განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/729-19
(№012200819003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული ლ-----------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ---------------–------------------ში,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა-მოყვანა;
სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ქ.რუსთავი, ა-–-------------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ზაფხულის პერიოდში, ლ-----------ემ ორ ცალ ქოთანში უკანონოდ დათესა და შემდეგ უკანონოდ მოჰყავდა დიდი ოდენობით 159,60 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ლ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ბ---------------–---–ის, კ------------ის გამოკითხვის ოქმებს, ლ-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენრაე კანაფი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 25 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ხოლო ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებს შორისაა - მცენარე კანაფი. კანონი არ განსაზღვრავს კანაფის სახეობებს და დანაშაულად აცხადებს მცენარე - კანაფის გვარის ნებისმიერი სახეობის უკანონო მფლობელობას და ბრუნვას. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, მათ შორის ქოთანში, ხოლო მოყვანა გამოიხატება აღნიშნული მცენარის მოვლაში - გაზრდის მიზნით, კერძოდ: მორწყვა, სასუქის გამოყენება და ა.შ. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებისა ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, დანართი №2-ის ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის’’ დიდი ოდენობის საწყისი ზღვარი იწყება 140 გრამიდან.
მოცემულ საქმეზე ჩატარებული 2019 წლის 26 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ლ-----------ის საცხოვრებლი ბინის ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული, ყავისფერ ქოთანში და თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ჭურჭელში დარგული 2 ძირი მომწვანო ფერის ნედლი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკულს აშუალება მცენარე კანაფს, საერთო წონით 159.60 გრამი.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-----------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა-მოყვანა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-----------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).
როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. ლ-----------ის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკულ საშუალება ,,კანაფი’’ წარმოადგენს 159,60 გრამი. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება გასაღების მიზნით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული შემთხვევა უნდა მოექცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში და უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზეც.
საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების შემდეგ შესაძლებლობას: გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად, რომელთა შორის არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან აღნიშნულით არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ლ-----------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება №1/9/701,722,725 ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე. შესაბამისად, ლ-----------ეს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ლ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
2. ლ-----------ეს, ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს.
4. ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
5. ლ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი 159,60 გრამი, რომელიც ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე