განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
170100119003054443
დავის ტიპი
126
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/37-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--–------------–------------–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი ნომერი - 2----------, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლევი, მისამართი: თ------–-------------------------–-------------, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - ი-----–-------–---–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები (2 ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არაერთგზის (2 ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ფორმულირება:

 

1. 2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ------–-----------------------------–--–----–-----------------------–-- ჩ-----–---- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენის საფუძველზე ოჯახული ძალადობისთვის ნასამართლევმა გ--–--------–--, თუ რატომ ცხოვრობდა თავის კუთვნილ სახლში ა---------–-------–-, მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა თვალის არეში დარტყმისა და ყელში ხელების მოჭერის გზით, იცოდა რა, რომ დაზარალებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ა---------–-------–-ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 16 ნოემბერს, საღამოს, თ------–-----------------------------–--–----–-----------------------–-- ჩ-----–---- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენის საფუძველზე ოჯახული ძალადობისთვის ნასამართლევმა გ--–--------–--, მუშტის მარჯვენა მხარის არეში დარტყმის გზით, იცოდა რა, რომ დაზარალებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ა---------–-------–-ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ------–-----------------------------–--–----–-----------------------–-- ჩ-----–---- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენის საფუძველზე ოჯახული ძალადობისთვის ნასამართლევმა გ--–--------–--, მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა თვალის არეში დარტყმისა და ყელში ხელების მოჭერის გზით, იცოდა რა, რომ დაზარალებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ა---------–-------–-ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. არ დადგინდა 2018 წლის 16 ნოემბერს გ--–--------–-- მიერ მამაზე - ა---------–-------–--- ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

5. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, მამა ითვლება ოჯახის წევრად. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს ხელის ან სხვა საგნის დარტყმაში, ადამიანის სხეულზე სხვაგვარ ზემოქმედებასა და ა.შ. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად, ხოლო იმავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა არაერთგზის, რაც იმავე ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ იგივე დანაშაულის ჩადენას უკავშირდება.

 

6. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ფასდება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის ა---------–-------–- გ--–--------–-- მამაა. აღნიშნული სადავო არც გამხდარა.

 

2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი

 

8. დაზარალებულმა ა---------–-------–-- განმარტა, რომ ცხოვრობს მ----–--–----–----------------–- მეუღლესთან ერთად, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი 2014 წლიდან, ამჟამად უკვე მუდმივი სტატუსი დაუდგინდა, ხე დაეცა და 6 მალა აქვს გატეხილი, რაც შვილისთვისაც ცნობილია. მაისში სახლში მივიდა შვილი გ--–--------–- საკვების წასაღებად, რომელსაც ხელში შერჩა მხოლოდ ის, ბოსტანში იყო ჩასული და სახლში, რომ შევიდა ერთხელ თვალში დაარტყა მუშტი, მარცხენა მხარეს, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელი, თითქოს ახრჩობდა, შემდეგ გაუშვა ხელი და ძირს დაეცა, ამის შემდეგ დაანება თავი და გარეთ გავიდა, ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში. ორივე შემთხვევაში განიცადა ტკივილი. თვალის არეში და ყელში ჰქონდა დაზიანება. თავად ნასვამი არ ყოფილა. ამ დროს მისი მეუღლე მეზობელთან იმყოფებოდა. პოლიცია დაახლოებით 10 წუთში მივიდა, გ--–- ბოსტნის გავლით გაერიდა პოლიციას. იგივეა მითითებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში. ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ა---------–-------–- მარცხენა თვალბუდის არეში თვალის გარშემო კანის საფარზე აღენიშნება სიწითლე, მარცხენა თვალის თეთრ შიდა გარსში ასევე აღენიშნება სიწითლე, რაც ს---–-----------–---- დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, ა---------–-------–- აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა თვალბუდის შიგნითა კიდესთან და ამავე თვალის სკლერაზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 18 მაისს. მოწმე გ----------------- განმარტა, რომ გამოძახებისას მივიდა ა---------–-------–-ს სახლში, რომელსაც ყელზე ჰქონდა სიწითლე, ხოლო თვალთან ნაკაწრი. მოწმე მ-------------–---- (ბრალდებულის დედა) განმარტა, რომ 18 მაისს მას შვილი არ უნახავს, მეზობელთან იმყოფებოდა.

 

9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2019 წლის 22 მაისის #0----------- წერილის თანახმად, ა---------–-------–- ბაზაში ირიცხება, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი 2019 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო დანართი #3-ის მიხედვით, შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად მითითებულია „საერთო დაავადება“, დიაგნოზი - ქვედა მნიშვნელოვანი პარაპარეზი განვითარებული ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად. ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც ადასტურებს, რომ 2019 წლის 18 მაისის მდგომარეობით ა---------–-------–- იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

 

10. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------–-- განაჩენით, გ--–--------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გათავისუფლდა 2017 წლის 6 ივნისს სასჯელის მოხდით. სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე გ--–--------–- 2019 წლის 18 მაისს ითვლებოდა ნასამართლევად სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

11. სასამართლოს შეფასებით, სახეზეა საკმარისი მტკიცებულებები წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, გარდა იმ ნაწილისა, რაც ეხება მოტივს (თუ რატომ ცხოვრობდა თავის კუთვნილ სახლში ა---------–-------–-), რადგან აღნიშნული გარემოება ცხადად არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებისგან. უდავოა ის გარემოება, რომ 2019 წლის 18 მაისს ბრალდებული იმყოფებოდა დაზარალებულის სახლში, დაზარალებულმა დეტალურად აღწერა შვილის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის გარემოებები, რაც ლოგიკურად აღწერს შესაბამის ვითარებას და ემთხვევა იმ კვლებს, რაც დარჩა დაზარალებულზე. ფაქტია, რომ დაზარალებულის ქმედუნარიანობა მნიშვნელოვანადაა შეზღუდული, საწოლზე მიგდებისა და ყელში წაჭერის ვითარებაც სწორედ ამ უკანასკნელის მიერ თავდაცვის შეუძლებლობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის წარსული ნასამართლობა მამაზე ძალადობის 5 შემთხვევის გამო არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას მოცემულ საქმეზე, თუმცა ის, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირია ამის რწმენას უმყარებს სასამართლოს, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ შვილთან კონფლიქტი ხშირია, რასაც არც ბრალდებული და მოწმე მ-------------–--- უარყოფენ. დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები სხეულის სწორედ იმ ადგილებში, სადაც მან აღნიშნა ბრალდებულის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ. გ--–--------–-- თავად აღნიშნა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები 18 მაისის გარემოებებზე, როდესაც სხდომაზე დაზარალებული იკითხებოდა, კერძოდ, თავიდან სთხოვა დაზარალებულს დაედასტურებინა, რომ როდესაც შევიდა, დაზარალებული იჯდა ფეჩთან თავისსავე სკამზე, სიგარეტი ედო იქვე ფანჯარაზე, მივიდა ფანჯარასთან, იღებდა სიგარეტს, რა დროსაც დაუწყო გინება და ეცა, დაზარალებული რომ არ წაქცეულიყო მოკიდა ხელი და დაააწვინა ლოგინში. მალევე ბრალდებულმა სთხოვა დაზარალებულს დაედასტურებინა, რომ ვიწრო შესასვლელში ეცა მას დაზარალებული და დაუწყო ცემა, რის შემდეგაც მიიყვანა და დააწვინა ლოგინში, რაც აშკარად მიუთითებს ბრალდებულის მიერ იმგვარი ვერსიების განვითარებაზე, რაც მის პასუხისმგებობას გამორიცხავს. გარდა ამისა, ბრალდებული დაზარალებულის დაკითხვისას ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს 18 მაისს დაზარალებული იყო ალკოჰოლური თრობის პირობებში და არა თავად, მან ისიც კი მოიყვანა არგუმენტად, რომ იმ ხანებში საერთოდ არ სვამდა და როგორ იქნებოდა იმ დღეს მთვრალი მაშინ, როდესაც გ--–--------–- ალკოტესტის მიხედვით (რაც მისი დაკავებისას განხორციელდა მალევე დაზარალებულის სახლიდან წასვლის შემდეგ), მას დაუდგინდა 0,747 პრომილი ალკოჰოლის დონე, რაც აღნიშნავს ალკოჰოლურ სიმთვრალეს. ეს გარემოება იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოწმე მ-------------–---- აღნიშნა, გ--–--------–- კარგი ადამიანია და მხოლოდ სიმთვრალეში ხდება კონფლიქტები, რაც ბუნებრივია, გ--–--------–-- წარმოდგენაში გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას და მისთვის მომგებიანი იქნებოდა თავის ფხიზლად, ხოლო მამის - ნასვამ მდგომარეობაში წარმოჩენა სასამართლოს წინაშე, რაც საქმეზე არსებული მტკიცებულებებით საპირისპიროდაა. აღსანიშნავია, რომ გ--–- ჩ-----–- ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა.

 

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--–--------–-- განახორციელა ქმედება, რაც მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-3 პუნქტში.

 

2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი

 

13. დაზარალებულმა ა---------–-------–-- განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბერში აღნიშნავდა დაბადების დღეს, ჰყავდა სტუმრები, მათი წასვლის შემდეგ დარჩნენ ის, მეუღლე და გ--–-, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურად არ შეხებია, არ ახსოვს იმ დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თუ არა ბრალდებულმა. რამდენჯერმე შეეხო და იმ დღეს შეეხო თუ არა არ ახსოვს. დაზარალებულმა ბრალდებულის შეკითხვაზეც ანალოგიური განმარტა: „ფიზიკური არა მაგრამ სიტყვიერი მომაყენე“ და განმარტა, რომ არ ახსოვდა ამგვარი ჩვენება თუ ჰქონდა მიცემული, რაც მანამდე პროკურორმა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელის დარტყმას ჰქონდა ადგილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ა---------–-------–-- საკუთარ სახლში მიუთითა ადგილი, სადაც 2018 წლის 16 ნოემბერს გ--–--------–-- მუშტის ერთჯერადი დარტყმით მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ფიზიკური ტკივილი. თავად გ--–--------–-- უარყო მსგავსი ფაქტი. სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ არ წარდგენილა გარდა მა------------–-----, რომელმაც განმარტა, რომ 16 ნოემბერს ორივე (ბრალდებული და დაზარალებული) ნასვამები იყვნენ, სიტყვიერად შეკამათდნენ, დარტყმას ადგილი არ ჰქონია. მეხსიერება შეზღუდული აქვს და ვერ იხსენებს, მასაც პენსიას აძლევენ ამის გამო. გამოქვეყნებულ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომ ხელის დარტყმას ჰქონდა ადგილი, განმარტა, რომ ასე იყო, თუმცა აღნიშნულის შემდეგ ადვოკატის შეკითხვაზე განაცხადა, რომ პირადად არ უნახავს მხარში ხელის დარტყმა, შემდეგ გაიგო. “რო დაიწყო ჩხუბი და შევედი, რა ხდება მეთქი, და აი აქ დამარტყაო და მე რა ვიცი. მისგან გავიგე. სულ იქ არ ვიჯექი, გავდიოდი, შემოვდიოდი”. პროკურორს აღნიშულის შემდეგ მოწმისთვის შეკითხვა აღარ დაუსვამს. ამგვარ ვითარებაში სასამართლო სანდოდ ვერ მიიჩნევს მ-------------–---- წინააღმდეგობრივ, სავარაუდო ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, ფაქტია, რომ მას პირადად არ უნახავს ამგვარი ფაქტი.

 

14. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია იმ გარემოებების უტყუარად დასადგენად, რაც მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2 პუნქტში, 2018 წლის 16 ნოემბერს გ--–--------–-- მიერ მამაზე ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო ამ მხრივ შეაფასებს იმ მტკიცებულებათა ბუნებას, რომლებიც ამ ეპიზოდში ბრალდების მხარემ წარმოადგინა.

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, მოწმემ უნდა მისცეს ინფორმაცია სასამართლოში იმ გარემოებების შესახებ, რაც უკავშირდება დანაშაულის ჩადენას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს იგი, როგორც მტკიცებულება. თუმცა ამ წესიდან არის ერთი გამონაკლისი, როცა ხდება არა სასამართლოში მიცემული ჩვენების, არამედ გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაციის (პირობითად „ჩვენების“) მტკიცებულებად გამოყენება.

 

16. ამ გამონაკლის წესს ადგენს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. სხვათა შორის, იგივე ტიპის წესს ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი - „არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება“, თავად მუხლის სახელწოდებაა - „მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს“, რომელიც კოდექსის მე-15, საგამოძიებო მოქმედებების თავშია მოთავსებული, ხოლო გამოქვეყნების საფუძვლები უკავშირდება არა სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ, არამედ იმავე კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არსებობს მისი [მოწმის] სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს; იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით) საფუძვლებს, რაც დამატებით შემთხვევებს აჩენს დეპონირებული ჩვენების გამოსაქვეყნებლად/გამოსაყენებლად. სასამართლოს შეფასებით, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, კანონმდებლის მიერ ამ საკითხის მოწესრიგების ერთიანი სტანდარტის დაწესება, რაც უფრო ნათელს გახდის კანონმდებლის ნებას.

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმის ინფორმაციის/ჩვენების მტკიცებულებად გამოყენების მხოლოდ ეს ორი შემთხვევაა დადგენილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. რაც შეეხება სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ წესს, რომლის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) - აღნიშნული წესი არ უთანაბრდება იმავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დეპონირებული ჩვენების მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, არამედ გამოცხადებულ მოწმესთან (რაზეც ამავე ნორმაშივეა ხაზგასმა) მიმართებით, მხარეს აძლევს შესაძლებლობას გაახსენოს მის მიერ მიცემული ინფორმაციის დეტალები, რაც ლოგიკურად შეიძლება მოწმეს არ ახსოვდეს, რადგან გამოკითხვასა და დაკითხვას შორის ინტერვალი შესაძლოა რამდენიმე წელიც იყოს.

 

18. ამ თვალსაზრისით პრობლემა წამოიჭრება მაშინ, როდესაც მოწმე გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, არ ახსოვს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, ამიტომ მხარე იმ მიზნით, რომ მოწმეს გაახსენოს მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, წაუკითხვას შესაბამის ოქმს და მოწმე მაინც ვერ იხსენებს იმ გარემოებებს, რაზეც ოქმშია საუბარი, თუმცა ამავდროულად ადასტურებს არა გამოკითხვის ოქმის წაკითხულ/გამოქვეყნებულ ნაწილს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ოქმზე მისი ხელმოწერაა და მაშინ უკეთესად ახსოვდა, ვიდრე დღეს. სწორედ ამგვარი მოცემულობაა ა---------–-------–---- მიმართებით. სასამართლოს შეფასებით, ამ მოცემულობით, გამოცხადებული მოწმის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლო დაეყრდნოს არა მის ჩვენებას, არამედ, სრულად და პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ გამოკითხვის ოქმს, ანუ, არა მოწმის განმარტებას, არამედ მხარის წანაკითხს, რაც წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ საგამონაკლისო წესთან, არამედ, ზოგადად მნიშვნელობას უკარგავს მოწმის დაკითხვის ინსტიტუტს სისხლის სამართლის პროცესში. მოწმე ფრთხილდება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, შესაბამისად, თუ ამგვარი ეჭვი შეიძლება გაჩნდეს მასთან მიმართებით, საქართველოს კანონმდებლობა აღიშნულ საკითხზე აბსოლუტურად განჭვრეტადია. ნიშანდობლივია, რომ გამოუცხადებელი მოწმის დეპონირებული „ჩვენების“ გამოყენებისას, რასაც გამონაკლისის სახით უშვებს კანონმდებელი, ეჭვქვეშ არ დგება თავად ამ გამოკითხვის/დაკითხვის ოქმის სანდოობა/ავთენტიკურობა. ამ თვალსაზრისით არავითარი განსხვავებაა განსახილველ შემთხვევასთან შედარებით.

 

19. სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, 2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა გ--–--------–-- მიერ მამის მიმართ ძალადობაზე. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, იგი ეყრდნობა სწორედ იმ მოწმის ჩვენებას, რომელმაც ვერაფერი გაიხსენა სასამართლო სხდომაზე და დაცვის მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას შეკითხვები დაესვა მოწმისთვის. ნიშანდობლივია, რომ ბრალდების მხარეს ისიც კი არ უცდია, რომ ა---------–-------–-სთვის წარედგინა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რაც, ბუნებრივია, ვერანაირ გარდატეხას შეიტანდა იმ ვითარებაში, რაც დაზარალებულმა გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტა და ანალოგიურ შინაარსს ატარებდა.

 

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--–- ჩ-----–- არ განუხორციელებია ის ქმედება, რაც მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2 პუნქტში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

21. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--–--------–-- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით. ამასთან, იგივე სტანდარტით, ბრალდების მხარემ დაადასტურა გ--–--------–-- მიერ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა 2019 წლის 18 მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში. ასევე არ არსებობს ბრალისა და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

23. გ--–- ჩ-----–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

24. მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მოცემული დანაშაული განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ჩაიდინა, რაც სსკ-ის 58-ე მუხლით რეციდივის წესით სასჯელის დანიშვნის საფუძველია. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------–-- განაჩენით, გ--–--------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გათავისუფლდა 2017 წლის 6 ივნისს სასჯელის მოხდით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

26. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

27. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

28. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არაერთგზის, მათ შორის, იმავე პირის მიმართ, იმ ვითარებაში, რომ მანამდე დაზარალებულზე ძალადობის 5 ეპიზოდისთვის არის გ--–--------–- ნასამართლევი, სასამართლოს წარმოუდგენლად მიაჩნია, მისთვის თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება. ცალსახაა, გ--–--------–- სარგებლობს მამის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეზღუდული აქვს და მასზე ძალადობა მასთან დამოკიდებულების ერთგვარ ფორმას წარმოადგენს. ამიტომ მისი იზოლაციის გარეშე ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ გ--–--------–- სხვა სახლში ცხოვრობდა მამა-შვილს შორის დაძაბული ურთიერთობის პირობებში, თუმცა მაინც ვერ იქნა აცილებული მისი არასათანადო ქცევა. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სახეზეა გ--–--------–-- ნასამართლობა არაერთი მუხლითა და ეპიზოდისთვის, რაც იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ შეზღუდვას არარელევანტურს ხდის. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–--------–--თვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ადეკვატური და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--–--------–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი).

 

2. გ--–--------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გ--–- ჩ-----–- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 18 მაისიდან.

 

4. გ--–--------–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ბადრი ნიპარიშვილი