გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27739-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - ლ--–--------------ი
წარმომადგენლები - მ-------–----------ი
მოპასუხეები - გ----–---------–---–ი, წარმომადგენელი - მ--------------ე
ბ----------------–ი
დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ივნისის ნივთის აღწერა-დაყადაღების შესახებ №1----- აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ერთი ცალი სარეცხი მანქანა INDESIT, თეთრი ფერის, 7 კგ-იანი; 2. ერთი ცალი ტელევიზორი TCL, შავი ფერის LED; 3. ერთი ცალი ტელევიზორი JVC, შავი ფერის, ძველი; 4. ერთი ცალი ხის მაგიდა 6 სკამით, მასიური ხის, სკამები მუქი ყავისფერი; 5. ერთი ცალი დასადგმელი სარკე, წითელი; 6. ორი ცალი კუთხის დივანი მუქი ყავისფერი, დიდი ზომის.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 29 ივნისს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლების მიერ მოსარჩელის შვილის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაყადაღდა მოსარჩელის სახლში, მის საკუთრებაში არსებული ნივთები. მოსაჩელის შვილი მასთან დროებით ცხოვრობს გარკვეული პრობლემების გამო. ლ--–--------------ის კუთვნილ ბინაში განთავსებული ყველა ნივთი, გარდა სარეცხი მანქანისა და ტელევიზორისა, შეძენილია ჯერ კიდევ მისი შვილის დაბადებამდე. რაც შეეხება სარეცხ მანქანას და ტელევიზორს, ისინი შეძენილია მოსარჩელის მიერ პენსიით, განვადების მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელის მეუღლის სახელზე. მოპასუხე ბ----------------–ს ჰყავს მეორე ქორწინებიდან ცოლ-შვილი და ცხოვრობს მათთან ერთად. განვადება არის ბანკის მიერ მაღაზიის კლიენტის მიმართ გაცემული სესხი. ის, რომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებულია ბ----------------–ის ტელეფონის ნომერი არ ნიშნავს, რომ მის მიერ იქნა სესხი აღებული.
ბ----------------–ის შესახებ ინმფორმაცია თბილისის სააღსრულებო ბიუროს ყველა ბანკში აქვს გადაგზავნილი, შესაბამისად, მის მიერ რაიმე ფინანსური აქტიურობის შემთხვევაში ბანკები მაშინვე დააყადაღებდნენ მის ანგარიშებს.გარდა სარეცხი მანქანისა და ტელევიზორისა, ყველა ნივთი არის დახლოებით 25-30 წლის წინ შეძენილი. მოსარჩელე არ უარყოფს იმას, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, მოუაროს შვილს და გადაუხადოს ალიმენტი, მაგრამ ის 1 წლის განმავლობაში 2-ჯერ იმყოფებოდა ციხეში და ვერ მოახერხა ალიმენტის გადახდა, ხოლო ოჯახის რჩენა უწევთ მის პენსიონერ მშობლებს. ერთადერთი გასართობი სახლში ტელევიზორია, ხოლო ვინაიდან მოსარჩელეს ასაკი აღარ უწყობს ხელს და ხელებიც სტკივა, საჭირო გახდა სარეცხი მანქანის შეძენა და ლ--–--------------ი ამისთის ყოველთვიურად იხდის 105 ლარს განვადების სახით.
(იხ. სარჩელი, ს.ფ 2-13, 2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 10:26:24).
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე გ----–---------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე ბ----------------–ი უკვე 7 წელია შვილს ალიმენტს არ უხდის-თვეში 70 ლარის ოდენობით. მოპასუხის განმარტებით, ის გაჭირვებით ზრდის თავის შვილს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ არის მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბანკები პენსიონერებზე კრედიტებს არ გასცემენ თუ მათ გადამხდელუნარიანი თავდები არ ჰყავთ. საქმეში წარმოდგენილ განვადების განაცხადებში, ასევე საკრედიტო განაცხადში ყველგან მითითებულია ბ----------------–ის ტელეფონის ნომერი. პენსიონრებზე კრედიტის გაცემა ეს არის შეუძლებელი. მოსარჩელეს განვადებას არავინ დაუმტკიცებდა თუ მას არ ეყოლებოდა ისეთი თანამსესხებელი, როგორიც მისი შვილია. ძალიან ბევრჯერ მიმართა მოპასუხემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომ ალიმენტის თანხა დაეკისრებინათ მოპასუხისთვის, მაგრამ უშედეგოდ.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 74-84, 2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი, მოპასუხის ახსნა-განმარტება 10:30:15, სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხის სახელი).
2.2. მოპასუხე ბ----------------–ი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 12 მარტს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება №A--------), რომლის მიხედვითაც მოპასუხე ბ------- ა-------–- ქ--------------–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის 2007 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მ---------------–-ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველვიურად ალიმენტი 70 ლარის ოდენობით 2011 წლის 12 სექტემბრიდან - მის სრუწლოვანებამდე. ვინაიდან ბ----------------–ს არ აქვს გადახდილი ალიმენტის თანხა 29.06.2018 წელს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აქტი №1----- აღიწერა და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ს. დ-------, გ. ჭ----------- ქუჩა №---–- განთავსებულ მოძრავ ნივთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობა (იხ. ს.ფ. 41);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-89).
3.1.2. 2018 წლის 29 ივნისს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სეითი ივანიშვილმა, მოვალე ბ----------------–ის ვალდებულების გამო, აღწერა და დააყადაღა ქ. თბილისი, სოფელი დ-------, გ. ჭ----------- ქუჩა №---–- განთავსებული მოძრავი ნივთები: 1. ერთი ცალი სარეცხი მანქანა INDESIT, თეთრი ფერის, 7 კგ-იანი; 2. ერთი ცალი ტელევიზორი TCL, შავი ფერის LED; 3. ერთი ცალი ტელევიზორი JVC, შავი ფერის, ძველი; 4. ერთი ცალი ხის მაგიდა 6 სკამით, მასიური ხის, სკამები მუქი ყავისფერი; 5. ერთი ცალი დასადგმელი სარკე, წითელი; 6. ორი ცალი კუთხის დივანი მუქი ყავისფერი, დიდი ზომის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (იხ. ს.ფ. 15-16).
3.1.3. ქეთევან ბერიკაშვილი და გ----–---------–---–ი ერთი და იგივე პიროვნებაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის 15 დეკემბრის დასკვნა (ს.ფ. 91-93).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ტელევიზორი TCL, შავი ფერის LED, სერიული ნომრით 3262900, შეძენილია ლ--–--------------ის მიერ შპს ,,ჯეოტექნიკს’’-ში 2017 წლის 16 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 31).
3.2.2. სარეცხი მანქანა INDESIT, თეთრი ფერის, 7 კგ-იანი შეძენილია ლ--–--------------ის მიერ სწრაფი განვადების პირობებით - 2017 წლის 16 სექტებერს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სწრაფი განვადების განაცხადი (ს.ფ. 17-20)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 21-22)
- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-29)
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით 2 მოძრავ ნივთთან დაკავშირებით, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს მოსარჩელეზეა.
სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ იძულებით აღსრულების ფარგლებში დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულ იყო მოსარჩელის და მოვალის საცხოვრებელში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოძრავ ნივთთან დაკავშირებით აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პრეზუმფცია, იძულებით აღსრულებისას, აღმასრულებლის მიერ ყადაღის დადების დროს იცვლება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი მუხლი კონკურენციაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აღნიშნულ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონით ,,სააღსრულებლო წარმოებათა’’ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზუმფცია. იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის და იძულებით აღსრულებისას დაყადაღებული მოძრავი ქონების კუთვნილების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარეს და არა მოპასუხეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოვალეა და თითქმის ყოველთვის მოსარჩელესთან დაახლოებული სუბიექტია, ხოლო მეორე კრედიტორი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცნობდეს მოსარჩელეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია დაყადაღებული ნივთების წარმომავლობის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი ნივთი, სადაც განხორციელდა მოძრავი ნივთების დაყადაღება წარმოადგენს როგორც მოსარჩელის, ასევე მოვალის საცხოვრებელს. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება არ არის აღრიცხული არც მოსარჩელის და არც მოპასუხე ბ----------------–ის სახელზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა, მტკიცებულება, კერძოდ შპს ,,ჯეოტექნიკსის’’ მიერ გაცემული საგარანტიო ტალონი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ტელევიზორი, TCL, 2017 წლის 16 სექტემბერს შეძენილი იქნა ლ--–--------------ის მიერ. ასევე წარმოდგენილია, სს ,,თიბისი ბანკთან’’ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის სახელზე გაცემულია სწრაფი განვადება სარეცხი მანქანის - Indesit-ის შესაძენად. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით, მოსარჩელემ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რამაც შეუქმნა სასამართლოს რწმენა, რომ მოძრავი ნივთები ნამდვილად შეძენილია მის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. სასამართლო ამ მიმართებით, ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რადგან დასაბუთებული შედავება არ ყოფილა წარმოდგენილი. რაც შეეხება დანარჩენ მოძრავ ნივთებს, სასამართლოს მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები, გარდა სარეცხი მანქანის და ტელევიზორისა, არ არის ლ--–--------------ის საკუთრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი სარჩელზე და 50 (ორმოცდაათი) ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობისთვის. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 29 ივნისის (სააღსრულებო წარმოება №A---------012/001) ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №1----- აქტიდან ყადაღისგან გათავისუფლდეს ლ--–--------------ი საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ერთი ცალი სარეცხი მანქანა INDESIT, თეთრი ფერის, 7 კგ-იანი და 2. ერთი ცალი ტელევიზორი TCL, შავი ფერის, LED;
1.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - გ----–---------–---–ს და ბ----------------–ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ლ--–--------------ის სასარგებლოდ 50 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად;
4. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. ნაწილობრივ გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება, რომლის თანახმად შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 29 ივნისს №1----- აქტით დაყადაღებული მოძრავნი ნივთების რეალიზაცია და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შენარჩუნდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად: შეჩერდეს ერთი ცალი სარეცხი მანქანა INDESIT, თეთრი ფერის, 7 კგ-იანის და 2. ერთი ცალი ტელევიზორი TCL, შავი ფერის, LED რეალიზაცია;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე