გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2019
საქმის ნომერი
101210019003148128
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 101210019003148128

# 2/196-2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

17.09.2019წ. ქ. საჩხერე

 

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე: თე-----–----–--ე

წარმომადგენელი: გო----------------ე

მოპასუხე: აკ-----–----ე

წარმომადგენელი: თე---------–-–---–ი

 

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოში 2019 წლის 15 აგვისტოს შემოტანილი იქნა თე-----–----–--ის (პ.ნ. 54--------4; მის: ჭიათურა, 9-------–------------ა) სარჩელი, მოპასუხე აკ-----–----ის (პ.ნ. 54--------2; მის: ჭიათურა, სოფელი ზ----ი) მიმართ, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით იგი 2011 წლიდან 2019 წლის იანვრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აკ-----–----ესთან; თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მა--------–----ე (დაბ.0--------2წ) და ბა---------–----ე (დაბ. 3--------3 წ); ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე მხარეები დაშორდნენ და ერთად აღარ ცხოვრობენ, ბავშვები ამჟამად იმყოფებიან მოსარჩელესთან. დაშორების შემდეგ მოპასუხე ყურადღებას არ აქცევს შვილებს და არ უწევს სათანადო დახმარებას, თუმცა იგი მუშაობს შპს „ჯეოლაინში“ და აქვს სტაბილური შემოსავალი;

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილების: მა-----ი და ბა---------–----ეების სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარი ყოველთვიურად გადახდა, სარჩელის შეტანის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით არის უმუშევარი, არავითარი შემოსავალი არ გააჩნია და ვერანაირ თანხას ვერ გადახდის ალიმენტის სახით, შეძლებისდაგვარად ეცდება დაეხმაროს თავის შვილებს მა-----ი და ბა---------–----ეებს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ მცდელობა მორიგებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ვერ შეთანხმდნენ მოცემულ დავაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე თე-----–----–--ე (პ.ნ. 54--------4) და მოპასუხე აკ-----–----ე (პ.ნ. 54--------2) იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2011 წლიდან; მოცემული დროისათვის მოსარჩელე თე-----–----–--ე თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ჭიათურა, 9-------–------------ა-ში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მა--------–----ე (დაბ.0--------2წ , პ/ნ 54--------1) და ბა---------–----ე (დაბ. 3--------3 წ პ/ნ 6---------5);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- დაბადების მოწმობები (ს.ფ.15-16);

3.2.3. დადგენილია, რომ აკ-----–----ე ცხოვრობს სოფელში, თანასაკუთრებაში გააჩნია სასოფლო სამეურნეო მიწა. იგი მუშაობდა ხის ცეხში. მისივე განმარტებით თვეში 800 ლარამდე ჰქონდა ზოგჯერ ხელფასი. აკ-----–----ე მისი განმარტებით არის სრულიად ჯანმრთელი და შრომისუნარიანი. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ მუშაობს. იგი ურიცხავდა სხვა და სხვა თანხას მეუღლეს ბავშვებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აკ-----–----ეს სარჩელის აღძვრის დღიდან 2019 წლის 15 აგვისტოდან თავისი არასრულწლოვანი შვილების მა--------–----ის (დაბ.0--------2წ; პ/ნ 54--------1) და ბა---------–----ის (დაბ. 3--------3 წ; პ/ნ 6---------5) სარჩენად თე-----–----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 100- 100 ლარის (სულ 200 ლარის) გადახდა მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე .

 

5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1212-ე , 1213-ე, 1214 მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.2. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

6.3.ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის შესაბამისად იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

6.6. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე შრომისუნარიანია , შეუძლია იმუშაოს, მას ხელფასი დაახლოებით 800 ლარამდე ჰქონდა. აქვს სასოფლო სამეურნეო მიწები; თე-----–----–--ე არ მუშაობს და ბავშვები ისეთ ასაკში არიან, რომ ისინი მუდმივად საჭიროებენ მშობლის ყურადღებას. იგი თავის თავზე იღებს შვილების მოვლასა და აღზრდას. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით თანხა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იყოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, მოცემულ ეტაპზე არის 100 ლარი თითოეულ ბავშვზე.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

6.7. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გონივრული შეფასების ფარგლებში და აკ-----–----ეს უნდა დაეკისროს თავისი ბავშვების რჩენა -აღზრდისათვის ალიმენტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ”იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია. ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე არ ცნო სარჩელი, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 36(ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თე-----–----–--ის (პ.ნ. 54--------4) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აკ-----–----ეს (პ.ნ. 54--------2) სარჩელის აღძვრის დღიდან 2019 წლის 15 აგვისტოდან თავისი არასრულწლოვანი შვილების მა--------–----ის (დაბ.0--------2წ; პ/ნ 54--------1) და ბა---------–----ის (დაბ. 3--------3 წ; პ/ნ 6---------5) სარჩენად თე-----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 100 (ასი)- 100(ასი) ლარის (სულ 200 ლარის) გადახდა მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე .

 

2. თე-----–----–--ის (პ.ნ. 54--------4) სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. აკ-----–----ეს (პ.ნ. 54--------2) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით (კოდი 300263150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქ. N41).

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი