გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.09.2019
საქმის ნომერი
180310019002887843
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/57-19 (180310019002887843)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მა------------–---ა

 

მოპასუხე - ნუ---------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნუ---------------ისათვის მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 3 000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა. შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ნუ---------------ეს შორის 2017 წლის 2-----–--- გაფორმდა N3------ ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 04 წლით.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს 3 000 ლარი.

 

აღსანიშნავია ასევე კონტრატის მე-9 მუხლი, რომლისთაც განსაზღვრულია კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის, 9.1.4, 9.1.6 და 9.1.7 პუნქტების თანახმად, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს:

 

-სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას;

 

-მხარეთა შეთანხმებით;

 

-პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-კონტრაქტი (ს.ფ. 12);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 04.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 28.07.2017 წლის კონტრაქტის საფუძველზე მოპასუხე ნუ---------------ე ჩაირიცხა საწყის საბრძოლო მომზადების კურზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-04.08.2017 წლის ბრძანება (ს.ფ. 27);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 04.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.3.კონტრატის გაფორმებიდან გაფორმებიდან კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ორწლიანი ვადის გასვლამდე - 30.--.2--- წელს მოპასუხე ნუ---------------ემ პირადი პატაკით მიმართა მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკს და კონტრაქტის პირობების დარღვევით ითხოვა დათხოვნა საქართველოს შიარაღებული ძალების რიგებიდან. აღნიშნულ პატაკში მოპასუხემ მიუთითა, რომ ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგების შესახებ და მას პატაკში არ დაუფიქსირებია სახედრო საკონტრაქტო სამსახურიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გათავისუფლების ობიექტური მიზეზის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-კონტრაქტი (ს.ფ. 12);

-პატაკი (ს.ფ. 23);

-22.11.2--- წლის ცნობა (ს.ფ. 21);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 04.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.4.დადგენილია, რომ მოპასუხე ნუ---------------ე საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 07.06.2--- წლის ბრძანებით, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე, მას კონტრაქტის დარღვევის გამო მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის თაობაზე დღემდე არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-კონტრაქტი (ს.ფ. 12);

-პატაკი (ს.ფ. 23);

-სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება (ს.ფ. 20);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 04.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება“; საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98 წლის N609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება”.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

6.2.საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება კანონით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო სამსახურის გავლა დასაშვებია კონტრაქტის - ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

28.07.2017 წლის კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (იხ. საკასაციო სასამართლოს 11.07.2012 წლის Nბს-175-173(კ-12) გადაწყვეტილება).

 

დადგენილი, რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის ანუ პირგასამტეხლოს თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

 

სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98 წლის N609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავი აწესრიგებს სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლებს და წესს.

 

აღნიშნული თავის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ” (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე”, „ვ”, „ზ” და „თ” („თ” ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას მოსამსახურის ინიციატივით მხარეთა შეთანხმების და/ან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ კონტრაქტის დარღვევის გამო უნდა დაეკისროს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) 3000 ლარის გადახდა.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-13, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე ნუ---------------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის გადახდა 3000 ლარის ოდენობით;

 

3.მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა