გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2019
საქმის ნომერი
010310018002275303
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 3/31-18(010310018002275303)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15.10.2019 წ. ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივნი - ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - ეფრემ პუჩინიანი

წარმომადგენელი - ნადიმ მალაყმაძე

მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნინო სურგულაძე

მესამე პირი - იაშარ ღომიძე

წარმომადგენელი - გივი მამულაძე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 დეკემბრის #25/20581 გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეს უარი უთხრეს ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს მოსარჩელის ეფრემ პუჩინიანის განცხადებები 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2019 წლის 23 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტმა მიიღო 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმში ვ.ფშაველას 66-ში საინიციატივო ჯგუფს გამოეყო 350 კვ.მ მიწის ფართობი ბინათმშენებლობისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ.1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილება.)

 

4.2. ქ. ბათუმი საკუთრების უფლების აღიარებით კომისიის გადაწყვეტილებით იაშარ ღომიძეს უარი ეთქვა ვაჟა-ფშაველას 66-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გადაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ. დანართი #2 ამონაწერი 2014 წლის 07 დეკემბრის #15-ოქმიდან).

 

4.3. საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით ი.ღომიძე მოითხოვდა 350 კვ.მ მიწის საცხოვრებელი სახლის დაკანონებას ვ.ფშაველას ქ. #66-ში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ღომიძე აღიარებული იქნა ვ.ფშაველას #66-ში 733 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთ 58.33 კვ.მ-ის ნაწილში. ქ. ბათუმში ვ.ფშაველას #66 733 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრებად ითვლებიან მოსარჩელე, მიხეილ მესპროპიანი, ნიაზ დავითაზე და იაშარ ღომიძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ დანართი #3 და #4. ამანაწერები საჯაროი რეესტრიდან)

 

4.4. მოსაჩელემ სადაო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის თაობაზე ორჯერ მიმართა აჭარის მთავრობას, რომელმაც მისი განცხადება განსახილველად გააგზავნა ბათუმის მერიაში, რომელიც არ იქნა განხილული მოსარაჩელემ კვლავ მიმართა ახალი განცხადებით ბათუმის მერიას სადაოა გადაწყვეტილების განხილვისა და ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მის განხილვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ. დანართი #5 და #6)

 

სამოტივაციო ნაწილი;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი დაზუსტებული მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილია შემდეგი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 დეკემბრის

 

#25/20581 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი უთხრეს ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე. უარის თქმის ძირითად საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების წარდგენის წესზე. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სადაო აქტით მხარეს განემარტა, რომ ანალოგიური მოთხოვნით ბათუმის მერიას 2017 წლის 25 ივლისს წარედგინა განცხადება #2801/01 რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 15 სექტემბრის #25/14812 საპასუხო წერილით არ დაკმაყოფილდა, სადაც მას ეცნობა, რომ მისი უფლებამოსილების თაობაზე მიემართა სასამართლოსთვის.

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, შემდეგი; მოსარჩელემ სადაო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით 2017 წლის 28 ივნისს განცხადებით მიმართა აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელმაც მისი განცხადება შესასრულებლად გადაუგზავნა ბათუმის მერს, რომელმაც მისი განცხადება არ განიხალა და არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ხელმოწერი წერილით აცნობა, რომ ამ საკითხის განხილვა სცდებოდა მერიის უფლებამოსილებას და უნდა განეხილა ზემდომ ორგანოს. მოსარჩელემ კვალ მიმართა განცხადებით 2017 წლის 17 ივლისს აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რის გამოც მთავრობის აპარატის უფროსმა მოსარჩელის განცხადება განსახილველად დაუქვემდებარა ისევ ბათუმის მერიას და ამავე წერილში მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემ ორგანოს. ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად განცხადება ექვემდებარებოდა განსახილველად ბათუმის მერიას. მიუხედავად ამისა მოსარჩელის განცხადება არ იქნა განხილული და ვიცე მერის მიერ ხელმოწერილი წერილით განემარტა განმცხადებელს, რომ მიემართა სასამართლოსთვის. ამის შემდეგ მოსარჩელემ კვლავ მიმართა ბათუმის ახალ მერს ხსენებული სადაო გადაწყვეტილების განხილვის მოთხოვნით, თუმცა გასაჩივრებული სადაოა აქტით განხილვაზე მას კვლავ უარი უთხრეს.

 

7.5. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო საკითხის-განხილვა გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ განცხადებებზე, რომლითაც დასტურდება რომ მოპასუხეს საერთოდ არ უმსჯელი და არც კი განუხილავს ადმინისტრაციული წარმოების წესით მოსარჩელის განცხადებებში მოყვანილი გარემოებები და არგუმენტები. დადგენილია ისიც, რომ სასამართლოს მიერ გამოვლენილი და განცხადებებში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან საკითხის განხილვისას დადგენილი და შეფასებული არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ საქმის სასამართლო განხილვაზე გამოვლენილი ახალი გარემოებისა და მოსარჩელის განცხადებებში მითითებულ და საქმეზე წარდგენილი დოკუმენტების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლოა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

 

7.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის და განხილვის გარეშე დატოვა.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების,იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).

 

გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება). სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დაზუსტებული მოთხოვნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 დეკემბრის #25/20581 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, (რითაც მოსარჩელეს უარი უთხრეს ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე) მოთხოვნა საფუძვლიანია, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი საფუძველზე.

 

7.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვინაიდან მოსარჩელის დაზუსტებული 1.1. სასარჩელო მოთხოვნა სადაო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა გამომდინარე აქედან მისი თანმდევი შედეგი 1.2. სასარჩელო მოთხოვნა, რომ დაევალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიას განიხილოს მოსარჩელის ეფრემ პუჩინიანის განცხადებები 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13, 32-ე მუხლის პირველი, 22-ე, 24-ე 331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ეფრემ პუჩინიანის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 დეკემბრის #25/20581 გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეს უარი უთხრეს ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

 

3. დაევალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს მოსარჩელის ეფრემ პუჩინიანის განცხადებები 1992 წლის 01 სექტემბრის #708 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

4. მოპასუხეს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის - ეფრემ პუჩინიანის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე