გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2018
საქმის ნომერი
340310016001352844
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310016001352844

საქმე #3/74-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

28 ივნისი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი ნინო ნადაშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით

მოსარჩელე - თა-------------რი (შემდეგ - „მოსარჩელე);

წარმომადგენლები - ირ----------–--ლი (მინდობილობით);

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული კახეთის რეგიონული ოფისი;

წარმომადგენელი - გი-------–-–--–--ლი;

მესამე პირები - ნო--------------რი;

წარმომადგენელი - მზ-----------–--ლი (მინდობილობით);

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

1. მოსარჩელის მოთხოვნები:

1.1. 2016 წლის 06 მაისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის წინააღმდეგ (შემდეგ - „რეგიონული ოფისი“). 26.12.2017წ. დაზუსტებული სარჩელოთ განსაზღვრა აქტუალური მოთხოვნები:

- ბათილად იქნეს ცნობილი რეგიონული ოფისის 2016 წლის 02 მარტის #88--------48-03 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

- ბათილად იქნეს ცნობილი მესამე პირის სახელზე განხორციელებული 2542 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 54.08.1-.6--) 2005 წლის 24 ოქტომბრის რეგისტრაცია;

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით:

2.1. მოპასუხემ 2016 წლის 19 სექტემბერს და 2018 წლის 15 მარტს (ეს უკანასკნელი დაზუსტებულ სარცელთან დაკავშირებით) წარმოადგინა შესაგებლები, რითაც სარჩელი არ ცნო. იგი პოზიცია გაისიარა მესამე პირმაც 2016 წლის 07 სექტმებრეს წარმოდგენილი შესაგებლით;

3. საქმის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81);

3.1. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მესამე პირის არის მოსარჩელის ბიძა (მამის ძმა), რომელიც მოსარჩელის პაპის - შო-----------რის კომლს გამოეყო და ჩამოყალიბდა ცალკე კომლად. ამ კომლმა ასევე მიიღო მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობის იყო 2500 კვ.მ.;

- 1972 წლის 26 ივნისის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ყასუბნის „გაზეთ პრავდას“ სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის სხოდმაზე #5 ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მესამე პირს მამის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი;

- 1976 წლის 20 მაისს შედგა იმავე კომლმეურნეობის რწმუნებულთა კრება, რომელზეც #6 ორმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მესამე პირს სხვა ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩამოერთვას 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ჩაირიცხოს ფონდში;

- 1977 წლის 24 თებერვალს შედგა კოლმეურნეობის გამგეობის სხდომა და #1 ოქმით დაევალა რწმუნებულთა კრებას, რომ კომლეურნეობის წევრს - მესამე პირს გამოეყოს 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. იმავე წლის 14 ივნისს შედგა რწმუნებულთა კრება და #7 ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მესამე პირს მიეცა მიწის ნაკვეთი ფართით 2500 კვ.მ.;

- მესამე პირის კომლის შესახებ საქმეში ჩანაწერები მოიპოვება 1986-2006 წლების მონაცემებით, კერძოდ, 2016 წლის 21 იანვრის #AA20-------3-03 ცნობის მიხედვით, მესამე პირის კომლს ამ წლებში ერიცხება 1980 წელს აგებული 22 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ფართობი, ხოლო იგივე არქივი 2016 წლის 05 თებერვლის #AA2016005509-03 ცნობის შესაბამისად, 1998 წლის 30 ივნისის #15 ოქმის #45 გადაწყვეტილებით კომლს ერიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი;

- მეორედ მესამე პირს 2500 კვ.მ. მეტრი გამოეყო ისევ მამის ყოფილი ჩამონაწერი მიწიდან. მამას სულ ჰქონდა 5100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საიდანაც 2600 კვ.მ. მიწა დარჩა მამას, ხოლო 2500 კვ.მ. მიწა აქვს მესამე პირს;

3.1.2. მოსარჩელეც არის ცალკე კომლის წევრი;

- კომლის შესახებ მონაცემები საქმეში მოიპოვება ასევე 1986-2006 წლების მონაცემებით. 2015 წლის 18 დეკემბრის #AA2-------86-04 ცნობის შესაბამისად, 1998 წლის 30 ივნისის #15ა ოქმის #45 გადაწყვეტილებით კომლს ერიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი;

- მოსარჩელე პაპის კომლს შეუერთდა 2014 წლის 13 მაისს; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1968 წელს აშენებული 56 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 2500 კვ.მ. (სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის #8--34 გადაწყვეტილება, პუნქტი 2.1.6, მე-2 აბზაცი);

3.1.3. გასაჩივრებული #88--------48-03 გადაწყვეტილებით დადგინდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ზედდება სააგენტოში უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან (სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის #8--34 გადაწყვეტილება, პუნქტი 2.1.2);

- ერთი ზედდება იყო მიწის ნაკვეთთან ს/კოდით 54.08.1-.4--, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელის ბებიის - შუ–-----------რის სახელზე, #225 ნობა-დახასაიათების საფუძველზე. მიწის ნაკვეთის ფართობია 4766 კვ.მ. რეესტრში დაცული სქემატური გეგმის მიხედვით, ასახულია მოსარჩელის პაპისა და მესამე პირის მიწის ნაკვეთები. იქ, სადაც მითითებულია „თა--------–----ა“, მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია მოსარჩელის ბებიის სახელზე, ხოლო მის მომიჯნავედ მითითებულ მიწის ნაკვეთს აწერია „თა--------------რი“ (სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის #8--34 გადაწყვეტილება, პუნქტი 2.1.3);

- მეორე ზედდება ფიქსირდება მესამე პირის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კოდით 54.08.1-.6-- (იხ. იქვე);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. არ დადასტურდა, რომ მესამე პირის მიწის ნავეთი მდებარეობს სულ სხვა ადგილას, თუმცა ვერ მიუთითა ეს ადგილი, რამაც ვერ გამორიცხა მოპასუხისა და მესამე პირების შესაგებლების მართებულობა;

- მესამე პირს პირველადი რეგისტრაცია განხორციელებული აქვს 2015 წლის 24 ოქტომბერს (რეგისტრაციის #1-3---5, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: ზემოაღნიშნული კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1977 წლის 14 ივნისის #7 ოქმი;

- მოსარჩელემ მიუთითა, რომ მესამე პირსა და იმავე სოფელში მცხოვრებ ციალა მანუკიანს შორის 1979 წლოს 27 მაისს დაიდო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც მესამე პირმა დათმო გამოყოფილი 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარჩელის პაპის მომიჯნავედ იმის გამო, რომ მოსარჩელის პაპამ მას შეუძინა აღნიშნული სახლი. ეს გარემოებაც ვერ ასაბუთებს მოსარჩელის პოზიციას, რადგან საქმეში არ მოიპოვება 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესამე პირის მიერ მოსარჩელის სასრგებლოდ დათმობის თაობაზე, სხვა ქონების მიღების გამოისობით, ხოლო თავად ხელშეკრულება ამის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რადგან ის ამ ინფორმაციას არ შეიცავს;

ნაწილი III (სამოტივაციო):

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს მთავარი საკითხი: არის თუ არა მესამე პირის მიწის ნაკვეთის გეორაფიული ადგიმდებარეობა არასწორად განსაზღვრული მოპასუხის მიერ, რის გამოც შეიძლება დავასკვნათ, რომ მოპასუხის მქმედება ეწინააღმდეგება კანონს;

4.2. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია დისციპლინრი გადაცდომა წარმოდგენილი, შესაბამისად, - სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს. ამდენად, მთავარი კითხვის პასუხი არის: მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნოვთის (მიწის ნაკვეთის) გეოგრაფიული კოორდინატები და მისი ფაქტობრივი ადგილმდებარეობა სრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან; შესაბამისად, მოპასუხის გადაწყვეტილება მესამე პირის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ კანონიერია;

5. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ნორმატიული აქტებითა და მათი შემდეგი დებულებებით:

- საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (დამტკიცებულის 1964 წლის 26 დეკემბერ), შემდეგ - „საბჭოთა კოდექსი“, 93-ე მუხლის 1-ლი აბზაცი, 126-ე მუხლის 1-ლი აბზაცი, 136-ე მუხლის პირველი აბზაცი;

- „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგ - „უფლებათა რეგისტრაციის კანონი“) მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი;

- „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგ - „საკუთრების გამოცხადების კანონი“) 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგ - „სზაკ”) მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები, 601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილები;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სასკ”) 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 33-ე მუხლის პირველი ნაწილი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სსსკ”) 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 წინადადებები, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი;

- „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანების (შემდეგ - „ინსტრუქცია“) მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი;

- „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება (შემდეგ - „1992 წლის დადგენილება“);

- სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი (შემდეგ - „დეკრეტი“);

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე წევრის გასვლისას წილის ნატურით გამოყოფა წარმოებს იმ ვარაუდით, რომ კო0მლს არ მოაკლდეს დამხმარე მეურნეობისათვის აუცილებელი ნაგებობები, პირუტყვი და სასოფლო სამეურნეო ინვენტარი;

- იმავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს;

- იმავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ქონებას, რომელსაც მესაკუთრე არ ჰყავს (უპატრონო ქონება), გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში;

· მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნო-------------რი გამოეყო მამის - შო-----------რის კომლს და კოლმეურნეობის ორგანოს გადაწყვეტილებით მას მიეკუთვნა მამის კომლიდან წილის ნატურით - მიწის ნაკვეთი 2400 კვ.მ. ფართობით, რის შემდეგაც ის მიდის ქალაქში საცხოვრებლად და ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში (არასწორია მოსარჩელის მოსაზრება, რომ ქონება კვლავ მის პაპის კომლს დაუბრუნდა, რადგან კანონი ქონების მიტოვებისას ითვალისწინებდა კონკრეტულ წესს), ხოლო შემდეგ კვლავ ბრუნდება სოფელში, მისი კომლი „ცოცხლდება“ და კოლმეურნეობის შესაბამისი ორგანო ამ კომლს მიწის ნაკვეთს გამოუყოფს პირველად გამოყოფილი ფონდიდან, ოღონდაც ამჯერად 2500 კვ.მ. ფართობით;

6.2. 1992 წლის დადგენილების და დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომლებიც ადრე ერთი კომლის წევრები იყვნენ და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი;

- უფლებათა რეგისტრაციის კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

- საკუთრების გამოცხადების კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი – ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი;

· მესამე პირმა 2542 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც 1992-1993 წლებამდე იყო საკოლმეურნეო კომლის საკუთრება, ხოლო შემდეგ გავრცელდა საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხა 2005 წლის 24 ოქტომბერს #1-3---5 გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ატარებს მომხდარი, არსებული ფაქტის სამართლებრივი ფიქსაციის მიზანს;

· რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკოლმეურნეო მეურნეობის ორგანოს გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგანაც მის არსებობას (ანუ მიწის ნაკვეთის მიკუთვნების დოკუმენტის) აქვს უფლების წარმომშობი ფაქტის მნიშვნელობა;

· დადგენილია, რომ მესამე პირის საკუთრების უფლების ობიექტი მდებარეობს მოსარჩელის ბებიის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მესამე პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთის კოორდინატები არ შეიცავს მცდარ მონაცემებს;

6.3. სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება;

- იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს;

- იმავე კოდექსის 601 მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

- იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;

· კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს კანონის (და კანონქვემდებარე აქტების) მოთხოვნებს. ამის საწინააღმდეგოდ განხორციელეული მოქმედება ან გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართოლებრივი აქტი სამართლებრივად არის „მკვდარი“, შესაბამისად, ის არ არის ვარგისი მისი ავტორის მიერ დაგეგმილი, ჩაფიქრებული სამართლებრივი მიზნის მისაღწევად - იგი ბათილია;

კანონიერების პრინციპის გამოვლენაა ასევე სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები, კერძოდ:

(1) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

(2) დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

(3) ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია;

- ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ყველა რელევანტური (განსახილველ საკითხთან კავშირში მყოფი) გარემოება და მხოლოდ ამის შედეგად მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამ პრინციპის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიიჩნევა კანონის დარღვევით მიღებულად;

· მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არის შესწავლილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შედეგად მიღებულია კანონშესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორც მესამე პირთან, ისე მოსარჩელესთან მიმართებით

6.4. რეესტრის კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; (ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;

- იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე;

- ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაცაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

· ამრიგად, სადავო აქტის გამოცემისას რეგიონულმა ოფისმა დაიცვა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ;

· მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას;

7. სასამართლოს მსჯელობა პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით:

7.1. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი;

- სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;

- იმავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

- იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

- იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;

- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: (ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი და (ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი;

- იმავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი);

· მოცემულ შემთხვევაში სარჩელს ერთვის 05.05.2016წ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებული ასეთი ოჯახების რეესტრში და მას მინიჭებული აქვს 4---- ქულა (ამავე ამონაწერით, ოჯახს ბოლო მონაცემებით ბოლოს ქულა მიენიჭა 12.05.2012 წელს), რაც სსსკ-ის 46-ე მუხლის შესაბამისად, საკმარისია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათვაისუფლებისათვის;

· ისეთ ვითარებაში, როცა კანონისმიერი შეღავათის გამო მოსარჩელემ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სამართალწარმოება არ დასრულდა მის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის არც მოსარჩელის და არც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ ეკისრება მოპასუხეს. ეს მდგომარეობა ორივე მხარეს ათავისუფლებს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ. აღნიშნული კი გამოიხატება იმით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არც ერთ მხარეს ეკისრება;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თა------------რის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანის, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/