გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
100210019003084013
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003084013

#2/216 -19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15.10.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: მ----- მ--–---

 

წარმომადგენელი: რ------ ნ--------ე

მოპასუხე: ფ-------- ც---–---ე

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა 1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - მ----- მ--–---მ (პ/ნ. 0----------) მოპასუხე - ფ-------- ც---–---ის (პ/ნ 3----------) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით; სარჩელში მითითებულია, რომ 2019 წლის 20 თებერვალს აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე საჩხერე, სოფელ კ----------–ში, საკადასტრო კოდით 3-.1-.8-.0--; აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე . აუქციონზე შეძენილი ქონების ყოფილი მესაკუთრეა ფ-------- ც---–---ე. მოსარჩელე მიუთითებს , რომ იგი არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. აუქციონის შემდეგ იყო ჩასული სოფელ კ----------–ში და მის შეძენილ სახლში უკანონოდ ცხოვრობს მოპასუხე ფ-------- ც---–---ე. მოსარჩელემ მოპასუხეს თხოვა , რომ ნებაყოფლობით დაეტოვებია სახლი, მაგრამ ის კატეგორიული წინააღმდეგია.

 

სასარჩელო მოთხოვნაა, გამოთავისუფლდეს ფ-------- ც---–---ის უკანონო მფლობელობიდან მ----- მ--–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: საჩხერის რაიონის სოფელ კ----------–ში (ს.კ.3-.1-.8-.0--) და მ-----მ მ--–---ს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე ფ-------- ც---–---ე წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობს სარჩელს და მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მისი სარჩელი აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სადაც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 28 თებერვლის N18100789-014/001 განკარგულება, ასევე ითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის N33733 ბრძანების ბათილად ცნობას. მოპასუხის პოზიციით ეს დოკუმენტები არის სრულიად უკანონოდ გაცემული საკუთრების დამდგენი დოკუმენტები, რის საფუძველზედაც განხორციელდა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მოპასუხე მიუთითებს, რომ ის ასევე ითხოვს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების გაუქმებას სადაო ქონებაზე და ქონების მის სახელზე აღრიცხვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. მხარეებს მიეცათ დამატებითი ვადა მორიგებისათვის, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მ----- მ--–---ს სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული უძრავი ნივთი ს/კ 3-.1-.8-.0-- მისამართი საჩხერის რაიონი სოფელი კ----------–ი. აღნიშნული ნივთი საჯარო რეესტრში აღრიცხულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 28 თებერვლის N18100789-014/001 განკარგულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.23)

- განკარგულება(ს.ფ.25)

- შესაგებელი (ს.ფ.37-44)

- მხარეთა ახსნა- განმარტება

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოცემული ნივთზე იპოთეკა, გირავნობა ან რაიმე ვალდებულება რეგისტრირებული არ არის; დადგენილია, რომ მოცემულ უძრავ ქონებას ამჟამად ფლობს მოპასუხე ფ-------- ც---–---ე. აღნიშნულ ფაქტს იგი არ უარყოფს და დაადასტურა წერილობითი შესაგებლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი (ს.ფ.23)

- შესაგებელი (ს.ფ.37-44)

მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება - ს.კ. N3-.1-.8-.0-- რომლის გამოთავისუფლებასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, წარმოადგენს მოსარჩელე - მ----- მ--–---ს საკუთრებას. მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგო გარემოებას. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს აღნიშნულ ქონებას მოცემული პერიოდისათვის, თუმცა მას ფლობის უფლება არ გააჩნია.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 129-131-ე,170-ე, 172-ე, 312-ე, მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დადგენილია, რომ მ----- მ--–---ს სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული უძრავი ნივთი ს/კ 3-.1-.8-.0-- მისამართი საჩხერის რაიონი სოფელი კ----------–ი. აღნიშნული ნივთი საჯარო რეესტრში აღრიცხულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 28 თებერვლის N18100789-014/001 განკარგულების საფუძველზე.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება. სადავო შემთხვევაში სამივე პირობა სახეზეა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ,,თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ----- მ--–--- არის უძრავი ნივთის ( ს.კ. N3-.1-.8-.0--) მესაკუთრე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოპასუხე ფ-------- ც---–---ეს შესაბამისად გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნია. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხე დღემდე ფლობს მოსარჩელე - ირმა ჭიღლაძე -გაფრინდაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის უფლება არ გააჩნია.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრედ აღრიცხულია მოსარჩელე.

 

6.5.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

6.6.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.7.ამდენად სასამართლო თვლის, არსებობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი სარჩელებზე არის დავის საგნის სამი პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს 120 ლარი. შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი. ხოლო 60 ლარი გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- მ--–---ს სარჩელი მოპასუხე - ფ-------- ც---–---ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს და ფ-------- ც---–---ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას (გამოსახლებული იქნას) უძრავი ქონება მდებარე: საჩხერის რაიონის სოფელი კ----------–ი ს.კ. N3-.1-.8-.0-- და მ-----მ მ--–---ს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.

 

2. მ----- მ--–---ს მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. მ----- მ--–---ს ფ-------- ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მ----- მ--–---ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

4. მ----- მ--–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 60 (სამოცი) ლარის ოდენობით (გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი“; საგადახდო დავალება N120; გადასახადის გადამხდელი - მ----- მ--–---, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის თარიღი: 2019 წლის 05 ივლისი) კანონით დადგენილი წესით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. N3).

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა №41). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი