გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
330210019002813436
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/816-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - შპს „კა---------------ი“

წარმომადგენელი - ან-----------ე

მოპასუხე - შპს „ბი--------------ა“

წარმომადგენელი - სო----------------–---–ი, ნა----------–----–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს „ბი--------------ას“ მოსარჩელის შპს „კა---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად გადახდილი თანხის 6183,77 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შპს „კა---------------მა“ 2014-2015 წლებში შეიძინა სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია. ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ შპს „ბი--------------ას“ 2015 ლის 30 სექტემბერს ჩაურიცხა 23443 ლარი, საიდანაც 6183,77 ლარი არის ზედმეტად გადახდილი. საქონლის ღირებულებაზე მეტი თანხის გადახდა გამოიწვია კურსთა შორის სხვაობამ და აღნიშნული ზედმეტად გადახდილია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეებს შორის 2014 წლის 23 ივლისს დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შეძენილი პროდუქციის ღირებულება მოსარჩელეს შეძენიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა გადაეხადა. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა შპს „კა---------------ისთვის“ ნასყიდობის საფასურის, პირგასამტეხლოსა და კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, სადაც მოსარჩელემ ნებაყოფლობით მოახდინა ვალდებულების დაფარვა და შპს „ბი--------------ას“ მიმართ მას დავალიანება აღარ გააჩნია.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების სრულად დაფარვამდე უცხოური ვალუტის კურსი (აშშ დოლარი) გაიზრდებოდა 2 მეასედი პუნქტით მაინც სს „თი----------ს“ მიერ დადგენილ უცხოური ვალუტის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს მიენიჭებოდა უფლება, მყიდველისთვის ანგარიშსწორება მოეხდინა გაზრდილი კურსის შესაბამისად მოეთხოვა და საქონლის თავდაპირველი ღირებულებისათვის დაემატებინა კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა. ამდენად, ანაზღაურებული 6183,77 ლარი არ იყო ზედმეტად გადახდილი და მოსარჩელის მხრიდან მისი ანაზღაურება ნების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე განხორციელდა.

 

გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულიც იყო, გადახდა 2015 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა, ხოლო სარჩელი აღძრული იქნა 2019 წლის 17 იანავრს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 23 ივლისს შპს „ბი--------------ას“ (გამყიდველს) და შპს „კა---------------ს (მყიდველს) შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველს მიენიჭა უფლება, შეიძინოს გამყიდველის პროდუქცია 30 000 ლარის ფარგლებში.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „ბი--------------ას“ და თავდებებს - დი-----------–--ეს, ნინ--------ეს და გი------------ს შორის 2014 წლის 23 ივლისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება;

- თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასი გადახდილი უნდა იქნას არაუგვიანეს პროდუქციის ყოველი პარტიის შეძენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. პროდუქციის ღირებულება ყოველი შესყიდვის განხორციელებისას არის ინდივიდუალური და განისაზღვრება გამყიდველის მიმდინარე ფასებით (3.1. და 3.3. პუნქტები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

 

3.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დარიცხვის პირობას, რაც შეადგენდა ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0,1%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (3.4. პუნქტი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

 

3.1.4. ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, მოსარჩელე შპს „ბი--------------ას“ და მოპასუხეების შპს „კა---------------ის“, დი-----------–--ისმ, ნინ--------ისა და გია გოგიტიძის მიმართ, სადაც შპს „ბი--------------ას“ მოთხოვნას წარმოადგენდა დავალიანების ძირითადი თანხის - 13402.03 ლარის, პირგასამტეხლოს - 4487.27 ლარის (ასევე აღსრულებამდე 0,1%-ის) და კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული თანხის 6183.77 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- 24.09.2015 წლის სარჩელი;

3.1.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ბი--------------ას“ მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება.

 

სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გახდა შპს „კა---------------ის“ მიერ დავალიანების თანხის, მათ შორის კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ოდენობის ნებაყოფლობით ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.10.2015 წლის განჩინება N2/3361-15;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება შეიცავს დათქმას ფულის კურსის შესაძლო ცვლილებებისა და ამ საფუძვლით გადახდის წესის შეცვლის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასება, როგორც სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადჰყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში 2014 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების 6.3.3. პუნქტით შპს „ბი--------------ა“ და შპს „კა---------------ი“ შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხდება ლარებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შეძენიდან საქონლის მყიდველის მიერ მისი ღირებულების დაფარვამდე უცხოური ვალუტის კურსი (ამერიკული დოლარი) გაიზრდება 2 მეასედი პუნქტით მაინც სს „თი----------ს“ მიერ უცხოური ვალუტის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მყიდველს ანგარიშსწორება მოახდინოს გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თავდაპირველ ღირებულებას დაამატოს კურსთა შორის სხვაობის ოდენობა.

 

ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიიჩნიეს, რომ კურსთა შორის სხვაობას შესაძლოა გავლენა მოეხდინა გადახდის წესზე და იგი, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა კიდეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.07.2014 წლის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კა---------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 144-ე, 327-ე, 383-ე, 389-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან მისი შესრულების მომენტამდე ფულის კურსის (მსყიდველუნარიანობის) შეცვლას (გაზრდა ან შემცირება). ფულის მსყიდველუნარიანობაში მომხდარი ცვლილება იწვევს თუ არა პარალელურად გადასახდელი ფულადი ნიშნების რაოდენობაში ცვლილებას? მოვალე ვალდებულია, ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ფულადი ვალდებულების შესრულების ამ პრინციპს „ნომინალიზმის“ პრინციპი ეწოდება და იგი აღიარებულია ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით. ფულადი ვალდებულება შესრულებულად ითვლება ფულადი ერთეულის ნომინალების ოდენობის დაფარვით და არა ამ უკანასკნელთა მსყიდველუნარიანობის საფუძველზე, რაც როგორც წესი, დროში ცვალებადი კატეგორიაა. ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება (სუსგ Nას-1298-2018, 22 მარტი, 2019).

 

სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც, ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა. ნორმის მიზანია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშესაბამობა. „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ამდენად, ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულის რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა (სუსგ Nას-130-122-2017, 24 მარტი 2017).

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ „ნომინალიზმის პრინციპი“ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო ბრუნვაში საჯარო წესრიგის გამოხატულებად. ამ პრინციპიდან გამომდინარე, 1 ლარი უდრის 1 ლარს ნებისმიერ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, ხდება ფულის მსყიდველობითიუნარიანობის გაზრდა თუ შემცირება. ამასთან, თუკი მხარეები ითვალისწინებენ ფულის კურსის შესაძლო ცვლილებებს, მათ შეუძლიათ სხვადასხვა დათქმით თავი დაიზღვიონ უარყოფითი შედეგებისგან. თუ ამას არ ექნება ადგილი, მხარეებიც თავის თავზე აიღებენ მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების რისკსაც: ვალის გადახდის მომენტში, თუკი გაიზრდება ფულის მსყიდველობითუნარიანობა, ეს კრედიტორის სასარგებლოდ მეტყველებს და მოვალეს არ აქვს უფლება ვალის დაბრუნებისას თავის სასარგებლოდ დაეყრდნოს ამ გარემოებას. და პირიქით, თუ ვალის გადახდის მომენტში შემცირებულია ფულის მსყიდველობითუნარიანობა, მაშინ ამ რისკის მატარებელი ავტომატურად ხდება კრედიტორი და მასაც არ აქვს უფლება, ეს გარემოება გამოიყენოს მოვალის საწინააღმდეგოდ.

 

ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება შპს „კა---------------ის“ მიერ უნდა მომხდარიყო ეროვნულ ვალუტაში (ლარში). ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ვალდებულების შესრულებისას ფულის კურსის შესაძლო ცვლილება, რამაც მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საფასურის დროულად გადაუხდელობის გამო შეადგინა 6183,77 ლარი. ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობა მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლების პრინციპზე განხორციელდა (სსკ-ის 50-ე მუხლი - გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ).

 

ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა 6183,77 ლარის, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან ერთად სადავოდ გახადა მოთხოვნის ხანდაზმულობაც. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მიიჩნია, რომ შპს „კა---------------ს“ მოპასუხის მიმართ ნამდვილი მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

 

იმ ვითარებაში კი, როდესაც არ არსებობს მოთხოვნის საფუძვლიანობა (კურსთა შორის სხვაობის გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განხორციელდა), ანუ თანხის დაბრუნების ვალდებულება, შეუძლებელია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობა, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ინსტიტუტი მოვალეს შესრულების ვალდებულებისაგან იცავს, მაშინ, როდესაც არსებობს შესრულების წინაპირობები. ხანდაზმულობაზე მსჯელობის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა მოთხოვნა მართებულია (გამართულია კანონის შესაბამისად), რასაც კონკრეტულ დავაში ადგილი არ აქვს. ამდენად, თუ არ არსებობს მოთხოვნის საფუძველი და დადგენილია, რომ მოპასუხეს არ ეკისრება ვალდებულების შესრულება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შპს „კა---------------ს“ შეუმცირდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარამდე.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „კა---------------ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „კა---------------ის“ სარჩელი შპს „ბი--------------ას“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე