გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2019
საქმის ნომერი
140210018002374824
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002374824

საქმე №2/620-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაიაკუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - სს “ტ--------ი”

წარმომადგენელი - ლ------------ე

მოპასუხეები - მ---------–---–ი

ხ------------–---–ი

ნ---------–---–ი

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი, გ----------------

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რალიზაცია, უფლებამონაცვლედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ---------–---–ი ცნობილი იქნეს გარდაცვლილი თ-----------–---–ის უფლებამონაცვლედ.

 

1.2. მ---------–---–სა და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ №KSB.0214401.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების დაფარვა 63 101.40 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 54 885.42 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 970.63 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 6 245.35 აშშ დოლარი.

 

1.3. მ---------–---–სა და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ №KSB.0214401.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების დაფარვა 96 613.49 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 91 672.08 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 504.39 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 433.02 აშშ დოლარი.

 

1.4. მ---------–---–სა და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ №KSB.0214401.001-003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების დაფარვა 38 497.63 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 30 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 128.05 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4 369.58 აშშ დოლარი.

 

1.5. მ---------–---–სა და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №KSB.0214401.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე - 54 885.42 დოლარზე წლიური 12% სარგებლის გადახდა 16.03.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

 

1.6. მ---------–---–სა და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №KSB.0214401.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე - 91 672.08 დოლარზე წლიური 12% სარგებლის გადახდა 16.03.2016 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

 

1.7. მ---------–---–სა და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №KSB.0214401.001-003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე - 30 000 დოლარზე წლიური 12% სარგებლის გადახდა 16.03.2016 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

 

1.8. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს უძრავი ქონებები შემდეგი საკადასტრო კოდებით: 66.54.22.401; 66.46.20.000.181; 66.45.09.075 და 66.45.07.357.01.044, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ქონებების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, მისი სრულად დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს მ---------–---–ის და ხ------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება:

 

2016 წლის 29 იანვარს მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა 500 000 აშშ დოლარი, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი წლიური 36%, მოქმედების ვადა 2046 წლის 29 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ერთის მხრივ ბანკსა და მეორეს მხრივ ნ---------–---–სა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები და იპოთეკით დაიტვირთა თ-----------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით: 66.54.22.401, 66.46.20.000.181 და 66.45.09.075 და ასევე ნ---------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 66.45.07.357.01.044. გარდა იპოთეკის ხელშეკრულებებისა, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ხ------------–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით.

 

გენერალური მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 29 იანვარს მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა №KSB.0214401.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 68 000 აშშ დოლარი, კრედიტის დაფარვის ვადა - 29.01.2016 წლიდან 29.01.2021 წლამდე, წლიური სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - გადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

იმავე თარიღით მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა №KSB.0214401.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 106 000 აშშ დოლარი, ვადა - 84 თვე, წლიური სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 05 იანვარს მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა №KSB.0214401.001-003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 30 000 აშშ დოლარი, კრედიტის დაფარვის ვადა - 03.12.2021 წლამდე, წლიური სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - გადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, მან სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას.

 

გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა, 2018 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა მსესხელელი თ-----------–---–ი, ხოლო 2019 წლის 01 და 02 აპრილს №190327849 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონებების, საკადასტრო კოდებით: 66.54.22.401; 66.46.20.000.181; 66.45.09.075 მესაკუთრედ რეგისტრირებულია თ-----------–---–ის მემკვიდრე მ---------–---–ი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა საქმის მომაზადების ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს საჩელი - ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მათი მხრიდან უპასუხისმგებლობით, არამედ გამოწვეულია მსესხებლის თ-----------–---–ის მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების გამო, შესაბამისად, მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო და ზიანის ანაზღაურება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 29 იანვარს მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: ლიმიტის მაქსიმალური თანხა 500 000 აშშ დოლარი, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2046 წლის 29 იანვრამდე.

 

მტკიცებულება:

 

- 29.01.2016 წ. გენერალური ხელშეკრულება №KSB.0214401.001 საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. 29.01.2016 წ. №KSB.0214401.001 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თემურ და ნ---------–---–ების კუთვნილი უძრავი ქონებები.

 

მტკიცებულება:

 

- 05.01.2017 წ. იპოთეკის ხელშეკრულება №KSB.0214401.001/04;

- 29.2016 წ. იპოთეკის ხელშეკრულება №KSB.0214401.001/02;

- 29.01.2015 წ. იპოთეკის ხელშეკრულება №KSB.0214401.001/01;

- 03.02.2016 წ. იპოთეკის ხელშეკრულება №KSB.0214401.001/03;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. 29.01.2016 წ. №KSB.0214401.001 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ხ------------–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით.

 

მტკიცებულება:

 

- 29.01.2016 წ. სოლიდარული თავდების განცხადება;

- 29.01.2016 წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №KSB.0214401.001/01

 

3.1.4. 29.01.2016 წ. №KSB.0214401.001 გენერალური მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 29 იანვარს მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა №KSB.0214401.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 68 000 აშშ დოლარი, კრედიტის დაფარვის ვადა - 29.01.2021 წლამდე, წლიური სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - 0.5%. იმავე თარიღით მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №KSB.0214401.001-001 შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 106 000 აშშ დოლარი, ვადა - 84 თვე, წლიური სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - 0.1% და ასევე 2017 წლის 05 იანვარს მოსარჩელესა და თ-----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №KSB.0214401.001-003 შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 30 000 აშშ დოლარი, ვადა - 03.02.2021 წლამდე, წლიური სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - 0.5%.

 

მტკიცებულება:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები: №KSB.0214401.001-001, №KSB.0214401.001-002, №KSB.0214401.001-003

 

3.1.5. მსესხებლის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

მტკიცებულება:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გადახდის ისტორია;

- შეტყობინება

 

3.1.6. 2018 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა მსესხებელი თ-----------–---–ი და მისი დანაშთი ქონება, კერძოდ, უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით: 66.54.22.401; 66.46.20.000.181; 66.45.09.075 №190327849 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღო მ---------–---–მა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის საკუთრებად.

 

მტკიცებულება:

 

- გარდაცვალების მოწმობა;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2018 წლის 16 მარტის მდგომარეობით მოპასუხე მხარის დავალიანება შეადგენს:

№KSB.0214401.001-001 საბანკო ხელშეკრულებაზე - სესხის ძირი თანხა 91 672.08 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 508.39 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 433.02 აშშ დოლარი;

№KSB.0214401.001-002 საბანკო ხელშეკრულებაზე - სესხის ძირი თანხა 54 885.42 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 970.63 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 6 245.35 აშშ დოლარი,№KSB.0214401.001-003 საბანკო ხელშეკრულებაზე სესხის ძირი თანხა - 30 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 128.05 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4 369.58 აშშ დოლარი.

 

მტკიცებულება:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

4.1.2. მხარეთა შორის სადავოა პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძვლიანობა

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მსესხებელს (გარდაცვლილ თ-----------–---–ს) შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 29 იანვარს გაფორმებული გენერალური საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ და მისი დამატებითი ხელშეკრულებით, ასევე თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

7.6. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

7.6. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მოპასუხე მხარის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, დავალიანება არ დაფარულა, ასევე დადენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით სესხი იყო სარგებლიანი - წლიური 12%-ის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდის შესახებ საფუძვლიანია მითუმეტეს, რომ მოპასუხის მხრიდან კრედიტიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება სადავო არ გამხდარა. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი უფლებამონაცვლეობის, ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში. გარდა ამისა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან) დასტურდება, რომ თ-----------–---–ის ქონება დარეგისტრირდა მისი მეუღლის მ---------–---–ის საკუთრებად.

 

ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი.

 

7.7. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე უდავოდ არის დადგენილი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევა, ასევე უდავოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი და უნდა შემცირდეს 0,02%-მდე.

 

7.9. რაც შეეხება თავდებებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

7.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ტ--------სა“ და ნ---------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში სრული პასუხისმგებლობა აიღო ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხის სოლიდარული მოვალისთვის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

7.11. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

7.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარე სს „ტ--------ის“ საქმიანობა სწორედ კრედიტების გაცემაა და ამ გზით შემოსავლის მიღება წარმოადგენს, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით (აღებული სესხის სარგებელთან ერთად დაუბრუნებლობით) მან მიიოღო ზიანი, რომლის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრება საფუძვლიანია და იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიადგა ზიანი მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო იმდენად, რამდენადაც მხარეს რომ თავისი ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა ბანკს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე მიიღებდა შემოსავალს. განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი ის ფაქტი რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება რითაც კრედიტორს მიადგა ზიანი, აქედან გამომდინარე სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოპასუხეების მზია და ხ------------–---–ებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე მუღებელი შემოსავლის სახით 12% ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა გადახდის მოთხოვნას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდებისათვის ცნობილი არ ყოფილა შემადგენელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მისი როგორც თავდების პასუხისმგებლობის შესახებ, ვინაიდან მისთვის გენერალური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ცნობილი იყო პასუხისმგებლობის ზედა ზღვარის შესახებ. სასამართლო ასევე ვერ გაიზაირებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თ-----------–---–ის გარდაცვალება უნდა განიხილებოდეს როგორც დაუძლეველი ძალა, ვინაიდან დაუძლეველი ძალად მიჩნეულია წინასწარ შეუცნობელი მოვლენა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი გარდა იმისა, რომ თავად მოპასუხეების განმარტებით, ისინი იხდიდნენ გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას, თუმცა შემდეგ ვეღარ შეძლეს ამ თანხის დაფარვა, სესხი უზრუნველყოფილი იყო უძრავი ქონებით და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, რაც სწორედ იმას გულისხომობს, რომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უნდა იკისროს ამ ვალდებულების დაფარვა, რაც თავდებისათვის უთუოდ იყო ცნობილი. გარდა ამისა აღნიშნული გარემოების რისკის გარემოებად გათვალისწინება შესაძლებელია სიცოცხლის დაზღვევით.

 

7.13. რაც შეეხება იპოთეკის საგნის რეალიზაციას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5000 ლარი, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 4242.60 ლარი, ხოლო დანარჩენი 757.40 ლარიდან, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, 493.80 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციონაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მ---------–---–ი (პ/ნ: 59001013800) ცნობილი იქნეს თ-----------–---–ის (დაბადებული 1948 წლის 4 მარტს, გარდაცვლილი 2018 წლის 27 აგვისტოს) უფლებამონაცვლედ.

 

3. მოპასუხეებს: მ---------–---–ს და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ:

3.1. №KSB.0214401.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 57 105.85 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 54 885.42 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 970.63 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 249.80 აშშ დოლარი.

3.2. №KSB.0214401.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 95. 237.77 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 91 672.08 აშშ დოლარი, სარგებელი - 3 508.39 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 57.30 აშშ დოლარი.

3.3. №KSB.0214401.001-003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 34 302.75 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 30 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 4 128.05 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 174.70 აშშ დოლარი.

4. მოპასუხეებს: მ---------–---–ს და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი სარგებლის (შემოსავალი ანაზღაურება №KSB.0214401.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 54 885.42 აშშ დოლარის წლიური 12%-ის გადახდა 2018 წლის 16 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

 

5. მოპასუხეებს: მ---------–---–ს და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი სარგებლის (შემოსავალი) ანაზღაურება №KSB.0214401.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 91 672.08 აშშ დოლარის წლიური 12%-ის გადახდა 2018 წლის 16 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

 

6. მოპასუხეებს: მ---------–---–ს და ხ------------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი სარგებლის (შემოსავალი) ანაზღაურება №KSB.0214401.001-003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 30 000 აშშ დოლარის წლიური 12%-ის გადახდა 2018 წლის 16 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

 

7. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ნ---------–---–ის (პ/ნ: 59001018958) და მ---------–---–ის (პ/ნ: 59001013800) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები: 1. მდებარე გორი, სოფელი კარალეთი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.46.20.000.181; გორი, სოფელი ბერბუკი, (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.54.22.401; ქ. გორი, ეკ. ჯუღაშვილის ქ. №68, საკადასტრო კოდი: №66.45.09.075; ქ. გორი, ცხინვალის გზატკ. №9ა, საკადასტრო კოდი: №66.45.07.357.01.044; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების: მ---------–---–ის და ხ------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

8. მოსარჩელე სს ”ტ--------ს“ (ს/კ: 204546045) დაუბრუნდეს მის მიერ თ-----------–---–ის და სხვათა საქმეზე 23/03/2018 წ. შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №13), სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 4242.60 ლარი, დანარჩენი 757.40 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. მოპასუხეებს: მ---------–---–ს, ხ------------–---–ს და ნ---------–---–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 493.80 ლარი გადახდა.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი