გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2019
საქმის ნომერი
200310019003163077
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310019003163077

№3/81-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი შორენა მარგალიტაშვილი

 

მოსარჩელე - რ--------- ზ---–-–---–ი

წარმომადგენელი - ლ---–-------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - ლ------------–--ე, მ---------------–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი ე--------–-–---–ი

 

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა: (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა იხ. 2019 წლის 23 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

1.1. აღიარებულ იქნეს რ--------- ზ---–-–---–ის მიერ თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორმა და წარმოდგენელმა შესაგებელით ნაწილობრივ სცნო სარჩელი. სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ რ--------- ზ---–-–---–ი ნამდვილად სწავლობდა თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლაში, ატესტატის გაცემის წიგნით მასზე გაცემულია ატესტატი, ასევე არსებობს ბრძანება, რომ ის ჩარიცხული იყო სკოლაში, თუმცა ვინაიდან, ვერ მოიძიეს სკოლის დასრულების ბრძანება ან პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი, მათ ვერ შეძლეს დაეკმაყოფილებინათ რ--------- ზ---–-–---–ის მოთხოვნა.

 

2.1. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა რ--------- ზ---–-–---–მა, რომ გაცემულიყო სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატი, თუმცა, ვინაიდან ვერ მოიძებნა პედაგოგიური საბჭოსა და ბრძანების წიგნებში რ--------- ზ---–-–---–ის მიერ საშუალო სკოლის დამთავრებისა და ატესტატის გაცემის დამადასტურებელი ინფორმაცია, რ--------- ზ---–-–---–ს უარი უთხრეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა და უცვლელად დარჩა ძალაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ე---–--- ო------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ იყო პედაგოგი თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლაში იცნობს რ--------- ზ---–-–---–ს, რომელმიც სწავლობდა და დაამთავრა სოფელ კისისხევის საშუალო სკოლა.

 

აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა რ--------- ზ---–-–---–ის წარმომადგენელმა ლ---–-------–---–მა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლის 1980 წლის 25 აგვისტოს N1- ბრძანებით დგინდება, რომ რ--------- ზ---–-–---–ი ჩაირიცხა პირველ კლასში.

3.1.2.საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნით, სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2019 წლის 18 აპრილს გაცემული ცნობით დგინდება, რომ 1990 წელს, სასწავლო წელის დამთავრების შემდეგ რ--------- ზ---–-–---–ზე, (დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი ნომერი 2----------) გაიცა საშუალო განათლების ატესტატი N0----- სერია „A“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

3.1.2.

თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლის 1980 წლის 25 აგვისტოს N1- ბრძანება (ს.ფ21 );

საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნი (ს.ფ 23. )

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2019 წლის 18 აპრილს გაცემული ცნობა (ს.ფ. 69)

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 02 მაისის №0---------- და 2019 წლის 04 ივნისის №0---------- გადაწყვეტილებებით რ--------- ზ---–-–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ სკოლაში იძებნება რ--------- ზ---–-–---–ის მხოლოდ ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. რ--------- ზ---–-–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ბრძანება გამოცემული არ არის, ხოლო პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სკოლაში არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 02 მაისის №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.19-20);

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 04 ივნისის №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.16-18);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ--------- ზ---–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლამ, რომელიც წარმოადგენს თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს ნაწილობრივ ცნო სარჩელი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალქო სამათალწარმეობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს რ--------- ზ---–-–---–ის მიერ 1990 წელს თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნითა და სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2019 წლის 18 აპრილს გაცემული ცნობით დგინდება, რომ 1990 წელს, სასწავლო წელის დამთავრების შემდეგ რ--------- ზ---–-–---–ზე, (დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი ნომერი 2----------) გაიცა საშუალო განათლების ატესტატი N0----- სერია „A“

7.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ 1990 წელს, სასწავლო წელის დამთავრების შემდეგ რ--------- ზ---–-–---–ზე, (დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი ნომერი 2----------) გაიცა საშუალო განათლების ატესტატი N0----- სერია „A“

 

7.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. აღნიშნულ უფლებას კი მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ--------- ზ---–-–---–ის (დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი ნომერი 2----------) მიერ თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი და რომ მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი N0----- სერია „A,“ რაც რ--------- ზ---–-–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ--------- ზ---–-–---–ის (დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი ნომერი 2----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებულ იქნეს რ--------- ზ---–-–---–ის მიერ თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

3. რ--------- ზ---–-–---–ს (პირადი N2----------) დაუბრუნდეს ი-------–------ის (პირადი N0----------) მიერ 2019 წლის 27 აგვისტოს სს ,,ლიბერთი ბანკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი; გადამხდელის ბანკი: სს ,,ლიბერთი ბანკი“ ,ბანკის კოდი: LBRTGE22; მიმღების დასახელება: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში; ანგარიში/სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ბანკი: ხაზინა; საგადასახადო დავალება N21299934; გადასახადის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ.თელავი, აღმაშენებლის ქუჩა N41) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური