გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5346-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - სი--------------ე
წარმომადგენელი - დ------–--–---–--ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - სო---------------ე
მესამე პირი - სსიპ საქართველოს შსს აკადემია
წარმომადგენელი - ბ--------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სი--------------ის სახელზე გაცემული S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილება.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს სი--------------ის სასარგებლოდ დიპლომირებული სპეციალისტის S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. მან მიუთითა, რომ მოპასუხემ აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ შესაბამისად.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას, განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. სი--------------ემ 2018 წლის 25 დეკემბერს №------- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა, მის სახელზე, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2006 წელს გაცემული უმაღლესი განათლების S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 25 დეკემბერის განცხადება დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნის თაობაზე (ს.ფ. 66-67).
4.1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს გაიცა M----------------- დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ცენტრში, 2018 წლის 25 დეკემბერს №------- განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ცვლის ფაქტობრივ გარემოებას სი--------------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ცენტრმა უარი თქვა 2018 წლის 25 დეკემბრის №------- განცხადების განხილვაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №MES-------------- გადაწყვეტილება (სფ.75-76).
4.1.3. 2019 წლის 24 მაისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის №3------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაევალა სი--------------ის მიერ 2018 წლის 2 დეკემბერს ცენტრში წარდგენილი N-------- განცხადების არსებითად განხილვა.
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 10-15).
4.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2019 წლის 12 ივნისს M---------------- წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანართის სახით წარუდგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი. სთხოვა, რომ კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, დაედასტურებინა აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა (გაცემის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიეთითებინა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში - სი--------------ის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდისა და გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივნისს M---------------- წერილი (ს.ფ. 77)
4.1.5. სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა, წერილის პასუხად, 2019 წლის 13 მაისის M---------------- წერილით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2019 წლის 12 ივნისის №------ (აკადემიაში რეგისტრაციის №-------) წერილის პასუხად აცნობა, რომ სი--------------ემ 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა საქართველოს შსს აკადემია, მიენიჭა სამართალმცოდნის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი და გაიცა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი „S------------“ რეგისტრაციის №------.
საქართველოს შსს აკადემიის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანების შესაბამისად ს-----------------------------ე ჩაირიცხა საქართველოს შსს აკადემიაში სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე. საქართველოს შსს აკადემიის 2004 წლის 08 ივლისის №108 ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე, სწავლება საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანების შესაბამისად წარიმართა შეზღუდული პროგრამით. საქართველოს შსს აკადემიის 2005 წლის 05 თებერვლის №8 ბრძანებით ს-----------------------------ე გადაყვანილი იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებელი სწავლების მე-3 კურსზე. საქართველოს შსს აკადემიის 2005 წლის 21 ივლისის №--- ბრძანებით ს-----------------------------ე სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებული სწავლების მე-3 კურსიდან გადაყვანილ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე. საქართველოს შსს აკადემიის 2005 წლის 23 სექტემბრის №--- ბრძანების შესაბამისად გ----------------- გადაყვანილი იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-5 კურსზე. საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 22 მაისის №-- ბრძანების შესაბამისად ს-----------------------------ე დაშვებულ იქნა სახელმწიფო - საკვალიფიკაციო გამოცდაზე, 2006 წლის 12 ივნისის №80 ბრძანებით კი, როგორც სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებული სწავლების 2006 წლის მაისის თვის კურსდამთავრებულს, მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.
წერილში ასევე განმარტებულია, რომ საქართველოს შსს აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამის დასწრებული სწავლება მოიცავდა 4 (ოთხი), ხოლო დაუსწრებული სწავლება - 5 (ხუთი) წელს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ-საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2019 წლის 13 მაისის M---------------- წერილი ( ს.ფ. 82-83).
4.1.6. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 06 ნოემბრის №458 ბრძანებულებით დამტკიცებული წესდების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულებად. აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ,,სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 84-89)
4.1.7. 2003 წლის 31 დეკემბრის შინაგან საქმეთა მინისტრის №474 ბრძანებით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების ჯგუფი. 2004 წლიდან დაიწყო რეფორმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შსს აკადემიაში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაიგეგმა აკადემიისთვის სტატუსის შეცვლა, კერძოდ, იგი აღარ იქნებოდა უმაღლესი სასწავლებელი, მისი ფუნქცია იქნებოდა მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული სწავლება. რაც შეეხება დარჩენილ კონტინგენტს, რომელიც სწავლებას გადიოდა სამართალმცოდნეობის პროგრამით, აღინიშნა, რომ მათზე გაიცემოდა დადგენილი ფორმის დიპლომის დანართი. აკადემიაში დაიწყო შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე უკვე მიღებული სტუდენტები გადაყვანილ იქნენ სწავლების განსხვავებულ ფორმაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების ჯგუფის შექმნის შესახებ” შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 31 დეკემბრის №474 ბრძანება (ს.ფ. 99)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 09.02.2005 წლის №-------- წერილი (ს.ფ. 104)
- შსს აკადემიის კურსანტთა და მსმენელთა სწავლების განსხვავებულ ფორმაზე გადაყვანასთან დაკავშირებით” შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანება (ს.ფ. 108-109)
4.1.8. 2004 წლიდან სსიპ - საქართველოს შსს აკადემიამ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით შეწყვიტა საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა მიღება. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა შსს აკადემიის ასპირანტურა და დოქტორანტურა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 06 ნოემბრის №458 ბრძანებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ”. ცვლილებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის №--------- №--------- № 2-------- წერილები (ს.ფ. 101-103);
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 27 იანვრის №4------- წერილი (ს.ფ. 107):
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2005 წლის 10 თებერვლის №-------- და №-------- წერილები (ს.ფ. 105-106);
4.1.9. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 25 დეკემბრის №------ განცხადების პასუხად სი--------------ეს 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. გადაწყვეტილებაში ცენტრმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 06 ნოემბრის №458 ბრძანებულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. წესდების თანხმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინიტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - უმაღლეს სპეციალურ საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულებას. „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11-ე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მათ შორის სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. მოპასუხემ მიიჩნია, რომ აღნიშნული დაწესებულებას 2006 წელს სი--------------ის სახელზე სახელმწიფოს მიერ არაღიარებულ რეჟიმში აქვს გაცემული ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დოკუმენტი-დიპლომირებული სპეციალისტის S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტის, მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უარი თქვა სი--------------ის S------------ (სარეგისტრაციო№------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილება (სფ.84-89).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სი--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის- სი--------------ის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, - სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი'' არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, ცენტრს ჰქონდა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული უფლებამოსილება. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
მოცემული მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა)ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
7.3. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ამავე მუხლის მე-5 პუქნტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამის განათლება და სწავლება.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა საქართველოს შსს აკადემია, მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი S------------ (სარეგისტრაციო №------).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე დაეთანხმა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, მან სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია, კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ აქტში, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის მიერ მოსარჩელე - სი--------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება - სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტის დაუდგენლობა, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა - არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ, დოკუმენტურად დადასტურებულ გარემოებებს.
7.5. მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006 წელი) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა სახელმწიფო ინსტიტუციურ აკრედიტაციას და მხოლოდ მათ მიერ გაცემულ დიპლომს ცნობდა სახელმწიფო, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას კი 2005-2006 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით, არ მიუმართავს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულების 2007 წლის 26 მაისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. ხსენებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში - აკადემია) წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირს, უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებას. მითითებულ ბრძანებაში 2007 წლის 26 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კი, საქართველოს შსს აკადემია ჩამოყალიბდა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 06 ნოემბრის №458 ბრძანებულებით დამტკიცებული წესდების მიხედვით, ჩამოყალიბდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულებად. აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ,,სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2003 წლის 31 დეკემბრის შინაგან საქმეთა მინისტრის №474 ბრძანებით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების ჯგუფი. 2004 წლიდან დაიწყო რეფორმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შსს აკადემიაში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაიგეგმა აკადემიისთვის სტატუსის შეცვლა, კერძოდ, იგი აღარ იქნებოდა უმაღლესი სასწავლებელი, მისი ფუნქციას იქნებოდა მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული სწავლება. რაც შეეხება დარჩენილ კონტინგენტს, რომელიც სწავლებას გადიოდა სამართალმცოდნეობის პროგრამით, აღნიშნა, რომ მათზე გაიცემოდა დადგენილი ფორმის დიპლომის დანართი. აკადემიაში დაიწყო შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე უკვე მიღებული სტუდენტები გადაყვანილ იქნენ სწავლების განსხვავებულ ფორმაზე. 2004 წლიდან სსიპ - საქართველოს შსს აკადემიამ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით შეწყვიტა საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა მიღება. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა შსს აკადემიის ადიუნქტურა, აკადემიის ასპირანტურა და დოქტორანტურა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 06 ნოემბრის №458 ბრძანებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ”. ცვლილებების თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია რა გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს აკადემიამ 2004 წლის სასწავლო წლიდან შეწყვიტა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება და ახორციელებდა რეფორმას, რომლითაც საქართველოს შსს აკადემიას აღარ ექნებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ შსს აკადემია ვალდებული იყო მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით.
გარდა ამისა, მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანონმდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც არ გააუქმა მოსარჩელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები, არამედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები, შესაბამისად უარის თქმით, ფაქტობრივად ხდება წარსულში მიღებული სწავლების შედეგების გაბათილება.
7.6. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
აქვე, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.
7.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი იხელმძღვანელოს სასკ-ის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით და თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილება - სი--------------ისათვის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იგი და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სი--------------ის სასარგებლოდ S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს - სი--------------ის სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სი--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 ივლისის №ME--------------- გადაწყვეტილება - სი--------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - სი--------------ის სასარგებლოდ დიპლომირებული სპეციალისტის S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
4. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის - სი--------------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი