდა მოვალეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კერძოდ: ჯამში 7515,03 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა იყო 6036,97 აშშ დოლარი, პროცენტი - 488 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 627,84 აშშ დოლარი, ხოლო აღსრულების დაწყების საფასური - 326,22 აშშ დოლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის წარმომადგენელი არ ეთანხმება დარიცხული პროცენტის - 488 აშშ დოლარის გაუქმებას. ეთანხმება და ცნობს მთლიანად აღსრულების დაწყების საფასურის 326,22 აშშ დოლარის გაუქმებას, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ეთანხმება 627,84 აშშ დოლარის შემცირებას 212,06 აშშ დოლარამდე. ჯამში მოპასუხის წარმომადგენელი ეთანხმება სააღსრულებო საბუთით განსაზღვრული თანხის 778 აშშ დოლარით შემცირებას.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 15 აპრილს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N1803, რომლითაც მოსარჩელეზე გაიცა სესხი 6335,51 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 15 აპრილიდან 2023 წლის 15 აპრილამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 36%.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. 2016 წლის 15 აპრილს მხარეებს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N1803ა, ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს ი-----–- ტ---------------ნ და იპოთეკით დაიტვირთა ი---- ბ------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ჭ-----------–-- ქუჩა N1--–-, საკადასტრო კოდით: 0-----------.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მეორე ფაქტობრივი გარემოებით, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით N1803ა, სანოტარო აქტით.
3.3. საკრედიტო ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- გენერალური საკრედიტო N1803ა ხელშეკრულებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.4. მოცემულ საქმეზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2017 წლის 05 სექტემბერს ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ და სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2017 წლის 19 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის რ----- ს---––---- მიერ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოებით, ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2017 წლის 05 სექტემბერის სანოტარო აქტით გაცემული N171023613 სააღსრულებო ფურცლით, კერძო აღმასრულებლის რ----- ს---––---- A---------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.5. 2017 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელეს ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის რ----- ს---––---- წერილი, რომლითაც შეიტყო, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორია სს „ჯ-----------–-“, მოვალე ი---- ბ------ და ამავე წერილის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა 7515,03 აშშ დოლარის გადახდა. 2017 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებით, წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2017 წლის 5 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელე ი---- ბ------- (პ.ნ.-----------) მიმართ მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ განსაზღვრული გადასახდელი თანხის მოცულობა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა შემცირდეს ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2017 წლის 5 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელე ი---- ბ------- (პ/ნ 4----------) მიმართ მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ განსაზღვრული გადასახდელი თანხის მოცულობა და იგი უნდა განისაზღვროს: ძირი თანხა - 6036,97 აშშ დოლარით, დარიცხული პროცენტი - 448,00 აშშ დოლარით და პირგასამტეხლო - 212,06 აშშ დოლარით.
მთლიანობაში სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხა უნდა შემცირდეს 778 აშშ დოლარით.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელე ი---- ბ------ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი---- ბ------მ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხის წინაშე წარმოეშვათ დავალიანება და მოპასუხემ 2017 წლის 5 სექტემბერს შეწყვიტა დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
დადგენილია, რომ სს „ჯ-----------–--“ მხარეთა შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმართა ნოტარიუს ი-----–- ტ------------ და გაიცა N171023613 სააღსრულებო ფურცელი 7515,03 აშშ დოლარის გადახდაზე. როგორც სააღსრულებო ფურცლიდან ირკვევა, მოპასუხის ფინანსური ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეადგენს ძირითადი თანხის სახით 6036,97 აშშ დოლარს, დარიცხული სარგებელი - 488 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 627,84 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო აღსრულების დაწყებისათვის- 362,22 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ: ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას, საპროცენტო სარგებლის 488 აშშ დოლარის გაუქმების შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოპასუხემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოსარჩელეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში და რომელსაც მოპასუხე მიიღებდა ახალი მსესხებლისათვის თანხის გაცემის შედეგად. ამასთან, მოპასუხის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას და მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის (საპროცენტო სარგებელი) სახით თანხის გაუქმების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აქედან გამომდინარე მოპასარჩელის პოზიცია, საკრედიტო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის სახით 488 აშშ დოლარის გაუქმების თაობაზე, დაუსაბუთებელია.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
ამ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად სარჩელი, მოპასუხის მიერ ცნობილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს და ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს N1803 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 627,84 აშშ დოლარს, უნდა შემცირდეს 212,06 აშშ დოლარამდე. ხოლო პირგასამტეხლო - აღსრულების დაწყებისათვის 362,22 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნის ნაწილში, უნდა გაუქმდეს.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული 627,84 აშშ დოლარის 1 აშშ დოლარამდე შემცირების ნაწილში, სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან სესხის მოცულობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და დარიცხული პირგასამტეხლოს მოცულობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანხა - 212,06 აშშ დოლარის ოდენობით, პროპორციული, თანაზომიერი და გონივრულია ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის და მისი კიდევ შემცირების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან იგი ემსახურება ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირების და დარღვეული უფლების აღდგენის ლეგიტიმურ მიზანს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელე ი---- ბ------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 57,6 ლარი, ხოლო გადახდილი ბაჟიდან 52,4 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი---- ბ------- წარმომადგენლის ლ---- ა------- სარჩელი, მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ მიმართ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხის შემცირების თაობაზე.
2. შემცირდეს ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2017 წლის 5 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელე ი---- ბ------- (პ.ნ.-----------) მიმართ მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ განსაზღვრული გადასახდელი თანხის მოცულობა და იგი განისაზღვროს: ძირი თანხა - 6036,97 აშშ დოლარით, დარიცხული პროცენტი - 488,00 აშშ დოლარით და პირგასამტეხლო - 212,06 აშშ დოლარით. გაუქმდეს მოსარჩელისათვის განსაზღვრული აღსრულების დაწყების საფასური 362,22 აშშ დოლარის ოდენობით.
მთლიანობაში ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2017 წლის 5 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელე ი---- ბ------- (პ.ნ.-----------) მიმართ მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ განსაზღვრული გადასახდელი თანხის მოცულობა შემცირდეს 778 აშშ დოლარით.
3. მოსარჩელე ი---- ბ------- დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 57,6 ლარი, ხოლო გადახდილი ბაჟიდან 52,4 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე