გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210019002903786 (2-144/19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი . 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - შპს ,,ქ----“
წარმომადგენელი - რ-----–----ე
მოპასუხე - ქედის მუნიციპალიტეტი (მერია)
წარმომადგენელი ს---–------------ე, ნ--------------ე
დავის საგანი: პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტს დაეკისროს უკანონოდ დაკავებული ჯარიმის თანხის 6800 ლარის მოპასუხეზე ანაზღაურება.
1.2. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტს შპს ,,ქ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 22851.03 ლარის უკანონოდ სამი თვის განმავლობაში დაკავებით მიყენებული ზიანის თანხის - 2056.59 ლარის ანაზღაურება.
1.3. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტს შპს ,,ქ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2659,69 ლარი.
1.4. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტს შპს ,,ქ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯები სადაო თანხის 4%, 354,26 ლარი.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე :
2017 წლის 13 სექტემბერს შპს ,,ქ----“-სა და ქედის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში NAT 1-------- ხელშეკრულება N1--. ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორომხეთის წყლის სისტემის მაგისტრალის სამუშაოების შესყიდვა ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 136 000,99 ლარს. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაისროლა სახელშეკრულებო მისამართზე და შეუდგა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებას, მიმწოდებელი სამუშაოებს ახორციელებდა მაღალხარისხიანად, რასაც ადასტურებს შემსყიდველის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები.
მიმწოდებელმა შპს ,,ქ----“-მ პირველი ეტაპით განსაზღვრულ სახელშეკრულებო ვადაში, კერძოდ: 2017 წლის 06 სექტემბრამდე შეასრულა და შემსყიდველს მიაწოდა, მთლიანი ღირებულების 52,43 პროცენტი - 71 311,73 ლარის სამუშაოები, ასევე გადაჭარბებით შესრულდა მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სულ 27,85 პროცენტი - 37 877,04 ლარის სამუშაოები. შემდგომ პერიოდში სამუშაოები გრძელდებოდა საკმარისი ტემპით მაგრამ კლიმატური პირობების და შესასრულებელი სამუშაოების ტერიტორიის რელიეფური მდგომარეობის გამო ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2018 წლის 30 მაისამდე. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2018 წლის 06 იანვრის ცვლილება N 3, სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,2017 წლის 23-24 ნოემბერს და მის შემდეგ მოსულმა თოვლმა შეუძლებელი გახადა დარჩენილი სამუშაოების დასრულება. სამუშაოების სრულად დასასრულებლად დარჩენილია ოთხი წნევაჩამხშობი ჭის თავისი სახურავებით და გამანაწილებელი ავზის მონტაჟი. ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულება ადგილის რელიეფიდან გამომდინარე და დიდთოვლობის გამო ამ ეტაპისათვის შეუძლებელია. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 30 მაისამდე“. ასევე ამავე ცვლილებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 01 ივლისამდე (30 ივნისის ჩათვლით).
დარჩენილი მცირე ღირებულების სამუშაოები მიმწოდებლის შპს ,,ქ----“-ს მიერ შესრულებული იქნა სრულად. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მიმწოდებელმა მაგისტრალის გამავალი ხაზის კლდოვან მონაკვეთზე, ბოგირის ნაცვლად გაჭიმა იგივე დიამეტრის მავთული და შესაბამისად არ იქნა დამონტაჟებული სამაგრი ბოძები. აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელმა 2018 წლის 20 აგვისტოს მიმართა შემსყიდველს წერილით და წარუდგინა საპროექტო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა საინჟინრო დასაშვებობის შესახებ. შემსყიდველმა აღნიშნული სამუშაოების, კერძოდ ბოგირის გაჭიმვისა და სამაგრების მოწყობის სამუშაოების ღირებულება კერძოდ 1267,81 ლარი შესრულებულად არ ჩათვალა, მისი ღირებულება ასანაზღაურებელი ფორმა N 2-ში გაანულა სრულად და უარი თქვა მის ანაზღაურებაზე. აღნიშნული სანქცია ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საკმარისად არ ჩათვალა, მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად ხელშეკრულების მე-15-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაგვაჯარიმა სახელშეკრულებო ღირებულების 5 პროცენტით 6800 ლარის ოდენობით, რომელიც ზემოთნახსენებ 1267,81 ლართან ერთად დაგვაკლო საბოლოო ანგარიშსწორებისას. შემსყიდველმა ყურად არ იღო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების (განყოფილების უფროსი ს---–------------ე) სრულიად სამართლიანი რეკომენდაცია, რომელშიც არ გაიზიარა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს სხდომის ოქმი N 4---თ განსაზღვრული რეკომენდაცია შპს ,,ქ----“-სთან სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლებელი იყო, რადგანაც მას ვადა გაუვიდა 2018 წლის 30 ივნისს და ორი თვის წინ შეწყვეტილი (ანუ უკვე არ არსებული) ხელშეკრულების შეწყვეტა აღარ შეიძლებოდა, რადგანაც მან ძალა დაკარგა და ავტომატურად ითვლება შეწყვეტილად. აღნიშნული ქმედებით ქედის მუნიციპალიტეტმა დიდი ხნით გააჭიანურა შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა და არ გადაიხადა კუთვნილი 6800 ლარი.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონოდ დაუკავა მესამე ბოლო ტრანშით განსაზღვრული თანხა 22 851,03 ლარი სამი თვის განმავლობაში, რითაც მიაყენა ეკონომიური ზარალი ხელშეკრულების 15,3 პუნქტით განსაზღვრული ზიანი დღეში 0,1 %-ის ოდენობის 22 581,03 ლარიდან 22,85 ლარი დღიურად. ანუ სულ მიაყენა 22,8X90=2056,59 ლარის ზიანი. მოსარჩელე ითხოვს დასახელებული თანხების მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მიცემული განმარტებებით შპს ,,ქ----“-ს სარჩელის მოთხოვნას არ ცნობენ და მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე :
შპს ,,ქ----“-ს სამუშაოების შესრულების ვადებში არა აქვს წარმოდგენილი საპროექტო ორგანიზაციის მიერ გამოცემული თანხმობა წერილობითი ფორმით, არამედ მან 2018 წლის 20 აგვისტოს წერილით წარმოადგინა მხოლოდ მისი მოსაზრება აღნიშნული გარემოების ფაქტის შესახებ. რომელიც კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რადგან ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები ითვალისწინებდა ლითონის ბაგირის გაჭიმვას და სამაგრი ბოძების დამონტაჟებას, მაგრამ მის ნაცვლად მიმწოდებელმა შპს ,,ქ----“-მ გაჭიმა მავთული და არ დაამონტაჟა სამაგრი ბოძები, აღნიშნული სამუშაოების ამგვარი სახით განხორციელება არ იყო შეთანხმებული შემსყიდველთან - ქედის მუნიციპალიტეტთან, შესაბამისად კომისიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს სამუშაოები არაჯეროვნად იქნა მიჩნეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის გამო. აქედან გამომდინარე კომისიამ უარი განაცხადა კონკრეტულად ამ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე.
ხელშეკრულების მე-8-ე მუხლის 8.2 პუნქტის თანახმად თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ქ----“-ს მხრიდან არ განხორციელებულა. მისი განმარტებით ასევე მნიშვნელოვანი გარემოება გამორჩა ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების დროს, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მიმწოდებელმა განზრახ აარიდა თავი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას.
შპს ,,ქ----“-ს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი ხელშეკრულებით N 1-- გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება კომისიის მიერ მიღების დროს აღმოჩენილი იქნა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობები, რაზედაც კომისიამ მიმწოდებელს შპს ,,ქ----“-ს აცნობა წერილობით აღმოჩენილი შეუსაბამობის ხარვეზების შესახებ და მისი დაუყონებლივ მოწესრიგების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შპს ,,ქ----“-ს მიერ არ იქნა აღმოფხვრილი, რაც წერილობით იქნა დადასტურებული, ხოლო კომისიის მიერ გამოთქმული შეუსაბამობების გამოსწორებაზე მიმწოდებელმა უარი განაცხადა. რამაც განაპირობა კომისიის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შეფასება. აქედან გამომდინარე ხელშეკრულების მე-15.1 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს ,,ქ----“-ს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაეკისრა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობა - 6800 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 05 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ქ----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთის წყლის სისტემის მაგისტრალის მშენებლობის თაობაზე. შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 136 000,99 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 07 ივლისის N 1-- ხელშკრულება.
3.1.2. შესრულებულ სამუშაოთა მიღება ჩაბარების აქტებითა და ფორმა 2-ით დგინდება, რომ მიმწოდებელმა 2017 წლის 06 სექტემბრამდე შეასრულა და შემსყიდველს მიაწოდა, პირველი ეტაპით გათვალისწინებული მთლიანი ღირებულების 52,43 პროცენტი - 71 311,73 ლარის სამუშაოები, მეორე ეტაპით გათვალისწინებული 37 877,04 ლარის ღირებულების სამუშაოები , 27,85 პროცენტი. მეორე ეტაპის ვადაგადაცილება არის 15 დღე და დარღვევის პირგასამტეხლომ შეადგინა 816 ლარი, რაც გადახდილი იქნა მიმწოდებლის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება ჩაბარების აქტები
- შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.3. 2018 წლის 06 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება N 3-ის საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2018 წლის 30 მაისამდე. ვადის გაგრძელებას დაედო საფუძველი: ,,2017 წლის 23-24 ნოემბერს და მის შემდეგ მოსულმა თოვლმა შეუძლებელი გახადა დარჩენილი სამუშაოების დასრულება. სამუშაოების სრულად დასასრულებლად დარჩენილია ოთხი წნევაჩამხშობი ჭის თავისი სახურავებით და გამანაწილებელი ავზის მონტაჟი. ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულება ადგილის რელიეფიდან გამომდინარე და დიდთოვლობის გამო ამ ეტაპისათვის შეუძლებელია. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 30 მაისამდე“. ასევე ამავე ცვლილებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 01 ივლისამდე (30 ივნისის ჩათვლით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 06 იანვრის შეთანხმება
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.4. შპს ,,ქ----“-ს 2018 წლის 1 ივნისის N15 მიმართვით ქედის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ 2017 წლის 07 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების საფუძველზე დასრულებულია სოფელ კორომხეთი-კოლოტაურის წყლის სისტემის მაგისტრალის დარჩენილი 26812.22 ლარის სამშენებლო სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,ქ----“-ს 2018 წლის 1 ივნისის წერილი.
3.1.5. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N 0------ წერილით შპს ,,ქ----“-ს უარი ეთქვა წარმოდგენილი ფორმა 2-ით სამუშაოების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები არ ემთხვევა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N 0------ წერილი.
3.1.6. შპს ,,ქ----“-ს მიერ აღმოფხვრილი იქნა მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ ხარვეზები, რის შესახებაც ეცნობა 2018 წლის 20 აგვისტოს წერილით და აღინიშნა, რომ კლდოვან ტერიტორიაზე შეუძლებელი შეიქმნა ლითონის კონსტრუქციების ჩაბეტონება და ამის გამო კლდის არეზე ბაგირის ნაცვლად 6 მმ-იანი უჟანგავი მავთული იქნა გამოყენებული. სამუშაოები მთლიანად შესრულებულია და მოსახლეობა უწყვეტად ღებულობს წყალს.
2018 წლის 31 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს სხდომის ოქმი N---თ მიჩნეული იქნა რომ სამუშაოები არასრულყოფილად არის შესრულებული. ბაგირისა და სამაგრის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არის 1267.81 ლარით ნაკლები , რაც უნდა გაექვითოს გასაცემი ღირებულებიდან 26812.ლარიდან, ასევე არაჯეროვნად შესრულებისათვის დაექვითა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტი 6800 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,ქ----“-ს 2018 წლის 20 აგვისტოს წერილი.
-ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმი N--.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ ხელშეკრულებით განსზღვრული ვალდებულებების შესრულების ფაქტს, უდავოა, რომ ხელშეკრულების ბოლო ეტაპი დადგენილ ვადაში არ იქნა შესრულებული და მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა, ასევე მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შესრულებულია ხელშეკრულები გათვალისწინებულზე 1267.81 ლარით ნაკლები ღირებულების სამუშაოები.
სადავოა პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, სამუშაოები დროულად და ხარისხიანად იქნა შესრულებული, ბოლო ეტაპის ვადის გაგრძელება ბუნებრივი პირობებით იყო გამოწვეული და მხარეს პრეტენზია არ განუცხადებია, მეორე ეტაპის დაგვიანებისათვის დაკისრებული ჯარიმა გადახდილია, ხოლო ბოლო ეტაპზე უფრო მყარი საშუალებით ბაგირის ნაცვლად უჟანგავი მავთულის გამოყენება და ამ გზით ხარჯის შემცირება არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების დარღვევად და არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ამ პოზიციას და განმარტავენ რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნა ზუსტად ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და დაეკისრა მთლიანი ღირებულების 5 პროცენტი. შესრულებულ სამუშაოთა ცვლილება არ იყო შემსყიდველთან შეთანხმებული, რაც წარმოადგენს დარღვევას, ასევე დაგვიანებით იქნა შესრულებული მთლიანი სამუშაოები, რაც წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი პირგასამტეხლო - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 5% -ს დაანგარიშება შეუსაბამოა და პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა განისაზღვროს შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულების 5 პროცენტი, რაც იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,ქ----”-ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 401,402, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მან შეასრულა 2017 წლის 05 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთის წყლის სისტემის მაგისტრალის მშენებლობის თაობაზე, მისაღები აქვს შესრულებულ სამუშაოთა თანხის ნაწილი, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით წარმოადგინა სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს იმ თანხის დაკისრებით დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
სასამართლო განმარტავს, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ის ხშირად გამოდის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. თუ მისი მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, ასეთი მიზნით მის მიერ დადებული ყველა გარიგება სამოქალაქო გარიგებაა და მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნები. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 05 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ქ----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთის წყლის სისტემის მაგისტრალის მშენებლობის თაობაზე. შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 136 000,99 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შპს ,,ქ----“-მ 2017 წლის 06 სექტემბრამდე შეასრულა და შემსყიდველს მიაწოდა, პირველი ეტაპით გათვალისწინებული მთლიანი ღირებულების 52,43 პროცენტი - 71 311,73 ლარის სამუშაოები, მეორე ეტაპით გათვალისწინებული 37 877,04 ლარის ღირებულების სამუშაოები , 27,85 პროცენტი. მეორე ეტაპის ვადაგადაცილება არის 15 დღე და დარღვევის პირგასამტეხლომ შეადგინა 816 ლარი, რაც გადახდილი იქნა მიმწოდებლის მიერ. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2018 წლის 30 მაისამდე.
6.4. სახელმწიფო შესყიდვების შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის მერია არის შემსყიდველი (დამკვეთი). შპს ,,ქ----“ მიმწოდებელია (შემსრულებელი). ანუ შპს ,,ქ----“-მ უნდა განხორციელოს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთის წყლის სისტემის მაგისტრალის მშენებლობა. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა რეგულირდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
აღნიშნული კოდექსის 636-ე მუხლით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
დადგენილია, რომ მიმწოდებლის, შპს ,,ქ----“-ს მიერ 2018 წლის 1 ივნისის N15 მიმართვით ქედის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ 2017 წლის 07 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების საფუძველზე დასრულებულია სოფელ კორომხეთი-კოლოტაურის წყლის სისტემის მაგისტრალის დარჩენილი 26812.22 ლარის სამშენებლო სამუშაოები. ასევე დადგენილია, რომ სამუშაოები შესრულდა ხარვეზით, რაც შემდგომში იქნა აღმოფხვრილი, თუმცა საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულება არის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 1267.81 ლარით ნაკლები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 30 მაისამდე, რაც დადგენილ დროში შესრულდა ხარვეზით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 1267.81 ლარით ნაკლები.
სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
ამავე კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროულად შესრულების დროსაც.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ შპს ,,ქ----”-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულებები, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების მე-17-ე მუხლით განსზაღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს.
როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და განსაზღვრული ოდენობით, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–896–846–2015 აღნიშნულია, რომ ,,სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ {სსკ-ის 8.3 მუხლი}. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები“ {სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი}. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.“
უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–973–914–2012 აღნიშნა, რომ “პირგასამტეხლოს ოდეობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები”. მსგავსად განმარტა საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის წესი 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ას–169–162–2013.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, გამომწვევ მიზეზს და მიიჩნევს , რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრა მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან გამოდინარე, კანონშეუსაბამოა და შპს ,,ქ----“-ს დაგვიანებისა და შეუსრულებელ ღირებულებათა გამო პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ღირებულების - 1267,81 ლარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5% პროცენტი, რაც შეადგენს - 63,39 ლარს. აღნიშნული უნდა გამოაკლდეს გაუცემელ 6800 ლარს და დანარჩენი თანხის - 6736.61 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიას.
6.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით 2056.59 ლარის მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიაზე დაკისრების თაობაზე, რამდენადაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დადგინდებოდა ზიანის მიყენების ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში –განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელე შპს ,,ქ----“-ს სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 265.69 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება იმ პროპორციით, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, რაც სეადგენს 202 ლარს.
მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯების, იურიდიული მომსახურებისათვის 354,26 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას, თუმცა არ არის წარმოდგენილი ქვითარი ან სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტს, შესაბამისად მოპასუხეს არ ეკისრება აღნიშნული თანხის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. შპს ,,ქ----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .
2. ქედის მუნიციპალიტსა და შპს „ქ----“-ს შორის 2017 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ქ----“-ზე განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს შეუსრულებელი სამუშაოს - 1267,81 ლარის 5 %, - 63,39 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტს (მერიას) (საიდენტ. N 2---------) მოსარჩელე შპს ,,ქ----“-ს (სადენტ. N 4--------- სასარგებლოდ დაეკისროს მათ შორის 2017 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებეული სამუშაობის აუნაზღაურებელი თანხის - 6736.61 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე შპს „,,ქ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ 202 ლარის გადახდა.
5. შპს ,,ქ----“- ს სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (ეს წესი არ მოქმედებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად გადაეგზავნება გადაწყვეტილება) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე