განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003058441
საქმე #1/231-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა------ ურ--–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - არ--- გა-–--------ი (დაბადებული - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი დამია.
ადვოკატი - იზ---–--- მე-–---–---–ი
თ---ჯიმანი - სუ---ა მა------–---–ი
კვალიფიკაცია: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 9 ივნისს, ქურდობისათვის ნასამართლევი არ--- გა-–--------ი, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დამიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საძოვრიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ან----ნ და---------ს კუთვნილ ძროხას, რითაც დაზარალებულს მიადგა 3000 (სამი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. .
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. არ--- გა-–--------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ან----ნ და---------ს, მოწმე - არ---აკ გა---------ს, ოთ--- მა--------ს, ტა---------– მე-------ს, იგ---– გა------ს, ან------ კო-----ს, აფ-- მუ----------ს, გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრაცია, ჩხრეკის ოქმები, ამოღების ოქმები, ამოცნობის ოქმი, ბრალდებულის ნასამართლეობის ცნობები, ბრალდებულ არ--- გა-–--------ის აღიარებითი ჩვენება და საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა არ--- გა-–--------მა და მისმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"ქ/პუნქტი სახეზეა თუკი ქურდობა ჩადენილია არაერთგზის. ქმედების ამგვარი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია რომ დამნაშავე დანაშაულის ჩადენამდე იყოს ნასამართლევი ამგვარი ქმედებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში განთავსებული 2013 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ არ--- გა-–--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ"ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქარველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელარსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის N06/03/01 განკარგულებით არ--- გა-–--------ი განთავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან( საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2-ის ნაწილის თანახმად სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ) და დარჩა მხოლოდ 1 (ერთი) წელი პირობითი მსჯავრი, რაც მოიხადა და ვინაიდან მას პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში სხვა სასჯელი არ ქონდა (შეწყალებული იყო) საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქ/პუნქტის თანახმად გაქარწყლებული იქნა ნასამართლობა. არ--- გა-–--------ი 2019 წლის 9 ივნისს არ ითვლებოდა ნასამართლეობის მქონედ, რის გამოც მას უნდა ამოერიცხოს პირის ბრალდებულად ცნობის დადგენილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი, ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
3.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.
3.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ან----ნ და---------ს, მოწმე - არ---აკ გა---------ს, ოთ--- მა--------ს, ტა---------– მე-------ს, იგ---– გა------ს, ან------ კო-----ს, აფ-- მუ----------ს, გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ფოტოილუსტრაციით, ჩხრეკის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმით, ბრალდებულის ნასამართლეობის ცნობებით, ბრალდებულ არ--- გა-–--------ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 9 ივნისს, არ--- გა-–--------ი, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დამიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საძოვრიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ან----ნ და---------ს კუთვნილ ძროხას, რითაც დაზარალებულს მიადგა 3000 (სამი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3.6. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ--- გა-–--------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება. რაც შეეხება პირის ბრალდებულად ცნობის დადგენილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში არ--- გა-–--------ი უნდა გამართლდეს.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. ამდენად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ანარ ვალიევის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4.5. სასამართლო ითვალისწინებს არ--- გა-–--------ი აღიარებას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით არ--- გა-–--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 3 (სამი) წლით 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ანარ ვალიევის რესოციალიზაციას.
5.აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
არ--- გა-–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ან----ნ და---------ს კუთვნილი შვეიცარიული ჯიშის ყავისფერი შეფერილობის ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი რომელიც ინახება მესაკუთრესთან დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
არ--- გა-–--------ის შავი ფერი ,,ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ოთ--- მა--------ს ოქროს ფერი ,აიფონ-5-ს" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ტა---------–უ მე-------ს ,,სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ--- გა-–--------ს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი და იგი ამ ნაწილში გამართლდეს.
2. არ--- გა-–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. არ--- გა-–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, არ--- გა-–--------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 10 ივნისიდან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ან----ნ და---------ს კუთვნილი შვეიცარიული ჯიშის ყავისფერი შეფერილობის ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი რომელიც ინახება მესაკუთრესთან დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
არ--- გა-–--------ის შავი ფერი ,,ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ოთ--- მა--------ს ოქროს ფერი ,აიფონ-5-ს" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ტა---------–უ მე-------ს ,,სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი