გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
100310019003163242
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019003163242

საქმე №3/35

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17.10. 2019 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: გი------ მუ--–--ე

წარმომადგენელი: ნა-- ლუ----ე

 

მოპასუხე - ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო , ს.ს.ი.პ.სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება.

 

წარმომადგენელი - ი---- გა---------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორცილების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მ----- N0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თ-------–-- N04-0-------- გადაწყვეტილება.

 

1.2. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გი------ მუ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 13 491 ლარისა და 71 თეთრის ანაზღაურება.

 

1.3. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გი------ მუ--–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით დაეკისროს 300000 ლარის გადახდა.

 

1.4. მოსარჩელე გი------ მუ--–--ემ (პ/ნ 5----------) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბერს, თუმცა სარჩელის დაზუსტების შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ა--------- განჩინებით საქმე განსჯადობით გადმოგზავნილი იქნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელე გი------ მუ--–--ე სარჩელში მიუთითებს, რომ 1967 წლიდან არის მესამე ჯგუფის ინვალიდი და დაენიშნა შესაბამისი სახელმწიფო სოციალური გასაცემელი. აღნიშნული პენსია ენიშნებოდა ერთი წლის ვადით, რადგან ყოველწლიურად უნდა გაევლო სამედიცინო შემოწმება მოსარჩელის მითითებით თავდაპირველად პენსია დაენიშნა შინაგანი ორგანოების დაავადებათა გამო, თუმცა 1971 წლიდან დაუნიშნეს შიზოფრენიის დიაგნოზის საფუძველზე, რასაც ცხადია არ დაეთანხმა. სწორედ ამის შემდგომ 1971 წლიდან 2007 წლამდე პენსია არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო მუდმივად პროტესტის რეჟიმში, სამართლიანობის აღდგენა სცადა ყველა შესაძლო გზით, არაერთხელ მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, თუმცა დღემდე მაინც ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ასევე, არაერთხელ მიმართა პროკურატურას რათა გამოეძიებინა მისი საქმე, თუმცა არ დადგა არანაირი სამართლებრივი შედეგი. ყოველივე აღნიშნულის შედეგად მთელი ამ წლების განმავლობაში არის სულიერად დეგრადირებული და შეურაცხყოფილი იმის გამო, რომ ხელოვნურად დადგენილი შიზოფრენიის დიაგნოზის გამო ჰქონდა პენსია დანიშნული და არა იმ დიაგნოზით, რაც რეალურად აქვს (ნევრასტენია ვეგეტოდისფუნქციით, ქრონიკული ხოლეცისტიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადება). მოსარჩელე გი------ მუ--–--ის განმარტებით, აქვს არაერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ შიზოფრენიის დიაგნოზი არ აქვს, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დაენიშნა მისთვის შესაბამისი პენსია, ვიდრე არ მიაღწევდა საპენსიო ასაკს.

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოპასუხის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგენს კალკულაციას თანხისა, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიეღო, თუმცა დღემდე არ მიუღია. „ ჭიათურმარგანეცის“ სამთამადნო კომბინატის პროფკავშირის კომიტეტის 1979 წლის 7 ნოემბრის წერილის თანახმად, გი------ მუ--–--ეს შეცდომით ჰქონდა საპენსიო თანხა დაანგარიშებული და ყოველთვიურად ეკუთვნოდა 33 მანეთი და 84 კაპიკი. იმავე დოკუმენტში გაანგარიშებულია გი------ მუ--–--ის მიერ მისაღები საპენსიო თანხის სხვაობა 1979 წლის მდგომარეობით რამაც შეადგინა ჯამში 1835 მანეთი და 23 კაპიკი. ზემოთ აღნიშნული 33 მანეთი და 84 კაპიკი ეკუთვნოდა 1985 წლამდე, ხოლო 1985 წლიდან ჭიათურის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების გამგის განკარგულების თანხად მისაღები საპენსიო თანხა გაიზარდა 62 მანეთსა და 07 კაპიკამდე. 1995 წლიდან შეიცვალა სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშების წესი, კერძოდ აღარ ანგარიშდებოდა ერთობლივად შრომის სტაჟის, ხელფასისა და შშ სტატუსის მიხედვით და პენსიის ოდენობა შეადგენდა: 1995 წლის იანვრიდან-3 ლარს;

1995 წლის ივლისიდან 3.70 ლარს;

1995 წლის ნოემბრიდან 6 ლარს;

1996 წლის თებერვლიდან 7 ლარს;

1996 წლის ივნისიდან 8.50 ლარს;

1997 წლის იანვრიდან 9.80 ლარს;

1997 წლის აგვისტოდან 11.80 ლარს;

1998 წლის იანვრიდან 13 ლარს;

1998 წლის ნოემბრიდან 14 ლარს; 2005 წლის იანვრიდან 28 ლარს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით 1971 წლიდან 2006 წლამდე მისაღებმა საპენსიო თანხამ ჯამში შეადგინა -13 491 ლარი და 71 თეთრი. კერძოდ, 1979 წლამდე მისაღები თანხა იყო 1 835 ლარი და 23 კაპიკი, 1979 წლიდან 1985 წლამდე, ვინაიდან საპენსიო თანხას შეადგენდა თვეში 33 მანეთი და 84 კაპიკი, ჯამში მისაღებია 2 436 მანეთი და 48 კაპიკი. 1985 წლიდან 1995 წლამდე ყოველთვიურად საპენსიო თანხას შეადგენდა 62 მანეთი და 07 კაპიკი, რამაც ჯამში შეადგინა -7 448 მანეთი და 4 კაპიკი. 1995 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით მიიღებდა 18 ლარს. 1995 წლის ივლისიდან ნოემბრამდე 18.5 ლარს. 1995 წლის ნოემბრიდან 1996 წლის თებერვლამდე მიიღებდა 18 ლარს. 1996 წლის თებერვლიდან 1996 წლის ივნისამდე მიიღებდა 28 ლარს. 1996 წლის ივნისიდან 1997 წლის იანვრამდე მიიღებდა 59,5 ლარს. 1997 წლის იანვრიდან აგვისტოდან- 68,6 ლარს. 1997 წლის აგვისტოდან 1998 იანვრამდე -59 ლარს. 1998 წლის იანვრიდან ნოემბრამდე- 130 ლარს. 1998 წლის ნოემბრიდან 2005 წლის იანვრამდე 1036 ლარს, ხოლო 2005 წლის იანვრიდან 2006 წლის იანვრამდე მიიღებდა 336 ლარს.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამართლიანობის ძიებაში დაკარგა უამრავი დრო და რესურსი, რაც შეუფასებელია მისთვის და მისი ოჯახისათვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით დამატებით ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას- 300 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება, რადგან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მ----- გადაწყვეტილება N 0------- მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე მოითხოვს 1971 წლიდან 2006 წლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ მას 1967 წლიდან დაენიშნა პენსია, როგორც მესამე ჯგუფის ინვალიდს, ხოლო იმის გამო, რომ მას 1971 წელს მორიგი გადამოწმების შედეგად შეუცვალეს ინვალიდობის საფუძველი, შეწყვიტა პენსიის მიღება და იმ დღიდან დაიწყო, ბრძოლა შეცვლოდა დიაგნოზი. უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ აღნიშნულ გარემოებებზე მითითება, რადგან, როგორც წესი, თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი გარკვეული ვადით აქვს მინიჭებული პიროვნებას, იმ ვადის გასვლის შემდეგ მან კვლავ უნდა გაიაროს შემოწმება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებაში და ეს დაწესებულება შემოწმების შედეგად მივა იმ დასკვნამდე, რომ პირს კვლავ უნდა გაუგრძელდეს სტატუსი, უგრძელებს სტატუსს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება სსე აქტში უთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი არ დაუდგინდა. მოსარჩელის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოდგენილი არ ყოფილა და არც სარჩელზე დაურთავს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 1971-2006 წლებში მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო პენსიის დანიშვნის საფუძველი. სხვა შემთხვევაში მოსარჩელე არ შეიძლებოდა გამხდარიყო პენსიის მიღების მქონე სუბიექტი, გარდა საპენსიო ასაკის მიღწევისა, რა დროიდანაც დაენიშნა კიდეც პენსია. სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სასარჩელო მოთხოვნა 1971-2006 წლებში საპენსიო თანხის მიღებისა, გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა, ასევე ხანდაზმულია, რის გამოც უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მ----- გადაწყვეტილება N04/------ მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო. შესაბამისად მოპასუხე არ ეთანხმება სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თ-------–-- N04-0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას .

 

გი------ მუ--–--ეს, როგორც თავად განმარტავს სარჩელში, 1971 წლიდან არ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, რის გამოც მას შეუწყდა სოციალური პაკეტის მიღების უფლება. ეს უფლება მან ვერ მოიპოვა ვერც მომდევნო წლებში, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და მოსარჩელე უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მე-2 სასაჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება, იმ გარემოებებზე მითითებით, რაც წარმოდგენილია პირველი სასაჩელო მოთხოვნის ფარგლებში. პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და შესაბამისად ეს მოთხოვნაც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მესამე სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნაში უთითებს, რომ იგი იბრძოდა დიაგნოზის შესაცვლელად ( შიზოფრენია), რაც მას დაუდგინეს 1971 წელს მორიგი გადამოწმების დროს, ასევე უამრავი წელი შესწირა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლად, ცდილობდა შეეცვალა ინფორმაცია, რომელიც ულახავდა პატივსა და ღირსებას, აღნიშნული მოთხოვნაც, როგორც წინა ორი მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, რადგან მის მიმართ ამა თუ იმ დიაგნოზის დასმა სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაა არ მიეკუთნება, ეს სამედიცინო დაწესებულების პრეროგატივაა და თუკი ვინმეს „ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ დაენიშნა პენსია, ეს არ ნიშნავს, იმ პირის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ გი------ მუ--–--ე დაიბადა 1940 წლის 1-------------. ცხოვრობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა-------–-. გი------ მუ--–--ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 50110 სარეიტინგო ქულით და იღებს შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია რომ, გი------ მუ--–--ემ მიმართა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებას 2019 წლის 09 იანვარს და სარჩელში მითითებული გადაანგარიშების მსგავსად მოითხოვა მიუღებელი პენსიის -13491 ლარის და 71 თეთრის ანაზღაურება.

ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თ-------–-- N04-0-------- წერილით გი------ მუ--–--ეს ეცნობა, რომ მის მიერ განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია და ცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს. სწორედ მოცემული წერილია სადაო აქტად მიჩნეული მოსარჩელის მიერ.

დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების წერილი გი------ მუ--–--ის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოში. ადმინისტრაციული საჩივარი სარჩელისა და განცხადების შინაარსით არის წარმოდგენილი და გი------ მუ--–--ე ითხოვს ს.ს.ი.პ.სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თ-------–-- N04-0-------- წერილის ბათილად ცნობას და მისი განცხადების დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჭიათურის რაიონული განყოფილების წერილი ( ს.ფ.88)

- განცხადება(ს.ფ.89-91)

- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ.92-95)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.3. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ . სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მ----- გადაწყვეტილებით გი------ მუ--–--ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს უარის საფუძვლად მითითებულია, რომ კანონი სახელმწიფო პენსიის დანიშვნამდე განცხადებით მომართვამდე პერიოდში გასული წლების პენსიის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს, ამიტომ გი------ მუ--–--ის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ადმინისტრაციული ორგანო ასევე მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა ხანდაზმულია. გარდა ამისა ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნები მიღება სამედიცინო დაწესებულებების კომპეტენციაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მ----- #0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-16)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის წერილის შესაბამისად 1972 წელს კომისიის მიერ პირველადად დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი ერთი წლით სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დიაგნოზით- ,,ქრონიკული ჩირქოვანი ქოლეცესტიტი, ქრონიკული ჰიპერაციდული გასტრიტი, ასთენონევრასთენია“. შემდგომში გი------ მუ--–--ე სშს კომისიაზე გატარდა 1974,1978 და 1979 წლებში და იმავე დიაგნოზებით მას უდგინდება ინვალიდობის მესამე ჯგუფი ერთი წლით. 1980 წელს გი------ მუ--–--ე გამოკვლეული იქნა ს.შ.ს. ექსპერტიზის სტაციონარში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ,,იპოქონდრიულ პარანოიდული სინდრომი ასთენონევრასთენია, 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ჰიპერაციდული გასტრიტი“ და 1981 წ;ის 18 მარტს რესპუბლიკურმა კომისიამ მას დაუდგინა ინვალიდობის მეორე ჯგუფი ერთი წლის ვადით. 1985 წლის 05 ოქტომბერს გი------ მუ--–--ეს ჭიათურის პოლიკლინიკის მიერ შეევსო ფორმა N88 დიაგნოზით ,,შიზოფრენია ჰალუცინატორულ პარანოიდული ფორმა, უწყვეტი პროგრედიენტული მიმდინარეობით, გამოხატული ემოციურ-ინტელექტუალური ნებისყოფითი დეფექტით“ და მას 1985 წლის 04 ნოემბერს ჭიათურის სშს კომისიის მიერ დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი ერთი წლის ვადით. ამის შემდეგ გი------ მუ--–--ე სსე ბიუროზე დღემდე არ გატარებულა. რაც შეეხება ფსიქიკურ დიაგნოზებს, რომელიც გი------ მუ--–--ეს დაუდგინდა 1980 და 1985 წლებში, მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიატრიული სამედიცინო დაწესებულების მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 27-28)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.5. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური დეპარტამენტის უფროსის წერილიდან ირკვევა, რომ ფონდში შესული წერილით გი------ მუ--–--ე ითხოვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის განხილვას. ფონდის N2 ცენტრალური სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიმართვის საფუძველზე, ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კონსილიუმის მიერ 2005 წლის 20 ოქტომბერს დაუდგინდა დიაგნოზი: ჰიპოქონდრიული აშლილობა ქრ. მიმდინარეობით. 1987 წელს ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკაში გი------ მუ--–--ეს დადგენილი აქვს დიაგნოზი: პიროვნების იპოქონდრიული განვითარება“, ცენტრალური სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ გი------ მუ--–--ეს შეთავაზეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, რის შემდეგაც შევსებული იქნებოდა მიმართვა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გასატარებლად და ბიუროს მიერ დადგინდებოდა შესაბამისი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი (ინვალიდობა), რაზედაც უარი განაცხადა გი------ მუ--–--ემ. გი------ მუ--–--ის მიერ ამ შემთხვევაშიც მოთხოვილია ფსიქიკური დიაგნოზის შეცვლა და საბოლოოდ აღნიშნულზე დაწერა ხელწერილი. მითითებული წერილიდან ასევე ირკვევა, რომ დაწესებულების(ფონდი) მიერ განმარტებული იქნა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შეცვლა არ სედიოდა მათ კომპეტენციაში. გი------ მუ--–--ე კი კატეგორიულად მოითხოვდა ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ დიაგნოზის შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გატარებაზე შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად.

 

საქმეში წარმოდგენილია შ.პ.ს. ,,ჯ-------------–--“ ფსიქონარკოლოგიური ცენტრის შემოწმების აქტიN2/1 და არა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა.

 

დადგენილია, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების საკითხებზე გი------ მუ--–--ეს განემარტა სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის წერილითაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 30-31)

- წერილი(ს.ფ.32)

- ცნობა (ს.ფ.33)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2007 წლის 09 ა--------- კომპეტენტურ ორგანოს იმ შემთხვევაში სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის განყოფილებას განცხადებით მიმართა გი------ მუ--–--ემ ასაკის პენსიის დასანიშნად. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2007 წლის 09 ა--------- N-- გადაწყვეტილებით გი------ მუ--–--ეს დაეკისრა ასაკის პენსია 2007 წლის 09 აგვისტოდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 145-146)

- განცხადება (ს.ფ.146)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.7. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2016 წლის 06 სექტემბრის და 2018 წლის 02 აპრილის წერილის თანახმად გი------ მუ--–--ის შესახებ არ მოიპოვება ბაზებში ინფორმაცია მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ. ამავე წერილით ასევე მიწოდებულია ინფორმაცია პენსიის ოდენობის შესახებ 1995 წლიდან 2005 წლამდე. ასევე კანონის თანახმად პენსიის მიუღებლობის ან სხვა მიზეზით შეწყვეტილი დოკუმენტაცია 5 წლის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ს.ფ. 153-154)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თ-------–-- N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადაო აქტები - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მ----- N0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თ-------–-- N04-0-------- გადაწყვეტილება. წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მისი კანონთან შესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. აღნიშნული მოთხოვნების პერსპექტივაზეა დამოკიდებული მოპასუხისათვის თანხების დაკისრების მოთხოვნა.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თ-------–-- №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

6.4.საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

6.5.,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

 

6.6.დადგენილია, რომ 2007 წლის 09 ა--------- კომპეტენტურ ორგანოს იმ შემთხვევაში სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის განყოფილებას განცხადებით მიმართა გი------ მუ--–--ემ ასაკის პენსიის დასანიშნად. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2007 წლის 09 ა--------- N-- გადაწყვეტილებით გი------ მუ--–--ეს დაეკისრა ასაკის პენსია 2007 წლის 09 აგვისტოდან

დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მოცემულ ეტაპზე გი------ მუ--–--ის შესახებ არ მოიპოვება ბაზებში ინფორმაცია მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ. ასევე კანონის თანახმად პენსიის მიუღებლობის ან სხვა მიზეზით შეწყვეტილი დოკუმენტაცია 5 წლის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.

 

6.7.სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე პუნქტის ,,ქ“ პუნქტის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 121 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;

 

6.8. სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობის სფერო და მოიცავს სამედიცინო–ბიოლოგიურ, სოციოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.

ამავე კანონის მეათე მუხლის შესაბამისად შესაძლებლობის შეზღუდვა არის ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევები, რომლებიც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან სამუდამო შეზღუდვას.

 

6.9. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვარი N 1/ნ ბ რ ძ ა ნ ე ბ ით დამტკიცებული ინსტრუქციით. აღნიშნული ინსტრუქციის თანახმად სტატუსის განმსაზღვრელ ორგანოს არ წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ითხოვს თანხის ანაზღაურებას, თუმცა აღნიშნული თანხის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ ადრეულ წლებში შესთავაზეს სტატუსის დადგენისათვის შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა მან უარი განაცხადა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური დეპარტამენტის უფროსის წერილიდან ირკვევა, რომ ფონდის N2 ცენტრალური სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიმართვის საფუძველზე, ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კონსილიუმის მიერ 2005 წლის 20 ოქტომბერს დაუდგინდა დიაგნოზი: ჰიპოქონდრიული აშლილობა ქრ. მიმდინარეობით. 1987 წელს ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკაში გი------ მუ--–--ეს დადგენილი აქვს დიაგნოზი: პიროვნების იპოქონდრიული განვითარება“, ცენტრალური სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ გი------ მუ--–--ეს შეთავაზეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, რის შემდეგაც შევსებული იქნებოდა მიმართვა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გასატარებლად და ბიუროს მიერ დადგინდებოდა შესაბამისი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი (ინვალიდობა), რაზედაც უარი განაცხადა გი------ მუ--–--ემ. გი------ მუ--–--ის მიერ ამ შემთხვევაშიც მოთხოვილია ფსიქიკური დიაგნოზის შეცვლა და საბოლოოდ აღნიშნულზე დაწერა ხელწერილი. მითითებული წერილიდან ასევე ირკვევა, რომ დაწესებულების(ფონდი) მიერ განმარტებული იქნა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შეცვლა არ შედიოდა მათ კომპეტენციაში. გი------ მუ--–--ე კი კატეგორიულად მოითხოვდა ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ დიაგნოზის შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გატარებაზე შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად.

 

6.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი საპენსიო თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. სასამართლო ასევე მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების შესაბამისად, რადგან 2006 წლიდან (მოსარჩელე ითხოვს პენსიას 1971 წლიდან -2006 წლის იანვრამდე) დღემდე გასულია ათ წელზე მეტი.

 

6.11.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

6.12 .არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების არავითარი საფუძვლი.

 

6.13. სასამართლო მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

 

6.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.15.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

6.16. სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მ----- N0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თ-------–-- N04-0-------- გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესითაა მიღებული და არ არსებობს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძვლები.

 

6.17.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი------ მუ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი