გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2019
საქმის ნომერი
821210019003119753
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/128-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. დუშეთი

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს

დუშეთის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - ბადრი შონია

სხდომის მდივანი - დარეჯან ქაშიაშვილი

მოსარჩელე: ვ-–-------–---–-

მოსარჩელის წარმომადგენელი: მ---------------–---

მოპასუხე: ბ--------------

დავის საგანი: მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

1.1. სარჩელის საფუძვლები: 2019 წლის 04 მაისს მოსარჩელე ვ-–-------–---–- თავის კუთვნილი ჰიუნდაის მარკის ავტომობილით, სახ. №R-------- მოძრაობდა ქ.თბილისში ერისთავის ქუჩაზე, დიდუბის მეტროსადგურის მხრიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ერისთავის ქუჩა №5-თან მოპასუხე ბ---------------, რომელიც მართავდა აუდის მარკის ავტომობილს, სახ. №H------,მოძრაობისას განახორციელა არასწორი მანევრი, რა დროსაც მოახდინა შეჯახება მოსარჩელის ავტომანქანაზე. მხარეები მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ორივე ავტომობილი გადაყვანილი იქნა 112-ის საჯარიმოზე. მოპასუხე, ბ-------------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გამოეწერა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ვაჟა მამეიშვილმა გადაიხადა 112-ის საჯარიმოზე ავტომანქანის გადასაყვანად ევაკუატორის თანხა 65 ლარი. მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა მიყენებული ზიანის ოდენობის დათვლა და საექსპერტო კვლევის შესრულებაში 2019 წლის 24 მაისს გადაიხადა 504 ლარი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №5--------- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2012 წელა დამზადებული მსუბუქი ავტომობილი ”HYUNDAI", სახ. ნომრით R-------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ (დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებლი ხარჯების გათვალისწინებით) საორიენტაციო თანხამ შეადგინა 4 190 ლარი.

 

მოსარჩელე ვ-–-------–---–- ითხოვს, მოპასუხე ბ-------------- მის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 04 მაისს განხორციელებული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სულ 4 759 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, დაადასტურეა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტი და იგი თანახმაა მოსარჩელეს გადაუხადოს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 1200 ლარის ოდენობის თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 04 მაისს მოსარჩელე ვ-–-------–---–- თავის კუთვნილი ჰიუნდაის მარკის ავტომობილით, სახ. №R-------- მოძრაობდა ქ.თბილისში ერისთავის ქუჩაზე, დიდუბის მეტროსადგურის მხრიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ერისთავის ქუჩა №5-თან მოპასუხე ბ---------------, რომელიც მართავდა აუდის მარკის ავტომობილს სახ. №H------, მოძრაობისას განახორციელა არასწორი მანევრი, რა დროსაც მოახდინა შეჯახება მოსარჩელის ავტომანქანაზე, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

3.1.2. მოპასუხე, ბ-------------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გამოეწერა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი ( ს.ფ.1-16, 1ტ);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №5--------- დასკვნა (ს.ფ.-29-36, 1ტ.);

- 2019 წლუს 04 მაისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ტომი I, ს.ფ. 19);

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს შორის სადავოა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ხარჯმა შეადგინა 4 190 ლარი. ავტომანქანის აღდგენისთვის საჭირო ხარჯებს მოპასუხე სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა არის გაცილებით ნაკლები, კერძოდ 1200 ლარი (იხ. მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.

 

მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით სასამართლოს წარმოუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2012 წელს დამზადებული მსუბუქი ავტომობილზე ”HYUNDAI", სახ. ნომრით R-------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ (საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებლი ხარჯების გათვალისწინებით) საორიენტაციო თანხამ შეადგინა 4 190 ლარი.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასებას და აღნიშნავს, რომ მან მოსარჩელეს მიაყენა 1200 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე მხარეს მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხეს აქევს მტკიცების ტვირთი, დაასაბუთოს სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განმსახილველ შემთხვევში, ავტომანქანის დაზიანებების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა ევალებოდა მოპასუხეს, რაც მან არ განახორციელა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შეკეთების ხარჯმა შეადგინა 4 190 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------------ს მართლსაწინააღმეგო ქმედებით დაზიანდა ვ-–-------–---–-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას დასჭირდა 4190 ლარი, რის გამოც მას წარმოეშვა ზიანის მიმყენებლისაგან ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409ე, 992-ე, 999-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ბ--------------ს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშობილია დელიქტური ქმედებიდან, რადგან დავის საგანია ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამოწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ პირის პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, კერძოდ, უნდა დადასტურდეს შემდეგი გარემოებები: ზიანის არსებობის ფაქტი - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგი ქმედება, ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, ვ-–-------–---–-ს ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, რომლის აღსადგენად საჭირო თანხას წარმოადგენდა 4190 ლარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით, სადაც დეტალურად არის გაანგარიშებული დაზიანებული ნაწილების აღდგენისთვის საჭირო თანხები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა -შეკეთებისთვის საჭირო ხარჯი, სარჩელით მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები იყო.

 

ამდენად, დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 190 ლარი, რაც სრულად უნდა ანაზღაურდეს მოპასუხის მხრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ნახევრდება.

 

მოცემულ სარჩელზე დავის საგნის ფასი არის 4 759 ლარი, რომლის 1,5% შეადგენს 71,38 ლარს. სარჩელზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 145 ლარი. ამდენად. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (145 ლარიდან) 71,38 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელემ მოითხოვა 4759 ლარის დაკისრება მოპასუხისთვის, საიდანაც მოპასუხემ ცნო 1200 ლარი, რაც შეადგენს ძირითადი მოთხოვნის 25,21%. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟის (73,62 ლარი) 25,21%, რაც შეადგენს 18,55 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილია გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ბ-------------- უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელე ვ-–-------–---–-ს სასარგებლოდ 55,07 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი საკითხი უნდა გადაწყდეს გონივრულობის ფარგლებში და არამხოლოდ ზემოხსენებული ნორმის (სსსკ-ის 53-ე მუხლი) ანდა მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, მხედველობაშია მისაღები განხილული დავის კატეგორია, საქმის წონა/მოცულობა, სამართლებრივი დავის სირთულე, მოთხოვნის ფარგლები, პრაქტიკულად გაწეული სამუშაოს მოცულობა და დანახაჯები, თავად მოსარჩელის რისკი და შეხედულება თუ რა უღირს დავის წარმოება, რაც არ უნდა გაცდეს ობიექტურობის/სამართლიანობის ფარგლებს და მოპასუხისადმი იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ იურიდიული მომსახურების შესახებ მხარეთა შეთანხმებაზე;

 

ზემოხსეებულიიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ადვოკატზე გაწული ხარჯის, 190 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 30921-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-–-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბ-------------- (პირადი №1----------) ვ-–-------–---–-ს (პირადი №0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 4 759 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა;

 

3. ვ-–-------–---–- დაუბრუნდეს 2019 წლის 16 ივლისს მარი ქუთათელაძის (პირადი № 6----------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 145 ლარიდან, 89,93 (ოთხმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300783150;

 

4. ბ-------------- (პირადი №1----------) ვ-–-------–---–-ს (პირადი №0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 55,07 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

5. ბ-------------- (პირადი №1----------) ვ-–-------–---–-ს (პირადი №0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის (წარმომადგენლის დახმარების) ასანაზღაურებლად 190 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დუშეთის მაგისტრატი სასმართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია