გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
340210019003154651
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210019003154651

საქმე #2/625-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16.10.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი ირინა დათუნაშვილი

მოსარჩელე - მი----–ი ნ-----–---–ი

წარმომადგენელი - ლო-–--------–---–ი

მოპასუხე - ნი--- ნ-----–---–ი

წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–-ძე

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შეწყდეს მი----– ნ-----–---–ს და ნი--- ნ-----–---–ს შორის 1998 წლის 16 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება და მეუღლეები განქორწინდნენ.

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მხარეები 1998 წლის 16 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ვინაიდან ადრეულ ასაკში იქორწინეს, ამიტომ ერთმანეთს ხასიათით ვერ შეეწყვნენ და ერთ სახლში ცხოვრებამ ურთიერთპატივისცემა ვერ განაპირობა. წლების მანძილზე ცოლ-ქმარს უთანხმოება ჰქონდათ. საბოლოოდ მოპასუხემ ოჯახი მიატოვა და სახლიდან წავიდა. მოპასუხეს მხოლოდ შვილებთან აქვს ურთიერთობა. ამიტომ ქორწინების რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებს. მოსარჩელეს სხვა ქალთან ქორწინება სურს, მაგრამ პირველი ქორწინების გამო ამას ვერ ახერხებს. მოპასუხეს არაერთხელ სთხოვა, რომ ქორწინების რეგისტრაციის გაუქმება მოეხდინათ, მაგრამ მოპასუხემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. მოსარჩელე იძულებული გახდა სასამართლოსთვის მოემართა და განქორწინება სასამართლო წესით მოეთხოვა.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მხარემ მიუთითა, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ, შვილებსაც ურთიერთშეთანხმებით ზრდიდნენ და სახლიდან არ წასულა. მოსარჩელემ თავად შეუწყო ხელი საზღვარგარეთ გამგზავრებაში. მოპასუხისთვის სრულიად მოულოდნელია განქორწინების მოთხოვნა და ოჯახის დანგრევა არ სურს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე 1998 წლის 16 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17).

3.1.2. მოსარჩელე 2019 წლის აგვისტოდან სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს და მასთან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-13);

- მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 16.10.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები :

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

5.2. 1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ”.

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. კანონმდებლობის მიხედვით ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს და როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ განქორწინება არ სურს. თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის დაადასტურებდა. მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში იმყოფებოდეს მოპასუხესთან და საფუძვლად სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა, რომ იგი ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფება სხვასთან. შესაბამისად, სახეზე არ არის არც ორმხრივი ნება და არც რაიმე საფუძველი იმისა, რომ სასამართლოს მხარეტა შორის საოჯახო ურთიერთობის შენარჩუნება შესაძლებლად მიაჩნდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

სასამართლო, მითითებული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ განქორწინების თაობაზე ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა ხორციელდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ამ ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნიათ განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე წინააღმდეგი იყო განქორწინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მომხდარიყო. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თხოვნით მისულიყვნენ იუსტიციის სახლში განქორწინების მიზნით, რაზეც მოპასუხე უარს ამბობდა. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ განქორწინების წინააღმდეგია.

შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა განქორწინების რეგისტრაციაზე, რაც მხარეთა შორის დავის სასამართლო წესით განხილვისა და რეგისტრირებული ქორწინების სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

ამავე კოდექსის 14-ე მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზრაურება.

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-39-ე, 41-ე, 243-245-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოსარჩელე მი----– ნ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე ნი--- ნ-----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს მოსარჩელე მი----–ი ნ-----–---–ს (პ.ნ. 1----------) და მოპასუხე ნი--- ნ-----–---–ს (პ.ნ. 1----------) შორის 1998 წლის 16 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №13) და მეუღლეები განქორწინდნენ.

3. მოპასუხე ნი--- ნ-----–---–ს მოსარჩელე მი----–ი ნ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე