განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
330100119003013797
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2370-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ--------------

 

ბრალდებული - ი---------------, დაბადებული - 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. ტყიბული, ა-----–-------–------------, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ--------------–---------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 05:35 საათზე, ქ. თბილისში, ფ-------–---------------------- მოპირდაპირედ განთავსებული სს ,,ლიბერთი ბანკის“ შენობის მიმდებარედ არსებული ამავე ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ი--------------, სხვა პირთან ერთად, ძალაყინის გამოყენებით, აპარატის თანხის საცავში შეღწევის გზით, შეეცადა ფულადი თანხის ფარულ დაუფლებას. ი--------------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას, წაასწრეს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, რის გამოც მან დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–------–---–-- განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით დილის 05:30 საათზე მეწყვილესთან - ს-–----------–------- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, - იგი იმყოფებოდა ზემო ფონიჭალის ტერიტორიაზე, მ---------------- მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახანძრო შენობასთან, რომლის გვერდით მდებარეობს სს ,,ლიბერთი ბანკის“ შენობა, ხოლო შენობის შესასვლელ კართან არის ჩასარიცხი აპარატი. სახანძრო შენობის და სს ,,ლიბერთი ბანკის“ ბანკის შენობის ტერიტორიას ჰყოფს ღობე. მოწმის განმარტებით ზ/აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას გაიგონა დარტყმისა და სიგნალიზაციის ხმა, გადაახტნენ, გადავიდნენ ღობეზე და აღმოჩნდნენ სს ,,ლიბერთი ბანკის“ ეზოში, რა დროსაც მათ დაინახეს ერთი პიროვნება (ი--------------), რომელიც გაურკვეველი ნივთებით ამტვრევდა ჩასარიცხ აპარატს. მიუხედავად სიგნალიზაციისა, იგი მაინც აგრძელებდა მოქმედებას. ამავდროულად ი------------------, დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით იდგა ერთი პიროვნება, ასევე მეორე პიროვნება იდგა დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით, რომელიც გზის სავალ ნაწილს აკონტროლებდა. მოწმის განმარტებით, როდესაც ი--------------ს მიუახლოვდა, ერთ-ერთი მათგანი შეეცადა სტვენით გაეფრთხილებინა ი--------------, მეორემ კი მიმართა სიტყვებით ,,ძაღლები, გაიქეციო’’. თუმცა ი--------------მ ეს ვერ გაიგონა, რადგან სიგნალიზაცია იყო ჩართული, ხოლო ორივე მათგანი გაიქცა. მოწმის თქმით, ი--------------მ მათი დანახვისთანავე სცადა გაქცევა, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან მოწმე თანამშრომელთან ერთად გაეკიდა მას და მოახდინა მისი დაკავება. მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. მოწმემ დაადასტურა, რომ ზუსტად ახსოვს ი--------------სთან ერთად მყოფი ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი აკონტროლებდა გზის სავალ ნაწილს, ხოლო მეორე შიდა პერიმეტრს. ასევე, მოწმემ შემთხვევის ადგილი აღწერა ნიშნობრივი ფორმით, კერძოდ ნახაზით.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს-–----------–--- ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფოლების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. დღეის მდგომარეობით კი მუშაობს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის პირველი განყოფილებაში უბნის ისპექტორ-გამომძიებლად. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 15 აპრილს მეწყვილე ი-----–------–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფ-------–---------------------- მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახანძრო - სამაშველო სამსახურის ეზოში, რა დროსაც სახანძრო - სამაშველო სამსახურის გვერდით მდებარე სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ გაიგონეს სიგნალიზაციის ხმა. აღნიშნულზე, ორივე მათგანი გაემართნენ სს ,,ლიბერთი ბანკისკენ“, გადავიდნენ ღობეზე, ეზოში შესვლის შემდგომ, მათ დაინახეს პიროვნება, რომელიც რკინის ე.წ. ,,გელათით’’ აზიანებდა ჩასარიცხ აპარატს. მოწმის თქმით, ჩასარიცხი აპარატიდან მოშორებით მათ დაინახეს კიდევ ორი პიროვნება, ერთი იდგა გზის პირას, ხოლო მეორე ბანკის ჩამოსასვლელთან, რომლებიც მათ დანახვაზე შეეცადნენ სტვენით გაეფრთხილებინათ ბრალდებული (ი--------------), თუმცა უშედეგოდ, რადგან სიგნალიზაციის ხმის გამო ვერ გაიგონა და აგრძელებდა აპარატის დაზიანებას. ამასობაში, ზემოხსენებული პირები გაიქცნენ. ი-------------- კი მათი დანახვისთანავე შეეცადა გაქცევას, თუმცა იგი დაკავებულ იქნა ადგილზე. მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ასევე, მოწმემ შემთხვევის ადგილი აღწერა ნიშნობრივი ფორმით, კერძოდ ნახაზით.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--------------- (გამომძიებელი) ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 15 აპრილს, ი-----–------–---–-- შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის განმარტებით იმავე დღეს გამოკითხა მოწმეები. ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ამოღებულ იქნა ერთი ცალი ძალაყინი და ერთი ცალი დანა, რომლებიც ჩასარიცხი აპარატიდან დაახლოებით 6 - 7 მეტრის მოშორებით იყო ასფალტზე დაყრილი.

 

2.5. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი--------------მ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას მოქმედებდა მარტო, თანამზრახველების გარეშე.

 

2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი--------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის ყველა სხვა მტკიცებულება (გარდა მოწმეების - ი-----–------–---–--, ს-–----------–---, ლ--------------- და ი--------------- ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

2.7. ი--------------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა და ბრალდებულის ნაწილობრივ აღიარებით - ჩვენებით, ასევე დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით:

 

2.8. ელ.სმენით შეტყობინების ოქმის (15.04.2019 წელი) თანახმად, ი-----–------–---–--ა და ს-–----------–--- მიერ ქ. თბილისში, ზ--------------–-, მ---------------- მოპირდაპირედ მდებარე სს ,,ლიბერთი ბანკის“ შენობის მიმდებარედ არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ იქნა ი--------------, ხოლო მასთან ერთად მყოფმა ორმა პიროვნებამ შეძლო გაქცევა.

 

2.9. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (15.04.2019 წელი) მიხედვით, ი-------------- დაკავებულ იქნა ქ. თბილისში, ფ-------–---------------------- მიმდებარედ არსებულ სს ,,ლიბერთი ბანკის’’ შენობის ტერიტორიაზე.

 

2.10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (15.04.2019 წელი) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ზ--------------–-, მ---------------- მოპირდაპირედ არსებული სს ,,ლიბერთი ბანკის“ შენობის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა, ერთი ცალი დანა და ერთი ცალი ძალაყინი.

 

2.11. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა საქმეში ფაქტის უშუალო შემსწრე პირებისა და სხვა მოწმის ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი--------------- დამნაშავედ ცნობისთვის.

 

2.12. სასამართლო შეფასების მიღმა არ დატოვებს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ პოზიციას, ი--------------- ქმედების არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრე პირებმა სასამართლო სხდომაზე არსებითად განსახვავებული ჩვენებები მისცეს და მათი ჩვენებით ვლინდება ის ფაქტი, რომ ი-------------- მოქმედებს არა თანამზრახველებთან ერთად, არამედ მარტო.

 

2.13. სასამართლოს შეფასებით, დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრე პირების - ი-----–------–---–-- და ს-–----------–--- ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრილი. ჩვენების მიცემისას ი-----–------–---–-- და ს-–----------–--- დეტალურად აღწერეს, თუ სად და რა ვითარებაში დაინახეს ი-------------- თანამზრახველებთან ერთად. ზემოაღნიშნული ორივე მოწმის განმარტებით, ბრალდებული იმყოფებოდა სს ,,ლიბერთი ბანკის“ შენობის კართან დამონტაჟებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და გაურკვეველი ნივთით აზიანებდა მას, ხოლო მისი თანამზრახველები მისგან ერთი 15 მეტრის მოშორებით იდგა, ხოლო მეორე დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით, რომელიც გზის სავალ ნაწილს აკონტროლებდა. მათ დანახვაზე, ორივე მათგანი შეეცადა ი--------------- გაფრთხილებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან სიგნალიზაციის გამო მან ვერ გაიგონა ერთ-ერთი მათგანის სტვენის ხმა, ხოლო მეორე პიროვნების შეძახილი ,,ძაღლები, გაიქეციო’’, რის შემდეგ ორივე მათგანი გაიქცა, ხოლო ი-------------- მიუხედავად გაქცევის მცდელობისა, ადგილზე დააკავეს. ი-----–------–---–-- და ს-–----------–--- ჩვენებების შეფასებისას, სასამართლოსთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო დარბაზში ორივე მათგანმა შემთხვევის ადგილი აღწერა ნიშნობრივი ფორმით, კერძოდ ნახაზით, რომლებიც თითქმის იდენტურია და არსებითი სხვაობა არ არის გამოკვეთილი. პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გალსტიანი სომხეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლო უთითებს, რომ „..ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის პროცესში ერთადერთი მტკიცებულება პირის დამკავებელი პოლიციის ოფიცრის ჩვენებაა, თავისთავად კონვენციის მე-6 მუხლს არ ეწინააღმდეგება, თუკი ბრალდებულს საშუალება აქვს გამოიკვლიოს ეს მტკიცებულება შეჯიბრებითობის პრინციპით წარმართულ პროცესზე.“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე GALSTYAN v. ARMENIA, №26986/03, 2007 წლის 15 ნოემბერი, §78) მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ორი დამკავებელი პოლიციელის ჩვენება, რომლებიც დაიკითხნენ არსებითი განხილვის სხდომაზე, ორივე მხარის მონაწილეობით და დამატებით იმ პირობებში, როდესაც მათი მხრიდან ბრალდებულ ი--------------- მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გამოკვეთილა, სასამართლო მათ აფასებს სანდოობის მაღალი ხარისხით.

 

2.14. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალმდებლის მოვალეობაა, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე წარმოადგენს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მოცემულ შემთხვევაშიც, ი-------------- არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ ჩვენების მიცემისას გამოთქმული პოზიცია პოლიციელების მისით არაობიექტური დაინტერესების თაობაზე არის დაუსაბუთებელი ვარაუდი, რაც ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათალისწინებულ დანაშაულში მისი გამართლების საფუძველი.

 

2.15. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე, ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით ი--------------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობის მცდელობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.

 

3.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ი--------------ს ამოძრავებდა სს ,,ლიბერთი ბანკის“ შენობის მიმდებარედ არსებული ამავე ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ძალაყინის გამოყენებით, საცავში შეღწევის გზით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის (ფარულად განეხორციელებინა დანაშაულებრივი ქმედება), სისრულეში მოყვანას. რაც შეეხება თავად ქმედების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება შემთხვევის შემსწრე ი-----–------–---–-- და ს-–----------–--- სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, რა დროსაც მათ დეტალურად მიუთითეს ბრალდებულ ი--------------- და მისი თანამზრახველების მოქმედებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა აგრეთვე ქურდობის მეორე ობიექტური ნიშანი - ფარულობა, ვინაიდან ბრალდებულის შეგნებით, აღნიშნული ქმედების განხორციელების მომენტში, მოქმედებდა ფარულად.

 

3.5. ვინაიდან ი-------------- და მისი თანამზრახველები ქურდობის მომენტში შეამჩნია ორმა პირმა, მათ აღარ მიეცათ ფულადი თანხის დაუფლებისა და სურვილისამებრ განკარგვის შესაძლებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა ქურდობა, არამედ მისი მცდელობა, რის დასადასტურებლადაც სასამართლო მიმოიხილავს მცდელობის ორივე კომპონენტს უშუალოდ ი--------------- მიმართებაში: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში - 2019 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 05:35 საათზე, ი--------------მ თანამზრახველებთან ერთად განიზრახა დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება - განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სათანადო ხელსაწყოებითა შეიარაღებულმა ი--------------მ, ძალაყინის გამოყენებით, საცავის დაზიანების გზით, დაიწყო სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანამდე ისინი შემჩნეულ იქნენ ი-----–------–---–-- და ს-–----------–--- მიერ. სასამართლო მიიჩნევს, რომ არა აღნიშნული პირები და მათი მყისიერი რეაგირება, ი-------------- თანამზრახველებთან ერთად დაეუფლებოდა სხვის ქონებას.

 

3.6. ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ი--------------- მიერ ქურდობის მცდელობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.

 

3.7. სასამართლო უპირველესად განმარტავს სხვა საცავის ცნებას. „სხვა საცავად“ უნდა ჩაითვალოს მატერიალური ფასეულობის მქონე მუდმივი ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა. სხვა საცავში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მოიშველიებს 2018 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს №186აპ-18 გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ: ,,მატერიალური ფასეულობა გარეშე პირთაგან შესაძლოა დაცული იყოს როგორც სწრაფი ჩარიცხვის აპარატით, ისე უძრავი ნივთით (მაგ., ჯიხური). ორივე მათგანისათვის საერთო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ პირს, შესაძლებლობა არ აქვს დამატებითი „ძალისხმევის“ გარეშე, იმავე პირობებში დაეუფლოს ნივთს, როგორც ამას, მაგალითად, ჯიბიდან ნივთის ფარულად დაუფლების შემთხვევაში გააკეთებდა’’. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ი--------------მ ძალაყინის გამოყენებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში შეღწევის გზით, შეეცადა ფულის დაუფლებას, შესაბამისად, ბრალდებულის მიერ იქ შეღწევა საჭიროებდა გარკვეული ბარიერის გადალახვას, რისი განხორციელების დროსაც დააკავეს.

 

3.8. სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულსა და მის თანამზრახველებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება, ი-----–------–---–-- და ს-–----------–--- (ფაქტის უშუალო შემსწრე პირების) ჩვენებებით, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებულსა და მის თანამზრახველებს, მათი განლაგების მიხედვით განაწილებული ჰქონდათ როლები. ი-------------- უშუალოდ ახორციელებდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებას, ხოლო სხვა ორი პირი აკონტროლებდა, როგორც სს ,,ლიბერთი ბანკის“ შიდა ისე გარე პერიმეტრს. მათ წინასწარ შეთანხმებულ ქცევაზე მიუთითებს მათი განლაგება, ერთმანეთთან კომუნიკაციის სტილი - ,,სტვენა’’ და სიტყვები ,,ძაღლები, გაიქეცით’’. ასევე ის ფაქტიც, რომ პოლიციელების შემჩნევისთანავე ი--------------- თანამზრახველი ორი პირი ადგილიდან მიიმალა, რაც ადასტურებს მათ შეთანხმებულ მოქმედებას. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-------------- თანამზრახველებთან ერთად ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სს ,,ლიბერთი ბანკის“ კუთვნილ თანხას.

 

3.9. დასკვნის სახით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი--------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნაწილობრივ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ი--------------ს მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ი--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ღამის საათებში, საცავის დაზიანების გზით, თანამზრახველებთან ერთად შეეცადა ასევე ფარულად დაუფლებოდა სხვის საკუთრებაში არსებულ თანხას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა დანაშაულის ჩადენამდე საგულდაგულოდ მომზადებაში - ის აღჭურვილი იყო შესაბამისი ხელსაწყოებით), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას), აგრეთვე მის პიროვნებას (საქმეში წარმოდგენილი მასალები ი--------------- უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), დამატებით იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (უდავოდ გახადა მტკიცებულებების მოცულობითი ნაწილი), დაზარალებულს აუნაზღაურა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებით მიყენებული ზიანი და მიიჩნევს, რომ ი--------------ს ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით. სასამართლოს მოსაზრებით, ი---------------თვის დანიშნული სასჯელი იქნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· ი--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის ტყავის საფულე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ი------------------ აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ძალაყინი და ერთი ცალი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

ი--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 აპრილიდან.

 

ი--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· ი---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის ტყავის საფულე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ი------------------ აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ძალაყინი და ერთი ცალი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი