განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003088970
საქმე #1-588/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----–----–---------ს
ბრალდებულის - ჯ---–------ მ----------ის
ადვკატის - დ----------------ის
თარჯიმნის - ი-----------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170070619004 საქმე :
ბრალდებული: ჯ---–------ მ----------ი
მამის სახელი: ჯ--------
დაბადებული: 2--------- წელი
მოქალაქეობა: უზბეკეთის
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: უ--------------------–---
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ--------------–-–---–-----------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პ;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2019 წლის იანვრის თვის შუა რიცხვებში, ჯ---–------ მ----------მა, ქ. ბათუმში, ს---–-------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ცემა მისივე ოჯახის წევრი - არასრულწლოვანი მეუღლე თ------ ნ-------–---–ი, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და საერთო მეურნეობა გააჩნდა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაუზიანა მარჯვენა თვალბუდის არე, ამით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2019 წლის თებერვლის თვეში, ქ. ბათუმში, ს---–-------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისივე ოჯახის წევრს - არასრულწლოვან მეუღლეს თ------ ნ-------–---–ს ხელი ჩაარტყა რამდენჯერმე მუცელში და თავში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათის შემდეგ, ჯ---–------ მ----------მა, ქ. ბათუმში, პუშკინის ქუჩა N134-ში მდებარე დისკო-კლუბ „დუბაიში“ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისი ოჯახის წევრს - არასრულწლოვან მეუღლეს თ------ ნ-------–---–ს თავდაპირველად ხელი წაუჭირა კისერში, შემდეგ კი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის და ზურგის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. 2019 წლის აპრილი-მაისის თვეში, ქ. ბათუმში, ო---–-–---–------------ში ჯ---–------ მ----------ი არასრულწლოვანი მეუღლის მიმართ, რომელთანაც არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, სიტყვიერად ახორციელებდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, რითაც დაზარალებულ თ------ ნ-------–---–ს გაუჩნდა აღიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ჯ---–------ მ----------ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პ-ით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პ-ით;
სასამართლომ დაადგინა:
4. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ჯ---–------ მ----------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ჯ---–------ მ----------მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში :
5. საქმეში წარმოდგენილი N1468073 შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 7 ივნისს, 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება თ------ ნ-------–---–ისგან, რომელიც აცხადებდა, რომ ყოფილი შეყვარებული ჯ---–------ მ----------ი ემუქრება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. დაზარალებულმა თ------ ნ-------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის დეკემბრიდან საცხოვრებლად გადავიდა შეყვარებულთან ჯ---–------ მ----------თან. თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, როგორც მეუღლეები, თუმცა ქორწინება ოფიციალურად არ დაურეგისტრირებიათ. ბრალდებულისთვის თავიდანვე კარგად იყო ცნობილი მისი არასრულწლოვნების თაობაზე. თანაცხოვრებისას ხშირად ჰქონდათ უთანხმოება, რაც მისი ფიზიკური შეურაცხყოფით სრულდებოდა. 2019 წლის იანვრის თვეში ჯ---–------მა სცემა და თვალის არეში მიაყენა დაზიანება, თებერვალში ასევე ფიზიკურად იძალადა მასზე, მუცლის და თავის არეში ჩაარტყა, ხოლო 2019 წლის 7 ივნისს, ღამის საათებში დისკო-კლუბ „დუბაიში“ ურთიერთშელაპარაკებისას ხელი წაუჭირა კისერში, შემდეგ კი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის, ხელის და ზურგის არეში. ფიზიკური შეურაცხყოფის მითითებული ფაქტებისას გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ 2019 წლის აპრილ-მაისის თვეებში მ----------ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რითაც გაუჩნდა აღიშნული მუქარის განხორციელების შიში.
7. მოწმე თ----–-------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ თ------ ნ-------–---–ი მისი შვილია. ეს უკანასკნელი 2018 წლის ბოლოს, მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, ცოლად გაყვა უზბეკეთის მოქალაქე ჯ---–------ მ----------ს. შვილისგან გადმოცემით იცის, რომ მეუღლეებს შორის უთანხმოება არსებობდა, მ----------ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა პირადად არასდროს შესწრებია მსგავს ფაქტს.
8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 15 ივლისის N004922119 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თ------ ნ-------–---–ს აღენიშნებოდა ორი სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
9. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას. სწორედ ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
12. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში კი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებული თ------ ნ-------–---–ის ჩვენება, რომელიც საუბრობს მ----------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის სამი ფაქტის თაობაზე, ასევე მუქარაზე, თუმცა მის ჩვენებაში მითითებული გარემოებები არ დასტურდება არც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. რაც შეეხება დაზარალებულის დედის - თ----–-------–---–ის ჩვენებას, მან განაცხადა, რომ პირადად არასდროს შესწრებია მ----------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სხვა პირისგან - შვილისგან მიღებული ინფორმაციით, მისი გადმოცემით იცის ამის თაობაზე. შესაბამისად, მისი ჩვენება ვერ ჩაითვლება პირდაპირ მტკიცებულებად და აშკარაა აღნიშნული მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის ირიბი ხასიათი, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (ციტატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
14. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
15. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ერთის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ის მხოლოდ 2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდთანაა დაკავშირებული და არ ეხება 2019 წლის იანვარ-თებერვალში მომხდარი ძალადობის ფაქტებს, შესაბამისად, როგორც მტკიცებულება ვერ იქნება შეფასებული ამ ეპიზოდებთან მიმართებაში, მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული დასკვნით დადგენილი გარემოება - დაზარალებული ნ-------–---–ის მარჯვენა მხრის მიდამოში ორი სისხლნაჟღენთი, არ შეესაბამება ჯ---–------ მ----------ის მიმართ ბრალად შერაცხულ და ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი დაზიანებების ლოკაციას. კერძოდ, ბრალდების მხარე მ----------ს ედავება, რომ 2019 წლის 7 ივნისს ხელი წაუჭირა კისერში ნ-------–---–ს, შემდეგ კი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის და ზურგის არეში. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში სწორედ სხეულის ამ არეებში დარტყმებზე და აღნიშნულით გამოწვეულ ტკივილზე საუბრობდა, რაც გახდა საფუძველი სწორედ კისრის, ზურგის და თავის არეში დარტყმების გამო მ----------ისთვის ძალადობის ბრალდების წარდგენისა. საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში, რომელსაც წინ უსწრებდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში სსსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით დამატებითი მტკიცებულების - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა და ცნობილი გახდა სხეულის სულ სხვა არეში არსებულ სისხლნაჟღენთზე, დაზარალებულმა კისრის, თავის და ზურგის არეში დარტყმების შესახებ ინფორმაციას დაამატა განმარტება დარტყმაზე მხრის არეშიც, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. თუმცა ამ განმარტებამ სასამართლო არათუ დაარწმუნა, არამედ პირიქით - მისთვის საეჭვო გახადა დაზარალებულის მიერ დაზიანებებთან დაკავშირებით გადმოცემული ინფორმაციის სისწორე.
16. სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მორგება და მისი ჩამდენი პირისთვის ბრალდების წარდგენა, კონკრეტული ქმედებების აღწერა, რამაც ბრალდების წარდგენის საფუძველი შექმნა, ასევე ამ ბრალდების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება და მის დადასტურებაზე ზრუნვა, ბრალდების მხარის ფუნქცია-მოვალეობაა, ანუ, რა ბრალდება წარედგინება დანაშაულის ჩამდენ პირს, მხოლოდ პროკურატურა განსაზღვრავს. სასამართლო კი ვალდებულია წარდგენილი ბრალდების ფარგლებში განიხილოს საქმე და არ არის უფლებამოსილი გასცდეს უკვე წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, პირს ბრალად შერაცხოს ქმედება, რომელსაც მას არ ედავება სისხლისამართლებრივი დევნის განმახორციელებლი და ბრალდების წარდგენაზე უფლებამოსილი ერთადერთი სახელმწიფო ორგანო - პროკურატურა. შესაბამისად, მხრის არეში არსებულ სისხლნაჟღენთთან დაკავშირებით ჯ---–------ მ----------ს არ წარდგენია ბრალდება, აღნიშნული დაზიანების გამო მას არ შედავებია სახელმწიფო, ამიტომ სასამართლო ვერ შერაცხავს ბრალად ისეთ ქმედებას, რომლის შესახებაც არაა მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
17. ამდენად, განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, რომელიც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მის მიერვე გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას, რაც საეჭვოს ხდის მის სანდოობას და არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებით გათვალისწინებულ რომელიმე ეპიზოდში მ----------ის დამნაშავედ ცნობისთვის.
ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".
18. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ მითითებულ საქმეშიც წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება უზენაესმა სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
19. მოცემულ შემთხვევაშიც, როგორც აღინიშნა, სახეზეა მტკიცებულებების არასაკმარისობა, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.
20. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ნებისმიერი დანაშაულის ფაქტი, რომელშიც დაზარალებული პირი არასრულწლოვანია, მით უფრო, თუ საქმე ძალადობის ფაქტებს შეეხება, არ უნდა დარჩეს შესაბამისი რეაგირების და დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ადექვატური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო პირდაპირი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა ერთნაირად აუცილებელია დანაშაულის ყველა შემთხვევის დროს, ნებისმიერი გამონაკლისის გარეშე. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, შესაბამისად, ის არის პასუხისმგებელი დამნაშავის სათანადო დასჯაზე. მისი მხრიდან არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის ნებისმიერ შემთხვევას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ასაკობრივი კატეგორიის პირია ცნობილი დაზარალებულად, შედეგად მოჰყვება ბრალდებულის გამართლება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
21. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
24. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯ---–------ მ----------ის ბრალდების დადასტურება.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება:
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ჯ---–------ მ----------ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ჯ---–------ მ----------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 276-277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჯ---–------ ჯ--------ის ძე მ----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით და 111, 126-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
მსჯავრდებულ ჯ---–------ მ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ჯ---–------ მ----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი