გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2019
საქმის ნომერი
190210017002226030
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3005-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1.10.2019 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს “მისო კ---------------+

წარმომადგენელი ნატა ხუციშვილი

მოპასუხეები მ--–---- ბ--------–---–ი

ს----- თ--------------ა

გ--–- თ-----–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ--–---- ბ--------–---–ის, ს----- თ--------------ას და გ--–- თ-----–---–ისათვის 795 ლარის დაკისრება;

(01.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2016 წლის 21 ნოემბერს შპს „კ---------------+“-მა მოპასუხეებთან გააფორმა სესხის და თავდებობის ხელშეკრულება N5157994-2739, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მ--–---- ბ--------–---–მა მიიღო სესხის თანხა 2000 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით. სესხის სარგებელია 200 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და ხელშეკრულების 1,13 პუნქტის მიხედვით მსესხებელს ერიცხება ხელშეკრულების 1,2 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობა.

 

მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა გრაფიკის მიხედვით ყოველდღიურად 73,34 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ს----- თ--------------ამ და გ--–- თ-----–---–მა იკისრეს ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე. თავდები იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისის წინაშე, რასაც იღებს კლიენტი.

 

მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან დავალიანების ნაწილი 1005 ლარი გადაიხადა. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია 2016 წლის 24 ნოემბერს, ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 1 თებერვალს 50 ლარის ოდენობით. სარჩელი აღძვრის შემდგომ პერიოდში ასევე გადახდილია 600 ლარი. სესხის დავალიანებაა 795 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 555 ლარი, სარგებელი 45 ლარი, 200 ლარი ჯარიმა. ხელშეკრულების დარღვევის დღესვე მოსარჩელის თანამშრომელმა ზეპირი ფორმით მოპასუხეებს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ--–- თ-----–---–მა წერილობითი შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა ძირითადი თანხის განწილვადებით გადახდაზე. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხით არ უსარგებლია და წინააღმდეგია თანხის გადახდის.

(01.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

მოპასუხეებს გ--–- თ-----–---–ს და ს----- თ--------------ას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადნენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 21 ნოემბერს შპს „კ---------------+“-მა მ--–---- ბ--------–---–თან, ს----- თ--------------ასა და გ--–- თ-----–---–თან გააფორმა საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულება N5157994-2739, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მ--–---- ბ--------–---–მა მიიღო სესხის თანხა 2000 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, სესხის სარგებელია 200 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ხელშეკრულების 1.13 პუნქტის მიხედვით მსესხებელს ერიცხება ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18. ტომი 1)

 

3.1.2. მსესხებელმა მ--–---- ბ--------–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან დავალიანების ნაწილი 1005 ლარი გადაიხადა. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია 2016 წლის 24 ნოემბრიდან, ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 1 თებერვალს 50 ლარის ოდენობით. სარჩელი აღძვრის შემდგომ პერიოდში ასევე გადახდილია 600 ლარი. სესხის დავალიანებაა 795 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 555 ლარი, სარგებელი 45 ლარი, 200 ლარი ჯარიმა. ხელშეკრულების დარღვევის დღესვე მოსარჩელის თანამშრომელმა ზეპირი ფორმით მოპასუხეებს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ანგარიშიდან ასლი (ს.ფ. 21. ტომი 1)

- მოსარჩელის განმარტება (01.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თავდებობის ხელშეკრულებით შეთანხმებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, რის გამოც თავდებობა წარმოშობილი არ არის. თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მსესხებელს მ--–---- ბ--------–---–ს, რადგან სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 361-ე, 400-ე, 316-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 327-ე, 54-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოპასუხეებს ს----- თ--------------ას და მ--–---- ბ--------–---–ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდნენ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხე ს----- თ--------------ას სარჩელი ჩაბარდა 2018 წლის 10 იანვარს, ხოლო სასამართლო უწყება 2019 წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს ნიზამი თ--------------ს. მოპასუხე მ--–---- ბ--------–---–ს პირადად ჩაბარდა სარჩელი 2019 წლის 5 ივლისს, ხოლო სასამართლო უწყება ასევე პირადად ჩაიბარა 2019 წლის 27 სექტემბერს. მ--–---- ბ--------–---–ს კორესპონდენცია ჩაბარდა პოლიციის მეშვეობით. სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია, რის გამოც სსსკ 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის და თავდებობის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.

 

მოსარჩელე მოპასუხეებისათვის ფულადი ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებას მოითხოვს სესხის და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე იმ საფუძვლით, რომ თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა მსესხებლის ვალდებულებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, რის გამოც იგი აქცესორული უფლებაა, იგი ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობს, რის გამოც მხარეებს შორის სადაო ურთიერთობის წარმოშობის ძირითადი საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რის შედეგად წარმოიშობა ნასესხები თანხის ან გვაროვნული ნივთების დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს იმ პირობების ზუსტი დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა, მან ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა ყოველდღიურად 73,34 ლარის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. საქმიდან არ გამომდინარეობს ისეთი ფაქტები, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

ამდენად, ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების შესრულება. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის გადახდა, რის გამოც სარგებლის გადახდა მსესხებლის მთავარი ვალდებულებაა, რაც მან უპირობოდ უნდა შეასრულოს. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის პერიოდული გადახდებით დაბრუნება. დადგენილი პერიოდულობით კრედიტის დაბრუნება არის გამსესხებლისათვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რადგან იგი გრაფიკით დადგენილ ვადაში იღებს სარგებელს. აქედან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვალდებულება თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რადგან კრედიტორს უფლება აქვს მხოლოდ გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით მოითხოვოს კრედიტის დაბრუნება, შესაბამისად მოვალემ უნდა დაიცვას გრაფიკით დადგენილი გადახდის წესი.

 

მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების 1,13 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში სესხს დამატებით დაერიცხება ამ ხელშეკრულების 1,2 მუხლში განსაზღვრული პროცენტის სამმაგი ოდენობა. ხელშეკრულების 1,2 პუნქტის მიხედვით, ჯარიმა ვადაგადაცილებულ თითოეულ დღეზე შეადგენს სესხის ნაშთის 0%-ს. ამდენად, ხელშეკრულების ამ დებულების მიხედვით, ვადის გადაცილებისთვის ყოველდღიური პირგასამტეხლო გათვალისწინებული არ არის. ხელშეკრულების 1.10 პუნქტით გათვალისწინებულია აღსრულების შედეგად გადახდილი თანხებით ვალის შემცირების წესი, რომლის მიხედვით, ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხით ჯერ იფარება სესხის ძირი, შემდეგ საკომისიო, დარიცხული პროცენტი, ჯარიმა და სხვა ხარჯები. ამდენად, ხელშეკრულების 1,13 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობა არის ერთჯერადად გადასახდელი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოვალეს ეკისრება ერთდროულად ვალდებულების შესრულება და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების გ--–- თ-----–---–ის და ს----- თ--------------ასათვის სესხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მხარეებს შორის თავდებობის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

 

მოსარჩელე გ--–- თ-----–---–ის და ს----- თ--------------ასათვის თანხის დაკისრებას მოითხოვს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე და მათ სოლიდარულ თავდებებად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას ზღვრული თანხის ფარგლებში. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულების, კანონის და ვალდებულების საგნის განუყოფლობის საფუძველზე. თავდებობის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა, რადგან მხარეებს შორის დადებული სესხის და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულება არ შეიცავს თავდებობის არსებით პირობაზე შეთანხმებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, ვალდებულებით ურთიერთობას წარმოშობს ისეთი გარიგება, რომლითაც შეთანხმებულია ამ კონკრეტული შინაარსის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის და იპოთეკისაგან განსხვავებით, თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე-თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის-კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს-მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება ორმხრივი გარიგებაა, იგი იდება თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა, თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებითი პირობა არის თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხა, რის გამოც ამ პირობაზე შეთანხმება თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია. ამდენად, წერილობითი ფორმის დაცვის გარდა, თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხის მითითება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-1172-2018 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი მოთხოვნა თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (898. I მუხლი).”

 

მოპასუხეებთან დადებულ სესხის და თავდებობის ერთიან ხელშეკრულებაში მითითებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამგვარ მითითებად არ ითვლება ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით. საკასაციო სასამართლომ ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე გააკეთა შემდეგი განმარტება: „ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი შეუსრულებლობა უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის წარმოუშობლობას და მაშასადამე, თავდებობის არარასებობას".

 

თავდებობის წარმოშობისათვის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის განსაზღვრის აუცილებლობაზე სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის კომენტარს ( ).

 

ამდენად, თავდებობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თავდები სრულად პასუხისმგებელი არ არის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებისათვის, მისი პასუხისმგებლობა შემოფარგლულია ზღვრული თანხით, რომლის განსაზღვრა თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია. პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაზე მხარეები შეთანხმებულნი არ არიან, რის გამოც თავდებობის ხელშეკრულება 892-ე მუხლის დადგენილი წესით დადებული არ არის და იგი ბათილია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილი წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

 

ამდენად, ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით 891-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი (პიროვნული) პასუხისმგებლობის ფორმა – თავდებობა არ წარმოშობილა, რის გამოც ს----- თ--------------ა და გ--–- თ-----–---–ი სესხის დაბრუნებაზე სოლიდარულად პასუხისმგებლები არ არიან, მათთვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი მათ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მსესხებელს მ--–---- ბ--------–---–ს, ხოლო დავალიანების ოდენობაა 795 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მ--–---- ბ--------–---–ს, რადგან სხვა მოპასუხეების მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 237-, 238-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „კ---------------+“ის სარჩელი;

 

1.1. მ--–---- ბ--------–---–ს დაეკისროს სს „კ---------------+“ისათვის 795 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს სს „კ---------------+“ის სასარჩელო მოთხოვნები გ--–- თ-----–---–ის და ს----- თ--------------ისათვის თანხის დაკისრების შესახებ

 

2. მ--–---- ბ--------–---–ს დაეკისროს სს „კ---------------+“ისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით მოპასუხე მ--–---- ბ--------–---–ისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი