გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2019
საქმის ნომერი
110210019002997490
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019002997490

N 2/272-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.09.2019 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე სს ,,ლ------ კ-------–-”,წარმომადგენელი ვ--–---- ი------,მოპასუხე ნ---- ს---–-------,თ---------- ვ------–-–---–-,ნ--- ქ----–---,დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს დაეკისროს სოლიდარულად 2016 წლის 16 დეკემბრის Nლც/ა/117363 სესხიდან დარჩენილი გადასახდელი თანხა 7897.05 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 5496.32 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი 974.91 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე 627,35 ლარი, ჯარიმა პროცენტზე 798.47 ლარი;

1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 238 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძველი

 

2016 წლის 16 დეკემბერს სს „ლ------ კ-------–-“ და ნ---- ს---–-------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება Nლც/ა/117363, რომლის საფუძველზეც მის მიმართ გაიცა სესხი 7700 ლარი 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 31%-ს, განისაზღვრა პირგასამტეხლოსა და ჯარიმების დარიცხვის წესი. ვადაგადაცილების გამო მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო სესხზე ვადაგადაცილებული ძირითადი სესხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 181 კალენდარულ დღემდე.

იმავე დღესვე მოპასუხე თ---------- ვ------–-–---–-- და ნ--- ქ----–---სთან გაფორმდა აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი. მოპასუხეები არაერთგზის იქნენ გაფრთხილებული შეესრულებინათ ვალდებულება, მაგრამ უშედეგოდ. 2018 წლის 15 ნოემბრის შემდეგ მათ სესხის გადახდა არ განუხორციელებიათ და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მათი დავალიანება შეადგენს 7897.05 ლარს, საიდანაც 5496.32 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი 974.91 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე 627,35 ლარი, ჯარიმა პროცენტზე 798.47 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე ნ---- ს---–-------მ, როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ნამდვილად დადო სესხის ხელშეკრულება მოსარჩელესთან და მიიღო სესხი 7700 ლარი. იმის გამო, რომ გაუჭირდა ეკონომიურად, ვეღარ შეძლო სესხის გადახდა. მის მიერ გადახდილი თანხები მოსარჩელემ ჩაუთვალა პროცენტზე ჯარიმაში, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და ამ თანხების გადახდით მისი გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 3355 ლარს. ასევე თვლის, რომ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ძირ თანხაზე. ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ძირ თანხას 3355 ლარს და პროცენტს 974.91 ლარს.

 

2.2 მოპასუხე თ---------- ვ------–-–---–- როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და განმარტავს, რომ ეთანხმება მოპასუხე ნ---- ს---–-------- განმარტებას და ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ძირ თანხას 3355 ლარს და პროცენტს 974.91 ლარს. ხოლო ძირ თანხაზე ჯარიმის და პროცენტზე ჯარიმის გადახდევინებას არ ეთანხმება.

 

2.3 მოპასუხე ნ--- ქ----–--- სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მართალია იგი არის სოლიდარული თავდები ნ---- ს---–-------- სესხზე, მაგრამ მას ბანკთან თავისი ვალდებულებები გააჩნია და არ შეუძლია ნ---- ს---–-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 16 დეკემბერს მოპასუხე ნ---- ს---–-------სა და მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–-“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N ლც/ა/117363, რომლის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 7700 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N ლც/ა/117363;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების 2.1 და 2.6 პუნქტების თანახმად სესხი გაიცა 1095 დღის ვადით და წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 31%-ით. ამავე ხელშეკრულების 2.7 და 2.9 პუნქტით განისაზღვრა, რომ სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვა უნდა მოხდეს ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით და შენატანების განხორციელებისას კი პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული ჯარიმა (თუ ასეთი არსებობს), შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N ლც/ა/117363;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 16 დეკემბერს სს „ლ------ კ-------–-“ და მოპასუხე თ---------- ვ------–-–---–- შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების 6.1 პუნქტით თ---------- ვ------–-–---–-ს ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულება სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება N ლც/ც/17165;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.4. სესხის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 16 დეკემბერს სს „ლ------ კ-------–-“ და მოპასუხე ნ--- ქ----–---ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების 6.1 პუნქტით ნ--- ქ----–---მ ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულება სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N ლც/ც/717175;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხე ნ---- ს---–-------მ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი და სესხის ვადაგადაცილების შესახებ მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინებები და განესაზღვრათ ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად მაგრამ 2018 წლის 15 ნოემბრის შემდეგ მათ მიერ გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N ლც/ა/117363;

- სესხის გადახდის ამონაწერი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 7897.05 ლარის ოდენობით, კერძოდ ძირი თანხა შეადგენს 5496.32 ლარს, პროცენტი 974.91 ლარს, ჯარიმა ძირ თანხაზე 627.35 ლარს, ხოლო ჯარიმა პროცენტზე 798.47 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობთ;

- სესხის ამონაწერი;

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.2 სესხის დაფარვის გრაფიკით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.1 პუნქტით განსაზღვრული, ჯარიმა ჯამური დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხე მხარეს მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N ლც/ა/117363;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2.3. სესხის ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული ჯარიმა პროცენტზე და კანონშეუსაბამოა ორმაგი პირგასამტეხლოს მოთხოვნა. არ არსებობს მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N ლც/ა/117363;

- მოპასუხეთა განმარტება.

 

3.2.4 სესხის ვადაგადაცილებაში გადასვლის შესახებ შეტყობინება მოპასუხე ქ----–---ს და ვ------–-–---–- არ მიუღიათ. აღნიშნულის შესახებ ბანკს მათთვის არ უცნობებიათ, ამასთან მოპასუხე ნ--- ქ----–---ს აქვს ბანკის მიმართ საკუტარი სასესხო ვალდებულებები და ვერ უზრუნველყოფს მოპასუხე ნ---- ს---–-------- სესხის გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოპასუხეთა განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 361-ე, 403-ე, 420-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 131-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად დადგენილია და სადავო არ არის რომ მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–-" და მოპასუხე ნ---- ს---–-------ს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- ს---–-------მ სესხად მიიღო 7700 ლარი 36 თვის ვადით, 2019 წლის 16 დეკემბრამდე. წლიური საპროცენტო სარგებლის 31%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0,5 %-ს.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს „ლ------ კ-------–-“ და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი).

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მხარეთა განმარტებით და წარმოდგენილი გადახდების ისტორიით დადგენილია, რომ ნ---- ს---–-------ს სესხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით. სესხის გადახდა შეწყვიტა 2018 წლის ნოემბრიდან. მიუხედავად გაფრთხილებისა არ უზრუნველყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს და მხარეთა შორის შეწყდა საკრედიტო ურთიერთობა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 896-ე მუხლის თანახმად კი თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–-ა“ და მოპასუხეებს თ---------- ვ------–-–---–- და ნ--- ქ----–---ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება ნ---- ს---–-------- სესხის უზრუნველყოფის მიზნით და მოპასუხეებმა იკისრეს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულება სრულად. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მოპასუხეები თ---------- ვ------–-–---–- და ნ--- ქ----–--- წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს ნ---- ს---–-------სთან ერთად.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ნ---- ს---–-------მ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად დათქმულ დროს. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დადგენილი გრაფიკით სესხის თანხის გადახდა შეწყვიტა 2018 წლის ნოემბრიდან. დაარღვია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და წარმოიქმნა დავალიანება, მას დავალიანება სრულად არ დაუფარავს მიუხედავად გაფრთხილებისა, არაერთხელ გადააცილა სესხის გადახდის ვადას.

 

უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ------ კ-------–-“ უფლებამოსილია მოპასუხეებისაგან სოლიდალურად მოითხოვოს ნ---- ს---–-------- მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აკმაყოფილებს სარჩელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოებების არსებობის ან არასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით დაადასტურეს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა. სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების ძირი თანხის და პროცენტის ანაზღაურებაზე, კერძოდ თანახმა არიან გადაიხადონ საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანების ძირი თანხა 3355 ლარი და დარიცხული პროცენტი 974.91 ლარი, ხოლო ძირითად თანხაზე დარიცხულ ჯარიმა მიაჩნიათ შეუსაბამოდ მაღალი და გადახდაზე უარი განაცხადეს. ასევე უარი განაცხადეს პროცენტზე დარიცხული ჯარიმის გადახდაზე.

 

მოპასუხეთა მიერ ამ ნაწილში სარჩელის ცნობა, დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.6. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით და ხელშეკრულებით გათვალსწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ჯამური დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2019 წლის 16 მაისამდე პერიოდისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 627.35 ლარი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, მისი დაკისრება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს. მოპასუხეებს ნ---- ს---–-------ს, თ---------- ვ------–-–---–-, ნ--- ქ----–---ს მოსარჩელის სს „ლ------ კ-------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0,5%-ის ნაცვლად 0,05% ანუ 627.35 ლარის ნაცვლად 62.74 ლარი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად მხარეთა შორის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებაა ისეთი დამატებითი საშუალებები როგორიცაა პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლებელია ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც როგორც აღინიშნა წარმოადგენს პირგასამტეხლოს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პროცენტზე დარიცხული ჯარიმის გადახდევინების შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პროცენტის გადახდის ვადის დარღვევისათვის ჯარიმის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ჯარიმა ჯამური დავალიანების 0.5%, აღნიშნული დარღვევა კი ასევე მოიცავს მოპასუხის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვადის დარღვევას და გადაუხდელობას. კანონშეუსაბამოა პირის დაჯარიმება ორი სახის ჯარიმით ერთი და იმავე დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად ხელშეკრულებით კიდევაც რომ იყოს გათვალისწინებული პროცენტზე ჯარიმის დარიცხვა, ასეთი შეთანხმება ბათილია.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ფულადი ვალდებულების გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

მოსარჩელე მხარის მიერ პროცენტზე დარიცხული ჯარიმა ვერ ჩაითვლება ვერც პროცენტზე პროცენტის გადახდევინებად, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს პროცენტის გადაუხდელობის გამო პროცენტზე ჯარიმის ან პროცენტის გადახდევინებას. ხელშეკრულების 2.7 და 2.9 პუნქტით განისაზღვრა, რომ სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვა უნდა მოხდეს ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით და შენატანების განხორციელებისას კი პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული ჯარიმა (თუ ასეთი არსებობს), შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა.

 

ამდენად მოთხოვნა პროცენტზე ჯარიმის 798.47 ლარის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს პროცენტზე ჯარიმის დარიცხვას და სესხის ხელშეკრულებითაც არაა გათვალისწინებული რაიმე სახის დამატებითი ვალდებულებები, სესხის ამონაწერის თანახმად მოპასუხე ნ---- ს---–-------- მიერ გადახდილი თანხები 629.14 ლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელის მიერ ჩათვლილია როგორც ჯარიმა პროცენტზე, უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის გადახდად და გამოაკლდეს ძირ თანხას. მოპასუხე მხარეს კი სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ მას დეკემბრის ჩათვლით აქვს გადახდილი თანხები და მისი გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 3355 ლარს, წარმოდგენილი ვერ იქნა. შესაბამისად მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 4867.18 ლარით.

 

6.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სესხის და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხე ნ---- ს---–--------, თ---------- ვ------–-–---–-ს, ნ--- ქ----–---- დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 5904.83 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4867.18 ლარი, პროცენტის თანხა- 974.91 ლარი და პირგასამტეხლო - 62.74 ლარი.

 

ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე 1992.22 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე მხარეები თავისუფალი არიან 4329.91 ლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც პროპორციულად შეადგენს 130.90 ლარს, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს - მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე 1574.92 ლარის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება, რაც პროპორციულად შეადგენს 47.60 ლარს.

 

არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–-ს“ სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის 1992.22 ლარის ნაწილში და ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 59.50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 257-ე 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1 სს ლ------ კ-------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

2. მოპასუხეებს ნ---- ს---–-------ს (პ/ნ 4----------), თ---------- ვ------–-–---–- (პ/ნ 1----------), ნ--- ქ----–---ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ლ------ კ-------–-ს“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 5904.83 ( ხუთი ათას ცხრაას ოთხი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 4867.18 ლარს, პროცენტი 974.91 ლარს, ჯარიმა 62,74 ლარს.

3. მოპასუხეებს ნ---- ს---–-------ს (პ/ნ 4----------), თ---------- ვ------–-–---–- (პ/ნ 1----------), ნ--- ქ----–---ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ლ------ კ-------–-ს“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 47.60 (ორმოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა.

3.1 მოსარჩელე სს ,,ლ------ კ-------–-“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 130.90 (ას ოცდაათი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით. ბაჟის გადახდის თარიღია 2019 წლის 06 მაისს, საგადასახადო დავალება N639, სახაზინო კოდი 300193150.

3.2. მოსარჩელე სს ,,ლ------ კ-------–-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი59.50 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ელენე ოსაძე