განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
190100119003136229
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/640-19

(#021160719001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-----------------ე;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი--------------------------------, დაბადებული 09.09.1----–--–--------------–----------–------------------------------------------------–-------–----–----------–---------------------–---------------------–----------------------------------------------–----------–----------------------–----------------------------–--------------------------–-----–---------------------.

 

ადვოკატი - ა-----–-–-------ა;

 

თარჯიმანი - რ----–---------–---ა;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ი-------------------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 01 წელი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნასამართლევი იყო ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ, 2019 წლის 16 ივლისს დაახლოებით 11:00 საათზე ი-------------------მა ბანკის ვალთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, ქ. გარდაბანში, დ-----------–-----–---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს---------–------------ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა მარცხენა მკლავის ზედა ნაწილში, რის შედეგადაც ს---------–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამ ქმედებისთვის ი-------------------ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე 2019 წლის 16 ივლისს გარდაბნის შსს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს-----------–--ის მიერ დაიწყო გამოძიება, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2019 წლის 16 ივლისს, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა ქ. გარდაბანში, ა----–-----–------------ში მცხოვრები ს---------–-----------ა, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლემ ი-------------------მა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა.(ტ.1 ს.ფ.1)

 

N------- შეტყობინების თანახმად: 2019 წლის 16 ივლისს, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა ქ. გარდაბანში, ა----–-----–------------ში მცხოვრები ს---------–-----------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფას აყენებდა მისი ქმარი. (ტ.1 ს.ფ.2)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ს---------–------------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 16 ივლისს მეუღლესთან ი-----------------თან ბანკიდან აღებული კრედიტის დასაფარად ყოველთვიური ფულადი გადასახდელის გადაუხედელობის გამო მოუვიდა კონფლიქტი, (მოწმემ განმარტა, რომ კრედიტის აღების მიზნით სახლი დატვირთული აქვთ იპოთეკით ბანკში) კერძოდ, როდესაც მისი მეუღლე ი-------------------ი მივიდა სახლში, ჰკითხა რას აპირებდა ბანკში გადასახდელ ფულზე, რაზეც მეუღლემ - ი-------------------მა უპასხა, რომ ფული არ ჰქონდა და როცა ექნებოდა გადაიხდიდა, რაზეც ს---------–------------ გაბრაზდა და უსაყვედურა, რის გამოც ი-------------------მა მას ხელი დარტყა მარცხენა მკლავის არეში, რა დროსაც მან განიცადა ტკივილი და ამასთან გაუწითლდა ხელზე დარტყმის ადგილი. მოწმის განმარტებით მათ კონფლიქტს არავინ შესწრებია. აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ ს---------–-----------ამ მობილური ტელეფონით დაურეკა მის დეიდას და მასთან ერთად წავიდა პოლიციაში, სადაც განაცხადა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ განაცხადა რომ ბანკში გადასახდელი ფულის გამო იჩხუბა მეუღლესთან, რა დროსაც მეუღლემ დაარტყა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციაში არ მისულა იმისთვის რომ მისი მეუღლე დაეკავებინათ, მას უნდოდა, რომ პოლიციას მხოლოდ შენიშვნა მიეცა ი-------------------ისთვის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მასსა და ი-------------------ს შორის გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში. მოწმემ განმარტა, რომ თავის მეუღლეს აპატია მომხდარი, რადგან მისი შვილების მამაა და არ უნდა მკაცრად დაისაჯოს. (ტ.2 ს.ფ.39-42)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, თ----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს, ა-----–-–-------ას გადასცა სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტების ასლები სრულად და მიაწოდა ინფორმაცია ნივთიერი მტკიცებულებების შესახებ, რაზეც შეადგინეს ოქმი. თ----------------ს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. (ტ.2 ს.ფ.42-43)

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ი-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 01 წელი.(ტ.1 ს.ფ. 52-60)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, ბ--------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 03 აგვისტოს, გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: მოქ. ს---------–------------ს 16.07.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება 1-2 დღის ხანდაზმულობის სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

(ტ2. ს.ფ.18-21)

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან დადგენილებაში არ იყო მითითებული შემთხვევის დრო, ხანდაზმულობა განისაზღვრა დღეებით ანუ დაზიანება ხანდაზმულობით იყო არაუმეტეს 1-2 დღის. (ტ.2 ს.ფ.52-54)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ი-------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 16 ივლისს, დილით მიდიოდა სამსახურში, როდესაც მეუღლემ უთხრა, რომ გადასახდელი ჰქონდათ ბანკის გადასახადი, რაზეც უპასუხა, რომ სამუშაოდან ორ დღეში უნდა აეღო ხელფასი და როდესაც აიღებდა ხელფას გადაიხდიდა, რაც ს---------–------------ს არ მოეწონა და მის დაღუპულ, ახალგაზრდა ბიძაშვილს შეურაცყოფა მიაყენა, რაც ი-------------------მა ვერ აიტანა და ნელა დაარტყა ხელი ერთხელ მარცხენა მკლავზე (დაზიანების მიყენებაზე არ უფიქრია). მოწმემ განმარტა, რომ ძალიან ნანობს თავის საქციელს. მისივე განმარტებით მეუღლისგან შვილს გადაედო „ც“ ჰეპატიტი და სურს უმკურნალოს შვილს. მოწმემ დამატებით განმარტა რომ მას და მის მეუღლეს-ს---------–------------ს ჰყავთ ერთი საერთო ქალიშვილი (01 წლის და 03 თვის), ასევე ჰყავს 2 წლის შვილი პირველ მეუღლესგან, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე. ი-------------------მა გარდა იმისა, რომ დადასტურა მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ასვე დაადასტურა, რომ ნასამართლევია პირველ მეუღლეზე ძალადობისთვის. (ტ.2 ს.ფ.62-63)

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდუციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ა--------–---------------------------------–----------------- გამოკითხვის ოქმები, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი, ი-------------------ის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ი-------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება.

„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“

 

ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.

 

შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ ი-------------------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 01 წელი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნასამართლევი იყო ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ, 2019 წლის 16 ივლისს დაახლოებით 11:00 საათზე ი-------------------მა ქ. გარდაბანში, დ-----------–-----–---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს---------–------------ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა მარცხენა მკლავის ზედა ნაწილში, რის შედეგადაც ს---------–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-------------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია, ი-------------------ს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს არ გააჩნდა პრეტენზია.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უმისოდ ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის დისპოზიციაში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.

 

სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ი-------------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ ი-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს არ გააჩნდა მის მიმართ პრეტენზია და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხეს, ხასიათს, ასევე იმ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის დინების პერიოდში და მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - ი-------------------ის მიმართ საბოლოოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, ასევ სასამართლოს მხედველობაში იღებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება განხორციელებულია ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ დ მიაჩნია, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით სავალდებულო სწავლების კურსის გავლის შემთხვევაში შეეცვლება ძალადობრივ ქცევაზე დამოკიდებულება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20-21 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ი-------------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით) და განაჩენი მიექცეს აღსასრულებლად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც 03 (სამი) დღე მოხდილი აქვს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი-------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. ი-------------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 16 ივლისის 13:25 საათიდან;

 

3. ი-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - (გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმდეს;

 

5. ი-------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა (რომლის აღსრულება მსჯავრდებულის მიერ საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ დაევალოს პრობაციის ბიუროს).

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე