გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2/472-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ზ------ გ------–--ე;
წარმომადგენელი - კ-------------–ი;
მოპასუხე - გ------- ჯ------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ------- ჯ------ეს მოსარჩელე ზ------ გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 37000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–---------–--ის განაჩენით გ------- ჯ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად. ამჟამად მოპასუხე იმყოფება თავისუფლებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ------ გ------–--ე, როგორც დირექტორი, პასუხისმგებელი იყო თანხების სიზუსტეზე და ბანკის მოქმედი პროცედურების შენახვაზე მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრა მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, სალაროს დანაკლისზე გახდა პასუხისმგებელი. დაიწყო სასამართლო წარმოებაც, თუმცა შეწყდა მოსარჩელის მიმართ, ბანკთან მორიგების გამო. კერძოდ, 2016 წლის 21 სექტემბრის მორიგების აქტის თანახმად, სს ,,ლ-------ი ბანკის’’ მიმართ მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული იქნა 37 000 ლარი, ანუ ფაქტობრივად ბანკის წინაშე მისი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახდა მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედება, რითაც ამ უკანასკნელმა ბანკს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი და რომლის ნაწილის ანაზღაურება განხორციელდა ზ------ გ------–--ის მიერ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–---------–--ს განაჩენით გ------- ჯ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა რეალურადმოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად. ამჟამად მოპასუხე იმყოფება თავისუფლებაში.
3.1.2. ზ------ გ------–--ე, როგორც დირექტორი, პასუხისმგებელი იყო თანხების სიზუსტეზე და ბანკის მოქმედი პროცედურების შენახვაზე მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრა მოსარჩელის მიმართ, კერძოდ სალაროს დანაკლისზე გახდა პასუხისმგებელი. დაიწყო სასამართლო წარმოებაც, თუმცა შეწყდა მოსარჩელის მიმართ, ბანკთან მორიგების გამო
3.1.3. 2016 წლის 21 სექტემბრის მორიგების აქტის თანახმად, სს ,,ლ-------ი ბანკის’’ მიმართ მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული იქნა 37 000 ლარი, ანუ ფაქტობრივად ბანკის წინაშე ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახდა მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედება, რითაც ამ უკანასკნელმა ბანკს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი და რომლის ნაწილის ანაზღაურება განხორციელდა ზ------ გ------–--ის მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში გ------- ჯ------ის მიერ ბანკის კუთვნილი თანხების დანაშაულებრივი გზით მისაკუთრების და შესაბამისად, უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, დასტურდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და მან ნაწილობრივ აანაზღაურა ბანკისათვის გ------- ჯ------ის მიერ მიყენებული ზიანი, რითიც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, დასტურდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებითა და გადახდის ქვითრით.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ გ------- ჯ------ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მის მიერ ბანკის კუთვნილი ფულადი თანხის დანაშაულებრივი გზით მისაკუთრების გამო.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· ს----------–---------–-–---------–--ის განაჩენი N1-------;
· სასამართლოს 2----–-–-----------------ის განჩინება N2-------;
· მორიგების აქტი;
· გადახდის ქვითრები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ზ------ გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე, 979-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (მოცემულ შემთხვევაში სადავოა ფულადი სახსრები, რომლებიც მოპასუხემ მიიღო დანაშაულებრივი გზით). ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის Nას-1051-991-2015).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ქონება მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, მოპასუხის მიერ შესაბამისი ვალდებულების არსებობის გარეშე მოხდა ბანკის საკუთრებაში არსებული 37000 ლარის მისაკუთრება, ხოლო მოსარჩელეს, როგორც თავისი საქმიანობის ფარგლებში თანხების სიზუსტეზე პასუხისმგებელ პირს, დაეკისრა ბანკის მიმართ თახების ანაზღაურება. რის შედეგადაც მოპასუხის ქონება მითითებული თანხით გაიზარდა. აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. 37000 ლარის გადახდით მოსარჩელე აღსდგება თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან, მოსარცელის მიერ სარჩელის წარმოდგენის დროს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაღაურება, მოსარჩელის მიერ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისად, მოპასუხე გ------- ჯ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1110 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ------ გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ------- ჯ------ეს (პ/ნ1----------) მოსარჩელე ზ------ გ------–--ის (პ/ნ0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 37000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გ------- ჯ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1110 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი