გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2019
საქმის ნომერი
211210019002887883
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN211210019002887883 №2-17/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.09.2019 წელი დ.ხულო

შესავალი ნაწილი

ხულოს მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი მაყვალა ხიმშიაშვილი

მოსარჩელე ნო---რ ოქრ-------ძე

წარმომადგენელი შა---ო პა---ე

მოპასუხე და---- ირ---ძე

წარმომადგენელი პა---ა ბერ--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე და---- ირ---ძეს დაეკისროს მოცვის ნაყოფის დამზადებისა და საწარმოში მიტანისათვის გადაცემული 4 000 ლარიდან დარჩენილი თანხის 2 775 ლარის ოდენობით თანხის გადახდა, მოსარჩელე ნო---რ ოქრ-------ძის სასარგებლოდ.

 

1.2 დაეკისროს მოპასუხე და---- ირ---ძეს მოსარჩელის მიერ ადვოკატისთვის გადახდილი იურიდიული მომსახურების თანხის გადახდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სარჩელს მხარს უჭერს. ადასტურებს, რომ და---- ირ---ძეს მოცვის დასამზადებლად გადაურიცხა 4000 ლარი, აღნიშნული თანხით უნდა შეესყიდა მოსახლეობისგან 30 ლარში ერთი კგ. მოცვი. თვითონ კი გადაუხდიდა 35 ლარს. როდესაც თანხა აიღო და---- ირ---ძემ, მას შემდეგ აღარ უპასუხა ნო---რ ოქრ-------ძის ზარებს მობილურ ტელეფონზე, გავიდა დრო დაახლოებით 20 დღე და მოცვის შეძენა გაძვირდა და როდესაც შეხვდა პირადად და---- ირ---ძეს უთხრა, რომ აღნიშნული 4000 ლარიდან მიეტანა 77 კგ მოცვი რაც შეადგენდა 48 ლარს კგ. მოცვზე. აღნიშნული თანხიდან მოიტანა 35 კგ მოცვი და უნდა მოეტანა 42 კგ, რის შემდგომაც აღარ მიუტანა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე მხარემ მასთან დაარღვია შეთანხმება და ნედლ მასალაში, კერძოდ მოცვის ნედლ ნაყოფში უნდა გადაეხადა 70 თეთრი 1 კგ-ზე და გადაუხადა 45 თეთრი, რა დროსაც ზარალმა შეადგინა 8.5 ტ. მოცვზე 2125 ლარი. ხოლო სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ნამდვილად გადაურიცხა მას ნო---რ ოქრ-------ძემ მოცვის დასამზადებლად 4000 ლარი, უნდა დაემზადებინა მოცვი 30 ლარში, მაგრამ ფასები იცვლებოდა და ვერ შეძლო იმ ფასში მოცვის შეძენა. შემდგომში დაუკავშირდა და აცნობა ნო---რ ოქრ-------ძეს, რომ ფასები იყო გაზრდილი. როდესაც ნახა 35 ლარში მოცვი შეისყიდა მოსახლეობისგან 51 კგ მოცვი და მიუტანა ნო---რ ოქრ-------ძეს, შემდგომ კვლავ შეიძინა 35 კგ მოცვი 47 ლარში და ისიც მიტანილი აქვს. ნო---რ ოქრ-------ძეს პირიქით მოგების ფასი კგ მოცვზე დასამატებელი აქვს 5-5 ლარი, შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელე ნო---რ ოქრ-------ძესა და მოპასუხე და---- ირ---ძეს შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ და---- ირ---ძეს მოცვის დამზადებისათვის გადაურიცხა 4000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თანხის გადარიცხვის ქვითრები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთ შორის სადავოა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მოპასუხე და---- ირ---ძეს დარჩენილი აქვს 2 775 ლარის ვალდებულება, მან არ შესრულა პირობა კეთილსინდისიერად და ნებაყოფილებით არ იხდის დარჩენილ დავალიანებას.

 

მოპასუხე მხარე ადასტურებს 4000 ლარის მასზე ჩარიცხვის ფაქტს, თუმცა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით საპირისპიროს განმარტავს, აცხადებს რომ პირიქით, მოსარჩელეს აქვს დარჩენილი დავალიანება, მასზე მიტანილი ჰქონდა 51 კგ მოცვი, რომლის ღირებულება არ აქვს გადახდილი.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა.

 

მახარეები თავიანთი არგუმენტების დასადასტურებლად ძირითადად მხოლოდ ზეპირ განმარტებას ეყრდნობიან, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა თეი-----აზ ად--ე, რომელმაც განმარტა, რომ და---- ირ---ძემ და მან ერთად შეისყიდეს 51 კგ მოცვი და მიუტანეს ნო---რ ოქრ-------ძეს, ხოლო სხვა მოცვი მას არ მიუტანია და არ იცის ამ ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებით ვერ დასტურდება მხარეთა შორის 2018 წლის 08 ოქტომბერს დადებული შეთანხმების მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტი. დგინდება, რომ ეს მოქმედება შესრულებულია 2018 წლის 8 ოქტომბრამდე. ხოლო ეს დავა ეხება 4000 ლარის ჩარიცხვიდან გამომდინარე პირობის შესრულებას. მოპასუხეს არ შემოუტანია შეგებებული სარჩელი და არც სხვა ფორმით ვალის გაქვითვა მოუთხოვია, ამიტომ მოპასუხის მიერ აღნიშნული ადრე ჩაბარებული 51 კგ. მოცვი ამ დავასთან შემხებლობაში არ არის.

 

რაც შეეხება მოთხოვნილი 2 775 ლარის დაკისრებას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხე და---- ირ---ძეს მოცვის დამზადებისა და საწარმოში მიტანისათვის გადასცა 4000 ლარი. მხარეები შეთახმდნენ, რომ კილოგრამში ნო---რ ოქრ-------ძე გადაიხდიდა 35 ლარს. მოსარჩელე თვითონ აცხადებს და ამტკიცებს რომ და---- ირ---ძემ მიაწოდა 35 კგ. მოცვი, ხოლო 42 კგ მოცვი აღარ მიუტანია. განმარტებით დადგენილია, რომ ისინი შეთანხმებული იყვნენ კილოგრამში 35 ლარის გადახდაზე. შესაბამისად მოპასუხეს გადასახდელი რჩება 42 კილოგრამის ღირებულება, რაც შეადგენს 35X42=1470 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა და---- ირ---ძეს დღემდე არ აქვს დაბრუნებული ზ/აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოწმის ჩვენება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ: და---- ირ---ძეს უნდა დაეკისროს ნო---რ ოქრ-------ძის სასარგებლოდ 1470 ლარის ოდენობით გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხე და---- ირ---ძეზე თანხის დაკისრებას დაკისრებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ სრულყოფილად არ შეასრულა ვალდებულება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სრულყოფილად არ შესრულა ვალდებულება, შეთანხმებული ოდენობიან არ მიაწოდა 42 კგ. შესაბამისად მოპასუხეს გადასახდელი რჩება 42 კილოგრამის ღირებულება, რაც შეადგენს 35X42=1470 ლარს და აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ანუ 50 ლარით ზედმეტი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თანაბრად უნდა განაწილდეს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები; მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარის ანაზღაურება. ხოლო საადვოკატო მომსახურების ხარჯები მხარეებს არ უნდა დაეკისროთ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნო---რ ოქრ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე და---- ირ---ძეს (პ/ნ 61009021024) დაეკისროს ნო---რ ოქოპირ--ის სასარგებლოდ 1470 ( ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ნო---რ ოქრ-------ძეს საქმეზე სს ,,თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან დაუბრუნდეს 50 ლარი. (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 07.03.2019 წელი, საგადასახადო დავალება N0)

 

4. მოპასუხე და---- ირ---ძეს დაეკისროს მოსარჩელე ნო---რ ოქრ-------ძის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე