განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2019
საქმის ნომერი
330100119002823041
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/359-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

5 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი, ნატო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ-------------–-–---–-

 

ბრალდებული - ი-----–----------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ს------------–-------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------------–-----------–-, მ--------------------–---------------- სარდაფში არსებულ ს---------–---–-- პარფიუმერიის მაღაზიიდან ი-----–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა: მამაკაცის “BOSS” ფირმის სუნამოს (ღირებულს 8 ლარად და 50 თეთრად), ქალის “ROSE GRACE PRECIOUS GIFT” სუნამოს კომპლექტს (ღირებულს 15 ლარად),“BOUQET OF ROSES” წარწერიან მუყაოს სასაჩუქრე პარკს (ღირებულს 2 ლარად), აგრეთვე, თანხას 107 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ი-----–----------- ქმედების შედეგად ს---------–---–- მიადგა 132 ლარის და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ი-----–----------- მხრიდან, ს---------–---–-- კუთვნილ მოძრავ ნივთთა აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს---------–---–-- განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ, მამამისის თხოვნით ოჯახის კუთვნილ პარფიუმერიის მაღაზიაში ითავსებდა გამყიდველის მოვალეობას. საღამოს საათებში, როდესაც მარტო იმყოფებოდა, გადაწყვიტა სალარო აპარატში არსებული ფულის დათვლა. ამ პროცესში იყო, როცა მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი (მომხმარებელი), რომელმაც თავდაპირველად ჭერს მოავლო თვალი (როგორც მოგვიანებით მიხვდა, აღნიშნული მამაკაცი ამოწმებდა მაღაზიაში კამერების არსებობის ფაქტს) და სთხოვა სუნამოს არჩევაში დახმარება. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი, რომელიც განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ი-----–----------ა, სწრაფად მივიდა მასთან და აჩქარებდა. ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლის მეგობრის დაბადების დღეზე აგვიანდებოდა და სთხოვდა სუნამოს ნაკრების სწრაფად შერჩევას. საბოლოოდ, ი-----–----------მ შეარჩია მამაკაცისა და ქალის სუნამოები. მოწმემ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც სასაჩუქრე პარკში ჩაულაგა შეძენილი ნივთები (საერთო ჯამში ღირებული 25 ლარად და 50 თეთრად), ბრალდებულმა ჯიბიდან ამოიღო ფული, თუმცა მოწმეს უთხრა, რომ თანხა არ ყოფნიდა და სთხოვა სწრაფად დაეთვალა 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ხელში 50 აშშ დოლარი არ დაუნახავს, მოწმემ სიჩქარეში მაინც გადათვალა 50 აშშ დოლარის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში, შემდეგ კი 107 ლარის ოდენობით ხურდა, რომელიც უნდა დაებრუნებინა აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ, გადადო მაგიდაზე მისთვის ხელსაყრელ ადგილას. ამის შემდეგ გაყიდულ ნივთთა ჟურნალში აღწერის მიზნით, დაიხარა რვეულის ასაღებად. როდესაც თავი ასწია აღარც მის მიერ მაგიდაზე დადებული ფული იყო და აღარც ი-----–----------. მას შემდეგ, რაც გაიაზრა მომხდარი ფაქტი, გაეკიდა უცნობ მამაკაცს, თუმცა დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ იფიქრა, რომ დამნაშავეს შესაძლოა ჰყოლოდა თანამზრახველები, რომლებიც მის მიერ დატოვებული ღია მაღაზიიდან გაიტანდნენ სხვა ნივთებს. ამის გამო დაბრუნდა უკან, დაკეტა მაღაზია და წავიდა დამნაშავის მოსაძებნად, თუმცა კვალი უკვე დაკარგული ჰქონდა. უკან დაბრუნებისას გზად შეხვდა მამამისი, რომელსაც მოუთხრო მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის თაობაზე და ერთად განაგრძეს დამნაშავის ძებნა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მათ პოლიციას მიმართეს დასახმარებლად.

 

3.3. პირის ამოცნობის ოქმით (20.12.2018) დგინდება, რომ ს---------–---–-- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ი-----–----------, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 19 დეკემბერს, მისი პარფიუმერიის მაღაზიიდან გაიტაცა ფულადი თანხა და სუნამოები. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო სიმაღლით, სხეულის აგებულებით, სახის მოყვანილობით, თმით, თვალის ფერით, ცხვირით და საერთო იერით.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ----------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულ ს---------–---–-- მამა. მათი ოჯახის საკუთრებაშია პარფიუმერიის მაღაზია. შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში მაღაზიაში გამყიდველის ფუნქციას ასრულებდა მისი ვაჟი - ს---------–---–-, რომელიც მარტო იმყოფებოდა ობიექტზე. მოწმის განმარტებით, მან შეუძლოდ ყოფნის გამო თავად სთხოვა შვილს შენაცვლება. მოგვიანებით, იგი ჩავიდა მაღაზიაში, თუმცა სავაჭრო ობიექტის კარი დაკეტილი დახვდა. მალევე დაინახა ს---------–---–-ც, რომელმაც მოუთხრო თავს გადამხდარი ძარცვის შესახებ, რის შემდეგაც ერთად გააგრძელეს დამნაშავის ძებნა. იქიდან გამომდინარე, რომ მის კვალს ვერ მიაკვლიეს, მიმართეს პოლიციას.

 

3.5. დათვალიერების ოქმით (19.12.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ქ-------–--–-------------------–------------------------------- სარდაფში არსებული პარფიუმერიის მაღაზია. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდები.

 

3.6. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნით დგინდება, რომ პარფიუმერიის მაღაზიის მარცხენა ზედა მესამე ვიტრინაში არსებული “GIVENCHY” წარწერიანი სუნამოს ზედაპირიდან აღებული №2, №3, №4 თითის კვლები იდენტურია ერთიან მონაცემთა ბაზაში რიცხული ი-----–----------- (დაბადებული: 2-------) მარჯვენა ხელის თითების ანაბეჭდებისა.

 

3.7. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (20.12.2018) დგინდება, რომ ი-----–----------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, მისაღებ ოთახში არსებული მაგიდის უჯრიდან ამოღებულ იქნა მუყაოს სასაჩუქრე პარკი წარწერით “BOUQET OF ROSES”, აგრეთვე ერთი ცალი სუნამოს კომპლექტი წარწერით “ROSE GRACE PRECIOUS GIFT”.

 

3.8. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (28.01.2019) დგინდება, რომ 2019 წლის 28 იანვარს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში გაიხსნა ი-----–----------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი სუნამოს ნაკრები სასაჩუქრე ჩანთასთან ერთად. სასაჩუქრე პარკი გაფორმებულია ყვავილებით და აქვს წარწერა “BOUQET OF ROSES”, ხოლო სუნამოს ნაკრებს აქვს წარწერა “ROSE GRACE PRECIOUS GIFT”. ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაში მონაწილე ს---------–---–-- განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული სასაჩუქრე პარკი და სუნამოს ნაკრები გასტაცა ი-----–----------მ შემთხვევის დღეს საკუთარი მაღაზიიდან.

 

3.9. პირადი ჩხრეკის ოქმით (20.12.2018) დგინდება, რომ ი-----–----------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა.

 

3.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (21.12.2018) დგინდება, რომ ი-----–----------მ, რომელიც დროებით იქნა გაყვანილი დაკავების იზოლატორიდან, მიუთითა ს---------–---–-- პარფიუმერიის მაღაზიაზე და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულ მაღაზიაში იმყოფებოდა 2018 წლის 19 დეკემბერს. ხსენებულ დღეს მან გამყიდველს სასაჩუქრე პარკში ჩაალაგებინა ერთი ცალი სუნამო და ერთი ცალი სუნამოს ნაკრები, რომელთაც გამყიდველის ფულთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და გაიქცა მაღაზიიდან.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: რ---------–---–---–-, პ------------–---–---, ლ-–-----------, ი-----–-----–----- ი---------–-–---–-, ზ-------–---–------, ვ--–---------------, დ----------–---- და ნ-------------–---–-, რომლებმაც ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ და დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი ოქმების სისწორე.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ი-----–----------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვაზისუბანში. გზად სახლისკენ მიმავალმა შენიშნა პარფიუმერიის მაღაზია. მოწმე შევიდა მაღაზიაში, სადაც დახვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მეუღლისთვის შეარჩევინა სუნამო. იმ მომენტში თავად ჰქონდა ფულადი თანხა 15 ლარისა და 50 აშშ დოლარის ოდენობით. გამყიდველმა მას უთხრა, რომ დამატებით კაცის სუნამოს შეძენის შემთხვევაში დაუხურდავებდა 50 აშშ დოლარს. იმ პერიოდში 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენდა 2 ლარსა და 65 თეთრს. შესაბამისად, 50 აშშ დოლარის ღირებულება გაუტოლდა 132 ლარსა და 50 თეთრს. მოწმემ განმარტა, რომ მან გადაიხადა მის მიერ შეძენილი სუნამოებისა და სასაჩუქრე პარკის ღირებულება 25 ლარი და 50 თეთრი, შესაბამისად, ხურდა ფული 107 ლარის ოდენობით დაუბრუნა გამყიდველმა და დატოვა შემთხვევის ადგილი. ამის შემდეგ იგი წავიდა ქ. თბილისში, გლდანში მდებარე თავისი მეგობრის - კ-----------------–----- ავტოსერვისში, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად დახვდა ნ-----------------– (კ-----------------–----- მეგობარი). ბრალდებულის განმარტებით, მისთვის უხერხული იყო სუნამოს მხოლოდ კ-----------------–-----თვის ჩუქება, ამიტომ მეუღლისთვის ნაყიდი სუნამოს ნაკრები აჩუქა ნ------------------. მოწმემ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარ საქმეზე ელაპარაკა კ-----------------–----, წავიდა სახლში. მომდევნო დღეს, დილის საათებში ბავშვები წაიყვანა ბაღში, ბაღიდან გამოსვლის შემდეგ კი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ჰკითხეს თუ რა უნდოდა წინა დღეს ქ. თბილისში, ვაზისუბანში მდებარე პარფიუმერიის მაღაზიაში. პასუხად მოწმემ მიუგო, რომ შეიძინა სუნამოები, რომლებიც მეგობრებს აჩუქა. პოლიციელებმა მას მოსთხოვეს სუნამოების დაბრუნება, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ნ------------------ და შექმნილი პრობლემის გამო, სთხოვა ნაჩუქარი ნივთის უკან დაბრუნება. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გამომძიებლები მიიყვანა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ნ------------------ მის მიერ ნაჩუქარი სუნამოს ნაკრები ჩამოიტანა და გადასცა პოლიციის თანამშრომელს. ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებთან ერთად წავიდა საკუთარ სახლში, სადაც ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ ნ------------------ მიერ გადაცემული სუნამოს ნაკრები, თუ ნამდვილად მისი შეძენილი იყო უნდა მიეთითებინა, რომ აღნიშნული ნივთის ამოღება ხდებოდა მისი ბინიდან და ასეც მოიქცა. მამაკაცის სუნამოსთან დაკავშირებით კი არაფერი უთქვამთ. მან ისე მოაწერა ხელი საგამოძიებო ექსპერიმენტისა და გამოკითხვის ოქმებს, რომ არცერთ მათგანს გაცნობია. ამის მიზეზად გამომძიებლების მიმართ არსებული ნდობა დაასახელა.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ------------------ ჩვენებით დგინდება, რომ არის კ-----------------–----- მეგობარი. 2018 წლის დეკემბერში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) იმყოფებოდა ამ უკანასკნელთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა კ-----------------–----- მეგობარი - ი-----–----------, რომელმაც მას აჩუქა სუნამოს ნაკრები, ხოლო კ-----------------–---- - სუნამო. მომდევნო დღეს მას ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ი-----–----------, რომელმაც შექმნილი პრობლემების გამო სთხოვა წინა დღით ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება. მოწმემ დაადასტურა, რომ სუნამოს ნაკრები, რომელიც გაუხსნელ მდგომარეობაში ჰქონდა, იმავე დღეს გადასცა მის სახლთან მისულ პოლიციის თანამშრომელს.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხული კ-----------------–----- ჩვენებით დგინდება, რომ ი-----–----------სთან აკავშირებს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა. 2018 წლის 19 დეკემბერს, იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილზე (მოწმეს აქვს ავტოსერვისი) ნ------------------თან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ი-----–----------. ამ უკანასკნელმა მათ აჩუქა სუნამოები, შემდეგ კი მხარეთა შორის შედგა საქმიანი საუბარი. მომდევნო დღეს მას დაუკავშირდა ნ-----------------, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლებს საკუთარ კორპუსთან გადასცა წინა დღეს ი-----–----------- მიერ ნაჩუქარი სუნამოს ნაკრები. მოწმემ იფიქრა, რომ შესაძლოა მისთვის გადაცემულ სუნამოსთან დაკავშირებითაც შექმნილიყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც სუნამო არ გამოუყენებია. აღნიშნული სუნამო მისგან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ამოიღეს.

 

3.15. ამოღების ოქმით (09.02.2019) დგინდება, რომ კ-----------------–----- კუთვნილი „მ-----------“ ფირმის ა/მანქანიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი სუნამო წარწერით “XROME”. კ-----------------–----- განმარტებით, სწორედ აღნიშნული სუნამო აჩუქა ი-----–----------მ 2018 წლის 19 დეკემბერს.

 

3.16. ვებ გვერდის დათვალიერების ოქმით (25.01.2019) დგინდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ვებ გვერდი nbg.gov.ge. ინტერნეტ საიტის დათვალიერების დროს ეკრანზე სხვა ფუნქციებთან ერთად გამოიტანება აქტიური ტექსტობრივი ღილაკი „მონეტარული პოლიტიკა“, სადაც შესვლისას ეკრანის მარცხენა მხარეს ჩამოთვლილია სხვადასხვა მიმართულებები, რომელთაგან ერთ-ერთია „სავალუტო ბაზარი - გაცვლითი კურსები“. მასში შესვლისას ეკრანზე გამოიტანება ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსები სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებით. ეკრანზე ასევე გამოტანილია ლარის გაცვლითი კურსის ისტორიის სანახავად საძიებო ველები. აღნიშნულ ველში აშშ დოლარის არჩევის, თარიღად 2018 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრამდე დროის პერიოდის მითითებისა და საძიებო ღილაკის დაჭერის შემდეგ, ეკრანზე ჩნდება ლარის გაცვლითი კურსის გრაფიკი აშშ დოლართან მიმართებით, რომელიც 2018 წლის 19 დეკემბრის მონაცემებით შეადგენდა 2,6655-ს.

 

3.17. ვებ გვერდის დათვალიერების ოქმითა (24.07.2019) და ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ ლ----------–---–- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვ---------------–-------------------------------------).

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 41).

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში.

 

4.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, არის თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს: დაცვის მხარეს არ უარუყვია და შესაბამისად, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს შემთხვევის დღეს ბრალდებულ ი-----–----------- ყოფნა ს---------–---–-- კუთვნილ პარფიუმერიის მაღაზიაში. აგრეთვე, ხსენებული მაღაზიიდან სადავო ნივთთა წაღების ფაქტი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო სიღრმისეულად აღარ იმსჯელებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე: დათვალიერების ოქმზე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, საცხოვრებელი ჩხრეკის ოქმზე, პირის ამოცნობის ოქმზე, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმსა და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩამტარებელ პირთა ჩვენებებზე, ვინაიდან ზემორე მტკიცებულებები ადასტურებენ იმ ფაქტს, რასაც მხარეები არ უარყოფენ. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სადავოა ს---------–---–-- კუთვნილი სუნამოებისა და ფულადი თანხის ი-----–----------- მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლების საკითხი. შესაბამისად, სასამართლო სადავო ფაქტთან მიმართებით მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

4.5. ძირითადი მტკიცებულება, რასაც ი-----–-----------თვის წარდგენილი ბრალდება ეყრდნობა არის დაზარალებულად ცნობილი ს---------–---–-- პირდაპირი ჩვენება, რომელიც დეტალურად აღწერს თუ რა დროს და რა ვითარებაში დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ ი-----–---------- მის კუთვნილ სუნამოებსა და ფულად თანხას (იხ. პუნქტი 3.2.). ბრალდების მხარე პირდაპირ მტკიცებულებად აფასებდა ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსაც, რომელიც სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მიუხედავად ბრალდების მხარის არაერთი მითითებისა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა არა ბრალდებულის ჩვენების შემოწმების, არამედ ვითარების აღდგენის მიზნით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის პირობებში ი-----–----------- მხრიდან დანაშაულის აღიარება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვითარების აღდგენად, ვინაიდან მასზე ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზეც პირდაპირ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის პირობებში ბრალდებულის მხრიდან ს---------–---–-- პარფიუმერიის მაღაზიაზე მითითებას, აღნიშნული მართლაც წარმოადგენს ვითარების აღდგენას, თუმცა, როგორც აღინიშნა, ხსენებული ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. უფრო მეტიც, ბრალდებული თავის ჩვენებაში თანმიმდევრულად აღწერდა, თუ რა ვითარებაში იმყოფებოდა 2018 წლის 19 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ეხება ბრალდებულ ი-----–----------- აღიარებითი ჩვენების ნაწილს. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ანალოგიურად წყვეტს საგამოძიებო ექსპერტიმენტთან დაკავშირებულ მსგავს სადავო საკითხს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის N424აპ-16 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21; აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 44).

 

4.6. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით. ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა დაზარალებულისგან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილს. მართალია პროკურორი აღნიშნულ არგუმენტზე მითითებით შეეცადა დაემტკიცებინა ბრალდებულ ი-----–----------- ბრალეულობა, თუმცა საგულისხმოა, რომ საკუთარი პოზიციის გასამყარებელად რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისგან ამოღებული ფულადი თანხის დანაშაულებრივი გზით მოპოვების უტყუარად დადასტურება სხვა არაფერი იქნება, თუ არა სუბიექტური დამოკიდებულება, რაც ყოვლად გაუმართლებელია. რაც შეეხება მოწმე ლ----------–---–-- ირიბ ჩვენებას, ერთზე მეტი პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნული ჩვენება განიხილება ს---------–---–-- ჩვენებასთან ერთობლიობაში, ვინაიდან ეყრდნობა ამ უკანასკნელის მიერ გაცემულ ინფორმაციას.

 

4.7. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ბრალდებულ ი-----–----------- ჩვენებაც, რომელიც ხასიათდება თანმიმდევრულობით. კერძოდ, აღნიშნულ ჩვენებაში განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ სავსებით რეალურია, ვინაიდან, იგი ლოგიკურ ბმაშია სხვა მოწმეთა (კ-----------------–-----, ნ------------------) ჩვენებებთან. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის განმარტებას, რა დროსაც იგი სრული მათემატიკური სიზუსტით აღწერს, თუ როგორ მიაწოდა დაზარალებულს 50 აშშ დოლარი, რომლის ექვივალენტიც ეროვნულ ვალუტაში 132 ლარს და 50 თეთრს შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის დღეს შეძენილი სუნამოების ღირებულება საერთო ჯამში იყო 25 ლარი და 50 თეთრი, მისთვის დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 107 ლარი, რასაც რეალურად ედავება ბრალდების მხარე. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გამოთქმულ მოსაზრებას, დაზარალებულის პირადი მოტივის არსებობის თაობაზე. დაცვის მხარის ვერსიით, არსებობს ალბათობა, რომ ს---------–---–-- ნივთის გაყიდვის პროცესში არ შეამოწმა ი-----–----------- მიერ გადაცემული თანხა. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ბრალდებულის მიერ გადაცემული 50 აშშ დოლარი იყო ყალბი, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას, როგორც ინდ. მეწარმეს არ ჰქონდა უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორების უფლება, საათნახევრის შემდეგ ძარცვის ვერსიით მიაკითხა პოლიციას. სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–----------- მიერ მიცემული ჩვენება და დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია დაზარალებულისთვის გადაცემული 50 აშშ დოლარის სიყალბის შესახებ, ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის არ არსებობის პირობებში, იმ გარემოებასთან ერთობლიობაში, რომ დაზარალებული გამოძიების ეტაპზე არ უთითებდა ბრალდებულთან აშშ დოლარში ანგარიშსწორების თაობაზე, არ გამორიცხავს მის სისწორეს.

 

4.8. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–----------- დანაშაულებრივი ქმედების დადასტურებისთვის/უარყოფისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებებია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. როგორც აღინიშნა, ხსენებული პირები სრულიად განსხვავებულად აღწერენ შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. სხვა წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე, საქმის განხილვისას მხარეთა მიერ არ წარმოდგენილა. შესაბამისად, გონიერი დამკვირვებლის თვალში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი - რეალურად ჩაიდინა თუ არა ი-----–----------მ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

4.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იქნეს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.

 

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას ი-----–----------- დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა (წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ს---------–---–-- ჩვენება). შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია ი-----–----------- ბრალეული ქმედების შესახებ, რომ იგი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს---------–---–-- კუთვნილ სუნამოებსა და ფულად თანხას, ვერ სცდება ვარაუდს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობისა და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ი-----–----------- ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება.

 

4.11. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი-----–----------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის №453აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8; აგრეთვე, 2015 წლის 16 აპრილის №510აპ-14 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21). როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება, რაც არ შეიძლება მივიჩნიოთ ი-----–----------- მხრიდან ძარცვის ბრალდების დამადასტურებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ი-----–---------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

4.12. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში კანონმდებლის მიერ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით სავალდებულოდ დადგენილია, მისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ განმარტების გაკეთება, სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტში. შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ი-----–----------ს (გამართლებულს) განუმარტავს მის უფლებას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

- ანაწმენდები, სუნის კვალისა და ნერწყვის ნიმუშები, აგრეთვე ხელის კვლები - უნდა განადგურდეს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გასაღები; ი-----–----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 20 ლარიანი კუპიურა; ი-----–----------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სუნამოს ნაკრები წარწერით “ROSE GRACE PRECIOUS GIFT” და სასაჩუქრე პარკი წარწერით “BOUQUET OF ROSES”; ი-----–-----------გან ამოღებული ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- ოთხი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-----–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-----–----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ი-----–----------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- ანაწმენდები, სუნის კვალისა და ნერწყვის ნიმუშები, აგრეთვე ხელის კვლები - განადგურდეს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გასაღები; ი-----–----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 20 ლარიანი კუპიურა; ი-----–----------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სუნამოს ნაკრები წარწერით “ROSE GRACE PRECIOUS GIFT” და სასაჩუქრე პარკი წარწერით “BOUQUET OF ROSES”; ი-----–-----------გან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- ოთხი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი