გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
140210119002884559
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210119002884559

საქმე №2/271-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - ქ------------–-----ე

მოპასუხეები - ა-–-----------–--–-----–---–ი

დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ა-–-----------–--–-----–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროდ 2016 წლის 17 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 28 198.01 ლარის გადახდა (ძირი თანხა - 17 848.48 ლარი, 3 324.26 ლარი - სარგებელი, საკომისიო - 104 ლარი, პირგასამტეხლო - 6 921.27 ლარი და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

2016 წლის 17 ნოემბერს სს „ს----------–--------სა“ და ა-–-----------–--–-----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ა-–-----------–--–-----–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 19 700 ლარის ოდენობით, 60 ვადით. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 15.17%-ით, პირგასამტეხლო - ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთჯერადად 10 ლარი და ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.

 

მსესხებელმა 2017 წლის 15 ნოემბრიდან დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ბანკის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა მის მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა, რის გამოც მისი დავალიანება 01/03/2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 28 198.01 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 17 848.48 ლარი, საკომისიო - 104 ლარი, პროცენტი - 3 324.26 ლარი, პირგასამტეხლო - 6 921.27 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი თანხის - 17 848.48 ლარის, სარგებლის - 3 324.26 ლარის და ასევე მთავას სხდომაზე საკომისიოს - 104 ლარის ნაწილში სრულად ცნო სარჩელი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 17 ნოემბერს სს „ს----------–--------სა“ და ა-–-----------–--–-----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ა-–-----------–--–-----–---–ს 60 ვადით სესხის სახით გადაეცა 19 700 ლარი. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო, წლიური საპროცენტო სარგებელი - 15.17%-ით, პირგასამტეხლო - ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთჯერადად 10 ლარი და ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.

 

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიქმნა დავალიანება 28 198.01 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 17 848.48 ლარი, საკომისიო - 104 ლარი, პროცენტი - 3 324.26 ლარი, პირგასამტეხლო - 6 921.27 ლარი.

 

მტკიცებულება:

- ცნობა დავალიანების თაობაზე;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან

 

3.2.2. მოპასუხის დავალიანების გამო სს. „ს----------–--------ის“ მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შტანილი იქნა სააპლიკაციო განაცხადი გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შესახებ და სს „ს----------–--------ის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური.

 

მტკიცებულება:

- ბრძანების გამოცემაზე უარი;

- თანხის გადახდის ქვითარი

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-625-ე, 361-ე, 400-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 895-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7.5. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოცემულ შემთხვევაში ა-–-----------–--–-----–---–მა ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მან აღიარა მისი მხრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, საკომისიოსა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება სრულად.

 

ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაკისრების ნაწილში კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

7.8. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დადასტურებულია, რომ მსესხებლის მხრიდან დაიღვრა სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია, თუმცა მის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს. „ს----------–--------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოა მოპასუხე მხარის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, 692.15 ლარამდე (0,5%-დან 0.05%-მდე).

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელე სს „ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილი აქვს სარჩელზე 845.94 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, მან აღიარა 21 276.74 ლარის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად ამ აღიარებული თანხის პროპორციულად - 638.30 ლარის ფარგლებში - იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 21 ლარისა და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის და ასევე სააპლიკაციო განაცხადზე გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მის მიერ ყადაღის რეგისტრაციისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგინა მხოლოდ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განცხადების მიღების ბარათი, რომლითაც დასტურება ის გარემოება, რომ კრედოტორის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 100 ლარს, რომლის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ა-–-----------–--–-----–---–ის (პ/ნ: 24001017381) საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების 50%-ს, დავის საგნის - 28 198.01 ლარის - ფარგლებში საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, საარსებო მინიმუმის ზემოთ ჩარიცხულ თანხებზე. ამასთან, ყადაღა არ უნდა გავრცელებულიყო საბანკო დაწესებულებებთან შესასრულებელ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა მიმდინარე ფულად ვალდებულებებზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ა-–-----------–--–-----–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 21 968.89 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 17 848.48 ლარი, 3 324.26 ლარი - სარგებელი, საკომისიო - 104 ლარი, პირგასამტეხლო - 692.15 ლარი.

 

3. მოსარჩელე სს ”ს----------–--------ს“ (ს/კ: 204378869) მის მიერ 04/03/2019 წელს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №28) სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 845.94 ლარიდან დაუბრუნდეს 638.30 ლარი, ხოლო 204.64 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე ა-–-----------–--–-----–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 71 ლარის (21 ლარი სარჩელზე, 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე) გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

5. გორის რაიონის 2019 წლის 11 მარტის განჩინება (საქმე №2/271-19) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე ა-–-----------–--–-----–---–ის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების 50%-ზე ყადაღის დადების შესახებ, დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი