განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1677-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, რომეო ტყეშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თ------------, გ---–--------------–---–ი
სტაჟიორ-პროკურორები - ნ-------------–---–ი, მ----------–----ე, ი-–----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ---------------------------ი, დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ბ------------–------------------ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება).
ადვოკატი - ნ-----–------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2013 წლის 8 იანვარს, ტ--------------მა, თავისი გარდაცვლილი ძმის - ფ----------------ის მონაცემების გამოყენებითა და მისი ხელმოწერის გაყალბების გზით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისი მემკვიდრისგან მალულად, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და ფ----------------ის საკუთრებად დაარეგისტრირა მისივე კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ბ------------–------------ში. აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის 22 თებერვალს, ტ--------------მა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ს-------ის რესპუბლიკის მიმართულებით და თავისი მეუღლის - ფ---------------ის, ასევე მეზობლების - მ---------------–ისა და ა---------------------ის თანდასწრებით, 2013 წლის 22 თებერვალს, ს-------ის რესპუბლიკაში მყოფი, ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა ქ. თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ლ---------ს სანოტარო ბიუროს, სადაც მეუღლისა და მეზობლების მიერ მისი - როგორც ფ----------------ის ვინაობის დადასტურების შემდეგ, ფ----------------ის სახელით მინდობილობა მისცა ფ---------------ს - ფ----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------ში, მისი განკარგვის უფლებით.
ზემოაღნიშნულის შემდეგ, ს-------ის რესპუბლიკიდან დაბრუნებულმა ტ--------------მა კვლავ მეუღლის დახმარებით, ქ. თბილისში, ხ------–---–ის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს დ-----------–--სთან, ყალბი სანოტარო მინდობილობის გამოყენებით, გააფორმა ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ფ---------------მა ტ--------------ს 25 000 ლარის სანაცვლოდ მიყიდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა. საცხოვრებელ ბინაზე ოფიციალური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ტ--------------მა ქ. თბილისში, ბ------------–------------ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავის სახელზე, რითაც თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფ----------------ის კუთვნილ ქონებას, ღირებულს 100 000 ლარად. 2013 წლის 28 ოქტომბერს, ტ--------------მა ხსენებული საცხოვრებელი ბინა თავდაპირველად 9000 აშშ დოლარის სანაცვლოდ (15.075 ლარი) იპოთეკით დატვირთა, ხოლო 2013 წლის 16 დეკემბერს იპოთეკის საგნის ღირებულება გაზარდა 10 000 აშშ დოლარამდე (17085 ლარი), რაც არ დაფარა.
ტ--------------ის ქმედებით, დაზარალებულ მ---------------ს მიადგა დიდი ოდენობის (117085 ლარის ოდენობის) მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით.
2.1. მოწმე ზ---------------ის ჩვენებით, ბრალდებული ტ--------------ი არის მისი ბიძა (მამამისის ძმა). მოწმის განმარტებით, 1995 წელს დატოვა საქართველო და მეუღლესთან და შვილებთან ერთად გ--------ში გადავიდა საცხოვრებლად. საქართველოში ყოფნისას მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ------------–------------------ში. აღნიშნული ბინა მამამისს - ფ----------------ს მშობლებისგან გადაეცა და მის საკუთრებას წარმოადგენდა. ფ----------------ი 2008 წელს გ--------ში გარდაიცვალა. ტ--------------ს მშობლებმა ქ. თბილისში, ვ----------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა გადასცეს. ზ---------------ის ოჯახმა შემთხვევით შეიტყო, რომ ქ. თბილისში, ბ------------------–-------–-------------------- ტ--------------ის სახელზე ირიცხებოდა და იპოთეკით იყო დატვირთული. ოჯახის წევრების თანდასწრებით, ტ--------------მა აღიარა, რომ ნამდვილად გადაიფორმა ფ----------------ის კუთვნილი ბინა და დატვირთა იპოთეკით. 2014 წელს, ტ--------------მა ბინა კანონიერ მესაკუთრეს - მ---------------ს გადაუფორმა, თუმცა იმავე დღეს, გააუქმა ხელშეკრულება და ქონება ხელახლა დატვირთა იპოთეკით. სანაცვლოდ, როგორც მისთვის ცნობილია, ტ--------------მა დაახლოებით 10 000 აშშ დოლარამდე თანხა მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, ზ---------------ის დედამ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომელიც დაკმაყოფილდა და სადავო ბინა დაუბრუნდა მესაკუთრეს. ტ--------------ისთვის ცნობილი იყო, რომ ფ----------------ი 2008 წელს გ--------ში გარდაიცვალა. მოწმემ დაადასტურა, რომ მამამისის გარდაცვალების მოწმობა საქართველოში 2012 წელს გაიცა, თუმცა ფ----------------ი რეალურად 2008 წელს გ--------ში გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ბ------------–----------------- კვლავ იპოთეკით არის დატვირთული. ბრალდებულს ნათესავების თანდასწრებით არაერთხელ შესთავაზეს იპოთეკის თანხის ნახევრის გადახდა, რაზედაც ტ--------------მა უარი განაცხადა.
2.2. დაზარალებულ მ---------------ის განმარტებით, ბრალდებული ტ--------------ი მისი მაზლია (გარდაცვლილი მეუღლის - ფ----------------ის ძმა). გ--------ში გამგზავრებამდე, მ---------------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ------------–------------ში მდებარე ბინაში. ტ--------------მა მშობლებისგან მიიღო ქ. თბილისში, ვ----------ში მდებარე სამოთახიანი ბინა, რომელიც გადაცვალა და საცხოვრებლად ლ--–-----------–--აში გადავიდა. მოგვიანებით აღნიშნული ბინა მან გაყიდა, აღებული თანხა კი მოიხმარა. 1995 წელს, მ---------------ი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გ--------ში გადავიდა. გ--------ში ცხოვრების უფლებისთვის საჭირო დოკუმენტების იოლად მოპოვების მიზნით, მ---------------ი და მისი ოჯახის წევრები გ--------ს ჩაბარდა არა როგორც ქართველი, არამედ ერაყელი იეზიდი ლტოლვილები. რამდენიმე წელში, მ---------------ის ოჯახმა გ--------ში მიიღო ყველა აუცილებელი დოკუმენტი. 2008 წელს, მ---------------ის მეუღლე - ფ----------------ი გ--------ში გარდაიცვალა, რის შესახებაც იცოდა ოჯახის ყველა წევრმა, როგორც გ--------ში, ასევე საქართველოში. მოწმის ჩვენების თანახმად, ტ--------------მა ისარგებლა მ---------------ის ოჯახის საქართველოში არყოფნით და 1996-1997 წლებში, იგი დაუკითხავად, საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, ბ------------–------------------ში მდებარე მისი ფ----------------ის საცხოვრებელ ბინაში. 2011 ან 2012 წელს (ზუსტად არ ახსოვს), მ---------------მა შემთხვევით შეიტყო, რომ მისი მეუღლის კუთვნილი ბინა ირიცხებოდა ტ--------------ის სახელზე და დატვირთული იპოთეკით იყო. მ---------------ი ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა ტ--------------ს. ბრალდებულმა აღიარა, რომ ნებართვის გარეშე დაირეგისტრირა ბინა და დატვირთა იპოთეკით, ასევე დაჰპირდა, რომ ჩუქების ან ნასყიდობის ხელშეკრულებას გაუფორმებდა და ბინას დაუბრუნებდა. მ---------------მა ტ--------------თან ერთად დაწერა ერთობლივი განცხადება ბინის დარეგისტრირების თაობაზე, თუმცა ბრალდებულმა იმავე დღეს გააუქმა ხელშეკრულება და ბინა კვლავ დატვირთა იპოთეკით. მოწმე იძულებული გახდა სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო და სადავო ბინა დაირეგისტრირა, თუმცა აღნიშნული ბინა დღემდე იპოთეკით არის დატვირთული, რადგან ტ--------------ს იპოთეკარებისათვის თანხა არ დაუბრუნებია. მოწმის განმარტებით, ფ----------------ის გარდაცვალების მოწმობა საქართველოში 2011-2012 წელს გაიცა; მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულმა შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი - განაცხადა, თითქოს იყო ფ----------------ი და სკაიპით გასცა მინდობილობა ფ---------------ის სახელზე.
2.3. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ძ---–-------–--------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა - ვ--------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა კანონის შესაბამისად და მხარეთა მიერ რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
2.4. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ძ---–-------–--------------------–--ის გამომძიებელმა - დ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) სისწორე.
2.5. მოწმე ფ---------------მა ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.6. მოწმე ხ-----------–-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ფ---------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმის სისწორე. მოწმის განმარტებით, გამოკითხვაში იგი მონაწილეობდა როგორც გარეშე პირი, ვინაიდან ფ---------------მა გამართული წერა -კითხვა არ იცოდა.
2.7. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში 5.1. და 5.2 პუნქტად მითითებული ორი ცალი კომპიუტერული დისკი - სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი და ტ--------------ის ხმის ნიმუში.
2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულ ტ--------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში, მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი - გამომძიებელ ჭ---–-----–-----ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ნ-------------–---–ის, ვ-–--------------–--ის, ნ------------------ასა და მ-----------–----ის გამოკითხვის ოქმები.
2.9. 2013 წლის 8 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ბ------------–------------------ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ფ----------------ის სახელზე.
2.10. 2013 წლის 26 თებერვლის, ნოტარიუს დ-----------–--ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული №--------- სანოტარო აქტის თანახმად, მოქალაქე ფ---------------მა, როგორც ფ----------------ის რწმუნებულმა პირმა, გაყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა), 7-------- მდებარე ქ. თბილისი, ბ------------------–------------ (საკადასტრო კოდი №------------------------- მომზადების თარიღი 2013 წლის 9 იანვარი, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8------------თარიღი 2013 წლის 8 იანვარი), რომელიც შეიძინა მოქალაქე ტ--------------მა 25 000 ლარად.
2.11. 2013 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ბ------------–------------------ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ტ--------------ის სახელზე.
2.12. 2013 წლის 27 თებერვლის, ნოტარიუს დ-----------–--ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული №---------- სანოტარო აქტის თანახმად, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტ--------------მა მ-----–-------ისა და ე-----------------–-–---–ისგან ისესხა მთლიანობაში 9960 აშშ დოლარი, ყოველთვიური 4 პროცენტის გადახდით, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 28 აგვისტო. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ტ--------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------
2.13. 2013 წლის 27 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ბ------------–------------------ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ტ--------------ის სახელზე, ხოლო იპოთეკარებად მითითებულია - მ-----–-------ე და ე-----------------–-–---–ი.
2.14. 2013 წლის 6 აგვისტოს, ნოტარიუს ი----------–---–---ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული №--------- სანოტარო აქტის თანახმად, გაუქმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტ------------------------------–-–---–ისგან და ე-----------------–-–---–ისგან ისესხა მთლიანობაში 99600 აშშ დოლარი.
2.15. 2013 წლის 6 აგვისტოს, ნოტარიუს ი----------–---–---ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული №--------- სანოტარო აქტის თანახმად, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტ------------------------------–-–---–ისგან და ე-----------------–-–---–ისგან ისესხა მთლიანობაში 9500 აშშ დოლარი, ყოველთვიური 4 პროცენტის გადახდით, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 6 ნოემბერი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ტ--------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------
2.16. 2013 წლის 28 ოქტომბრის უძრავი ნივთის იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმების თანახმად, გაუქმდა ტ--------------ს, ი-----------–---–ს და ე-----------------–-–---–ს შორის 2013 წლის 6 აგვისტოს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება ტ--------------ის უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------
2.17. 2013 წლის 28 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ტ-------------------------------–--სგან ისესხა 9000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ბ------------–------------ში მდებარე უძრავი ქონება.
2.18. 2014 წლის 27 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ტ--------------მა, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------ 15 000 ლარად მიჰყიდა მ---------------ას.
2.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–ის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი, 2013 წლის 22 თებერვალს, ნოტარიუს ლ---------ს მიერ დამოწმებული, ფ----------------ის მიერ ფ---------------ის სახელზე გაცემული მინდობილობა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი, 2013 წლის 26 თებერვალს, ფ---------------ს - როგორც ფ----------------ის წარმომადგენელსა და ტ--------------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ბ---------------–------------
2.20. 2017 წლის 22 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ძ---–-------–-----–--------------–-------------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ ვ--------------------–---–ის მიერ, ქ. თბილისში, რ---------–-------------------ში მდებარე ლ---------ს სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილ იქნა სკაიპის ჩანაწერი, რომელიც ასახავს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით მინდობილობის მიღებას.
2.21. 2017 წლის 22 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ძ---–-------–-----–--------------–-------------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ ვ--------------------–---–ის მიერ, რ---------–-------------------ში მდებარე ლ---------ს სანოტარო ბიუროდან ამოღებულ იქნა სანოტარო აქტი.
2.22. 2017 წლის 27 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ძ---–-------–-----–--------------–-------------------–--ის გამომძიებელ დ---------------–---–ის მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებულ იქნა 1----–-–-----------------ის ხელშეკრულება, თანდართული დოკუმენტაციით.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება
2.23. 2013 წლის 22 თებერვლის, ნოტარიუს ლ---------ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული №--------- სანოტარო აქტის თანახმად, ნოტარიუსს, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დაუკავშირდა მოქალაქე ფ----------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ იმყოფება ს-------ის რესპუბლიკაში, ქალაქ ე------–ი და სურს ნოტარიუსის წინაშე, ონლაინრეჟიმში, ფ---------------ისთვის უფლებამოსილების მინიჭება. სანოტარო მოქმედების შესრულებას ფ----------------ის თხოვნით დაესწრნენ მ---------------–ი, როგორც მიმნდობის ნდობით აღჭურვილი პირი და ა---------------------ი, როგორც მოწმე. შემოწმების პროცედურების გავლის შემდეგმ, ნოტარიუსის მიერ დადასტურდა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც ფ----------------მა, ფ---------------ს გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. თბილისში, ბ------------–------------------ში მდებარე საცხოვრებელის სახლის განკარგვის უფლება.
2.24. მოწმე ლ---------ს განმარტებით, 2013 წლის 22 თებერვალს, მის სანოტარო ბიუროს მიმართა მოქალაქემ, რომელმაც მოითხოვა მინდობილობის დადასტურება ელექტრონულად. პიროვნებამ სანოტარო ბიუროში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მიიყვანა ორი მოწმე. შედგა მინდობილობის ტექსტი; ნოტარიუსმა მოწმეები გააფრთხილა არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ და სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ამოიღო მოქალაქის პირადი მონაცემები. აღნიშნულის შემდეგ ჩაირთო „სკაიპი“, რომელშიც დაფიქსირებული პიროვნება ძალიან ჰგავდა სამოქალაქო რეესტრიდან ამოღებულ დოკუმენტაციაზე აღბეჭდილ პიროვნებას. ვინაიდან ეჭვის საფუძველი არ არსებობდა, მინდობილობა დადასტურებულ იქნა ნოტარიულად. პიროვნებამ, რომელიც სკაიპში გამოჩნდა, განაცხადა, რომ იყო ფ----------------ი და სურდა მინდობილობის გაცემა ფ---------------ზე; მოწმეებმა - ა---------------------მა და მ---------------–მა დაადასტურეს, რომ ვიდეოში დაფიქსირებული პიროვნება იყო ფ---------------ი. მინდობილობის შინაარსი ნოტარიუსმა ხმამაღლა წაიკითხა, რის შემდეგაც დაადასტურა და გადასცა დაინტერესებულ მხარეს. გამოძიების მიმდინარეობისას მისი სანოტარო ბიუროდან ამოღებულ იქნა სკაიპის ჩანაწერები.
2.25. მოწმე ა---------------------ის ჩვენების თანახმად, იგი ბრალდებულ ტ--------------ის მეზობელია და მისი ოჯახს ყველა წევრს კარგად იცნობს. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბრალდებულის ძმა - ფ----------------ი წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად გ--------ში ცხოვრობდა. 2005 წელს, ა---------------------ი დააპატიმრეს და რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის გამოც მეზობლები, მათ შორის ტ--------------ის ოჯახის წევრები არ უნახავს. 2014 წლის 22 თებერვალს, სთხოვეს ქ. თბილისში, რ---------–-----------ზე მდებარე სანოტარო ბიუროში მისვლა და „სკაიპით“ ფ----------------ის პიროვნების დადასტურება. სანოტარო ბიუროში ყოფნისას „სკაიპში“ ნამდვილად გამოჩნდა ფ----------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ ს-------ის რესპუბლიკაში იმყოფებოდა სამკურნალოდ. მასთან ერთად ბიუროში მყოფმა მ---------------–მა (ტ--------------ის მეზობელი) ასევე დაადასტურა, რომ სკაიპით ფ----------------ი საუბრობდა. მოწმის ჩვენების თანახმად, ტ--------------ი და ფ----------------ი გარეგნულად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და დღესაც არ სჯერა, რომ ფ----------------ი გარდაცვლილია; როდესაც ფ----------------ის მეუღლე - მ------ ჩამოვიდა გ--------დან, მაშინ შეიტყო მისი გარდაცვალების შესახებ. 2008 წელს, როდესაც ფ----------------ი გარდაიცვალა, მოწმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.
2.26. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------------------------- გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ამოღებულ, 2013 წლის 8 იანვრით დათარიღებულ დაინტერესებული პირის - ფ----------------ის განცხადებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოხდენის მოთხოვნით, ბინაზე/ერთეულზე მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------- გრაფაში „დაინტერესებული პირის:.....(ფ---------------ი)“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ტ--------------ის მიერ;
2.27. ექპერტმა - ს-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.28. ექსპერტმა - დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული, ტ--------------ისგან ხმის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე.
2.29. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–---------------------------- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
,,გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამას სახელწოდებით „----------------------------------- - არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები.
გამოკვლევაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით - F----------------------------------- - გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით - F----------------------------------- ამოღებულ ფოტოსურათზე და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ტ---------------------------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება“
2.30. ექსპერტმა - გ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს შს სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ტ--------------ის ფოტოსურათი შედარებულ იქნა ვიდეოგრამაზე აღნიშნულ პიროვნებას. ექსპერტიზის მიმდინარეობისას დადგინდა მათი იდენტურობა და გაიცა შესაბამისი, კატეგორიული დასკვნა.
2.31. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–-------------------------- ფონოსკოპიური და ვიდეოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად, გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ჩანაწერები არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ექსპერტიზის ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერის.
2.32. ექსპერტმა - თ---------–-----–--ემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე
2.33. ბრალდებულმა - ტ--------------მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და დამატებით განმარტა, რომ ქ. თბილისში, ბ------ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა მამამისის საკუთრებას წარმოადგენდა. 1990 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაუთმეს მშობლების კუთვნილი, ქ. თბილისში, ვ----------ში მდებარე ბინა. მისი ძმა - ფ----------------ი, ოჯახთან ერთად 1995 წელს წავიდა საქართველოდან გ--------ში. ვინაიდან პატიმრობიდან გათავისუფლების დროისთვის მეუღლე და შვილები ქ. თბილისში, ბ------------–------------------ში, მშობლების ბინაში ცხოვრობდნენ, თვითონაც მათთან გააგრძელა ცხოვრება. 2008 წელს, მისი ძმა გ--------ში გარდაიცვალა. ძმას საქართველოში ქელეხი გადაუხადა და ბინაში ცხოვრება გააგრძელა. ბრალდებულის განმარტებით, ფინანსური საჭიროების გამო, 2013 წელს გადაწყვიტა ყალბი დოკუმენტის დამზადება და ბინის გადაფორმება. ბრალდებული ფ----------------ის პირადობის მოწმობით გადავიდა ს-------ის რესპუბლიკაში და პირველივე სოფლიდან, სკაიპით დაუკავშირდა ნოტარიუსს. მეუღლე გაფრთხილები ჰყავდა, რომ სანოტარო ბიუროში უნდა მისულიყო და ა---------------------ი და მ---------------–ი მიეყვანა; ტექნიკური საკითხები 2-3 დღით ადრე მოაწესრიგა და 2013 წლის 8 იანვარს, ფ----------------ის სახელით დაუკავშირდა სანოტარო ბიუროს. ტ--------------მა ნოტარიუსს განუცხადა, რომ სამკურნალოდ იმყოფებოდა ე------–ი და აჩვენა ფ----------------ის პირადობის მოწმობა. ნოტარიუსმა გადაამოწმა დოკუმენტები და გასცა მინდობილობა ფ---------------ის სახელზე, ქ. თბილისში, ბ---------------–------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის განკარგვასთან დაკავშირებით. ბრალდებული ვიზუალურად ძმას ძალიან ჰგავდა, რის გამოც იგი მეზობლებმა ვერ იცნეს. მისთვის ცნობილი იყო, რომ ა---------------------მა და მ---------------–მა არ იცოდნენ ფ----------------ის გარდაცვალების შესახებ. იმავე საღამოს, ტ--------------ი დაბრუნდა საქართველოში საკუთარი დოკუმენტებით. მეორე ან მესამე დღეს, მან ფორმალური ხელშეკრულების გაფორმებით, მეუღლისგან გადმოიფორმა აღნიშნული ბინა და დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ყველა დოკუმენტის მოწესრიგების შემდეგ, ბრალდებულმა უძრავი ქონება რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით, ბინა გაარემონტა და მოაწესრიგა. მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ მისი ძმის გარდაცვალების მოწმობა მისმა - მ---------------მა გააყალბა. ამასთან, საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ ფ----------------ის საფლავზე გ--------ში სხვა სახელი და გვარი აწერია. ფ----------------ი გარდაიცვალა როგორც ერაყელი ლტოლვილი. ტ--------------ი მ---------------ას შეუთანხმდა, რომ ბინას დროებით მის სახელზე გაიფორმებდა და როდესაც საქართველოში დაბრუნებოდა, ჩუქების ხელშეკრულებას გაუფორმებდა. როგორც კი მ------ საქართველოში ჩამოვიდა, ბრალდებულმა იგი იუსტიციის სახლში წაიყვანა და ბინა აჩუქა. შეთანხმების თანახმად, რძალს უძრავი ქონების გამიჯვნა უნდა გაეკეთებინა, რის შემდეგაც ერთი ოთახი ტ--------------ს დარჩებოდა, ხოლო დარჩენილ ორ ოთახში მ---------------ა და მისი შვილები იცხოვრებდნენ. მეორე ან მესამე დღეს, ბრალდებულმა შეიტყო, რომ მ---------------ა ბინის გაყიდვას ცდილობდა, რის გამოც დაუყოვნებლივ მიმართა იუსტიციის სახლს და ჩუქების განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. დაახლოებით ერთ თვეში, მ---------------მა საჩივარი შეიტანა და სასამართლოს ძალით ბინა გადაიფორმა. ბრალდებულის განმარტებით, არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი, მეუღლე დაავადებულია არაერთი დაავადებით.
2.34. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------------ განაჩენით, ტ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის 1 თვისა და 11 დღის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 1 თვე და 11 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად 1 თვე და 11 დღის ვადით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, ასევე შეეფარდა ჯარიმა 82 ლარისა და 16 თეთრის ოდენობით.
2.35. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა-ის თანახმად, ტ--------------ს აღენიშნება C4 სეგმენტის მალთაშუა დისკების დაზიანება, რადიკულოპათია M50.1. კისრის მე-5 დისკის თიაქარი, სპინალური სტენოზი.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ტ--------------ის მიერ თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ტ--------------მა, განიზრახა რა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, გარდაცვლილი ძმის - ფ----------------ის სახელით, ინტერნეტით დაუკავშირდა ნოტარიუსს, რომელსაც მოწმეთა თანდასწრებით შეადგენინა ყალბი მინდობილობა, რითაც ქონების განკარგვის უფლება მისცა საკუთარ მეუღლეს - ფ---------------ს. აღნიშნულის შემდეგ, ამ უკანასკნელისგან ფიქტიურად შეიძინა და ტ--------------ის სახელზე დაარეგისტრირა ფ----------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული უძრავი ქონება, მემკვიდრისგან მალულად, რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით და მიიღო ფულადი სარგებელი.
3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია თაღლითობის ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში ტ--------------ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე - თითქოს ტ--------------ს სხვისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და ბრალდებულმა, ძმის კუთვნილი ბინა დაირეგისტრირა მხოლოდ იმ მოტივით, რომ გაერემონტებინა აღნიშნული ქონება და დაეცვა მემკვიდრეების მხრიდან მისი გასხვისებისგან, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულებებით, ვიდეოჩანაწერითა და საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით ცალსახად დგინდება, რომ ქ. თბილისი, ბ------------–------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა მემკვიდრეობით გადაეცა ფ----------------ს, თუმცა აღნიშნული უძრავი ქონება მას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებული არ ჰქონია. ხსენებული უძრავი ქონების გარდაცვლილი ძმის სახელზე რეგისტრაცია განახორციელა ტ--------------მა 2013 წლის 8 იანვარს, ხოლო იმავე წლის 22 თებერვალს, ს-------ის რესპუბლიკიდან ინტერნეტით დაუკავშირდა ნოტარიუსს, მოწმეთა თანდასწრებით განაცხადა, რომ იყო ფ----------------ი და ფ---------------ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მისცა ქონების განკარგვის უფლება. ს-------ის რესპუბლიკიდან დაბრუნებულმა ტ--------------მა ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებით, ფ---------------ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ბ------------–-------------–- მდებარე ბინა, მემკვიდრეებისგან ფარულად, რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით და მიიღო ფინანსური სარგებელი. მას შემდეგ, რაც დაზარალებულისთვის ცნობილი გახდა აღნიშნულის შესახებ, მან განცხადებით მიმართა როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, თბილისში, ბ------------–-------------–- მდებარე ბინა გადასცა ფ----------------ის მეუღლეს. გამოკვლეული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი ცალსახად მიუთითებს ტ--------------ის განზრახვაზე, მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაესაკუთრებინა სხვისი კუთვნილი უძრავი ქონება. მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდს წარმოადგენს და რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, თითქოს დაზარალებულმა გააყალბა ფ----------------ის გარდაცვალების მოწმობა და სწორედ ყალბი დოკუმენტის მეშვეობით მოახერხა ქონების დარეგისტრირება. დაზარალებულის მიერ მოძიებული მტკიცებულებები, მათ შორის ფ----------------ის გარდაცვალების მოწმობა, წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სადაც მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ავთენტურობა და ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დამდგარა; შესაბამისად, სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის დოკუმენტის გაყალბებას, აღნიშნული ცალკე გამოძიების საგანს წარმოადგენს და ცდება მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განსახილველ საკითხს.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ტ--------------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ყალბი მინდობილობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვება), ანგარების მოტივის სახით, რაც გამოიხატა ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების იპოთეკით არაერთხელ დატვირთვაში, რის შედეგადაც დაზარალებულს დიდი დოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა;
3.10. რაც შეეხება ტ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს თაღლითობის ნაწილში, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:
· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, ტ--------------მა დაამზადა ყალბი სანოტარო მინდობილობა, რომლითაც მეუღლეს - ფ---------------ს მიანიჭა ფ----------------ის კუთვნილი ბინის განკარგვის უფლება; ფიქტიური ხელშეკრულებით, ტ--------------მა ფ---------------ისგან შეიძინა აღნიშნული უძრავი ქონება, დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე და არაერთხელ დატვირთა იპოთეკით.
· თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ტ--------------ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს ჯამში 11 7085 ლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება გულისხმობს, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბებას, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვის ნაცვლად ხელის მოწერაში, დოკუმენტში დამატებითი მონაცემების შეტანაში და სხვა. რაც შეეხება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც მისი შემოწმების უფლება აქვს ან/და დოკუმენტის ოფიციალური წარდგენა საწარმოში, დაწესებულებაში და ორგანიზაციაში. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ან გამოყენებისთანავე. სუბიექტური მხრივ, დანაშაულის ობიექტური მხარის ისეთი ნიშნებისათვის, როგორიცაა დამზადება, აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა. ეს არის აღნიშნული დოკუმენტის გამოყენების მიზანი, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ისეთი შედეგის დადგომას, რასაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს.
3.12. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სანოტარო აქტი, სკაიპის ჩანაწერი, მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება) უტყუარად დადასტურებულია, რომ ტ--------------ი თავისი გარდაცვლილი ძმის - ფ----------------ის სახელით, ს-------ის რეპუბლიკიდან ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა ნოტარიუსს, მოწმეთა თანდასწრებით განაცხადა, რომ ის იყო ფ----------------ი და მინდობილობა მისცა ფ---------------ს, ფ----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------–------------ში, მისი განკარგვის უფლებით.
3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.14. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ტ--------------ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ტ--------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ტ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე ბრალდებულის ასაკსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას; გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს დაუბრუნდა სადავო ქონება და მიიჩნევს, რომ ტ--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის კონკრეტული ოდენობით გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა.
5.5. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ტ--------------მა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩაიდინა 2013 წლის 8 იანვარს და 2013 წლის 22 თებერვალს, რა დროსაც იგი ნასამართლევი არ ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, ტ--------------ს მსჯავრი დაედო 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩადენილი, ხოლო 2----–-–------------- განაჩენით - 2014 წლის 30 სექტემბერს ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულებისთვის; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ--------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესი (დანაშაულთა ერთობლიობა).
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ტ--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, ტ--------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა განისაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნულმა ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, კვლავ უნდა ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე და ტ--------------ის ხმის ნიმუში ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;
2. ტ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნულმა ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი დარჩეს უცვლელი.
5. მსჯავრდებულ ტ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
6. მსჯავრდებულ ტ--------------ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე და ტ--------------ის ხმის ნიმუში ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე