გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2019
საქმის ნომერი
120210019003002108
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3002108-2/316-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - თ---------- ხ--–-–---–ი

წარმომადგენელი - შ--–----------–--ე

მოპასუხე - სსიპ ქ. ა---––----------------- სკოლა, სკოლის სამეურვეო საბჭო

წარმომადგენელი - ი--- ვ-------ე, გ------------–--–-–---–ი

დავის საგანი: სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ქ.ა---––----------------- სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 20 დეკემბრის N4 სხდომის ოქმი.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ.ა---––----------------- სკოლის დირექტორის მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს გამოცემული ბრძანება N1/კ-219.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ.ა---––----------------- სკოლის სამეურნეო საბჭოს 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმი.

1.4. თ---------- ხ--–-–---–ი აღდგენილ იქნეს სსიპ ქ.ა---––----------------- სკოლის მათემატიკის მასწავლების პოზიციაზე 2016 წლის 16 სექტემბერს დადებული N132 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მისი შეწყევტის დღიდან 2019 წლის 3 იანვრიდან.

1.5. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდურის სრული ანაზღაურება 2019 წლის 3 იანვრიდან აღდგენის დღის ჩათვლით. ყოველთვიური დარიცხული ხელფასის 868.82 ლარის გათვალისწინებით.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 16 სექტემბრიდან N132 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის მათემატიკის მასწავლებლად. მისი შრომითი ანაზღაურება ყოველთვიური დარცხული თანხა შეადგენდა 868.82 ლარს.

2018 წლის 28 დეკემბერს დირექტორმა გამოსცა ბრძანება სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის მასწავლებლის თ---------- ხ--–-–---–ის დისციპლინარული პასუხიმსგებლობის შესახებ, რომლის თანახმად მოსარჩელეს დისციპლინარული სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება და შეუწყდა 2016 წლის 16 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო N----------- სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2018 წლის 20 დეკემბრის ოქმი.

დისციპლინარული კომიტეტის მიერ ტენდენციურად, არაობიექტურად შეფასდა მე-5 ,,ბ’’ კლასელ 25 გამოკითხულ მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, რომელთაგან 21 მოსწავლე არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ლ---- მ--------ის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას მათ შორის ოთხი ამბობს, რომ საერთოდ არაფერი არ დაუნახავთ. ჩვიდმეტი პირდაპირ აცხადებს, რომ მოსარჩელეს მოსწავლე ლ---- მ--------ისათვის თმა არ მოუქაჩია. მხოლოდ ოთხი - თვითონ ლ---- მ--------ე და სამი მოსწავლე ადასტურებს თმების მოქაჩვას, თანაც სხვადასხვა დროსა და ვითარებაში. 18 ცალსახად მიუთითებს თავიანთი კლასელის ლ---- მ--------ის მხრიდან მოსწავლის ქცევის წესების უხეშ დარღვევას, რაც საგაკვეთილო პროცესის ჩაშლისაკენ იყო მიმართული.

2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა N----------- სკოლის სამეურვეო საბჭორში, როგორც დაუსაბუთებელი და არაობიექტური.

2019 წლის 27 თებერვალს მოსარჩელის მიმართ სს საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყდა პროკურორის დადგენილებით კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

სამეურვეო საბჭომ 7 მარტს დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ ძალადობის - ფიზიკური შეურაცხყოფის ჩადენა და არ დააკმაყოფილა საჩივარი სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის დირექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის N1/კ-219 ბრძანების ბათილად ცნობის გამოცხადების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს სკოლის დირექტორს მიმართა ამავე სკოლის მანდატურმა და აცნობა მასწავლების თ---------- ხ--–-–---–ის მიერ შესაძლოა დისციპლინარული გადაცდომის ფაქზე მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. დირექტორმა სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს 29.11.2018წ. მიმართა წარდგინებით განეხილათ დირექტორის წარდგინება და მიეღოთ გადაწყვეტილება. დისციპლინარულმა კომიტეტმა მოსწავლეებს, მშობლების თანდასწრებით და თ---------- ხ--–-–---–საც ჩამოართვეს ახსნა-განმარტება, განიხილეს და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 16 სექტემბერს სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის დირექტორს და თ---------- ხ--–-–---–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №132, რომლის თანახმადაც თ---------- ხ--–-–---–ი დანიშნული იქნა N----------- სკოლის მათემატიკის მასწავლებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.09.2016წ. შრომითი ხელშეკრულება;

 

3.1.2. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს საჯარო სკოლის შინაგანაწესით და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნებით. დასაქმებული ვალდებულია იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები. დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შორმითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.09.2016წ. შრომითი ხელშეკრულება;

- სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის შინაგანაწესი;

 

3.1.3. თ---------- ხ--–-–---–ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 868.82 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქი ა---––----------------- სკოლის დირექტორის 23.01.2019წ. ცნობა;

 

3.1.4. 2018 წლის 20 დეკემბერს სსიპ ქალაქ ა---––---- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით მათემატიკის მასწავლებელს თ---------- ხ--–-–---–ს დისციპლინარული დარღვევისათვის, კერძოდ შინაგანაწესის მე-2 თავის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა’’ ქ/პ. დარღვევისათვის დისციპლინარული სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება. რეკომენდაცია მიეცა სკოლის დირექტროს სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თ---------- ხ--–-–---–ი გაათავისუფლოს სამსახურიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ ა---––---- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 20.12.2018წ. N4 ოქმი;

 

3.1.5. სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის მასწავლებელს თ---------- ხ--–-–---–ს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დისციპლინარული სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება და შეუწყდა 2016 წლის 16 სექტემბერს დადებული N132 შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 3 იანვრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის დირექტორის 28.12.2018წ. ბრძანება N1/კ-219;

 

3.1.6. 2019 წლის 3 იანვარს სსიპ ქალაქ ა---––---- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით შესწორდა ტექნიკური შეცდომა სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2018 წლის 20 დეკემბრის N4 ოქმის ნაწილში და განისაზღვრა შემდეგნაირად: სკოლის შინაგანაწესის მე-8 თავის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა’’ ქ/პ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 03.01.2019წ. N6 ოქმი;

 

3.2.7. 07.02.2019წ. თ---------- ხ--–-–---–მა საჩივრით მიმართა სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის სამეურვეო საბჭოს და ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი დირექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება თ---------- ხ--–-–---–ის დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---------- ხ--–-–---–ის 07.02.2019წ. საჩივარი;

 

3.2.8. სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით თ---------- ხ--–-–---–ის საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა წარმოებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის სამეურვეო საბჭოს 12.02.2019წ. N/82 ოქმი;

 

3.2.9. სსიპ ქალაქ ა---––---- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით თ---------- ხ--–-–---–ს უარი ეთქვა 2019 წლის 7 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2018 წლის 20 დეკემბრის N4 სხდომის ოქმითა და დირექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის N1/კ-219 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის სამეურვეო საბჭოს 07.03.2019წ. N85 სხდომის ოქმი;

 

3.2.10. სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ თანახმად, დისციპლინარული სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინარული პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინარული პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება: მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის-მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის შინაგანაწესი;

 

3.2.11. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მიმდინარეობდა ქ. ა---––----------------- სკოლაში, მე-5 კლასის მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქ/პ. გამოძიება შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, რადგან პედაგოგის ქმედებით ლ---- მ--------ეს არ განუცდია ფიზიკური ტკივილი და არ მიუღია რაიმე სახის სხეულის დაზიანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.02.2019წ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. 2018 წლის 29 ნოემბერს მათემატიკის გაკვეთილის მსვლელობის დროს სკოლის მე-5 ,,ბ,, კლასის მოსწავლემ ლ---- მ--------ემ დაარღვია წესრიგი, რის გამოც მასწავლებელმა თ---------- ხ--–-–---–მა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, რაც არ გაითვალისწინა მოსწავლემ, ხოლო შემდგომ თმიდან მოითრია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია მოსწავლისათვის. აღნიშნულს ამტკიცებს მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტებით. მოპასუხე მხარე უთითებს, რომ თ---------- ხ--–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მე-5 კლასის მოსწავლის ლ---- მ--------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს, რაც გახდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლაში, მე-5 კალსში მათემატიკის გაკვეთილაზე მოხდა ინციდენტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოსწავლემ ლ---- მ--------ემ განმარტა, რომ მათემატიკის გაკვეთილზე იგი ცელქობდა, ხელს უშლიდა მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებაში, რის გამოც მას მათემატიკის მასწავლებელმა თ---------- ხ--–-–---–მა მოქაჩა თმიდან.

მოწმე ბ------------–--ემ, რომელიც არის ამავე სკოლის მანდატური, განმარტა, რომ მოსწავლე ლ---- მ--------ე ინციდნეტის დღეს მეორე გაკვეთილზე იყო გარეთ და მისგან გამოარკვია, რომ მასწავლებელმა თ---------- ხ--–-–---–მა იგი კლასში ცელქობის გამო გამოუშვა გარეთ. მოგვიანებით დასვენებაზე ბ------------–--ემ ცელქობის გამო შენიშვნა მისცა მოსწავლეს ლ---- მ--------ე, რომელმაც განაწყენებულმა უპასუხა, რომ მხოლოდ მას რომ აძლევდნენ შენიშვნას, მასწავლებელს რატომ არაფერს ეუბნებოდნენ, როდესაც იგი თმიდან ითრევდა მას. ამ გარემოების გასარკვევად ბ------------–--ე გაესაუბრა კლასის დამრიგებელს, ასევე კლასის სხვა ბავშვებს შემთხვევით შერჩევით, რომლებმაც დაადასტურეს ლ---- მ--------ის განმარტება, რომ თ---------- ხ--–-–---–მა იგი თმიდან მოითრია. მიღებული ინფორმაცია მანდატურმა აცნობა სკოლის დირექტორის მოადგილეს ზ--------–--–---–ს.

მოწმე ზ--------–--–---–მა განმარტა, რომ მანდატურების ოთახში იმყოფებოდა ატირებული მოსწავლე ლ---- მ--------ე, რომელიც ამბობდა, რომ მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა თ---------- ხ--–-–---–მა თმიდან მოქაჩა და გამოაგდო გაკვეთილიდან.

ამავე კლასის მოსწავლემ ნ-----–-------------ემ განმარტა, რომ ლ---- მ--------ე გაკვეთილზე ძალიან ცელქობდა, ხელს უშლიდა გაკვეთილის წარმართვაში, რის გამოც მასწავლებელმა გადასვა უკან, შემდეგ კი თმიდან მოქაჩა.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2019 წლის 6 მარტის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გამოკვლეულ თავად თ---------- ხ--–-–---–ის ახსნა-განმარტებაზე, სადაც იგი მიუთითებდა, რომ ლ---- მ--------ე ძალიან ცუდად იქცეოდა გაკვეთილზე, მრავალჯერ შენიშვნის მიცემა სჭირდებოდა. მოსწავლე ხმაურობს, გამუდმებით ჭამს გაკვეთილზე, არ უსმენს და სხვა მოსწავლეებსაც უშლის ხელს. მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია. რადგან ვერ გააჩერა იმიტომ გაუშვა გარეთ, რაც მისი შეცდომა იყო. მას უფლება ჰქონდა თავზე ხელი დაედო მოსწავლისათვის და ასეც მოიქცა. ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

მასწავლებლის თ---------- ხ--–-–---–ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დადასტურებულია სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის დისციპლინარული კომიტეტის და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა, დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე მ--------------ე ასევე კომისიის სხვა წევრები, რომლებმაც განმარტეს, რომ თ---------- ხ--–-–---–ის შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დაიწყო დისციპლინარული წარმოება. დისციპლინარულმა კომიტეტმა შეისწავლა საქმის გარემოებები და დაადგინა თ---------- ხ--–-–---–ის მხრიდან მოსწავლის ლ---- მ--------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. გამოკითხულ მოსწავლეთაგან ზოგი ადასტურებდა მომხდარ ფაქტს, ხოლო ზოგი უთითებდა, რომ არაფერი დაუნახავს. გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ასეთ ვითარებაში ზოგიერთი მოსწავლე და მისი მშობელიც თავს იკავებდა მასწავლებლის წინააღმდეგ რაიმე გარემოების დაფიქსირებისაგან. მათ არ ჰქონდათ საფუძველი უგულვებელეყოთ იმ მოსწავლეების განმარტებები, რომელთაც დაინახეს და არ დამალეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

მოწმე მ-------------–-–---–მა, რომელიც არის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, განმარტა, რომ თ---------- ხ--–-–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ფაქტის გამოკვლევის დროს დადგინდა, რომ მასწავლებლის თ---------- ხ--–-–---–ის მხრიდან მოსწავლის ლ---- მ--------ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

მოსარჩელე თვითონაც არ უარყოფდა და მოსწავლეებიც ადასტურებენ, რომ გაკვეთილზე იყო დაძაბული ვითარება. მიუხედავად ძალისხმევისა მასწავლებელმა ვერ უზრუნველყო ნორმალურ ვითარებაში საგაკვეთილო პროცესის წარმართვა. ვითარების კონტროლისათვის გამოიყენა აკრძალული მეთოდი, რაც გამოიხატა მოსწავლის მიმართ ყვირილში, მუქარაში და საბოლოოდ, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ დისციპლინარული კომიტეტისა და სამეურვეო საბჭოს წევრებს უნდა გაეთვალისწინებინათ იმ მოსწავლეების განმარტებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ გაკვეთილზე რაიმე ინციდენტი არ დაუფიქსირებიათ. ასევე ვერ გაითვალისწინებს პოზიციას, რომ საგამოძიებო ორგანომ ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით ვერ დაადგინა ძალადობის ფაქტი და შეწყვიტა განმოძიება. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება არასრულწლოვანზე ძალადობას. ძალადობის ფაქტი გამოაშკარავდა თავად ლ---- მ--------ის მიერ, როდესაც მან თავისი გულისწყრომა გამოთქვა სკოლის მანდატურის შენიშვნაზე. მანდატურმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა, გამოკითხა სხვა მოსწავლეები და მომხდარი ფაქტი აცნობა სკოლის დირექტორის მოადგილეს. აქედან გამომდინარე სასამართლო გამორიცხავს რაიმე სახის მიკერძოებას ან სუბიექტურ დამოკიდებულებას შემთხვევისადმი სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან. ის გარემოება, რომ ზოგიერთი მოსწავლის მიერ არ დაფიქსირდა ძალადობის ფაქტი ვერ მოახდენდა გავლენას ვერც დისციპლინარული კომიტეტის ან სამეურვეო საბჭოს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ვინაიდან, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადგენად მტკიცების ტვირთის მთლიანად გადაკისრება მოსწავლეებზე დაუშვებელია, ვინაიდან მათი განმარტებები შესაძლებელია დამოკიდებული იყოს სხვადასხვა სუბიექტურ ფაქტორებზე. მათი მხრიდან შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს მომავალში მოსწავლეთა ან მასწავლებელთა მხრიდან ურთიერთდამოკიდებულების გაუარესების საფრთხეები თუ ისინი გასცემდნენ უკანონო ქმედებაში მამხილებელ ინფორმაციას. ის გარემოება, რომ ლ---- მ--------ისა და მისი თანაკლასელების მიერ აღწერილი პირვანდელი ინფორმაცია საბოლოოდ შემსუბუქდა და იოლ ფორმებში დაფიქსირდა, უკავშირდება სწორედ იმ გარემოებას, რომ ვითარება მომხდარი ფაქტის გამო გართულდა, შემთხვევას შედეგად მოჰყვა მასწავლებლის გათავისუფლება. ამ ფაქტისადმი ცალკეულ მოსწავლეებს შესაძლოა ჰქონოდათ სუბიექტური დამოკიდებულება. მითუმეტეს მიუღებელია თავად ლ---- მ--------ის დაუმორჩილებლობით აიხსნას მასწავლებლის ქცევა, ვინაიდან, მასწავლებლის ტექნიკა გულისმობს ინდივიდუალურ მიდგომას მოსწავლეთა მიმართ საგაკვეთილო პროცესის ნორმალურ ვითარებაში წარმართვისათვის და უნდა გამორიცხავდეს უმკაცრესი ზომების მიღების საჭიროებას მოსწავლეთა მიმართ. საუბარი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა მოსწავლის ,,ოდნავ" ან ,,ნელა" თმიდან მოქაჩვას და მას არ განუცდია ტკივილი, არის უადგილო, ვინაიდან, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია ნებისმიერი იმგვარი მოქმედება მოსწავლის მიმართ, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ძალადობის ელემენტებს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების მხედველობაში მიღებით, მომხდარი ვითარების გაანალიზების, ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რა მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, დამატებით აღნიშნავს, რომ მასწავლებელმა დაკარგა კონტროლი საგაკვეთილო პროცეზე, ჩვეული რეჟიმის აღსადგენად მიმართა უმკაცრეს ზომებს რაც მიუღებელია და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებდა.

სასამართლო გაეცნო სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს სადაც ყურადღებაა გამახვილებული იმ საკითხებზე, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არსებული სისტემების გაძლიერება და ახალი სერვისების შექმნა. ასევე, პრობლემად რჩება ბავშვის დაცვა ძალადობისგან და პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. ,,სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოკითხულ მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს „წამორტყმას“, ხოლო ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%-ს; ასეთივე დამოკიდებულებები გამოვლინდა სხვა ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართ." მითითებული გარემოებები საკითხის აქტუალურობაზე მეტყველებს და სასამართლოს მხრიდანაც შესაბამის შეფასებას საჭიროებს იმ საქმეთა განხილვის დროს, როდესაც საკითხი მასწავლებელთა მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ეხება.

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ მასწავლებელმა თ---------- ხ--–-–---–მა მე-5 კლასის მოსწავლეს ლ---- მ--------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი; ზოგადი განათლების შესახებ კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

,,ევროპის სოციალური ქარტიის" პირველი ნაწილის მეორე პუნქტის თანახმად, ხელმომწერი მხარეები აღიარებენ საყოველთაო უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე.

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც ასევე წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

„შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უნდა შემოწმდეს თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევის შედეგად.

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

საქართველოს კანონის -''ზოგადი განათლების შესახებ'' მე-2 მუხლის ''მ'' ქვეპუნქტის თანახმად ''ზოგადი განათლება ესაა განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად 1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან; დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას; ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას; თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას; ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.

აღნიშნული ნორმები იძლევა ზოგად წარმოდგენას თუ რა დანიშნულება უნდა ქონდეს სკოლას საზოგადოებაში. ნათელია, რომ სკოლას, აღმზრდელობით დაწესებულებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების, სახელმწიფოში მომავალი თაობის აღზრდისა და სრულფასოვანი მოქალაქეების ჩამოყალიბების საქმეში. საზოგადოების ყოველდღიური ყურადღების ქვეშ ექცევა ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებულია სკოლასთან, მოსწავლესთან და მასწავლებელთან.

განსახილველ შემთხვევაში გასაანალიზებელია სკოლის ხელმძღვანელის, დირექტორის და დისციპლინარული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა სწორედ სკოლის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციისა და დანიშნულების გათვალისწინებით.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

„მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლის აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. მასწავლებელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ავალდებულებდა, შეესრულებინა საჯარო სკოლის წესდებით, შინაგანწესით და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, ეზრუნა თვითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაეცვა მოსწავლის უფლებები და ინტერესები, ეზრუნა მოსწავლის უსაფრთხოებაზე, დაეცვა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების 9.4.2. პუნქტი დამსაქმებელს ანიჭებს უფლებამოსილებას დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა.

,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობის და შეურაცხყოფისაგან. ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვადლებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 211-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვადლებულია დაიცვას ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი’’, შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს სსიპ ქალაქ ა---––---- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით მათემატიკის მასწავლებელს თ---------- ხ--–-–---–ს დისციპლინარული დარღვევისათვის, კერძოდ შინაგანაწესის მე-2 თავის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა’’ ქ/პ დარღვევისათვის დისციპლინარული სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება. რეკომენდაცია მიეცა სკოლის დირექტროს სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თ---------- ხ--–-–---–ი გაათავისუფლოს სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში დისციპლინარულმა კომიტეტმა დადგენილად მიიჩნიია მოსარჩელის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეუარცხყოფის ფაქტი. სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის მასწავლებელს თ---------- ხ--–-–---–ს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დისციპლინარული სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება და შეუწყდა 2016 წლის 16 სექტემბერს დადებული N132 შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 3 იანვრიდან.

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის მოსწავლემ ლ---- მ--------ემ მათემატიკის მასწავლებლის თ---------- ხ--–-–---–ის გაკვეთილზე დაარღვია წესრიგი, რის გამოც მასწავლებელმა თ---------- ხ--–-–---–მა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, ხოლო შემდგომ ფიზიკურადაც შეეხო - თმიდან მოქაჩა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვით დადასტურებულია მოსარჩელის თ---------- ხ--–-–---–ის მიერ ინციდენტის დღეს შინაგანწესის დარღვევის - მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის შინაგანწესის პირველი მუხლის თანახმად, შინაგანწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებზე და მათ მშობელბზე/კანონიერ წარმოამდგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შინაგანწესის დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენება ამ შინაგანწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინარული სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინარული გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა, ხოლო მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინარული დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინარული გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინარულ სახდელებს, ამასთან, სკოლის შინაგანაწესს ამტკიცებს სკოლის სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით.

სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ თანახმად, დისციპლინარული სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინარული პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინარული პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება: მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის-მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა მასწავლებლის სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედება, კერძოდ 29.11.2018წ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მე-5 კლასის მოსწავლეს, რითაც ასევე უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანწესით დაკისრებული ვალდებულებები.

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სსიპ ქალაქ ა---––----------------- სკოლის შინაგანაწესის თანახმად, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის დისციპლინარული სახდელის სახით გამოიყენება მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული შინაგანაწესი არ ითვალისწინებს სხვა სახის დისციპლინარული სახდელის დაკისრებას.

საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სამსახურიდან პირის განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.

ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დასახელებული ზომის განსაზღვრით (სამსახურიდან გათავისუფლება), რომელიც წამროადგენს დასაქმებულის პასუხისმგებლობის უკიდურეს ფორმას, გამოყენებული იქნა როგორც დარღვევის თანაზომიერი და ადეკვატური ზომა.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, მითითებული დარღვევების გაქარწყლების მიზნით სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელემ ვერ შეძლო. შესაბამისად, დამსაქმებლის ნება შეეწყვიტა მათემატიკის მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერია.

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცებულების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ყოველი მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი, უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

მოპასუხემ შეძლო ამ ტვირთის დაძლევა და სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა დაადასტურა, ხოლო მოსარჩელეს არა აქვს წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ყოფილი დამსაქმებილს მიერ მითითებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს. შესაბამისად უსაფძუვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ---------- ხ--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი