განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1627-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 19 აგვისტო, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----–----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----------------–--ე - პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ------–--–--------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ------–--–----–----–----------------------;
ადვოკატი - გ--------------ი, ც----------------ე
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 5 მარტს, დღის საათებში, ქ------–--–------------------------------–---–--------------------------ში მდებარე მ---------–---ს საცხოვრებელ სახლში, თ----------------–--ე მ-------------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ-------------–---მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2019 წლის 5 მარტს, ქ------–--–-------------------------------–---–------------ში მდებარე მ---------–---ს საცხოვრებელ სახლში, თ----------------–--ის მიერ მ-------------–---ს მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-------------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს მ---------–---სთან ძიძად. 2019 წლის 5 მარტს, დილის 08:30 საათიდან, საღამოს 18:30 საათამდე, იმყოფება მის მცირეწლოვან შვილთან. შუადღის საათებში, დაურეკა მ---მ და უთხრა, რომ ბავშვი არ ჩაეყვანა ეზოში, თვითონ დაბრუნდებოდა სამსახურიდან ადრე და გაასეირნებდა. დაახლოებით 16 საათზე, ახალი გაღვიძებული იყო ბავშვი, როდესაც მათთან მივიდა მ---------–---ს ყოფილი მეუღლე, თ----------------–--ე და მოითხოვა ბავშვის სასეირნოდ წაყვანა. მ-------------–---მ ბავშვის წაყვანაზე უთხრა უარი, რადგან მის სასეირნოდ წაყვანას აპირებდა დედამისი. როდესაც თ----------------–--ე გამოვიდა ბავშვის ოთახიდან, განაწყენებულმა, მ-------------–---ს ჰკითხა თვითონაც ხომ ჰყავდა შვილი და დადებითი პასუხის შემდეგ სახლიდან წავიდა. მ-------------–---მ დაურეკა მ---ს და უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მ---ს დაურეკავს პოლიციაში. მ-------------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო თ----------------–--ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნა, რომ თ----------- უბრალოდ ნაწყენი იყო ბავშვი რომ არ გაატანა სასეირნოდ, თორემ მუქარა რომ განეხორციელებინა, თვითონვე დარეკავდა 112-ში. მ---ს დაურეკა იმის გამო, რომ შეეშინდა როდესაც თ----------მა ჰკითხა შვილი ხომ გყავსო. როდესაც პოლიცია მივიდა მასთან დაკითხვაზე, იყო ანერვიულებული, რადგან პოლიციასთან მანამდე შეხება არ ჰქონია, არ ჰქონდა სათვალე და არ წაუკითხავს რა ეწერა გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებაში, ენდობოდა სამართალდამცველებს.
3.2. მოწმე მ---------–---მ (ბრალდებულის ყოფილი მეუღლე), საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.3 მოწმე გ-------–---–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ვ---------------–----------------–------–----------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 მარტს იყო მორიგე და იმყოფებოდა სამსახურში. სამორიგეო ნაწილში ნახა 112-დან შესული მ---------–---ს შეტყობინება, რომლის თანახმად, მ-------------–---ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----------------–--ე. რადგან თვითონ იყო მორიგე, აღნიშნული შეტყობინების გაცნობისთანავე, დაიწყო გამოძიება. მის მიერ დაკითხული იქნა მ-------------–---, რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მ---------–---სთან მუშაობდა ძიძად. როდესაც ბავშვთან ერთად იმყოფებოდა მ---------–---ს სახლში, იქ მივიდა თ----------------–--ე და უნდოდა ბავშვის წაყვანა. მ-------------–---მ მას უარი უთხრა, რაზეც განაწყენდა იგი და დაემუქრა რომ გადააგდებდა ფანჯრიდან და ამოუწყვეტდა ოჯახს. მოწმის განმარტებით, მის მიერ, ასევე, გამოკითხული იქნა მ---------–---, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლისგან მიიღო შეტყობინება, რომ ძიძამ, მ-------------–---მ, მას არ გაატანა ბავშვი, რის გამოც გადააგდებდა ფანჯრიდან. ასევე, დაურეკა მ------მაც და უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ.
3.4. მოწმე გ------------–-–---–-ა განაცხადა, რომ მუშაობდა შსს ვ---------------–----------------–------–----------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 6 მარტს, მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ------–--–----–----–------------ის მიმდებარედ იმყოფებოდა თ----------------–--ე, რომელსაც 5 მარტს ჩადენილი ჰქონდა მუქარის ფაქტი და თავის საცხოვრებელ ბინაში, ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნული აცნობა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.
3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ ქ.თბილისის შსს ვ---------------–----------------–------–----------------–---- გამომძიებლები ლ-------–------, ლ-–------------- და მ----------------, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მათ მიერ დაკავებული იქნა თ----------------–--ე, რომელსაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა.
3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა ბრალდებული თ----------------–--ე, რომელმაც თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა შემდეგი: მ---------–---სთან მას ჰყავს საერთო შვილი, რომელიც ცხოვრობს დედასთან. 2019 წლის 5 მარტს, იგი წავიდა ბავშვის სანახავად და სცადა ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა მ---ს, რათა შეეტყობინებინა აღნიშნული. იგი ვერ დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს და ავიდა მასთან სახლში, სადაც დახვდა ბავშვი და ძიძა. ბავშვი იყო ახალი გაღვიძებული და როდესაც აჭმევდა, თ----------მა უთხრა ძიძას, რომ უნდოდა ბავშვის გასეირნება. ძიძას პირდაპირ უარი არ უთქვამს მისთვის ბავშვის წაყვანაზე, მაგრამ მოიმიზეზა რაღაცეები და მიხვდა, რომ არ ატანდა ბავშვს. აღნიშნულზე განაწყენებულმა, ძიძას უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა ყოფილ მეუღლესაც და ის ბავშვის ძიძად ვეღარ იმუშავებდა. აღნიშნულზე მ-------–---მ მას ჰკითხა, თუ რატომ აღარ უნდა ემუშავა ძიძად, რა ჰქონდა მისი საწინააღმდეგო, რაზეც მან ხმამაღლა უთხრა, რომ მშობლების გადასაწყვეტი იყო აღნიშნული და მას აღარ სურდა მისი შვილის ძიძა ყოფილიყო მ-------–---. ბრალდებულ თ------–---ს განმარტებით, იგი არ დამუქრებია მ-------–---ს სიცოცხლის მოსპობით.
3.7. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია მ---------–---ს მიერ გამოძიებაში წარდგენილი ე.წ. ,,სქრინშოტის“ (განთავსებული ერთ თაბახის ფურცელზე) დათვალიერების ოქმი, რომელიც ჩატარებულია გამომძიებელ თ-------------------ს მიერ მ---------–---ს მონაწილეობით. ფურცელზე განთავსებულია ტექსტი ლათინური ასოებით. როგორც, მ---------–--- უთითებს, აღნიშნული წარმოადგენს მასსა და თ----------------–--ეს შორის განხორციელებულ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.
3.8. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 6 მარტს, 17:40 საათზე, ქ.თბილისის შსს ვ---------------–----------------–------–----------------–---- გამომძიებელი ლ-------–-----ის მიერ, ამავე განყოფილების დეტექტივების მ----------------სთან და ლ-–-------------სთან ერთად, ქ------–--–----–----–------------ის მიმდებარედ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თ----------------–--ე და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, დამტენი მოწყობილობა, პასპორტი, ე.წ. ,,პორტსიგარა“, სანთებელა, საფულე მასში მოთავსებული ხუთი ცალი პლასტიკური ბარათით, ,,გალფის“ ტალონით და 2,55 ლარით.
3.9. თ----------------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი და ი-----–---------------ის გამოკითხვის ოქმი მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რისი გათვალისწინებითაც მას პრეიუდიციული ძალა მიენიჭა.
3.10. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა თ----------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).
3.12. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-------------–---მ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში, რომელიც გამოქვეყნებული იქნა სასამართლო სხდომაზე მის მიერ ჩვენების მიცემის დროს, მითითებული გარემოებების სისწორე და კატეგორიულად უარყო თ----------------–--ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნა, რომ თ------–--ე იყო განაწყენებული ბავშვი რომ ვერ წაიყვანა სასეირნოდ და ჰკითხა მას თვითონაც ხომ ჰყავდა შვილი, რაზეც შეშინდა და დაურეკა მ---------–---ს. მის მიმართ არ განხორციელებულა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და შესაბამისად არც მისი განხორციელების შიში გასჩენია, თორემ თვითონვე დარეკავდა 112-ში. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს მოწმის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია ბრალდების დასადასტურებლად.
3.13. სასამართლო ვერ გამოიყენებს ასევე, მ---------–---ს გამოკითხვის ოქმს, რადგან მან როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
3.15. სასამართლო ბრალდების დასადასტურებლად ვერ გამოიყენებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ჩვენებას, რადგან გამომძიებელი არ არის მ-------------–---ს მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შემსწრე და მისი ჩვენება არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული გარემოებების შესახებ, რომელმაც, როგორც აღინიშნა, სასამართლოში დაკითხვისას კატეგორიულად უარყო მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.
3.16. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.).
3.17. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტები: 29, 31, 52, 53.).
3.18. შესაბამისად, ირიბი ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მას გადაწყვეტილების მიღებისას.
3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.
3.20. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ე.წ. ,,სქრინშოტი“ რომელიც დათვალიერებული იქნა გამოძიების მიმდინარეობისას, საგამოძიებო ორგანოში წარდგენილია მ---------–---ს მიერ, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. აღნიშული ,,სქრინშოტის“ დათვალიერება და საქმეში მისი დამაგრება განახორციელა გამომძიებელმა თ------------------ემ, რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი არ ჰყოლია და შესაბამისად არ მომხდარა მისი სასამართლოში დაკითხვა. სასამართლოს არ მიეცა საშუალება დაედგინა აღნიშნული დოკუმენტის წარმომავლობა და მისი ავთენტურობა, რის გამოც მას ვერ მიეცემა მტკიცებულებითი ძალა და მასში დაფიქსირებული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული ბრალდებულის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.22. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ----------------–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა თ----------------–--ის მხრიდან დაზარალებულ მ-------------–---ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს - ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია, რადგან პოტენციურ დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად, თუნდაც სამომავლოდ, მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.
4.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
4.3. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე თ----------------–--ეს ედავება, რომ 2019 წლის 5 მარტს, დღის საათებში, ქ------–--–--------------------------------–---–-----------ში მდებარე მ---------–---ს საცხოვრებელ სახლში, თ----------------–--ე მ-------------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ-------------–---მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ-------------–---მ საერთოდ გამორიცხა მის მიმართ თ------–---ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნა, რომ განაწყენებულმა თ----------------–--ემ ჰკითხა თვითონაც ხომ ჰყავდა შვილი, რაზეც შეშინდა და დაურეკა მ---------–---ს. მას რომ მუქარად აღექვა თ------–---ს სიტყვები, თვითონვე დარეკავდა 112-ში.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით კი დადასტურებული ვერ იქნა, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა მ-------------–---ს მიმართ.
4.6. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, ძალიან რთულია.
4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
4.9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.10. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ----------------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
5.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: თ----------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დამტენი მოწყობილობა, პასპორტი, ე.წ. ,,პორტსიგარა“, სანთებელა, საფულე მასში მოთავსებული ხუთი ცალი პლასტიკური ბარათით, ,,გალფის“ ტალონით და 2,55 ლარით, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ერთი ცალი დისკი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს თ----------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ----------------–--ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. ნივთმტკიცება - თ----------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დამტენი მოწყობილობა, პასპორტი, ე.წ. ,,პორტსიგარა“, სანთებელა, საფულე მასში მოთავსებული ხუთი ცალი პლასტიკური ბარათით, ,,გალფის“ ტალონით და 2,55 ლარით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ერთი ცალი დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე