გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2019
საქმის ნომერი
030210117002185578
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210117002185578

N 2/1195-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 აგვისტო, 2019 წელი ქ. ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე,სხდომის მდივნები: მარიამ წულაძე,მოსარჩელე: შპს „---–--,წარმომადგენელი: ზ---- ჯ------,მოპასუხე: შპს „----------,წარმომადგენელი: გ------- ქ-–-------

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება,1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ვალდებულების დარღვევისათვის მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი თანხის 112 842,40 ლარის დაკისრება.

 

1.2. დაეკისროს შპს „---------- მოსარჩელის მიერ, საადვოკატო მომსახურების საფასურის 3000 ლარის, სახ. ბაჟის 3385,28 ლარის ანაზღაურება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

2017 წლის მაისის თვეში, შპს „---–--- მდებარე ქ. თ---–---, ს---–--------ს ქუჩა N--–- და შპს „----------- მდებარე ქ. თ---–---, გ--------- მეორე შესახვევი N--–- შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს 118730 კგ. ბიტუმი (მარკა60/70) მიაწოდა მისამართზე - ხ----- რაიონის სოფ. პ------- ფ----–-, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 116500 ლარი. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა 45 დღის განმავლობაში. 2017 წლის 08 მაისს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 3657,60 ლარი, ხოლო დანარჩენი 112842,40 ლარი დღემდე დაუფარავია და წარმოადგენს მოპასუხის დავალიანებას მოსარჩელს მიმართ.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა გ------- ქ-–------- არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შპს „---–--- მოპასუხეს 2017 წლის მაისის თვეში, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ხ----- რაიონის სოფელ პ------- ფ----–- მიაწოდა 118730 კგ. ბიტუმი (მარკა 60/70), საერთო ღირებულებით 116500 ლარი და მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა ბიტუმის ღირებულება. 2017 წლის 08 მაისს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 3657,6 ლარი ავანსის სახით. რაც შეეხება დანარჩენი თანხის გადაუხდელობას, საგზაო ბიტუმის მიწოდებიდან, 2017 წლის 9 მაისიდან ერთ კვირაში შეიტყვეს, რომ მიწოდებული ბიტუმი იყო უხარისხო, პროდუქციიდან მხოლოდ 10/15 პროცენტი იყო ვარგისი, ხოლო დანარჩენი დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენეს და შპს-ს საქმიან ეზოში გაშალეს. აღნიშნულის თაობაზე 2017 წლის 15 მაისიდან, არაერთხელ განხორციელდა შესაბამისი ზეპირი შეტყობინება მოსარჩელის მიმართ, რათა მოეხდინათ უვარგისი საქონლის უკან წაღება და სათანადო საქონლით ჩანაცვლება, თუმცა მოსარჩელის მხრიდან აღნიშნულ ინფორმაციაზე არანაირი რეაგირება არ განხორციელებულა.

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მიწოდებული ბიტუმის ფასის გადახდის ვადა მხარეებს შორის არ იყო გათვალისწინებული და მისი ანაზღაურება უნდა მომხდარიყო რამდენიმე წლის შემდეგ.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 118730 კგ. ბიტუმი (მარკა 60/70) ხ----- რაიონის სოფელ პ------- ფ----–-, რომლის ღირებულებამ შეადგინა 116500 ლარი.

 

მტკიცებულება: სარჩელის პირველი პაქტობრივი გარემოება, მოსარჩელის განაცხადი, მოსარჩელის ბუღალტრის ახსნა-განმარტებითი ბარათი, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები N381346, N381350, N381348, N381354 N381355, მხარეთა-ახსნა განმარტებები.

 

4.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა ავანსის სახით 3657,60 ლარი და 2017 წლის 09 მაისს დასრულდა ბიტუმის მიწოდება.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4.1.3. დადგენილია, რომ 118730 კგ. ბიტუმის მიწოდება მოხდა ზეპირი შეთანხმების მიხედვით დანიშნულ დროს და ადგილას.

 

მტკიცებულება: მხარეთა განმარტებები.

 

5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.2.1. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს 2017 წლის მაისის თვეში მიწოდებული 118730 კგ. ბიტუმის (მარკა 60/70) ხარისხი და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

6.1. შპს „---–--- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოპასუხე შპს „---------- მოსარჩელე შპს „---–--- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 112 842,40 ლარის გადახდა.

 

6.2.3. მოპასუხე შპს „---------- უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 3385,28 ლარის გადახდა.

 

6.2.4. მოპასუხე შპს „---------- უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

6.2.5. მოპასუხე შპს „---------- უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

8. სამართლებრივი შეფასება:

 

8.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულია ზეპირი გარიგება ბიტუმის მიწოდებაზე, მხარეები ამ გარიგებით შეთანხმებული არიან პროდუქტის რაოდენობაზე, ფასზე, მიწოდების ადგილზე და ანაზღაურების ფორმაზე.

 

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამრიგად, მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი გარიგებით.

 

8.4. უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 118730 კგ. ბიტუმი (მარკა 60/70) ხ----- რაიონის სოფელ პ------- ფ----–-, რომლის ღირებულებამ შეადგინა 116500 ლარი. 2017 წლის 08 მაისს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა ავანსის სახით 3657,60 ლარი და 2017 წლის 09 მაისს დასრულდა ბიტუმის მიწოდება.

ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო ზეპირი გარიგებით შეთანხმებული ნივთი.

 

8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

8.6. მოპასუხე სადაოდ ხდის მიწოდებული პროდუქციის ხარისხს და მტკიცებულების სახით წარმოადგინა მოწმე - შპს „----------- დირექტორი ზ------ მ-----–-–---–-- რომელმაც აღნიშნა რომ, 2017 წლის მაისის თვეში შპს „---–--- ხ----- რაიონის სოფელ პ------- ფ----–- მოპასუხეს მიაწოდა ბიტუმი, მის ხარისხზე იყო ეჭვი, ბიტუმის მარკა უნდა ყოფილიყო (60/70) და იყო უფრო დაბალი ხარისხის. ბიტუმის შემოტანიდან ერთ კვირაში გაიგეს, რომ ბიტუმი იყო უხარისხო, დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენეს და ქარხნის ტერიტორიაზე ეზოში გაშალეს.

მოპასუხე ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მიწოდებული პროდუქციის უხარისხობასთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა მოსარჩელეს და მოსთხოვა ბიტუმის გატანა ან ხარისხიანი პროდუქციით შეცვლა, რასაც მოსარჩელე უარყოფს და აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტის უხარისხობაზე მოპასუხეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ამ საკითხზე მათ წარმომადგენლებთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია.

მოპასუხის განმარტებით, მიწოდებული ბიტუმის ფასის გადახდის ვადა მხარეებს შორის არ იყო გათვალისწინებული და მისი ანაზღაურება უნდა მომხდარიყო რამდენიმე წლის შემდეგ.

 

8.7. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

8.8. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე უთითებს, რომ მიწოდებული პროდუქციის უხარისხობასთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა მოსარჩელეს და მოსთხოვა ბიტუმის გატანა ან ხარისხიანი პროდუქციით შეცვლა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებული აღნიშნულიგარემოება.

მოპასუხე ასევე ვერ ადასტურებს შესაბამისი მტკიცებულებით იმ გარემოებას, რომ მიწოდებული ბიტუმის ფასის გადახდის ვადა მხარეებს შორის არ იყო გათვალისწინებული და მისი ანაზღაურება უნდა მომხდარიყო რამდენიმე წლის შემდეგ, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს „---–--- ბუღალტრის ახსნა-განმარტებითი ბარათით, რომლის ავთენტურობაც მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ბიტუმი შეძენილია 45 დღიანი კონსიგნაციით.

 

8.9. ამრიგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ ზეპირი შეთახმების საფუძველზე მიაწოდა პროდუქცია მოპასუხეს, ამ უკანასკნელმა მიიღო ამ გარიგებით შეთანხმებული ნივთი, ხოლო მისი სრული საფასური მოსარჩელეს არ აუნაზღაურა.

 

8.10. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას პროდუქტის უხარისხობასთან დაკავშირებით, რომლის გამოც თვლის, რომ არ გააჩნია თანხის გადახდის ვალდებულება, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

ამავე კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

 

8.11. უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მხარეები ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, 2017 წლის მაისის თვეში მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს ამავე წლის 9 მაისს მიაწოდა 118730 კგ. ბიტუმი (მარკა 60/70) ხ----- რაიონის სოფელ პ------- ფ----–-, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 116500 ლარი, მხარეები ნივთის ვარგისიანობის ვადაზე არ შეთანხმებულან, მოპასუხემ პროდუქტის უხარისხობასთან დაკავშირებით შეიტყო მისი მიწოდებიდან ერთ კვირაში (თავისივე განმარტებით) და გამყიდველისთვის, ამ შემთხვევაში მოსარჩელისთვის, პრეტენზია არ წაუყენებია.

შეთანხმების თანახმად, მიწოდებული საქონლის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა 45 დღის განმავლობაში. მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა ავანსის სახით 3657,60 ლარი, ხოლო დანარჩენი 112842,40 გადაუხდელია, შესაბამისად მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა მითითებული თანხის მოთხოვნის უფლება.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით, შესაბამისად მოპასუხე შპს „---------- უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 3385,28 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „---–--- სარჩელი, მოპასუხე შპს „----------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხე შპს „---------- მოსარჩელე შპს „---–--- სასარგებლოდ დაეკისროს 112 842,40 ლარის გადახდა;

მოპასუხე შპს „---------- დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 3385,28 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე შპს „---------- დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე