გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2019
საქმის ნომერი
330210118002739116
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/34265-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - სს „თ----- ბ----’’

წარმომადგენელი - მ----- რ-------–---–-, მ------ ნ-------

მოპასუხეები - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------, ლ-- კ-----–---–-

წარმომადგენელი - ს--–---- შ---------

მოპასუხეები - შპს ,,პ--------ა გ----’’, შპს ,,პ---------’’

წარმომადგენელი - გ---- ძ--------

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ--------- გ----’’-ს და შპს ,,პ---------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 32 235.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 27 011.50 ლარი, პროცენტი - 2 523.30 ლარი და პირგასამტეხლო - 2 701.15 ლარი;

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ--------- გ----’’-ს და შპს ,,პ---------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 22 ნოემბრიდან 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 27 011.50 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური სარგებლის - 1-.6%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 3 230.02 ლარისა;

 

1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ--------- გ----’’-ს და შპს ,,პ---------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 22 ნოემბრიდან 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 27 011.50 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0.05%-ის გადახდა 2018 წლის 22 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 931.04 ლარისა;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს ლ-- კ-----–---–-ა და ნ-----–---- კ-----–---–- შორის 2018 წლის 09 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და გასხვისებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, თ------ ქ---- 9, ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდეს კვლავ მოპასუხე ნ-----–---- კ-----–---–-ს საკუთრების უფლება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,თ----- ბ----’’-სა (შემდგომში მოსარჩელე) და მოპასუხე გ------- მ-----–---–- (შემდგომში მსესხებელი) შორის 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 24 იანვარს მათ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 40 000 ლარის ოდენობით, 10 თვის ვადით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების წლიურ საპროცენტო სარგებელს დამატებული 8.75%-ის გადახდის პირობით. საკრედიტო ხელშეკრულების 2.9 - 2.10 მუხლებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ერთეულის ოდენობით და შემდგომ ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს და მოპასუხეებს ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ---------’’-ს და შპს ,,პ--------- გ----’’-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თავდებობით სრულად იქნა უზრუნველყოფილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 42 000 ლარით.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ კრედიტს დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რაც არ შესრულებულა. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები კანონით დადგენილი წესით, სადაც მითითებული იყო რომ დარღვეული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი და მიეცათ მათ დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, რასაც შედეგი არ მოჰყვა. ამავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი, შეწყდებოდა საკრედიტო ხელშეკრულება და ბანკი მოითხოვდა კრედიტის სრულად დაფარვას.

 

მოსარჩელის განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულებაზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 12 ივნისს, რის შემდეგაც ზედიზედ ორი ვადაგადაცილების შემდეგ თავდებმა ნ-----–---- კ-----–---–-- კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, თ------ ქ---- 9, ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 2018 წლის 09 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მის დედაზე - ლ-- კ-----–---–---. აღნიშნული ხელშეკრულების მიუხედავად, უძრავი ქონების ფლობას კვლავ განაგრძობს ნ-----–---- კ-----–---–-.

 

მოპასუხესთან გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.15-ე მუხლის, აგრეთვე თავდებობის ხელშეკრულების 4.12 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის კომუნიკაცია, მათ შორის, კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და არბიტრებს შორის წარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მათ შორის დაბარება, უწყების ჩაბარება, დოკუმენტაციის გადაცემა განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში მხარეთა რეკვიზიტების ნაწილში მითითებული ელ-ფოსტის მისამართებზე, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხეებს 2018 წლის 24 ოქტომბერს გაფრთხილების წერილები ჩაბარდათ ელ-ფოსტის საშუალებით, რომლის მოთხოვნების ასევე არ იქნა მათი მხრიდან შესრულებული.

 

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის წარმოდგენის დროისთვის გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომელსაც დაუკავშირა მან ვალდებულების შესრულება, თუმცა დავალიანება მაინც არ არის გადახდილი სრულად. შესაბამისად, ბანკმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო 2018 წლის 22 ნოემბერს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1.მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე გ------- მ-----–---–-- სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამასთან დაეთანხმა მასსა და მოსარჩელეს შორის საკრედიტო ურთიერთობის არსებობის ფაქტს. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი ნაწილის - 27 011.50 ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, პარტნიორთან უთანხმოების გამო გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა რის გამოც ვერ მოახერხა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და აღნიშნულზე შეხვედრებიც ჰქონდა ბანკის თანამშრომლებთან. მოპასუხის განმარტებით, სესხის გადახდის გრაფიკის დეტალები მისთვის იყო ცნობილი და ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული ნ-----–---- მ-----–---–-. შესაბამისად, მცდარია მოსარჩელის მითითება ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათზე.

 

მოპასუხეებმა ნ-----–---- კ-----–---–-- და ლ-- კ-----–---–-- სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინეს იდენტური შესაგებლები, რომლებშიც მიუთითეს რომ მათთვის უცნობია მსესხებლის მიერ როგორ და რა ვადაში ხდებოდა თანხის გადახდა. მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების დადების ფაქტი კი არ არის დაკავშირებული მოსარჩელეს და მსესხებელს შორის არსებულ ურთიერთობაზე.

 

მოპასუხე ნ---- ნ---------მ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მოპასუხეებმა შპს ,,პ--------- გ----’’-მა და შპს ,,პ---------’’-მ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხეთა განმარტებით, მათსა და მსესხებელს შორის მიმდინარეობს დავა. კომპანიების 50%-იანი წილის მფლობელი არ ყოფილა ინფორმირებული თავდებობის შესახებ და თავდებად კომპანიების მითითება განპირობებულია მსესხებლის და მათი წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხე გ------- მ-----–---–- შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაში აღწერილი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 13.15 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შეწყვეტისათვის დამატებით ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდა წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

2017 წლის 31 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 24 იანვარს ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებამ, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 40 000 ლარის ოდენობით 10 თვის ვადით - 22.11.2018 მდე, წლიური სარგებლის - 16%-ის გადახდის პირობით.

 

ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები (ს.ფ.19-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2018 წლის 24 იანვარს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა ამავე თარიღში მოსარჩელეს და შპს ,,პ---------’’-ს , მოსარჩელეს და შპს ,,პ--------- გ----’’-ს, მოსარჩელეს და ნ---- ნ---------ს, ასევე მოსარჩელეს და ნ-----–---- კ-----–---–- შორის დადებული თავდებობის დამოუკიდებელი ხელშეკრულებებით.

 

თავდებობის ხელშეკრულებების 1.1.1 პუნქტების თანახმად, ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია მხოლოდ საბანკო კრედიტის საფუძველზე გაცემულ საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული წარმოშობილი ვალდებულებები. ამავე ხელშეკრულებების 1.3 პუნქტების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა არის 42 000 ლარი ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.

 

თავდებობის ხელშეკრულებების 4.12 პუნქტების თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შეწყვეტისათვის დამატებით ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდა წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 31-43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მსესხებლის მიერ დარღვეულია 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება. მსესხებელს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2018 წლის 12 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 44);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 20118 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეცნობათ ბანკის უფლებამოსილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 45-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეწყვეტილია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის საფუძვლით - 2018 წლის 22 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2018 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, მსესხებელს 2018 წლის 24 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 32 797.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 27 011.50 ლარი, პროცენტი - 2 546.61 ლარი, ხოლო ჯარიმა - 3 239.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.7. 2018 წლის 09 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–---- კ-----–---–-- თავის დედას - მოპასუხე ლ-- კ-----–---–- აჩუქა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, თ------ ქუჩა 9, ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--.

აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ლ-- კ-----–---–- აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 53);

- ხელშეკრულება (ს.ფ. 54);

- ამონაწერები (ს.ფ. 17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. მსესხებელმა - გ------- მ-----–---–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის 27 011.50 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 26 მაისს მოპასუხე ნ-----–---- კ-----–---–- მოსარჩელის მიერ გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობა, რომ მსესხებლის მიერ არ შესრულდა 2018 წლის 22 მაისს გრაფიკით დადგენილი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გზავნილი, ჩაბარების დასტური

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.2 უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, თ------ ქუჩა 9, ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- არის ერთი ოთახი სახლთმფლობელობაში (ე.წ. “იტალიურ ეზოში„) და მდებარეობს ნ-----–---- კ-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის მომიჯნავედ, რომელიც ასევე რეგისტრირებულია ლ-- კ-----–---–- სახელზე. დღეისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით ეს არის ერთი საერთო სივრცე და სადავო ფართში დამოუკდიებლად შესვლა ან/და მისი დამოუკიდებლად გამოყენება შესაძლებელი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლ--ნი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა - გ------- მ-----–---–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის 27 011.50 ლარის დაკისრების ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის - მსესხებლის მიერ სარჩელის ცნობა საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, თავის მხრივ, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ვალდებულების ფაქტის ცნობა, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია როგორც მსესხებლის, ასევე თავდებების მიმართ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მსესხებელს შორის 2018 წლის 24 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა ამავე თარიღში მოპასუხეებთან ნ-----–---- კ-----–---–----, ნ---- ნ---------სთან, შპს ,,პ--------- გ----’’ და შპს ,,პ---------’’-სთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით. ამასთან დადგენილია, რომ თითოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 42 000 აშშ დოლარით.

 

მხარეთა შორის არსებული შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, მსესხებლის, ისევე როგორც მოპასუხედ დასახელებული თავდები პირების მიერ არ განხორციელებულა არსებითი შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კერძოდ, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისა და მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების ოდენობის ნაწილში. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მსესხებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანების ძირი თანხა, ისევე როგორც მასზე დარიცხული პროცენტი.

 

ვინაიდან უდავოა, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის საკითხი, ასევე დადგენილია მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა, შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლის და თავდები პირების მიმართ სოლიდარულად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 2 523.30 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 24 იანვარის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2 701.15 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი, იგი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მსესხებელს, ისევე როგორც 2018 წლის 24 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პირებს, იგი უნდა დაეკისროთ მოთხოვნილი ოდენობით.

 

6.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.6%-ით.

 

კრედიტორმა წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, ბანკის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროთ მოპასუხეებს დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 27 011.50 ლარის 0.05% 2018 წლის 22 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 931.04 ლარისა.

 

სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოს თაობაზე უკვე აღნიშნულ მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის’’ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მოვალისთვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც, რის გამოც წარმოდგენილი მოთხოვნა ასევე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მოპასუხეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას მოჩვენებითობის საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთახმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური პრინციპიდან გამომდინარე, გარიგების მოჩვენებითი ბუნების დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა. მართალია, სადავო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია დედა-შვილს შორის, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება, არ ქმნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ფართში დამოუკდიებლად შესვლა ან/და მისი დამოუკიდებლად გამოყენება დღეისათვის შესაძლებელი არ არის. სადავო ქონება ნ-----–---- კ-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში მანამდე არსებული საცხოვრებელი ბინის მომიჯნავედაა განლაგებული და გამოიყენება საერთო სარგებლობის მიზნებისათვის. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით ნაკლებად სარწმუნოა მხარეთა შორის გარიგების თვალთმაქცური მიზანი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე ნორმის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1 091.91 ლარი (ს.ფ.13), ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით კი გადახდილი აქვს - 120 ლარი (ს.ფ 14), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს - 50 ლარი (ს.ფ.15).

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, შესაბამისად ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთანავე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 20 ლარის ოდენობით.

 

მსესხებელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 810.34 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეებს (გარდა ლ-- კ-----–---–-სა, რომლის მიმართაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 281.57 ლარის ანაზღაურება.

 

ამასთან, მოპასუხეებს (გარდა ლ-- კ-----–---–-სა, რომლის მიმართაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა) სოლიდარულად ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის (ს.ფ.16) გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მხოლოდ თანხის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, არსებობს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 1991-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----- ბ----’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ--------- გ----’’-ს და შპს ,,პ---------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 32 235.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 27 011.50 ლარი, პროცენტი - 2 523.30 ლარი და პირგასამტეხლო - 2 701.15 ლარი;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ--------- გ----’’-ს და შპს ,,პ---------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 22 ნოემბრიდან 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 27 011.50 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური სარგებლის - 16.6%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 3 230.02 ლარისა;

 

1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ--------- გ----’’-ს და შპს ,,პ---------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 22 ნოემბრიდან 2018 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 27 011.50 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0.05%-ის გადახდა 2018 წლის 22 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 931.04 ლარისა;

 

1.4. სს ,,თ----- ბ----’’-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებს ლ-- კ-----–---–-ა და ნ-----–---- კ-----–---–- შორის 2018 წლის 09 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გასხვისებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, თ------ ქ---- 9, ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კვლავ მოპასუხე ნ-----–---- კ-----–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სს ,,თ----- ბ----’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----- ბ----’’-ში 15.11.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 091.91 ლარიდან - 810.34 ლარი (საგადახდო დავალება #3);

 

4. მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----- ბ----’’-ში 15.11.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან - 20 ლარი (საგადახდო დავალება #4);

 

5. მოპასუხეებს - გ------- მ-----–---–-, ნ-----–---- კ-----–---–-, ნ---- ნ---------ს, შპს ,,პ---------’’-ს და შპს ,,პ--------- გ----’’-ს დაეკისროთ სოლიდარულად სს ,,თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 281.57 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი - 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი - 20 ლარის ანაზღაურება;

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც:

აეკრძალა მოპასუხე ლ-- კ-----–---–- მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, მოსე თ------ ქ. 9, ს/კ: 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია