განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
160100119003087739
დავის ტიპი
151
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003087739

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/250-19 16 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031040719001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სალომე ქემაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სოფიკო ფცქილაძე, სამველ ჩობანიანი

 

ბრალდებული: ი------- ე--------

მამის სახელი: ხალიდ

დაბადებული: 1980 წლის 8 თებერვალი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, სოფელი ყიზილაჯლო

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ი------- ე-------მა, 2019 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. მარნეულში, გუდიაშვილის ქუჩა N8-ში მდებარე სახლში, ორჯერ მუშტის და ერთხელ გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ----- ა-–---ას. ი------- ე--------ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ლ----- ა-–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. მარნეულში, გუდიაშვილის ქუჩა N8-ში მდებარე სახლში, ალკოჰოლური სასმელის დალევასთან დაკავშირებით მიცემული შენიშვნით გაღიზიანებულმა, ი------- ე-------მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ----- ა-–---ას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ლ----- ა-–---ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. ი------- ე--------, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ----- ა-–---ას, დაკავებამდე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 03 ივლისს კი, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. მარნეულში, გუდიაშვილის ქუჩა N8-ში მდებარე სახლში, მან ყელში ხელის მოჭერის და დანით მარცხენა ხელის შუა თითზე დაზიანების მიყენების გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ----- ა-–---ას. ი------- ე--------ს ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ----- ა-–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ი------- ე-------- არის ლ----- ა-–---ას მეუღლე და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N004805019 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (07.07.2019წ) ლ----- ა-–---ას აღნიშნება სისხლჩაქცევა ცხვირზე, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მტევნის მესამე თითის დისტალური ფალანგის შიგნითა ზედაპირზე. სისხლჩაქცევა განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, ორივე დაზიანება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ლ----- ა-–---ას გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის ლ----- ა-–---ას სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 4 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით (დანა) დადგენილია, რომ ი------- ე-------მა მეუღლის ლ----- ა-–---ას მიმართ განახორციელა ძალადობა (2019 წლის 01 ივლისის ეპიზოდი) და ასევე განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა (2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდი).

 

2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 4 ივლისის დაზარალებულ ლ----- ა-–---ას გამოკითხვის ოქმის თანახმდ, დაზარალებული განმარტავს, რომ 2019 წლის 3 ივლისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი------- ე-------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ეუბნებოდა რომ მოკლავდა. ლ----- ა-–---ამ აღნიშნული აღიქვა რეალურად და ჩათვალა რომ ი------- ე-------ს შესაძლოა მართლაც მუქარა სისრულეში მოეყვანა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულ ლ----- ა-–---ას გამოკითხვის ოქმით და საქმეში წარმოდგენული მტკიცებულებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ ი------- ე-------მა მეუღლის - ლ----- ა-–---ას მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი------- ე-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ (სამი ეპიზოდი).

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი------- ე--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი------- ე--------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ლ----- ა-–---ას გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის ლ----- ა-–---ას სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 4 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება (დანა), სამედიცინო ექსპერტიზის N004805019 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი------- ე--------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი------- ე--------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი------- ე-------მა ლ----- ა-–---ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ ი------- ე-------- აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ გარემოებას რომ ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალი არის ბრალდებული. ი------- ე-------- მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ი------- ე-------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც ასევე უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ხოლო სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით ი------- ე-------ს, საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ხოლო იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ი------- ე-------ს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხი:

 

6.1 საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ბიოლოგიური ჩხირი მოწითალო ფერის ლაქებით, სამზარეულოს დანა და ბიოლოგიური ჩხირი ნერწყვის ნიმუშით უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი------- ე-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ი------- ე-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ი------- ე-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი მას დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

ი------- ე-------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

ი------- ე-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ი------- ე--------ს - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ბიოლოგიური ჩხირი მოწითალო ფერის ლაქებით, სამზარეულოს დანა და ბიოლოგიური ჩხირი ნერწყვის ნიმუშით - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე