გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5767-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - შ--------------------ა
მოსარჩელის წარმომადგენლები: ნ------------–--ე
მოპასუხე - დ-------------ე, ი-----–---------ე
წარმომადგენელი - ზ------------–-ა
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა, ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-----–---------ე ცნობილი იქნეს გარდაცვლილი რ--------------ის უფლებამონაცვლედ;
1.2. ი-----–---------ე ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 1--, სართული 5, ფართი 62.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0---------------------- - მესაკუთრედ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 3 ივლისს, სანოტარო წესით გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დ-------------ემ მოსარჩელისგან 6 თვის ვადით ისესხა 27600 აშშ დოლარი და იპოთეკით დაიტვირთა რ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონება. დ-------------ეს ვალდებულება 2017 წლის ოქტომბრის შემდგომ აღარ შეუსრულებია და დავალიანება შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა - 27600 აშშ დოლარს, პროცენტი - 14904 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 17548,30 აშშ დოლარს.
2017 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა რ---------------. რ--------------ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა მისი პირველი რიგის მემკვიდრის - ი-----–---------ის სასარგებლოდ, რომელსაც სამკვიდრო მოწმობის დარეგისტრირება არ განუხორციელებია. აღნიშნულის გამო კრედიტორი ვერ ახორციელებს სააღსრულებო წარმოების დაწყებას. ამდენად, საჭიროა უძრავი ქონების მემკვიდრის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია და მემკვიდრის მესაკუთრედ აღრიცხვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს. არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 3 ივლისს შ--------------------ას, დ-------------ესა და რ---------------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების დროს რ---------------ს წარმოადგენდა დ-------------ე.
ხელშეკრულების თანახმად, დ-------------ემ შ--------------------ასაგან 6 თვის ვადით ისესხა 27600 აშშ დოლარი, თვეში სესხის ძირითადი თანხის 3% სარგებლის დარიცხვის გათვალისწინებით. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება - ძირითადი თანხის 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.07.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების უზრუნველყოფილის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N1--, სართული 5, ფართი 62,50 კვ.მ. საკადასტრო კოდი N0----------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.07.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.3. იპოთეკის საგნის მესაკუთრე - რ--------------- 2017 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების თაობაზე 2018 წლის 13 სექტემბერს ნოტარიუს ლალი კანდელაკის მიერ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა და სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, მიიღო გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა, ი-----–---------ემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან;
- 13.09.2017 წლის სამკვიდრო მოწმობა.
3.1.4. სამკვიდრო მოწმობა მემკვიდრის, ი-----–---------ის მიერ საჯარო რეესტრში დროულად წარდგენილი არ ყოფილა. განცხადება უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრს ჩაბარდა 2019 წლის 18 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- განცხადების მიღების ბარათი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას დასარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1421-ე, 1433-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მოსამზადებელ ეტაპზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. თუმცა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით არსებული გარემოება გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძველზე მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, კერძოდ: სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს არ წარმოუდგენიათ ცნობა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), რითაც დადასტურდებოდა უძრავ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობა. ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის აკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან
უდავოა, რომ აწ გარდაცვლილი რ--------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე 2017 წლის 13 სექტემბერს გაიცა კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობა, მისი პირველი რიგის მემკვიდრის, შვილის, ი-----–---------ის სასარგებლოდ. შესაბამისად, იგი ცნობილი უნდა იქნას უძრავი ქონების მესაკუთრედ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მართალია, სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49.2-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შ--------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ი-----–---------ე (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნას აწ გარდაცვლილი რ--------------ის (პ/ნ 6----------) უფლებმონაცვლედ;
3. ი-----–---------ე (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნას უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ.1--, სართული 5, ფართი 62.50 კვ.მ, ს/კ N 0----------------------, მესაკუთრედ;
4. მოსარჩელე შ--------------------ას (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 21.03.2019 წელს სს ,,თიბისი ბანკში” N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (გადამხდელი - ნ------------–--ე პ/ნ 0----------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე