გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 351210019002968809
საქმე №2-162-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - შპს ,,მ----–---“ (ს/ნ 404945663)
წარმომადგენელი - ნ---- დ-------–---–ი
მოპასუხე - ე-- მ------–---–ი (პ/ნ 12001065848)
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ე-- მ------–---–ს დაეკისროს შპს „მ----–---“-ის სასარგებლოდ: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 750 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 250 ლარი, საკომისიო 39,79 ლარი, პირგასამტეხლო 460,21 ლარი; ასევე დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 27 აგვისტოს მოპასუხე ე-- მ------–---–სა და შპს ,,K---”-ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება # L-2-----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 250 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 250 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი - 39,79 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში - 2016 წლის 26 სექტემბერს, მაგრამ აღნიშნული ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 პროცენტის ოდენობით, რამაც 912 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგინა 2280 ლარი, 2017 წლის 7 აპრილს შპს ,,K---”-სა და შპს ,,მ----–---ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ----–---“ გახდა კრედიტორი, აღნიშნულ სესხზე. მსესხებლის მიმართ დაწყებული იყო საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურში, მაგრამ საქმე შეწყდა, რადგან ვერ მოხდა მხარისათვის შეტყობინების ჩაბარება.
2. მოპასუხის პოზიცია
როგორც წერილობითი შესაგებლით, ასევე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ე-- მ------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის და სარგებლის (სულ 289,79 ლარის ოდენობით) მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად არ ცნო სარჩელი პირგასამტეხლოს (460,21 ლარის) მოთხოვნის ნაწილში.
შესაგებლით მოპასუხემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება რამდენიმე თვეზე, რასაც მხარი დაუჭირა მოსამზადებელ სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 აგვისტოს მოპასუხე ე-- მ------–---–სა და შპს ,,K---”-ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება # L-2-----, რომლის საფუძველზეც, მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 250 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-23).
- თანხის გადარიცხვის დოკუმენტი (ს.ფ. 34);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);
3.1.2. მოპასუხე - ე-- მ------–---–ი იყო ვალდებული, სესხის თანხა და მასზე რიცხული სარგებლის თანხა დაებრუნებინა კრედიტორისთვის 26.09.2016 წელს, თუმცა აღნიშნული ვადაში თანხა არ დაბრუნებულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 14-23).
3.1.3. 2017 წლის 7 აპრილს შპს ,,K---”-სა და შპს ,,მ----–---ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ----–---“ გახდა კრედიტორი, ე-- მ------–---–ის სესხზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-33).
3.1.4. მოპასუხე - ე-- მ------–---–ი ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას 200 ლარის ოდენობით; ე-- მ------–---–ს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ცნობა #0300150 (ს.ფ. 55);
- მარიამ ჩაგუნავას ხელწერილი (ს.ფ. 56).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს მოპასუხე ე-- მ------–---–სა და შპს „K---”-ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება # L-2-----, რომლის საფუძველზეც ე-- მ------–---–ს 2016 წლის 27 აგვისტოსვე გადაეცა სესხის სახით თანხა 250 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 110,21 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის (იხდის ბინის ქირას) და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (შშმ პირია და საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას) გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების განაწილვადება უნდა მოხდეს 05 (ხუთი) თვის ვადით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ ე-- მ------–---–ის მიმართ დაწყებული იყო საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურში, სადაც 06.03.2018 წელს გადახდილია საფასური 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - ე-- მ------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,მ----–---"-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ 05.04.2019 წელს შპს ,,მ----–---"-მა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა თანხა 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 07 ლარის და 34 თეთრის ოდენობით ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. ხოლო მოსარჩელე - შპს ,,მ----–---ს“ (ს/ნ 404945663) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 19 (ცხრამეტი) ლარის და 31 თეთრის ოდენობით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ----–---“-ის სარჩელი, მოპასუხე ე-- მ------–---–ის მიმართ, 27.08.2016 წლის # L-2----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - ე-- მ------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,მ----–---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 400 (ოთხასი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 250 ლარი არის, სარგებელი - 39,79 ლარი, პირგასამტეხლო - 110,21 ლარი);
3. მოპასუხე - ე-- მ------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,მ----–---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხე - ე-- მ------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,მ----–---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 07 (შვიდი) ლარის და 34 თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
5. მოსარჩელე - შპს ,,მ----–---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 19 (ცხრამეტი) ლარის და 31 თეთრის ოდენობით, რომელიც გადახდილია შპს ,,მ----–---“-ის მიერ 05.04.2019 წელს, სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით; მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, თვითმმართველი თემი გარდაბანი; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150; მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22;
6. მოპასუხე - ე-- მ------–---–ს გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების - 400 (ოთხასი) ლარის გადახდა გაუნაწილვადდეს 05 (ხუთ) თვეზე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი